ბათუმის პორტი

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა: როდის გაუმჯობესდება ვითარება?

35
(განახლებულია 16:50 22.12.2020)
ექსპერტების განცხადებით, ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად აუცილებელია ხელისუფლების ეკონომიკურმა გუნდმა ეკონომიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა შეიმუშაოს.

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში პანდემიის ფონზე ვაჭრობა ეცემა – 2020 წლის დასაწყისიდან საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის იანვარი–ნოემბერთან შედარებით, 14,6%-ით შემცირდა და 10,2 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში. 

2020 წლის იანვარი–ნოემბრის პერიოდში ექსპორტზე 3 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების ქართული პროდუქცია გავიდა – 11,3%-ით ნაკლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2020 წლის დასაწყისიდან იმპორტმა დაახლოებით 7,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იანვარი–ნოემბრის პერიოდთან შედარებით 15,9%-ით ნაკლებია.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა იანვარი–ნოემბერში დაახლოებით 4,2 მლრდ დოლარზე შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40,9%-ია.

რით ვაჭრობს საქართველო

საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ.  

2020 წლის დასაწყისიდან გაიზარდა მხოლოდ სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (13,1%), სპირტიანი სასმელების (3,2%), ოქროს (28,4%) და თხილის (40,2%) ექსპორტი. 

ამავე დროს შემცირდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 42,5%-ით, ფეროშენადნობების – 11,5%-ით, ნატურალური ყურძნის ღვინის – 8,1%-ით, სამკურნალო საშუალებების – 45,6%-ით, მინერალური და მტკნარი წყლების – 15,3%-ით.

რა შემოაქვთ საქართველოში

საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ. 

2020 წლის დასაწყისიდან მხოლოდ ხორბლის (5%) იმპორტი გაიზარდა. ამავე დროს, აღნიშნულ პერიოდში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი დაეცა 32,4%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების — 34,3%-ით, სამკურნალო საშუალებების – 10,5%-ით, ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების – 11,5%-ით, სატელეფონო აპარატების – 17,9%-ით და ა.შ.

ვისთან ვაჭრობს საქართველო

საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები 2020 წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი — ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ იანვარი-ნოემბრის პერიოდში 3,7 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 36,3%-ია. 

პირველ ადგილზეა თურქეთი – მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ მიმდინარე წლის დასაწყისიდან 1,4 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14%-ია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის იანვარი–ნოემბერთან შედარებით, 12,6%-ით შემცირდა.

2020 წლის დასაწყისიდან თურქეთში გავიდა 31,3 ათასი ტონა ფეროშენადნობები, დაახლოებით 1,2 ათასი ტონა ტრიკოტაჟის ნაწარმი, 5,6 ათას ტონაზე მეტი თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები და სხვა საქონელი.

აღნიშნულ პერიოდში თურქეთიდან შემოვიდა 63 ათას ტონაზე მეტი შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, 444,7 ტონა სამკურნალო პრეპარატები, დაახლოებით 21,5 ათასი ტონა შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და ა.შ.

მეორე ადგილზეა რუსეთი

2020 წლის დასაწყისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ბრუნვა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა 7,3%-ით და შეადგინა 1,3 მლრდ დოლარზე მეტი – საქართველოს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 11,6%. 

 

წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში გავიდა დაახლოებით 91,9 ათასი ტონა ფეროშენადნობები, 32,7 ათას ტონაზე მეტი ყურძნის ნატურალური ღვინო, 60,2 ათას ტონაზე მეტი მინერალური და მტკნარი წყალი, დაახლოებით 5,4 ათასი ტონა სპირტიანი სასმელი და ა.შ.

რუსეთი საქართველოში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელია. რუსეთიდან წლის დასაწყისიდან 313,9 ათას ტონაზე მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა.

რუსეთიდან ასევე შემოვიდა 448,4 ათას ტონაზე მეტი ხორბალი, დაახლოებით 124,7 ათასი ტონა ნავთობის აირები, დაახლოებით 35,1 ათასი ტონა მზესუმზირის ზეთი და ა.შ.

მესამე ადგილზეა ჩინეთი

საქართველოს საგარეო ბრუნვამ ჩინეთთან დაახლოებით 1,1 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 10,7%-ია. სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 11,6%-ით გაიზარდა. 

წლის დასაწყისიდან საქართველოდან ჩინეთში გავიდა დაახლოებით 252,3 ათასი ტონა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, დაახლოებით 12,7 ათასი ტონა ძვირფასი ლითონები, 3,1 ათას ტონაზე მეტი ყურძნის ნატურალური ღვინო და ა.შ.

ჩინეთიდან შემოვიდა დაახლოებით 34,2 ათასი ტონა ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისგან, 8,6 ათას ტონაზე მეტი საბურავები და ა.შ.

საქართველო ასევე ვაჭრობს სხვა ქვეყნებთან

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან: აზერბაიჯანი – 831,3  მილიონ დოლარზე მეტი, სომხეთი – დაახლოებით 555,7 მილიონი დოლარი, უკრაინა – 539,2 მილიონ დოლარზე მეტი, აშშ – დაახლოებით 568,4 მილიონი დოლარი, გერმანია – დაახლოებით 404,4 მილიონი დოლარი, ბულგარეთი – დაახლოებით 383,4 მილიონი დოლარი, იტალია – 193,7 მილიონ დოლარზე მეტი.

როდის გაუმჯობესდება ვითარება ვაჭრობაში?

კორონავირუსმა სერიოზული დარტყმა მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას – ზარალი მიადგა სასტუმროებს, რესტორნებს, სავაჭრო ცენტრებს. საფრთხის წინაშე აღმოჩნდა საფინანსო სექტორი, სამშენებლო, უძრავი ქონების, წარმოებისა და განათლების სფეროები.

„საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ საგარეო ვაჭრობაში ვითარება 2021 წლის მაისი–ივნისამდე არ გაუმჯობესდება. 

„ერთადერთი, რამაც დადებითად იმოქმედა ექსპორტზე, ეს ხილის უცხოეთში გატანაა. მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ რა გავლენას მოახდენს ეს მონაცემები ლარის კურსზე, ვიტყოდი, რომ ყოველივე ეს მაინც ნეგატიურად მოქმედებს, რადგანაც უარყოფითი სალდო წლების განმავლობაში გრძელდება. ხოლო ექსპორტის თვალსაზრისით ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე სახის დადებით დინამიკას, რომ ექსპორტი 2021 წლის ზაფხულამდე მნიშვნელოვნად გაიზრდება“, – განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ შენგელიამ.

მისი თქმით, ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის საქართველოს მთავრობამ ეკონომიკა სამი მიმართულებით სწრაფად და რევოლუციური გზით უნდა განავითაროს.

„პირველი მიმართულება ახალი ტექნოლოგიების დანერგვაა, მეორე – ბიოფარმაცევტული ბაზრის განვითარება, მესამე და მთავარი კი ქვეყანაში არსებული სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება და ექსპორტზე საბოლოო სახით გატანაა“, – განაცხადა შენგელიამ.

ამასთან, მისი განმარტებით, საქართველოში არსებობს პრობლემა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა თავისი ფულად–საკრედიტო პოლიტიკით შექმნა.

„დღეს საპროცენტრო განაკვეთი 8%-ს შეადგენს. რაც ნიშნავს, რომ კომერციული ბანკებიდან სესხები არ გაიცემა 11–12%-ზე ნაკლებ. ასეთი პროცენტების პირობებში ამ მიმართულებებიდან ვერც ერთი განვითარებას ვერ შეძლებს“, – განაცხადა შენგელიამ.

ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად აუცილებელია ეკონომიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომლის განხორციელებაც პუნქტობრივად მოხდება.

 

35
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (898)
აშშ-ის დოლარები

ფულადი გზავნილები: რამდენი გადმოირიცხა საქართველოში 2020 წელს

295
(განახლებულია 12:53 16.01.2021)
2020 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 364 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა –საერთო მოცულობის 19,3%.

თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში 2020 წელს ელექტრონული სისტემებით ფულადი გზავნილების მოცულობა 2019 წელთან შედარებით 8,8%-ით გაიზარდა და 1 866 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში

ყველაზე მეტი ვალუტა რუსეთიდან შემოვიდა. 2020 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 364 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა – ელექტრონული სისტემების მეშვეობით საქართველოს კომერციულ ბანკებში ფულადი გზავნილების საერთო მოცულობის 19,3%. თუმცა, ეს მაჩვენებელი 15,1%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით.

ლიდერი ქვეყნების ხუთეულში ასევე შედიან იტალია, საბერძნეთი, აშშ და ისრაელი.

2020 წლის დეკემბერში ფულადი გზავნილები 15,9%-ით გაიზარდა და 199,7 მლნ დოლარი შეადგინა.

ყველაზე მეტი მოცულობის ვალუტა შემოვიდა რუსეთიდან. 2020 წლის დეკემბერში რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 40,7 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა – ელექტრონული სისტემების მეშვეობით საქართველოს კომერციულ ბანკებში ფულადი გზავნილების საერთო მოცულობის 20,4%. თუმცა, ეს მაჩვენებელი 7,1%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ლიდერი ქვეყნების ხუთეულში ასევე შედიან იტალია, საბერძნეთი, აშშ და ისრაელი.

დეკემბერში ლიდერთა ქვეყნებს შორის მეექვსე ადგილი დაიბრუნა თურქეთმა და გაუსწრო უკრაინას, რომელმაც მაც 2020 წლის აგვისტოში აჯობა.

ზრდის ტემპები აჩქარდა

ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება, თუმცა მისი ტემპები კვლავ დაბალია. ივნისში 17,8%-იანი მატების შემდეგ ივლისში წლიურმა ზრდამ 22,1% შეადგინა, აგვისტოში – 25,8%, სექტემბერში – 28,7%, ოქტომბერში ზრდის ტემპმა იკლო და 18,6% შეადგინა, ნოემბერში -12,5%, ხოლო დეკემბერში კვლავ აჩქარდა და 15,9% შეადგინა.

ფულადი გზავნილების გარკვეული ნაწილი, დაახლოებით 8%, ქვეყანაში პანდემიამდე შემოდიოდა არასაბანკო არხებით – ვიზიტორების მეშვეობით. საერთაშორისო მოგზაურობის შეზღუდვის გამო ფულადი გზავნილების ეს ნაწილი საბანკო სექტორში გადავიდა და, შედეგად, ფულადი გზავნილების აღნიშნულ ზრდაშიც შეიტანა წვლილი, განაცხადა ადრე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

„საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდის ორი მიზეზი დაასახელა.

„პირველი მდგომარეობს იმაში, რომ პანდემიისა და ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვებიდან გამომდინარე, ხალხი უფრო გაღარიბდა, არ მუშაობს ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, გარდა სასურსათო და ფარმაცევტული ობიექტებისა. და უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეები უფრო მეტ თანხას გზავნიან. დავუშვათ, თუ 200 დოლარს რიცხავდნენ, ახლა 300 დოლარს რიცხავენ“, – განაცხადა შენგელიამ „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში.

საქართველოს ეკონომიკის ვარდნის ტემპები გაიზარდა

მისი აზრით, მეორე მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ სამშენებლო ბიზნესის დახმარების მიზნით დეკემბრის ჩათვლით მთავრობამ იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო.

„ყველა, ვისაც ახლა საშუალება აქვს, ცდილობს ამ შეთავაზებით ისარგებლოს და ამიტომაც გაიზარდა საქართველოში უცხოეთიდან ტრანზაქციები. თუ 2021 წელს მთავრობა იპოთეკური სესხების სუბსიდირებას გააგრძელებს და ადამიანები ბინებს შეიძენენ, პირველ კვარტალში გადმორიცხვების მოცულობა ისევ გაიზრდება“, – განაცხადა შენგელიამ.

მან აღნიშნა, რომ დეკემბრის ჩათვლით პროგრამა ძალაშია. ამიტომ უცხოეთში მომუშავე ადამიანები ჩქარობენ ისარგებლონ ნაკლები პროცენტის გადახდის შესაძლებლობით და აქტიურად ყიდულობენ ბინებს, რადგან ადრე მათ იპოთეკურ კრედიტზე 13-14%-ის გადახდა უწევდათ.

რამდენი ვალუტა გაიგზავნა საქართველოდან

2020 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ დაახლოებით 24,7 მლნ დოლარზე მეტი გადაირიცხა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 3,4%-ით ნაკლებია.

2020 წელს საქართველოდან საზღვარგარეთ დაახლოებით 246,9 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 4%-ით მეტია 2019 წელთან შედარებით.

295
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (898)
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 16 იანვარს

1288
(განახლებულია 12:53 16.01.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0052 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2987 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0052 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 16 იანვარს
ლარის კურსი 16 იანვარს
1288
თემები:
ლარის კურსი დღეს
არმინ ლაშეტი

გერმანიაში მმართველი პარტიის ახალი თავმჯდომარე აირჩიეს

0
(განახლებულია 19:05 16.01.2021)
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მიიღო პოლიტიკიდან წასვლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება და უახლოეს თვეებში გერმანიაში მისი შემცვლელის მოძებნა მოუწევთ

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. გერმანიის ქრისტიან‑დემოკრატიული კავშირის (CDU) ახალი თავმჯდომარე 59 წლის არმინ ლაშეტი გახდა.

„არმინ ლაშეტის სასარგებლოდ მიღებულია 521 ხმა, ფრიდრიჰ მერცის - 466. ამგვარად, არმინ ლაშეტი არჩეულია, მან ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა მიიღო“, - განაცხადა CDU-ს წარმომადგენელმა.

ლაშეტი ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი (ბავარიის შემდეგ) და მჭიდროდ დასახლებული ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრია. ყრილობაზე წინასაარჩევნო სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ მხარს უჭერს კონსენსუსის პოლიტიკას, გერმანიის საზოგადოების გაერთიანებას, წარმატებულად მიიჩნევს კანცლერ ანგელა მერკელის პოლიტიკას და მზად არის ის გააგრძელოს.

დღევანდელი ონლაინ კენჭისყრის შემდეგ, CDU-ს ყრილობის დელეგატებმა, კანონის თანახმად, წერილობით უნდა დაადასტურონ თავიანთი ნება. ამ წერილობითი განცხადებების შედეგები 22 იანვარს გამოქვეყნდება.

ბუნდესტაგის არჩევნები, რომლის შედეგადაც ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება, 26 სექტემბერს გაიმართება. ანგელა მერკელმა უკვე განაცხადა, რომ ამ არჩევნების შემდეგ პოლიტიკას დატოვებს. გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ ვინ იქნება საარჩევნო სიის სათავეში CDU/CSU-ს კონსერვატიული ალიანსიდან და, შესაბამისად, კანცლერის კანდიდატი გახდება, მიიღება ორი პარტიის კონსულტაციების შემდეგ. (CSU - ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირი - რედ.) სავარაუდოდ, ეს უახლოეს თვეებში მოხდება.

0