თხილი

თხილის ექსპორტი კვლავ იზრდება

61
(განახლებულია 21:51 28.12.2020)
2020 წლის თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათას ტონას შეადგენს. თხილის გადამუშავების პროცესში 30-ზე მეტი საწარმოა ჩართული.

თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. საქართველოდან ბოლო ხუთ თვეში 13.8 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 70,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 27 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 4,0 ათასი ტონით (41%) აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება გაზრდილია 21,5 მლნ აშშ დოლარით (44%).

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (3 694 ტონა), იტალიაში (3 368 ტონა), ჩეხეთში (660 ტონა), ლიეტუვაში (379 ტონა), პოლონეთში (354 ტონა), ესპანეთში (408 ტონა), ბულგარეთში (322 ტონა), საფრანგეთში (274 ტონა), ლატვიაში (106 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), ლუქსემბურგი (84 ტონა), სლოვაკეთში (74 ტონა), ბელგია (44 ტონა), ავსტრიასა (22 ტონა) და ხორვატიაში (10 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა სომხეთი (807 ტონა), რუსეთი (627 ტონა), თურქეთი (530), ბელარუსი (404 ტონა), უკრაინა (240 ტონა), ბრაზილია (186 ტონა), ალჟირი (185 ტონა), კანადა (146 ტონა), საუდის არაბეთი (145 ტონა), მექსიკა (67 ტონა), უზბეკეთი (58 ტონა), სირია (50 ტონა), შვეიცარია (47 ტონა), არაბთა გაერთიანებული საამიროები (44 ტონა), იორდანია (38 ტონა), დიდი ბრიტანეთი (35 ტონა), ერაყი (24 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვ.

საქართველომ თხილის ექპორტისგან 65 მლნ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო>>

აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების გამო თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია. 

ხელისუფლების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად მავნებლის რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდა, მოხერხდა სასოფლო–სამეურნეო კულტურების გადარჩენა და ფერმერებმა, მათ შორის, თხილის უხვი მოსავალი მიიღეს.

61
სატვირთო ავტომობილები

ვისთან და რამდენს ვაჭრობდა საქართველო: გასული წლის შედეგები

28
(განახლებულია 18:11 20.01.2021)
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, რუსეთი  და ჩინეთი  არიან.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. 2020 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 347.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 14.8 პროცენტით ნაკლებია, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

საქართველოს ეკონომიკის ვარდნის ტემპები გაიზარდა>>

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, აქედან ექსპორტი 3 342.1 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 12.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტი 8 005.6 მლნ აშშ დოლარია, რაც 15.9 პროცენტით ნაკლებია გასულ წელთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ  საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წელს 4 663.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტია.

2020 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 597.5 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (1 328.2 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 185.0 მლნ აშშ დოლარი).

ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 75.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული კი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (476.3 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (441.3 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (441.1 მლნ აშშ დოლარი).

საგარეო ვაჭრობა ვარდნას განაგრძობს: „საქსტატის“ მონაცემები>>

ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა კი საქართველოს მთლიან იმპორტში 69.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან: თურქეთი (1 407.0 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (887.2 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (708.7 მლნ აშშ დოლარი).

2020 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 729.4 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 21.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 404.1 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 247.3 მლნ აშშ დოლარით (7.4 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წელს წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 759.5 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 533.5 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 6.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 498.5 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 6.2 პროცენტი).

28
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
დაკეტილი კაფე–რესტორნები თბილისში

სრული კრახის ზღვარზე ქართველი რესტორატორები განგაშს ტეხენ

65
(განახლებულია 19:52 20.01.2021)
რაც უფრო ახლოვდება 1 თებერვალი, როდესაც მთავრობას პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების პირობა აქვს დადებული, მით უფრო მეტია მოთხოვნა, რომ ბიზნესს მუშაობის განახლების საშუალება მიეცეს.

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. საქართველოს რესტორატორები განგაშს ტეხენ – პანდემიამ შემოსავალი მოუსპო და უმუშევრად დატოვა სარესტორნო ბიზნესში დასაქმებული დაახლოებით 250 ათასი ადამიანი, აცხადებენ საქართველოს რესტორნების ასოციაციაში.

როგორც ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, ამ რთულ პერიოდში სარესტორნო ბიზნესს სახელმწიფოს დახმარება სჭირდება.

„მხოლოდ ეპიდემიის გამოსწორებით ვერ გადარჩება ქვეყანა, თუ ეკონომიკა არ ამუშავდება. მოსალოდნელია 250 ათასამდე სამუშაო ადგილის დაკარგვა, სფეროს ბოლომდე ჩამოქცევა. აქედან გამომდინარე, 15-მდე ასოციაცია ვიკრიბებით და საერთო მესიჯის გაჟღერება გვსურს. იქიდან გამომდინარე, რომ პრობლემა არ არის მარტო ერთ სფეროში, უნდა მოხდეს ბიზნესის აუცილებლად აჩქარებულ რეჟიმში მუშაობა, რათა გადარჩეს არა მარტო ბიზნესის ერთი რომელიმე სფერო, არამედ უშუალოდ სახელმწიფო“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ასოციაციის წარმომადგენლები თავიანთი მოსაზრებების შესახებ დეტალურად მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრაზე ისაუბრებენ, რომელიც ოთხშაბათს, 20 იანვარს გაიმართება.

მოლების და ბაზრობების გახსნის მოლოდინში: თანამშრომელთა ტესტირების სქემა შემუშავებულია>>

რა შეზღუდვები მოიხსნება 1 თებერვლიდან და რა დარჩება, ამის გეგმა უკვე დღეს უნდა ჰქონდეს მზად საკოორდინაციო საბჭოს. არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე გათვალისწინებულია მხოლოდ სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების გახსნა.

65
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი

საეკლესიო კალენდარი: 21 იანვარი

0
(განახლებულია 22:20 20.01.2021)
მართლმადიდებელი ეკლესია 21 იანვარს მოწამე აბო თბილელის, ღირსი გიორგი ქოზიბელის, მღვდელმოწამე კარტერიოსისა, მოწამეთა: ივლიანეს, კელსის, ანტონის, ანასტასის, 7-თა ყრმათა და 20-თა მხედართა, ასევე ღირსი ილია ეგვიპტელის და ღირს გრიგოლი პეჩორელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამე აბო თბილელი

766 წელს კახეთის აჯანყება მტერმა სისხლში ჩაახშო, დამარცხდა აჯანყებული ქართლიც. ქართლ-კახეთის აჯანყების ხელმძღვანელობა ქართლის ერისმთავარს ნერსეს დაბრალდა და არაბთა ამირა მუმნი აბდილამ ის ბაღდადში იხმო.

სამი წელი გაატარა ნერსემ არაბთა ტყვეობაში. მან იქ გაიცნო 17 წლის მენელსაცხებლე აბო, რომელიც განთავისუფლების შემდეგ თან წამოჰყვა ერისმთავარს საქართველოში. მიუხედავდ ერის უბედურებისა, აბო გაკვირვებული იყო ქართველთა ზნეობით; იგი სწავლობდა ქართულ ენას, დადიოდა ეკლესიაში, ესაუბრებოდა სამღვდელოებას, ლოცულობდა მათთან ერთად და მარხულობდა. აბო მთელი სულითა და გულით ცდილობდა ქრისტიანობის მიღებას და ნერსესთან ერთად ხაზარეთში ყოფნისას მოინათლა კიდეც.

სამი წელი მოღვაწეობდა აბო თბილისში და ქადაგებდა ქრისტიანობას. ამირას მსახურებმა შეიპყრეს ნეტარი აბო და მსაჯულს წარუდგინეს. მან წმიდანს ქრისტეს დაგმობა და მამა-პაპათა სჯულზე დაბრუნება შესთავაზა. ყოველნაირად ეცადნენ აბოს გადაბირებას, მაგრამ წმიდანი მტკიცედ იდგა. ამირამ მისი მოკვლა ბრძანა. წმიდა აბომ ჯვარედინად დაიწყო გულზე ხელები და სიხარულით მოუდრიკა ქედი მახვილს.

ღირსი გიორგი ქოზიბელი 

ღირსი გიორგი ქოზიბელი კუნძულ კვიპროსზე დაიბადა. მშობლების სიკვდილის შემდეგ იგი პალესტინაში გაემგზავრა წმიდა ადგილების მოსალოცად და მდინარე იორდანესა და იერუსალიმს შორის მდებარე ქოზიბის ძმობაში დამკვიდრა. მარხვის, ლოცვის, მღვიძარების მოყვარული მამა ბერებმა იღუმენად აირჩიეს. ღირსი გიორგი მშვიდობით მიიცვალა ღრმა სიბერეში.

ღირსისა დომნიკა იღუმენია

ღირსი დომნიკა კართაგენიდან ჩავიდა კონსტანტინეპოლში თეოდოსი დიდის მეფობისას. აქ მან ნათელიღო პატრიარქ ნექტარიუსის ხელით და მონასტერში დაემკვიდრა. მკაცრი და გულმოდგინე მოღვაწეობით წმიდა ქალწულმა სულიერ სრულყოფილებას მიაღწია. იგი კურნავდა სნეულებს, იმორჩილებდა სტიქიებს, წინასწარ ჭვრეტდა მომავალს. სათნოებით შემკული წმიდა დედა ღრმა მოხუცებულობაში მიიცვალა 474 წელს.

ღირსმოწამე კარტერი, კესარია-კაბადოკიელი ხუცესი

წმიდა მოწამე კარტერი ხუცესად მსახურობდა კაბადოკიის კესარიაში იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს. მან უფლის სადიდებლად ააგო ტაძარი და დიდი მრევლიც შემოიკრიბა. როცა მისი მოღვაწეობის შესახებ ოლქის გამგებელს ამცნეს, ის მდევნელებს განერიდა, მაგრამ შემდეგ ნებით ჩაბარდა მტარვალებს. კარტერი, სასტიკად აწამეს და ბოლოს მახვილით განგმირეს.

წმიდა მოწამენი: ივლიანე, კელსი, ანტონი, ანასტასი, ვასილისა და მარიონილა, 7 ყრმა და 20 მხედარი

წმიდა მოწამე ივლიანე დაიბადა ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში. იგი, მშობლების სურვილით, დიდებულ და მდიდარ ქალწულ ვასილისაზე დაქორწინდა, მაგრამ მეუღლეებმა ქორწინებაში ქალწულება დაიმარხეს. მშობლების სიკვდილის შემდეგ მათ მონაზვნობა შეიმოსეს და ორი – მამათა და დედათა სავანე დააარსეს, რომელთაც თვითონვე წინამძღოლობდნენ. დიოკლეტიანეს დროინდელ დევნილობისას, 313 წელს ივლიანე სასტიკად აწამეს ქრისტეს აღსარებისათვის. წამების დროს გამოჩენილმა მისმა სიმტკიცემ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია მარიონილა და კელსი, ქრისტიანობაზე მოექცა და მოინათლა ერთი ახლადგარდაცვლილი წარმართი, რომელიც სასწაულებრივად აღადგინა წმიდა ივლიანემ. ხუცესმა ანტონიმ ახალნათელღებულს ანასტასი უწოდა. აღმსარებლები ჯერ დილეგში გამოამწყვდიეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს. მათთან ერთად მოწამეობრივად აღესრულა 20 მხედარი და 7 ყრმა.

წმიდა ილია ეგვიპტელი მეუდაბნოე

ღირსი ილია მეუდაბნოე 75 წელი მოღვაწეობდა ეგვიპტის ერთი უდაბური მთის კლდოვან გამოქვაბულში. იგი 110 წლის ასაკში მიიცვალა IV საუკუნეში.

გრიგოლ საკვირველთმოქმედი 

ღირსი გრიგოლი, კიევო-პეჩორელი განდეგილი, ცხოვრობდა XI საუკუნეში. წმიდა გრიგოლი მთელი ცხოვრების მანძილზე უმი ბალახის გარდა არაფერს ჭამდა. ამ ბალახს აძლევდა იგი შემწეობის სათხოვნელად მოსულ სნეულებსაც. ისინიც სასწაულებრივად იკურნებოდნენ.
ღირსი გრიგოლი კიევო-პეჩორის მონასტერში ბერად აღიკვეცა ღირსი თეოდოსის (+1074) დროს. წმიდანი ძალიან ბევრს კითხულობდა – მის ერთადერთ ქონებას წიგნები წარმოადგენდა. ღირსი გრიგოლ საკვირველთმოქმედი 1093 წელს მიიცვალა და დაკრძალულია კიევო-პეჩორის ლავრაში.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

0