ანტონიუ გუტერეში

გაეროს პროგნოზი: მსოფლიო ეკონომიკას უდიდესი ვარდნა ელოდება

166
გასულ კვირაში გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორმა დევიდ ბიზლიმ განაცხადა, რომ 2021 წელს მსოფლიო შეიძლება უდიდესი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დადგეს

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ქვეყნები შეიძლება ბოლო 80 წლის განმავლობაში უძლიერეს ეკონომიკურ ვარდნას გადააწყდნენ, იუწყება РИА Новости.

„პანდემიის სოციალური და ეკონომიკური შედეგები უზარმაზარია და ის კიდევ უფრო ძლიერდება. ვერანაირი ვაქცინა ვერ გამოასწორებს იმ ზარალს, რომელიც უკვე მოგვადგა. ვდგავართ უდიდესი გლობალური რეცესიის წინ ბოლო 80 წელიწადის განმავლობაში“, – განაცხადა გუტერეშმა ნობელის პრემიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, რეაქცია პანდემიაზე იყო „ფრაგმენტული და ქაოტური“, და ახლა პლანეტზე „იზრდება უკიდურესი სიღატაკე, დგება შიმშილის საფრთხე“. მან აღნიშნა, რომ ქვეყნებმა კორონავირუსის გამოწვევის წინაშე გაერთიანება ვერ შეძლეს.

„პანდემია – ესაა კრიზისი, რომელიც არც ერთ სხვა კრიზისს არ ჰგავს. მსოფლიო საერთო მტერს გადააწყდა. სამწუხაროდ, ქვეყნების მთავრობებმა ამ გლობალური საფრთხისთვის ერთობლივი პასუხი არ მიიღეს“, – მიიჩნევს გაეროს ხელმძღვანელი.

უფრო ადრე გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორმა დევიდ ბიზლიმ განაცხადა, რომ პანდემიის გამო შიმშილის ზღვრის პირას მყოფი ადამიანების რიცხვი 270 მილიონამდე გაიზარდა.

გაეროს გენმდივანმა G20-ს ღარიბი ქვეყნების ვალების გადახდის გადავადებისკენ მოუწოდა>>

ჯანმოს ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით მთელ მსოფლიოში თითქმის 69 მილიონი ინფიცირებულია, გარდაიცვალა მილიონნახევარზე მეტი ადამიანი.

166
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1300)
ნათუა თურნავა

მინისტრი: პანდემიის მიუხედავად საქართველოში ენერგეტიკის სექტორი ვითარდება

36
(განახლებულია 16:49 22.01.2021)
თურნავას განცხადებით, მთავრობის ძირითადი ამოცანაა საკუთარი ენერგეტიკული რესურსების განვითარება და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერება.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. მიუხედავად კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლისა და ქვეყანაში პანდემიის შედეგების აღმოფხვრისკენ მიმართული ზომებისა, არც ერთი ენერგეტიკული პროექტი არ გაჩერებულა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. 

თურნავამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ ორგანიზებულ ვებინარში მიიღო მონაწილეობა, რომელიც COVID-19-ის პანდემიის შედეგად გლობალური ენერგეტიკის გამოწვევებსა და სექტორის პოსტპანდემიურ განვითარებას შეეხებოდა.

„საქართველოში არ შეჩერებულა ენერგეტიკული პროექტები, რომლებიც კერძო ინვესტიციებით ხორციელდება. საუბარია როგორც პანდემიამდე, ისე 2020 წლის განმავლობაში დაწყებულ პროექტებზე. 670 მეგავატი საერთო სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურები ან შევიდა ექსპლუატაციაში, ან მშენებლობის ეტაპზე გადავიდა“, – განაცხადა თურნავამ ვებინარზე.

გასულ წელს რეალიზებულია მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტები, რომლებიც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებისკენაა მიმართული. 670 მეგავატი საერთო დადგმული სიმძლავრის ჰიდროსადგურების გარდა, ექსპლუატაციაში შევიდა 230 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგური „გარდაბანი-2“, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. ასევე დასრულდა ინტერესთა გამოხატვა რიგით მესამე კომბინირებული ციკლის თბოსადგურზე „გარდაბანი-3“ (272 მეგავატი სიმძლავრის). 

ასევე რეალიზებულია მრავალრიცხოვანი პროექტები ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით: აშენდა ორი მაგისტრალური გაზსადენი, ქვესადგურები, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები.

როგორც თურნავამ ვებინარზე აღნიშნა, პანდემიამ სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა ქართული ენერგეტიკაც. „მსოფლიოში ეკონომიკური ვარდნა ენერგეტიკისთვის რიგ ნეგატიურ მოვლენებს იწვევს. ეს არის მოხმარებისა და გადახდისუნარიანობის შემცირება როგორც ბიზნესში, ისე მოსახლეობაში, ასევე პროექტების შეჩერება. ამ თვალსაზრისით საქართველო გამოირჩევა იმით, რომ ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთ ღონისძიებად დაისახა ოჯახებისთვის ენერგეტიკული დანახარჯების სუბსიდირება. ამით ჩვენ ვეხმარებით საქართველოს ოჯახების 2/3-ს, რომლებიც ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მომხმარებლები არიან“, – განაცხადა მინისტრმა. 

რაც შეეხება პანდემიის შედეგების შემსუბუქებას და მოსახლეობის დახმარებას, მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის (შესაბამისად, 200 კვტ/სთ და 200 მ3) ხარჯების დაფარვის შესახებ. მთავრობამ მოქალაქეებისთვის კომუნალური ხარჯების დაფარვა გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო და ეს მიმდინარე წლის თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. პირველ ეტაპზე დახმარებით უკვე ისარგებლა 1,1 მლნ-ზე მეტმა აბონენტმა.

ენერგოდამოუკიდებლობა პრიორიტეტია

ენერგოდამოუკიდებლობისკენ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგურის – „ენგურჰესის“ რემონტის პროექტია. დერივაციული (ჰიდროტექნიკური) გვირაბის დაგეგმილი სამუშაოების გამო სადგურის ხუთივე აგრეგატი 20 იანვრიდან 1 მაისამდე გამოირთვება. ეს მასშტაბური სამუშაოები საბოლოოდ ურუნველყოფს სადგურზე წყლის დანაკარგის შემცირებას და მისი გამომუშავების გაზრდას. 

თურნავა: „ენგურჰესის“ რემონტი მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის>>>

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ცხრა წლის შემდეგ საქართველო შეიძლება სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს. პროგნოზების თანახმად, ელექტროენერგიის მოხმარება უკვე 2030 წლისთვის 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.

ამიტომ საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია რაც შეიძლება მეტი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რადგან ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე მთლიანად დაყრდნობა არ შეიძლება. ქარის სადგურებს ჰიდროენერგეტიკის 100%-ით ჩანაცვლება არ შეუძლია. ასეთ სადგურებს აქვთ სტაბილურობასა და გენერაციასთან დაკავშირებული პრობლემები.

36
თემები:
საქართველოს ენერგეტიკა
ბათუმის პორტი

2020 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1,5 მლრდ დოლარით შემცირდა

47
(განახლებულია 15:43 22.01.2021)
საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები 2020 წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოს ეკონომიკა ვარდნას აგრძელებს – 2020 წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით 14,8%-ით შემცირდა და 11,3 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში. 

2020 წელს 3,3 მლრდ დოლარის ღირებულების ქართული პროდუქცია გავიდა – 2019 წელთან შედარებით 12%-ით ნაკლები.

გასულ წელს იმპორტმა 8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 15,9%-ით ნაკლებია.

2020 წელს საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4,7 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41,1%-ია.

რით ვაჭრობს საქართველო

საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ. 

2020 წლის დასაწყისიდან გაიზარდა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (12,3%), სპირტიანი სასმელების (3,8%), ოქროს (751,3%) და თხილის (40,9%) ექსპორტი. 

ამავე დროს შემცირდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 44,9%-ით, ფეროშენადნობების – 18,5%-ით, ნატურალური ყურძნის ღვინის – 5,6%-ით, სამკურნალო საშუალებების – 42,6%-ით, აზოტოვანი სასუქების – 12,7%-ით და ა.შ.

საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.

2020 წლის დასაწყისიდან გაიზარდა მხოლოდ ძვირფასი ლითონების მადნების იმპორტი – 1106,8%-ით.

ამავე დროს მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აღნიშნულ პერიოდში შემცირდა 31,4%-ით, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების – 11,6%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების – 34,2%-ით, სამკურნალო საშუალებების – 7,9%-ით, ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების – 10,2%-ით და ა.შ.

ვისთან ვაჭრობს საქართველო

საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები 2020 წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი — ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ გასულ წელს 4,1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 36,2%-ია.  

პირველ ადგილზეა თურქეთი – 2020 წელს მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 1,6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,1%-ია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, 2019 წელთან შედარებით, 12,1%-ით შემცირდა.

2020 წლის დასაწყისიდან თურქეთში გავიდა 34,1 ათასი ტონა ფეროშენადნობები, დაახლოებით 1,3 ათასი ტონა ტრიკოტაჟის ნაწარმი, 5,6 ათას ტონაზე მეტი თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები და სხვა საქონელი.

აღნიშნულ პერიოდში თურქეთიდან შემოვიდა დაახლოებით 67,2 ათას ტონაზე მეტი შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, 528,4 ტონა სამკურნალო პრეპარატები, დაახლოებით 23,5 ათასი ტონა შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და ა.შ.

მეორე ადგილზეა რუსეთი

2020 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის ბრუნვა, 2019 წელთან შედარებით, 9,9%-ით შემცირდა და 1,3 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა – საქართველოს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 11,7%. 

 

საქართველოდან რუსეთში გავიდა დაახლოებით 108,3 ათასი ტონა ფეროშენადნობები, 41,1 ათას ტონაზე მეტი ყურძნის ნატურალური ღვინო, 78,4 ათას ტონაზე მეტი მინერალური და მტკნარი წყალი, დაახლოებით 6,7 ათასი ტონა სპირტიანი სასმელი და ა.შ.

რუსეთი საქართველოში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელია. რუსეთიდან წლის დასაწყისიდან 348,7 ათას ტონაზე მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა.

რუსეთიდან ასევე შემოვიდა 488,3 ათას ტონაზე მეტი ხორბალი, დაახლოებით 172,1 ათასი ტონა ნავთობის აირები, დაახლოებით 42 ათასი ტონა მზესუმზირის ზეთი და ა.შ.

ჩინეთი მესამე ადგილზეა

საქართველოს საგარეო ბრუნვამ ჩინეთთან დაახლოებით 1,2 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 10,4%-ია. სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,5%-ით გაიზარდა. 

წლის დასაწყისიდან საქართველოდან ჩინეთში გავიდა დაახლოებით 266,3 ათასი ტონა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, 13,2 ათას ტონაზე მეტა ძვირფასი ლითონები, დაახლოებით 3,5 ათასი ტონა ყურძნის ნატურალური ღვინო და ა.შ.

ჩინეთიდან შემოვიდა 38,5 ათას ტონაზე მეტი ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისგან, დაახლოებით 2,2 ათასი ტონა ნათურები და გამანათებელი მოწყობილობები, 699,9 ტონა აპარატურა მიმღები სატელევიზიო კავშირისთვის და ა.შ.

საქართველო ასევე ვაჭრობს სხვა ქვეყნებთან

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან: აზერბაიჯანი – 934,5 მილიონ დოლარზე მეტი, სომხეთი – დაახლოებით 610 მილიონი დოლარი, უკრაინა – 607,2 მილიონ დოლარზე მეტი, აშშ – დაახლოებით 620,9 მილიონი დოლარი, გერმანია – დაახლოებით 466,9 მილიონი დოლარი, ბულგარეთი – 422,7 მილიონ დოლარზე მეტი, იტალია – 216 მილიონ დოლარზე მეტი.

47
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
თბილისის საკრებულომ პროდუქტები შეაგროვა

თბილისის საკრებულო მრავალშვილიან ოჯახებს პროდუქტებით ეხმარება

0
(განახლებულია 17:08 22.01.2021)
საკრებულოს დეპუტატები პანდემიის პირობებში  სოციალურად დაუცველთა დახმარების კამპანიაში მონაწილეობენ, რომელსაც თბილისის მერია ატარებს

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. თბილისის საკრებულო განაგრძობს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას.

როგორც საკრებულოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული, წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა თავიანთ მაჟორიტარულ ოლქებში საკვები პროდუქტები და პირველადი დახმარების ნივთები 500 ოჯახისთვის შეაგროვეს.

ოჯახებისთვის ნობათის შეძენა თბილისის საკრებულოს მიერ ბიუჯეტის 200 ათასი ლარით შემცირების შედეგად გახდა შესაძლებელი, რაც მერის სარეზერვო ფონდში აისახა. 

საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, საკრებულო ჩართულია მარტოხელა მოხუცების, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კამპანიაში. მისი თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახების გვერდით დგომა პანდემიის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია

„თბილისის საკრებულო აგრძელებს კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ჩვენ საკვები პროდუქტებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს ვეხმარებით, რომელთაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ... კამპანია მომავალშიც გაგრძელდება და  უყურადღებოდ არ დარჩება არც ერთი ოჯახი, რომელზეც ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ“ - განაცხადა ტყემალაძემ.

პროდუქტებისა და ნივთების უმეტესობას დეპუტატები ოჯახებს თვითონ დაურიგებენ.

0
თემები:
თბილისი დღეს