ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეს შორის შეთანხმების გაფორმება

საქართველო აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირს ფასდაკლებით შეიძენს

123
(განახლებულია 20:00 18.12.2020)
შეღავათის წყალობით საქართველოს მთავრობა შეძლებს მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის სტაბილური ფასების შენარჩუნებას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. საქართველო აზერბაიჯანიდან ფასდაკლებით 200 მილიონ კუბომეტრ სოციალურ აირს მიიღებს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გახარიამ.

შეთანხმებას მხარეებმა გახარიასა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევის შეხვედრაზე მიაღწიეს. 

საქართველო ბუნებრივ აირზე მთლიან მოთხოვნილებას პრაქტიკულად აზერბაიჯანიდან იმპორტირებული გაზით აკმაყოფილებს. საქართველოს 2020 წლის ბუნებრივი აირის ბალანსის თანახმად, მიმდინარე წლის პროგნოზმა 2,5 მილიარდი კუბომეტრი შეადგინა, აქედან რუსეთიდან მოსალოდნელია 170 მილიონი კუბომეტრი აირის შემოტანა, დანარჩენის შემოტანა აზერბაიჯანიდან იგეგმება.

აღინიშნა, რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია წარმატებით თანამშრომლობს SOCAR-თან, რისი დასტურიც არის ქვეყანაში სოციალურ გაზზე ფასების ოპტიმიზაციის შესახებ შეთანხმების გაფორმება. ცვლილებები შევიდა სოციალური გაზის მოწოდების შესახებ კონტრაქტში, რომელიც 2016 წლიდან მოქმედებს. შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ და SOCAR-ის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა.

დადებული შეთანხმების წყალობით საქართველოს მთავრობა შეძლებს მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის სტაბილური ფასების შენარჩუნებას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. 

გარდა ამისა, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე და განიხილეს პარტნიორობის საკითხი სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საინვესტიციო პროექტებს, რომლებსაც კომპანია SOCAR საქართველოში ახორციელებს, ასევე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს.

ასევე აღინიშნა, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის მეოთხე ეტაპის დასრულების შემდეგ, რომლითაც კასპიის ზღვის აზერბაიჯანული სექტორიდან – „შაჰ-დენიზის“ საბადოდან ნედლეული ევროპაში გაიგზავნება, საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის დიდი მოცულობის აზერბაიჯანული აირი და ქვეყანა უფრო შეღავათიან ფასად შეძლებს აზერბაიჯანული გაზის შეძენას არსებული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.  

გაზის სამხრეთის დერეფანი - არის მილსადენების სისტემა, რომლითაც აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი „შაჰ-დენიზის“ საბადოდან თურქეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს მიეწოდება. აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება იგეგმება სამხრეთ კავკასიის გაზსადენით, რომელიც აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე გადის, ტრანსანატოლიური მილსადენით, რომელიც საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე გაივლის, ასევე ტრანსადრიატიკული მილსადენით, რომელიც საბერძნეთის, ალბანეთისა და იტალიის ტერიტორიებზე გადის.

123
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (906)
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შიდა ქართლში

კლიმატი და სოფლის მეურნეობა პანდემიის პერიოდში: რა განიხილეს მინისტერიალზე

39
(განახლებულია 14:00 24.01.2021)
ფორუმის ფარგლებში მონაწილეებმა რეგიონებისა და ქვეყნების მიხედვით პანდემიის პრევენციის და კლიმატის ცვლილების შერბილების საკითხებზე იმსჯელეს

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მიიღო მონაწილეობა სოფლის მეურნეობის საკითხებზე ონლაინ მინისტერიალში, რომელიც ყოველწლიურად ათ წელიწადზე მეტია ბერლინში იმართება, ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტერიალს, რომელიც სურსათისა და სოფლის მეურნეობის მე-13 გლობალური ფორუმის (GFFA) ფარგლებში გაიმართა, მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლევან დავითაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში პანდემიით შექმნილი მდგომარეობის საპასუხოდ ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ურთულესი გამოწვევის დროს, კოორდინირებული მუშაობით, არცერთ რეგიონში სასურსათო პროდუქციის დეფიციტი არ შექმნილა.

„მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდი ყველა მონაწილე სახელმწიფოს და პარტნიორ ორგანიზაციებს, ასევე, ადგილობრივი კერძო სექტორის წარმომადგენლებს სანიმუშო კომუნიკაციისთვის. ეს წარმატება ერთობლივი შრომის შედეგია“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დავითაშვილმა ფერმერების მხარდასაჭერად შემუშავებული სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

ფორუმის ფარგლებში მონაწილეებმა რეგიონებისა და ქვეყნების მიხედვით პანდემიის პრევენციის და კლიმატის ცვლილების შერბილების საკითხებზე იმსჯელეს და მიიღეს კომუნიკე, რომელიც კლიმატის ცვლილების და  პანდემიის პირობებში მსოფლიოს სასურსათო მარაგების უზრუნველყოფას და პანდემიის პრევენციას ეხება.

39
პურის მაღაზიაში

რატომ გაიზარდა ხორბლის ფქვილზე სუბსიდიის მოცულობა - ლევან სილაგავას განმარტება

70
 ერთი ტომარა ხორბლის ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდიის მოცულობა გაიზარდა და 15 ლარი გახდა. სუბსიდირების პირველ ეტაპზე ეს თანხა 10 ლარს შეადგენდა

თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. სახელმწიფო სუბსიდირება რომ არა, ყოველდღიური მოხმარების, ქარხნულ პურზე ფასი სავარაუდოდ 15-20 თეთრით გაიზრდებოდა. განაცხადა ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ პირველ არხთან საუბრისას.

ლევან სილაგაძემ ერთ ტომარა ფქვილზე სუბსიდიის გაზრდასთან დაკავშირებით ისაუბრა. ცოტა ხნის წინ ერთი ტომარა ხორბლის ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდიის მოცულობა გაიზარდა და 15 ლარი გახდა.

სილაგაძემ აღნიშნა, რომ ფქვილის ფასის სუბსიდირების პროგრამა ორ ეტაპად ხორციელდება, კერძოდ, პირველ ეტაპზე დეკემბერ-იანვარში ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი 63 ლარი ღირდა, თუმცა უკვე თებერვალსა და მარტში გლობალურ ბაზრებზე ხორბლის მნიშვნელოვანი გაძვირების შედეგად საქართველოში ფქვილის ფასი 68 ლარამდე გაიზარდა.

„შესაბამისად იმისათვის, რომ წისქვილკომბინატებმა მიაწოდონ პურის ქარხნებს 53 ლარად ფქვილი, აღარ არის საკმარისი 10-ლარიანი სუბსიდია და საჭირო გახდა სუბსიდირების თანხის 15 ლარამდე გაზრდა“, - განმარტა სილაგავამ.

ამასთან, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, 27 იანვარს გამოცხადდება ტენდერი და ნებისმიერ წისქვილკომბინატს შესაძლებლობა ექნება მიიღოს მასში მონაწილეობა თავისუფალი პრინციპით.

„ეს სუბსიდირების პროგრამა მოიცავს ახლა უკვე პირველი თებერვლიდან პირველ აპრილამდე დღევანდელი ფასის დაჭერას. მონაწილე კომპანიები ამ პირობით შედიან ტენდერში, რომ 53 ლარად მიაწოდებენ პურის ქარხნებს ფქვილს“, - განაცხადა ლევან სილაგავამ.

მწარმოებელ ქვეყნებში ხორბლის ცუდმა მოსავალმა, ეკონომიკურმა კრიზისმა და ლარის მერყევმა კურსმა იმოქმედა ფქვილის ღირებულებაზე, რამაც გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქვეყანაში პური გაძვირდებოდა. ამის თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის იმპორტის სუბსიდირების გადაწყვეტილება.

პროგრამა გათვლილია 4 თვეზე და ის დეკემბრიდან ამოქმედდა. წისქვილკომბინატებისთვის დაწესებულია ფიქსირებული ფასი – 53 ლარი პირველი ხარისხის ფქვილის 50 კგ-იან ტომარაზე. პროგრამა 1 მარტამდე იმოქმედებს.

ხორბლის ფქვილის სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ჯამში 10 მლნ ლარის გამოყოფას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ხორბლის იმპორტის 90% რუსეთზე მოდის, რაც დაახლოებით ნახევარ მილიონ ტონა მარცვლეულს ნიშნავს.

70
ტურისტული ბიზნესის საპროტესტო აქცია თბილისში

ინფექციონისტი: შეუძლებლად მიმაჩნია ერთიანად ყველა შეზღუდვის მოხსნა, თუმცა...

0
საქართველოში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში მოსახლეობა შეზღუდვების მოხსნას ითხოვს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის, ზამთრის კურორტების და ბაზრობების გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება.

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. შეუძლებლად მიმაჩნია ერთიანად ყველა შეზღუდვის მოიხსნას, თუმცა გარკვეული შემსუბუქების დრო ნამდვილად დადგა, განაცხადა ინფექციონისტმა ოთარ ჩოკოშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ. შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.

„ჩვენ საკუთარი გამოცდილებით ძალიან კარგად მოგვეხსენება, რომ რეგულაციების სრული მოხსნა გარკვეულ დროში, დაახლოებით, 1-2 თვეში იწვევს მდგომარეობის ძალიან ცუდი მიმართულებით წასვლას და შემდგომ გართულებებს“, - ამბობს ჩოკოშვილი.

ინფექციონისტის განცხადებით, ქვეყანაში თუ ერთბაშად მოიხსნება ყველა შეზღუდვა, შეიძლება კვლავ ისეთი ეპიდვითარება შეიქმნას, როგორიც დეკემბრის თვეში იყო.

„შემთხვევები რადიკალურად შემცირდა, მაგრამ ჩვენთან უკვე დაფიქსირებულია ბრიტანული შტამი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ხელაღებით მოვხსნით ყველა შეზღუდვას, შეიძლება იმავე მდგომარეობაში ჩავვარდეთ, როგორშიც ვიყავით დეკემბერში. თუმცა, ხაზს ვუსვამ, რომ შეზღუდვების ნაწილი უნდა შემსუბუქდეს“, - ამბობს ჩოკოშვილი.

საქართველოში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში მოსახლეობა შეზღუდვების მოხსნას ითხოვს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის, ზამთრის კურორტების და ბაზრობების გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 546-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 253.518-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0