ეროვნული ბანკის შენობა

მთავარი ბანკირის გეგმები... რა გადაწყვიტეს ეროვნულ ბანკში?

1867
(განახლებულია 16:12 14.12.2020)
გაუძვირდება თუ არა მოსახლეობას რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული საბანკო კრედიტების პროცენტი? ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებს განაგრძობს, გაყიდულია თითქმის 900 მილიონი დოლარი. როგორ აისახა ეს პროცესი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებზე?

სამსონ ხონელი

ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტი დათქმულ დროს შეიკრიბა. კონკრეტული მიზეზი იყო – რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების საკითხზე მსჯელობა.

ანალიტიკოსთა მოლოდინი გამართლდა. კობა გვენეტაძის უწყებამ რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8 პროცენტზე დატოვა. ეს რას ნიშნავს? – ჩამეძიება მკითხველი. განვმარტავ, იურიდიული თუ ფიზიკური პირების ყველა იმ საკრედიტო ვალდებულების პროცენტი, რომელიც სწორედ რეფინანსირების განაკვეთზეა დამოკიდებული, უცვლელი დარჩება. არც მოიმატებს და არც შემცირდება. ეს, სულ ცოტა, მომავალი წლის 3 თებერვლამდე, როცა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა გაიმართება.

საინტერესოა, რითი იხელმძღვანელა ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილების მიღებისას? ქვეყნის მთავარმა ბანკირმა კობა გვენეტაძემ ამ და სხვა კითხვებს ბრიფინგზე უპასუხა.

„ბოლო თვეებში წლიური ინფლაცია 3.8 პროცენტის დონეზეა. არსებული პროგნოზით, ინფლაციის მაჩვენებელი მომავალი წლის პირველ ნახევარშიც მიზნობრივ დონესთან ახლოს იქნება. გათვალისწინებულია ხანგრძლივი პანდემიის ფონზე დამატებითი შეზღუდვებით გამოწვეული წარმოების ხარჯების ზრდა. გადაწყვეტილებაზე გავლენა ჰქონდა გაურკვევლობასაც, რომელიც შეზღუდვების ვადებს უკავშირდება. ეკონომიკის ჯერ კიდევ მაღალი დოლარიზაციის გამო ამ ეტაპზე მონეტარული პოლიტიკის შერბილების შესაძლებლობა ლიმიტირებულია. ასე რომ, შესაძლოა, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება უფრო ხანგრძლივად გახდეს საჭირო, რაც ინფლაციის მოლოდინებსა და ეკონომიკური აქტივობის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული“, − განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მომავალში საპროცენტო განაკვეთის ზრდის საჭიროებასაც არ გამორიცხავს.

კობა გვენეტაძემ კიდევ რამდენიმე საკითხზე ისაუბრა. კერძოდ, აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მომავალში ლარიზაციის პოლიტიკის გადახედვას არ გეგმავს. მისი თქმით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტებისა და დედოლარიზაციის ღონისძიებების გარეშე ფინანსური სექტორი არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას ვერ მოახერხებდა.

მთავარმა ბანკირმა სავალუტო ინტერვენციების გეგმაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს მიმდინარე წლის დარჩენილ პერიოდსა და მომდევნო წელსაც გააგრძელებს. „მომავალში ინტერვენციები, ბუნებრივია, იმის შესაბამისად გაგრძელდება, თუ რა სიტუაცია იქნება სავალუტო ბაზარზე. დღეს, გლობალური რეცესიის დროს რთულია რაიმე პროგნოზის გაკეთება, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან, ვფიქრობთ, მომავალი წლის, როგორც მინიმუმ, პირველ ნახევარში ბაზრისთვის ვალუტის მიწოდება კვლავ დაგვჭირდება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ინტერვენციების დროს ეროვნული ბანკის მიზანი არ არის კურსის რომელიმე კონკრეტულ ნიშნულზე შენარჩუნება ან კურსის საბაზრო დინამიკისთვის ხელის შეშლა. კურსი იმ მიმართულებით უნდა წავიდეს, რასაც ეკონომიკა განსაზღვრავს. ინტერვენციების მიზანია – ბაზარს უცხოური ვალუტა მივაწოდოთ მაშინ, როდესაც ბაზარი ვალუტის დანაკლისს განიცდის“, − განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მთავარი ბანკირის ნათქვამს დავძენ: მიმდინარე წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა უკვე 25 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და 886 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. სავარაუდოდ, მკითხველი დაინტერესდება, ეს პროცესი როგორ აისახა ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებზე, რამდენით შემცირდა ის? კობა გვენეტაძის უწყების მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი არ შემცირდა, არამედ 271 მილიონი დოლარით გაიზარდა და დღეს 3.777 მილიარდ დოლარს შეადგენს. როგორ, ქვეყნის სავალუტო რეზერვი იხარჯება და არათუ მცირდება, პირიქით, იზრდება?! − ჩამეძიება გაკვირვებული მკითხველი და მართალიც იქნება.

მოგახსენებთ, მიზეზი მარტივია, ამ ხნის განმავლობაში ეროვნული ბანკი, ძირითადად, სესხად მიღებული საერთაშორისო დახმარებით ვაჭრობდა და არა რეზერვებით. აქვე ურიგო არ იქნება, ძალზე მოკლედ მიმოვიხილოთ ეროვნული ბანკის რეზერვების დინამიკა. ლარის მიმოქცევაში გასვლის მომენტში ქვეყნის სავალუტო რეზერვები ამჟამინდელზე 22-ჯერ ნაკლები იყო – სულ 171 მილიონი დოლარი. უნდა ითქვას, რომ განვლილი მეოთხედი საუკუნის განმავლობაში რეზერვების მოცულობა ყოველთვის მზარდი არ ყოფილა, 1998 და 1999 წლებში ის 97 მილიონ დოლარამდეც კი შემცირდა. მკვეთრი ზრდა 2004 წლიდან დაიწყო: სამ წელიწადში რეზერვების მოცულობა 236 მილიონი დოლარიდან 1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. 2009 წელს კი უკვე 2 მილიარდსაც გადასცდა, 2013 წელს − 3 მილიარდ დოლარს.

ერთი სიტყვით, ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები იზრდება და ეს მაშინ, როდესაც პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა მცირდება. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“ იუწყება, რომ 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 23.6 პროცენტით შემცირდა და 302.6 მილიონი დოლარი შეადგინა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მაჩვენებელი 2020 წლის მეორე კვარტლის მონაცემს 25 პროცენტით აღემატება. საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების პირველ სამეულს გაერთიანებული სამეფო ლიდერობს 117.7 მილიონი აშშ დოლარით; მომდევნო ორი პოზიცია ნიდერლანდებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს უკავია, შესაბამისად, 79.3 და 24.2 მილიონი დოლარით. საინტერესოა, როგორია სექტორული განაწილება? ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 128.3 მილიონი დოლარი, მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 42.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზეა ენერგეტიკის სექტორი − 37.1 მილიონი დოლარით, ხოლო მესამე პოზიციაზეა გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 36.6 მილიონი დოლარით.

ექსპერტ-ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის შეფასებით, კორონავირუსის პანდემიამ გლობალური მასშტაბით წარმოების, ეკონომიკური აქტიურობის მკვეთრი შემცირება გამოიწვია და ამ მხრივ გამონაკლისი არც საინვესტიციო მიმართულებაა.

„საკმარისია ითქვას, რომ გლობალური მასშტაბით მიმდინარე წლის მხოლოდ პირველ ნახევარში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ფაქტობრივად განახევრდა, მაშინ, როდესაც ჩვენთან მისი კლების დინამიკა მსოფლიოს ანალოგიურ მაჩვენებელზე ორჯერ ნაკლები იყო“, – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ. მისივე თქმით, მიუხედავად შემცირებისა, ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2020 წელს თითქმის 2.2-ჯერ აღემატება საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს.

„უცხოელი ინვესტორების მზარდი დაინტერესება ჩვენი ქვეყნის საფინანსო სექტორითა და მომპოვებელი მრეწველობით მკაფიოდ მიანიშნებს, რომ ისინი საქართველოსთან სერიოზულ, ხანგრძლივ თანამშრომლობაზე არიან ორიენტირებული... განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, პრაქტიკულად, ეკონომიკური აქტიურობის ის ერთადერთი სფეროა, რომელიც მიმდინარე წლის განვლილი სამივე კვარტალის განმავლობაში მხოლოდ აღმავლობის დინამიკით ხასიათდებოდა“, – დასძინა იოსებ არჩვაძემ.

ანალიტიკოსთა კიდევ ერთი ნაწილი ღიად მიანიშნებს, რომ უკვე წლებია, ამ მიმართულებით კლების ტენდენცია გვაქვს და პანდემია გადამწყვეტი ფაქტორი არ არის. „საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება პანდემიამდეც გვქონდა, ასეა უკვე 2017 წლიდან მოყოლებული, რაც ეკონომიკური გარემოთი არის გამოწვეული. ჩემი მოლოდინი 2021 წლსთვისაც ნეგატიურია. ეს არა მხოლოდ პანდემიის გამოა, არამედ იმიტომ, რომ არანაირი პირობა არ ჩანს, რომელიც შემცირებას ზრდისკენ გადაიყვანს. კლების ტრენდი მომავალ წელსაც გაგრძელდება“, − აცხადებს ექსპერტი რამაზ გერლიანი.

ამასობაში ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას დააფინანსებს. აშშ-ის საელჩოს შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელდა. კერძოდ, COVID-19-ის პანდემიის შემდგომ პერიოდში საქართველოს კერძო სექტორის აღდგენაში დასახმარებლად აშშ-ის მთავრობა დააფინანსებს უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო ფირმას OCO Global-ს, რომელიც გამოავლენს მაღალანაზღაურებადი ინვესტიციების შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში, ხელს შეუწყობს ქვეყნის საერთაშორისო ეკონომიკის პოტენციალის შესახებ მსხვილი საერთაშორისო ინვესტორების ინფორმირებასა და მათი ცნობიერების ამაღლებას. ამავე დროს, როგორც ეს განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის მთავრობა ამ დაფინანსებას USAID-ის მეშვეობით გამოყოფს, ხოლო საქართველოს ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობს.

და, ბოლოს, ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, ვნახოთ, როგორი იქნება მილევადი წლის მეოთხე კვარტლის შედეგები, რა ნიშნულზე დაფიქსირდება როგორც საერთაშორისო რეზერვები, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა. მანამდე კი დროა, 2020 წლის ეკონომიკური და საფინანსო შედეგების მიმოხილვისა და შეჯამებისთვის მოვემზადოთ...

 

1867
ბელარუსის პროდუქცია გამოფენაზე

ფერმერები დიზელის საწვავზე შეღავათების მიღებას ონლაინ შეძლებენ

47
(განახლებულია 16:58 27.02.2021)
სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე თითოეული ფერმერი მის საკუთრებაში არსებული მიწის თითოეულ ჰექტარზე წელიწადში 150 ლიტრ საწვავს მიიღებს

თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. ფერმერებს „აგროდიზელის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დიზელის საწვავზე ფასდაკლების მისაღებად რეგისტრაცია დისტანციურად, ვებგვერდის საშუალებითაც შეუძლიათ, ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ფერმერებისთვის დიზელის საწვავის შეღავათიან ფასებში მიწოდება საქართველოს მთავრობის სოფლის დახმარების პროგრამის ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენს. სოფლის განვითარების პროგრამა მიმართულია დარეგისტრირებული მიწების მფლობელთა ფერმერული მეურნეობების განვითარებისკენ. სწორედ მიწის რეგისტრაცია წარმოადგენს დახმარების განმსაზღვრელ ფაქტორს.

როგორც „აგროდიზელის“ პროგრამის მენეჯერმა, ლევან უროტაძემ აღნიშნა, ფერმერების აღნიშნული პროგრამით უკვე მეორე წელია სარგებლობენ. წელს პროგრამაში სიახლეა - ფერმერებს რეგისტრაცია და აგროდიზელზე ფასდაკლების მიღება ვებგვერდის my.mepa.gov.ge საშუალებითაც შეუძლიათ.

ფერმერებს ფასდაკლების ბარათების მიღება ასევე სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებშიც შეუძლიათ.

პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არაუმეტეს 15 ათასი ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, დიზელის გაცემა ხორციელდება დადგენილი გრაფიკით: 1 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით გაიცემა არაუმეტეს 2 ათასი ლიტრი საწვავი, 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით -  დამატებით 1,5 ათასი ლიტრი, ხოლო 1 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით - დარჩენილი რაოდენობა.

პროგრამის ფარგლებში, საწვავის შეძენისას ბენზინგასამართ სადგურებზე ერთი ლიტრის ფასი 1,16 ლარს შეადგენს. ხოლო SOCAR Georgia Petrolium-ის საბითუმო ბაზებზე შეძენისას, რაც 1,5 ათას ტონაზე მეტი საწვავის შეძენას გულისხმობს, მისი ღირებულება 1,07 ლარს შეადგენს.

პროგრამა ხორციელდება მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და კომპანია SOCAR Georgia Petroleum-ს შორის გაფორმდა. მასზე საბიუჯეტო სახსრები არ იხარჯება.

 

47
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 27 თებერვალს

90
(განახლებულია 09:17 27.02.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,001 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,3255 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,001 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 27 თებერვალს
ლარის კურსი 27 თებერვალს
90
ყვავილი თოვლზე

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 თებერვალი

0
(განახლებულია 16:48 27.02.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 28 თებერვალია, კვირა. კლებადი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.

დღეს ინტუიცია და შემოქმედებითი პოტენციალი პიკს მიაღწევს. ის, რასაც სხვა დროს დიდ დროს ანდომებთ, დღეს იოლად გამოგივათ. ეს ეხება სწავლას, მუშაობას, მეცნიერულ საქმიანობას. ამასთან, დღეს პასიურობის დღეცაა და მაღალი შემოქმედებითი პოტენციალი შინაგანად შეიძლება დაუპირისპირდეს იმას, რომ ამ პოტენციალის რეალიზების სურვილი არ გექნებათ. ასე რომ, თუ გინდათ, რამე შედეგს მიაღწიოთ, თავი ხელში აიყვანეთ, ნებისმყოფა მოიკრიბეთ და საქმეს შეუდექით.

საუკეთესო კოლეგები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ვერძი: თუ მოისურვებთ, დღეს ბევრი რამის მიღწევა შეგიძლიათ, მაგრამ დიდი ალბათობაა იმისა, რომ ეს სურვილი შეიძლება არ გაგიჩნდეთ. დღე რომ გაიმრავალფეროვნოთ, საკმარისია, რამე საქმემ ან იდეამ გაგიტაცოთ, ან საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელმა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში თქვენს აქტიურობას დიდი წახალისება აღარ დასჭირდებათ – თქვენი შეჩერება, შეიძლება ითქვას, უკვე შეუძლებელი გახდება.

ვერძი: დღეს განწყობა იმისა, რომ ორგანიზატორული უნარები გამოავლინოთ, არ გაქვთ, მაგრამ მაინც თუ მოგიწიათ რამის ორგანიზება, ამას შესანიშნავად გაართმევთ თავს და შედეგებით ყველას გაახარებთ. რა სახისაც არ უნდა იყოს ღონისძიება, თქვენთვის საკმაირისია, რომ ინიციატივა აიღოთ ხელში და ამოცანები გადაანაწილოთ – გარშემომყოფები დიდი სიამოვნებით აგყვებიან და დაგეხმარებიან.

ტყუპი: დღეს არაფრის გაკეთების ხალისი არა გაქვთ. ამაში სიტუაციაც შეგიწყობთ ხელს – თქვენგან არ მოითხოვება რამე გმირობის ჩადენა ან გადაუდებელი საქმეების გაკეთება. და საჭიროც რომ იყოს თქვენი ჩარევა საქმეებში, იმდენად არასაქმიან განწყობაზე ხართ, რომ ამის შეცვლა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება. საქმე მოიცდის – სწორედ ესაა დღეს თქვენი დევიზი. ამიტომ ეს დღე სამ მიმართულებას უნდა დაუთმოთ – საკუთარ თავს, ახლობლებსა და... კიდევ საკუთარ თავს.

კირჩხიბი: ძალზე იღბლიანი დღეა. ხართ ძალზე ენერგიული და გაქვთ შესაძლებლობა, ეს ბრწყინვალედ გამოიყენოთ. ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხელს მოკიდებთ, შეგიძლიათ წინ წაწიოთ, დაძრათ მკვდარი წერტილიდან. ვარსკვლავები გირჩევენ, დრო წვრილმანებზე არ დაკარგოთ – დღეს ძალიან გიმართლებთ, ხართ იღბლიანი, ამიტომ აჯობებს, თუ ისეთ საქმეს შეეჭიდებით, რომელიც მეტ სარგებელს მოგიტანთ.

ლომი: დღეს თქვენთვის არარეკომენდებულია დიდ საქმეებთან შეჭიდება. და სიმართლე უნდა ითქვას, არც პატარა საქმეებთან. ბოლო ხანს დიდი ძალა დახარჯეთ და საკმარისია დინების საწინააღმდეგოდ ცურვა, დროა, მოდუნდეთ და დაისვენოთ. ამასთან, ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება ცხოვრების იმ სფეროებს მიაქციოთ, რომლებიც ბოლო დროს თქვენი თვალთახედვის არეში აღარ მოქცეულა. გაითვალისწინეთ, რომ დასვენება მხოლოდ დივანი და ტელევიზორი არაა – შეგიძლიათ შეხვდეთ მეგობრებს, ოჯახის წევრებთან სასიამოვნო საღამო გაატაროთ, არ რომანტიკულ შეხვედრაზე იფიქროთ...

ქალწული: დღეს გარშემომყოფებთან დისონანსში იქნებით. მათ გაუჭირდებათ თქვენს ტემპზე აყოლა, თავად კი გრძნობთ, რომ უამრავი რამის გაკეთება შეგიძლიათ. საქმიანი აქტიურობა, მახვილი გონება და საჭირო დროს საჭირო რამეზე „კლანჭის“ გამოდების უნარი უმაღლეს დონეზე იქნება. აქედან გამომდინარე, გარშემომყოფების აპათია და გულგრილობა, სავარაუდოდ, გაგაღიზიანებთ. ამიტომ დილიდან განეწყვეთ იმისთვის, რომ დღეს მხოლოდ საკუთარი ძალების იმედი უნდა გქონდეთ.

სასწორი: მიეცით უფლება თქვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს, რომ თავიანთი პრობლემები თვითონ გადაჭრან. იმის ნაცვლად, რომ დრო სხვებზე დაკარგოთ, აჯობებს, თუ რამე სასიამოვნოს გააკეთებთ, მაგალითად, შემოქმედებით საქმიანობას შეუდგებით. ზუსტი მეცნიერებებისადმი კი ნამდვილად არ ხართ განწყობილი, ვერანაირად ვერ მოგხიბლავთ ციფრები, გრაფიკები და ცხრილები, ასე რომ, სჯობს შემოქმედებით აქტიურობაში გადაეშვათ თავით.

მორიელი: დღეს, უბრალოდ, ვალდებული ხართ, რომ საკუთარი აზრები სამყაროს გაუზიაროთ, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ამ სამყაროს მცირე ნაწილს მაინც – ახლობლებს, კოლეგებსა თუ მეგობრებს. თქვენი ტვინი მკაფიოდ და არასტანდარტულად იმუშავებს და დიდებული იდეების გენერატორი გახდება. ამასთან, გამორიცხული არაა, რომ გარშემომყოფებმა ეს იდეები ვერ დააფასონ, ვერ გაიგონ. მაგრამ რას ვიზამთ – დღეს ნამდვილად ყველაზე წინ ხართ, ამიტომ ხანდახან უნდა შეჩერდეთ, რომ სხვებს საშუალება მისცეთ, დაგეწიონ.

მშვილდოსანი: დღეს, სავარაუდოდ, არ გექნებათ საკმარისი ძალა იმისთვის, რომ ენთუზიაზმით აკეთოთ საქმე. განწყობა გაქვთ იმგვარი, რომ რაც შეიძლება ნაკლები მოძრაობა გააკეთოთ. სამაგიეროდ, გონება იმუშავებს უმაღლეს დონეზე და პირველ რიგში, სამუშაო გეგმების დაწყობაზე. თქვენი აზრები, პირველ რიგში, უდიდესი ლოგიკურობითა და მოულოდნელი სვლებით იქნება გამორჩეული. ამ დღის ჩანაფიქრებს მომავალში კარიერული წინსვლისა და კარგი შემოსავლის უზრუნველყოფა შეუძლია.

თხის რქა: დღეს გაგიმართლებთ. მოგიწევთ იმის გაკეთება, რაც გიყვართ. ვარსკვლავები არჩევანსაც არ დაგიტოვებენ – სხვა რამეს თუ მოკიდებთ, მაინც ვერაფერს მიაღწევთ. რუტინული საქმეები აუტანელი იქნება თქვენთვის. მაგრამ თუ რამე საქმე მართლა დაგაინტერესებთ, ის აურაცხელ სასიამოვნო ემოციას მოგიტანთ და ამასთან, შესანიშნავ შედეგსაც მიიღებთ.

მერწყული: დღეს თავის გამოჩენა შეგიძლიათ როგორც შესანიშნავ მეგობარსაც და როგორც საშიშ მეტოქესაც, ანუ ვის როგორ გაუმართლებს. ხართ გამჭრიახი, გრძნობთ ვითარებას და ყველაფერს გზადაგზა იტაცებთ. ნებისმიერი თქვენი გეგმა, რასაც არ უნდა ეხებოდეს ის (მეგობრებთან ერთად დროის გატარება თუ ვინმესთვის „სისხლის გაშრობა“), შემოქმედებითი აღმაფრენით იქნება გაჯერებული. ორივე შემთხვევაში წარმატება გელოდებათ. ასე რომ ოპონენტებს ურჩევნიათ, თქვენთან მეგობრობა არჩიონ.

თევზები: დღეს, შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად ჩიხში იქნებით მოქცეული. კარგია, თუ ვითარება თქვენგან სწრაფ გადაწყვეტილებებს არ მოითხოვს – მაშინ თქვენი გონებაგაფანტულობა განსაკუთრებულ ზიანს არ მოგაყენებთ; მაგრამ თუ სერიოზული საქმის გაკეთება მოგიწიათ, არაა გამორიცხული, უეცრად ერთ ადგილზე გაშეშდეთ ან თავი ქვიშაში დამალოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დღეს თქვენთვის ნებისმიერი აქტიური საქმიანობა უკუნაჩვენებია გარდა იმისა, რომელსაც არა შედეგისთვის, არამედ საკუთარი სიამოვნებისთვის გააკეთებთ.

0