ნათია თურნავა

მთავრობა გადადგა! მთავრობა ხალხს ანგარიშს აბარებს

1108
(განახლებულია 22:59 15.12.2020)
ინიციატივა - „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს". საქართველო თებერვლიდან ფრენებზე შეზღუდვების სრულად მოხსნას აპირებს. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით სახელმწიფო მოხელეების სახელფასო ფონდი მცირდება. ხელფასები მასწავლებლებს, პოლიციელებსა და ჯარისკაცებს გაეზრდებათ.

სამსონ ხონელი

წესი და რიგი დაცულია, ახალარჩეული პარლამენტი შეიკრიბა! კონსტიტუციის თანახმად, მთავრობამ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე უფლებამოსილება მოიხსნა და ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა უკვე ცნობილია. არაფერი მოულოდნელი, მმართველმა პარტიამ მეათე მოწვევის პარლამენტს მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი გახარიას კანდიდატურა წარუდგინა. შესაბამის წერილს პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აწერს ხელს.

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს გიორგი გახარიას მიერ წარდგენილ მთავრობას, ნდობის მისაღებად კი საჭიროა 76 დეპუტატის მხარდაჭერა. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პრემიერ-მინისტრი ხალხის რჩეულებს სამთავრობო პროგრამასაც წარუდგენს. დამეთანხმებით, გიორგი გახარიას გაპრემიერებას წინ არაფერი დაუდგება. საინტერესოა, ვინ დარჩება მთავრობაში და ვის მოუწევს დაემშვიდობოს მინისტრის პორტფელს? ერთი უკვე ფაქტია, ქვეყანას იუსტიციის ახალი მინისტრი ეყოლება. თეა წულუკიანმა აღმასრულებელიდან საკანონმდებლო ხელისუფლებაში გადაინაცვლა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა. რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, დაველოდოთ.

ამასობაში მოვალეობის შემსრულებელი მთავრობის წევრები გაწეული საქმიანობის ანგარიშს საზოგადოებას აბარებენ. ანგარიშვალდებულების წესი დაცულია. ინიციატივის ფარგლებში − „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ხალხის წინაშე პირველი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა წარდგა. ქვეყნის მთავარი ეკონომისტის ვრცელი ანგარიშიდან მკითხველის ყურადღებას რამდენიმე საკითხზე გავამახვილებ.

„პანდემიის მიუხედავად, წელს აქტიურად გავაგრძელეთ რეფორმები, ინვესტორებისთვის უფრო კომფორტული და მიმზიდველი გარემო შევქმენით“, − განაცხადა ნათია თურნავამ.

არადა, ფაქტია, „კომფორტული და მიმზიდველი გარემოს“ შექმნის მიუხედავად პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2020 წლის მესამე კვარტალში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 23.6 პროცენტით შემცირდა. ისიც უნდა ითქვას, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების ტენდენცია ჯერ კიდევ 2017 წლიდან გამოიკვეთა.

დავუბრუნდეთ ანგარიშს. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, მიმდინარე წლის განმავლობაში სახელისუფლო გუნდის ძალისხმევა ანტიკრიზისული ღონისძიებების განხორციელებისკენ იყო მიმართული. მთავარი აქცენტი, პირველ რიგში, მოსახლეობის დახმარებაზე კეთდებოდა.

„ეს არის 1200 ლარიანი დახმარების პაკეტი მათთვის, ვინც დროებით დაკარგა სამუშაო – ეს პროექტი ერთხელ განხორციელდა და კვლავაც გაგრძელდება 2021 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში. აღსანიშნავია 300-ლარიანი დახმარება თვითდასაქმებულ პირთათვის. ასევე ეს არის დამატებითი მხარდაჭერის პაკეტები სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათ შორის მრავალშვილიანი ოჯახებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის; ერთჯერადი უნივერსალური დახმარება ბავშვებისთვის. ეს არის უნივერსიტეტის სწავლის გადასახადის სუბსიდირება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის და ბოლოს ერთ-ერთი ყველაზე წონადი დახმარება − კომუნალური ხარჯების სუბსიდირება, რაც ერთხელ უკვე განხორციელდა სამი თვის განმავლობაში და 2020 წლის ნოემბრიდან გრძელდება კიდევ ოთხი თვით“, − განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე შეფასებით, პანდემიით გამოწვეული მკაცრი და წერტილოვანი შეზღუდვების პროცესში ძალზე მნიშვნელოვანი იყო ბიზნეს-ვიზიტორების მართვის, ნაცვალგების შეთანხმების ქვეყნებიდან ვიზიტორთა წინასწარი რეგისტრაციისა და პროექტის „იმუშავე საქართველოდან“ ელექტრონული პლატფორმების ამოქმედება.

ნათია თურნავას განცხადებით, რეფორმები გატარდა სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიმართულებით, სტრუქტურულად ორი სხვადასხვა ორგანიზაციის: ქონების მართვისა და საფინანსო სერვისების სააგენტოების შერწყმით უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვა ერთი ფანჯრის პრინციპით ხდება. მისივე თქმით, მიმდინარე წელს 88 ობიექტი გაიყიდა პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში. ჯამურმა საპრივატიზებო თანხამ კი 43 მილიონი ლარი შეადგინა. მთლიანობაში 2020 წელს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად 124 მილიონი ლარია მობილიზებული. უწყება აქტიურად მუშაობდა წიაღისეულის ეკონომიკაში ჩართვის მიმართულებით. აუქციონზე წიაღით სარგებლობის 433 ლიცენზია გაიყიდა; ქვეყნის მასშტაბით საბადოებზე 2 ათასზე მეტი სამუშო ადგილი შეიქმნა, ხოლო მოზიდული ინვესტიციის მოცულობამ 20.8 მილიონი ლარი შეადგინა.

ბოლო რამდენიმე დღეა, რაც „წყაროზე“ ამბობენ, მთავრობა 24 დეკემბრიდან შეზღუდვების დროებით მოხსნაზე ადრე მიღებული გადაწყვეტილების რევიზიას აპირებსო, თუმცა, როგორც ნათია თურნავამ განმარტა, ვერდიქტი უცვლელია. მთავრობა ეპიდემიოლოგიურ ვითარებას დააკვირდება და საბოლოო გადაწყვეტილებასაც საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციათა გათვალისწინებით მიიღებს. არადა, მკითხველს შევახსენებ, სავაჭრო ცენტრები და კომპანიები შეზღუდვების გაუქმებას 24 დეკემბრის ნაცვლად 15 დეკემბრიდან ითხოვდნენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ვრცელი ანგარიშიდან შევიტყვეთ, რომ საქართველო თებერვლის თვიდან ფრენებთან დაკავშირებული შეზღუდვების სრულად მოხსნას გეგმავს.

„უკვე დასრულების ფაზაშია ქუთაისის და ბათუმის აეროპორტების გაფართოების პროგრამა. ეს განახლებული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს ჩვენს სტუმრებს, ასევე მოემსახურება საქართველოს მოქალაქეებს. ვგეგმავთ თებერვლიდან გავაუქმოთ ყველა შეზღუდვა საერთაშორისო ფრენებზე. ავიაკომპანია „ვიზეარმა“ დააანონსა, რომ საქართველოში მუდმივმოქმედ ბაზას აღადგენს. კომპანია აპირებს, რომ გააქტიურდეს და ახალი მიმართულებებიც დაამატოს“, − განაცხადა ნათია თურნავამ.

მოიმატებს თუ არა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადი? პასუხი ამ კითხვასაც გაეცა. ნათია თურნავამ განაცხადა, რომ 2020-2021 წლებში ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფის გადახედვა არ იგეგმება. რაც შეეხება „თბილისი ენერჯის“, როგორც ნათია თურნავამ განმარტა, ეს არის კერძო კომპანიის მიერ კომერციული მომხმარებლისთვის მიწოდებული გაზი, რასაც სახელმწიფო და სემეკი არ არეგულირებს. „ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია „თბილისი ენერჯისთან“. ტარიფების გაზრდა იანვრის დასაწყისში იგეგმება და დრო ჯერ კიდევ გვაქვს. ვნახავთ, რის გაკეთებას შევძლებთ კონსულტაციის შედეგად. რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, პროცესში ჩართულია სემეკი. ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები პანდემიის გამო დიდ ზარალს განიცდიან. მათ შემოსავალი შეუმცირდათ, რადგან ეკონომიკა და, შესაბამისად, მოხმარებაც შემცირდა. სხვა ფაქტორებიც არის, მათ შორის ლარის კურსი. მარეგულირებელი კომისია დათვლის, მაგრამ კატეგორიულად შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ტარიფების რყევა მოსახლეობამ, განსაკუთრებით, მისმა სოციალურად დაუცველმა ნაწილმა არ იგრძნოს. არ მინდა ჩავერიო სემეკის, დამოუკიდებელი მარეგულირებლის ფუნქციებში“, − განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში სახელმწიფო მოხელეების ხელფასი საგრძნობლად შემცირებულია. „სახელფასო ფონდი ჩვენს სამინისტროში ორი მილიონი ლარით არის შემცირებული“, − განაცხადა ნათია თურნავამ. მისივე ინფორმაციით, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი მასწავლებლების, პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების გაზრდას ითვალისწინებს.

ეკონომიკური უწყების პირველი პირის ანგარიშს ანალიტიკოსები გამოეხმაურნენ. ითქვა, რომ მთავრობის ჩარევამ, ბიზნესის დახმარების პროგრამებმა და სოციალურმა პაკეტმა პანდემიით გამოწვეული ზარალი შეამსუბუქა. ამოქმედდა საგარანტიო მექანიზმი, ბიზნესს გადასახადები გადაუვადეს და ხელი შეეწყო ბიზნესების გადარჩენას.

ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი ყურადღებას რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე ამახვილებს. მისი თქმით, მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა. საკრედიტო – საგარანტიო სქემის ფარგლებში შემოვიდა 121 პროექტი, ხოლო გარანტირებული სესხების მოცულობა 77.5 მილიონი ლარია. თანადაფინანსების მექანიზმით მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის დაფინანსდა 2199 პროექტი, ხოლო სუბსიდიის მოცულობამ 31 მილიონი ლარი შეადგინა. სახელმწიფო პროგრამით „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმი“ დამტკიცდა და უკვე გაიცა 6317 სესხი 614 მილიონი ლარის ოდენობით, ხოლო ტურისტული კომპანიებისთვის საბანკო გარანტიის სუბსიდირების მექანიზმით 33-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. გაცემული სუბსიდია 244 ათას ლარს შეადგენს.

„ყველა მოლოდინით, წლის ბოლოს ქართული ეკონომიკა უფრო ნაკლები ზარალით გამოვა, ვიდრე ევროპული ეკონომიკების უმრავლესობა“, − დასძენს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

რა გაეწყობა, ვნახოთ, გამართლდება თუ არა ექსპერტის ეს პროგნოზი. მანამდე კი მოვალეობის შემსრულებელი მთავრობის წევრები ანგარიშის ჩაბარებას განაგრძობენ. სახალხო ტრიბუნას ახლა უკვე ქვეყნის პირველი ფინანსისტი, ივანე მაჭავარიანი დაიკავებს.

 

1108
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შიდა ქართლში

კლიმატი და სოფლის მეურნეობა პანდემიის პერიოდში: რა განიხილეს მინისტერიალზე

114
(განახლებულია 14:00 24.01.2021)
ფორუმის ფარგლებში მონაწილეებმა რეგიონებისა და ქვეყნების მიხედვით პანდემიის პრევენციის და კლიმატის ცვლილების შერბილების საკითხებზე იმსჯელეს

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მიიღო მონაწილეობა სოფლის მეურნეობის საკითხებზე ონლაინ მინისტერიალში, რომელიც ყოველწლიურად ათ წელიწადზე მეტია ბერლინში იმართება, ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტერიალს, რომელიც სურსათისა და სოფლის მეურნეობის მე-13 გლობალური ფორუმის (GFFA) ფარგლებში გაიმართა, მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლევან დავითაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში პანდემიით შექმნილი მდგომარეობის საპასუხოდ ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ურთულესი გამოწვევის დროს, კოორდინირებული მუშაობით, არცერთ რეგიონში სასურსათო პროდუქციის დეფიციტი არ შექმნილა.

„მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდი ყველა მონაწილე სახელმწიფოს და პარტნიორ ორგანიზაციებს, ასევე, ადგილობრივი კერძო სექტორის წარმომადგენლებს სანიმუშო კომუნიკაციისთვის. ეს წარმატება ერთობლივი შრომის შედეგია“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დავითაშვილმა ფერმერების მხარდასაჭერად შემუშავებული სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

ფორუმის ფარგლებში მონაწილეებმა რეგიონებისა და ქვეყნების მიხედვით პანდემიის პრევენციის და კლიმატის ცვლილების შერბილების საკითხებზე იმსჯელეს და მიიღეს კომუნიკე, რომელიც კლიმატის ცვლილების და  პანდემიის პირობებში მსოფლიოს სასურსათო მარაგების უზრუნველყოფას და პანდემიის პრევენციას ეხება.

114
პურის მაღაზიაში

რატომ გაიზარდა ხორბლის ფქვილზე სუბსიდიის მოცულობა - ლევან სილაგავას განმარტება

94
 ერთი ტომარა ხორბლის ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდიის მოცულობა გაიზარდა და 15 ლარი გახდა. სუბსიდირების პირველ ეტაპზე ეს თანხა 10 ლარს შეადგენდა

თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. სახელმწიფო სუბსიდირება რომ არა, ყოველდღიური მოხმარების, ქარხნულ პურზე ფასი სავარაუდოდ 15-20 თეთრით გაიზრდებოდა. განაცხადა ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ პირველ არხთან საუბრისას.

ლევან სილაგაძემ ერთ ტომარა ფქვილზე სუბსიდიის გაზრდასთან დაკავშირებით ისაუბრა. ცოტა ხნის წინ ერთი ტომარა ხორბლის ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდიის მოცულობა გაიზარდა და 15 ლარი გახდა.

სილაგაძემ აღნიშნა, რომ ფქვილის ფასის სუბსიდირების პროგრამა ორ ეტაპად ხორციელდება, კერძოდ, პირველ ეტაპზე დეკემბერ-იანვარში ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი 63 ლარი ღირდა, თუმცა უკვე თებერვალსა და მარტში გლობალურ ბაზრებზე ხორბლის მნიშვნელოვანი გაძვირების შედეგად საქართველოში ფქვილის ფასი 68 ლარამდე გაიზარდა.

„შესაბამისად იმისათვის, რომ წისქვილკომბინატებმა მიაწოდონ პურის ქარხნებს 53 ლარად ფქვილი, აღარ არის საკმარისი 10-ლარიანი სუბსიდია და საჭირო გახდა სუბსიდირების თანხის 15 ლარამდე გაზრდა“, - განმარტა სილაგავამ.

ამასთან, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, 27 იანვარს გამოცხადდება ტენდერი და ნებისმიერ წისქვილკომბინატს შესაძლებლობა ექნება მიიღოს მასში მონაწილეობა თავისუფალი პრინციპით.

„ეს სუბსიდირების პროგრამა მოიცავს ახლა უკვე პირველი თებერვლიდან პირველ აპრილამდე დღევანდელი ფასის დაჭერას. მონაწილე კომპანიები ამ პირობით შედიან ტენდერში, რომ 53 ლარად მიაწოდებენ პურის ქარხნებს ფქვილს“, - განაცხადა ლევან სილაგავამ.

მწარმოებელ ქვეყნებში ხორბლის ცუდმა მოსავალმა, ეკონომიკურმა კრიზისმა და ლარის მერყევმა კურსმა იმოქმედა ფქვილის ღირებულებაზე, რამაც გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქვეყანაში პური გაძვირდებოდა. ამის თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის იმპორტის სუბსიდირების გადაწყვეტილება.

პროგრამა გათვლილია 4 თვეზე და ის დეკემბრიდან ამოქმედდა. წისქვილკომბინატებისთვის დაწესებულია ფიქსირებული ფასი – 53 ლარი პირველი ხარისხის ფქვილის 50 კგ-იან ტომარაზე. პროგრამა 1 მარტამდე იმოქმედებს.

ხორბლის ფქვილის სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ჯამში 10 მლნ ლარის გამოყოფას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ხორბლის იმპორტის 90% რუსეთზე მოდის, რაც დაახლოებით ნახევარ მილიონ ტონა მარცვლეულს ნიშნავს.

94
საქართველოს ზამთრის პეიზაჟები

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 იანვარი

0
(განახლებულია 12:50 24.01.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 25 იანვარია, ორშაბათი. მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.

დღეს ადამიანების უმრავლესობას ისეთი განწყობა შეექმნება, რომ სულ უბრალო ცხოვრებისეული მოვლენებისგან უსაზღვრო სიხარულს მიიღებს და პოზიტიური ენერგიით დაიმუხტება. გასეირნება ბუნებაში, სუფთა ჰაერზე, ფინჯანი ყავა ან ჩაი მეგობრებთან ერთად, გემრიელი საჭმელი – ეს ყოველივე იმდენ პოზიტიურ ემოციას მოგიტანთ, რამდენსაც რომელიმე ეგზოტიკურ ქვეყანაში მოგზაურობა მოგანიჭებდათ. ამ დღეს არ ღირს სერიოზულ გეგმებზე ფიქრი, რადგან დიდია ალბათობა, სასურველი რეალობად აღიქვათ. სამაგიეროდ, იდეალური დღეა რომანტიკისა და სიყვარულისთვის.

სიყვარული თეთრი ხარის ეგიდით – რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 2021 წელს სასიყვარულო ასპარეზზე>>

ვერძი: განწყობის ნატამალიც კი არ გაქვთ იმისა, რომ რამე გააანალიზოთ ან დეტალებს ჩაუღმავდეთ. მზად ხართ, გადაწყვეტილებები დაუფიქრებლად მიღოთ და გულისძახილს მიჰყვეთ. თუმცა, ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ინტუიციაზე დაყრდნობა დღეს არ ივარგებს. წინათგრძნობა მცდარი აღმოჩნდება და მათზე დაფიძნებული გადაწყვეტილება – არასწორი. შესაძლო გართულებებისა და უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად, სჯობს, გადაწყვეტილებები ცხელ გულზე არ მიიღოთ.

კურო: დღეს ძალიან უნდა იფრთხილოთ, განსაკუთრებით სარისკო და ავანტიურულ პროექტებთან დაკავშირებით. იღბალზე მინდობა არ შეიძლება, არის დამანგრეველი კრახის საფრთხე. ასე რომ, თუ ფიქრობთ, რომ იღბალი თვითონ ჩაგივარდათ ხელში, იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ მოჩვენებითია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გარისკოთ. გონივრული იქნება დროის მოგება და პროექტის სამომავლოდ გადადება: მალე სიტუაცია ცხადი გახდება და მიხვდებით, როგორ უნდა იმოქმედოთ.

ტყუპი: ისეთი ენთუზიაზმით ხართ სავსე, რომ უკუშედეგი შეიძლება მიიღოთ. იმის ნაცვლად, რომ წინ წახვიდეთ, გულმოდგინე „სწრაფვით, მგნებარებითა და გარღვევებით“ გარშემომყოფები შეიძლება გააღიზიანოთ და ეს ყველა წამოწყებას დაამუხრუჭებს. მსგავსი რამ რომ არ მოხდეს, სჯობს, დაზოგოთ ძალები და აქცენტი ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებზე გადაიტანოთ. ხოლო თუ ვითარება თქვენს აქტიურობას მოითხოვს, ეცადეთ, ზედმეტი ენთუზიაზმი და გატაცება არ გამოავლინოთ.

კირჩხიბი: დღეს ასტროლოგები მოდუნებასა და კარგად დასვენებას გირჩევენ. ეს აუცილებელია, რათა აღიდგინოთ ენერგია და სასიცოცხლო ძალები. ერთი კია – ირგვლივ მყოფების გაგების იმედი არ უნდა გქონდეთ, ამიტომ აჯობს, მოქმედების იმიტაციაზე იფიქროთ ისე, რომ არ დააზარალოთ არც საკუთარი თავი და არც სხვები. შესაძლოა, საკუთარი მოვალეობების ნაწილი სხვებს გადააბაროთ, ზოგიერთი სამომავლოდ გადადოთ. მთავარია, ამან არ დაგამძიმოთ – სულ მალე ამ საქმეებს ახალი შემართებითა და ძალებით შეუდგებით.

ლომი: დღეს კარგი „შეჯანჯღარება“ გჭირდებათ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ყველაფერი სულერთია. სინამდვილეში კი თქვენი ემოციები რუტინამ ჩაახშო და თუ ყოველდღიურ ყოფაში მრავალფეროვნების შეტანას შეძლებთ, ჩამქრალ ენთიაზიაზმს გააცოცხლებთ. დაფიქრიდით, იქნებ ღირს, დროებით გადადოთ საქმეები და ქალაქგარეთ გახვიდეთ დასასვენებლად. ან პირიქით – ახალ პერსპექტიულ პროექტს შეეჭიდოთ, თუნდაც ეს პერსპექტივა ბოლომდე გამოკვეთილი არ იყოს. თქვენი გადასაწყვეტია, ვარსკვლავების აზრით კი დღეს ცოტაოდენი ავანტიურა არ გაწყენდათ.

ქალწული: დღეს ნებისმიერი რამ, რისი მამოძრავებელი ძალაც თქვენ ხართ, შეიძლება ჩავარდეს. და თუმცა ეს ჩავარდნები წვრილმანებს შეეხება, თქვენს ყურადღებას მთლიანად დაიპყრობს და აზროვნების კონცენტრირებაში შეგიშლით ხელს. შედეგად გაგიჭირდებათ კარგი შედეგებით თავის წარმოჩენა. სხვათა შორის, გარშემომყოფები და ხელმძღვანელობაც კი თქვენგან რამე სახის გმირობას არც ელოდება შექმნილი საერთო პრობლემების ფონზე.

სასწორი: ექსპერტები კატეგორიულად არ გიორჩევენ მარტო მოქმედებას. ეს ისეთი დღეა, როდესაც დამოუკიდებლად ვერაფერს გადაწყვეტთ და თუ მაინც ცდით, შეიძლება სავალალო შედეგები მიიღოთ. ასე რომ, თუ დღეს რამე მნიშვნელოვანი საკითხი გაქვთ მოსაგვარებელი, მოგიწევთ მისი გარჩევა ირგვლივ მყოფებთან, მათი რჩევების მოსმენა, კომპრომისის მოძებნა. მაგრამ შედეგი დახარჯული ძალისხმევის კომპენსირებას მოახდენს. ეს რთული გზა ბევრად ეფექტური აღმოჩნდება.

მორიელი: დღეს ავანტიურაში ჩაბმა კარგ არაფერს მოგიტანთ არც სამუშაო და არც პირად ცხოვრებაში. ყველგან, სადაც ოდნავ მაინც გაქვთ იღბლის იმედი, ჩავარდნა გელოდებათ. იღბალი დღეს თქვენთვის „ისვენებს“. უსიამოვნებები რომ აირიდოთ თავიდან, ამისთვის საკმარისი იქნება, რომ არ გარისკოთ და ყველაფერში ნაცადი, კონსერვატიული კურსი შეინარჩუნოთ. შეგიძლიათ მიმდინარე საქმეებს მიხედოთ – არე თუ გვიან, ისიც თქვენი გასაკეთებელია.

მშვილდოსანი: დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი არ უნდა გქონდეთ – ზედმეტმა თავდაჯერებულობამ შეცდომებამდე შეიძლება მიგიყვანოთ. არ არის გამორიცხული, რომ ცხვირწინ ვერ დაინახოთ და შეამჩნიოთ რამე, ან ელემენტარული რამ შეგეშალოთ. სამაგიეროდ, შესანიშნავად შეძლებთ მუშაობას მეწყვილესთან ერთად – მისი კონტროლი შეცდომებისგან დაგიცავთ და უფრო ყურადღებიანი გახდებით.

თხის რქა: დღეს კარგი იქნება, თუ სხვების მონაწილეობით დიდ პროექტებს არ შეეჭიდებით – ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოგივიდეთ. იგივე ეხება ნებისმიერ ერთობლივ წამოწყებას. ერთადერთი ადამიანი, რომლის იმედიც უნდა გქონდეთ, ეს თვითონ თქვენ ხართ. ეს ნიშნავს, რომ ყურადღება იმ პროექტებზე უნდა გადაიტანოთ, სადაცთქვენ ხართ პირადად პასუხისმგებელი და სადაც ვერავინ შეგიშლით ხელს.

მერწყული: დღეს შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ მოაწყოთ პროექტის ან საკუთარი თავის პრეზენტაცია – გარშემომყოფები ამას ძალზე პოზიტიურად შეხვდებიან. გაქვთ განწყობა, რომ ემოციების ენაზე ისაუბროთ და ეს სწორედ ის ენაა, რომელსაც ყველა „ფრიადზე“ გაიგებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს არაა აუცილებელი, მსმენელი ციფრებითა და ფაქტებით დაამძიმოთ. საკმარისია კაშკაშა, გადამდები ემოციები და ადამიანები სიამოვნებით გამოგყვებიან უკან.

თევზები: უნდა მოემზადოთ იმისთვის, რომ შესაძლოა ყველაფერი ისეთი არ აღმოჩნდეს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ამასთან სიურპრიზები შეიძლება იყოს როგორც სასიამოვნო, ისე უსიამოვნოც. მაგალითად, არაა გამორიცხული სირთულეები ისეთ საქმეებში, რომლებიც უკვე დიდი ხანია, გადაწყვეტილი გგონიათ. მოკლედ რტომ ვთქვათ, მთელი დღის განმავლობაში მოვლენების პულსზე უნდა გეჭიროთ ხელი და მზად იყოთ საქმეებში მოულოდნელობებისთვის.

0