რას ჰპირდება სახელმწიფო ბიზნესს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების სანაცვლოდ

© Sputnik / STRINGERნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეპიდვითარების გაუარესების გამო საქართველოს ხელისუფლებამ შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით რესტორნებზე ექვსი თვის განმავლობაში ბანკის სესხის სუბსიდირება განხორციელდება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

რაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ბიზნესისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან>>

„პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ არის ერთ-ერთი ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ აქამდე უკვე 2 200 მცირე და საშუალო საოჯახო სასტუმროს დავუსუბსიდირეთ ბანკის სესხი და ახლა ეს პროგრამა ფართოვდება. ამაში ჩაერთვებიან ექვსი თვის განმავლობაში რესტორნებიც. ეს არის დაახლოებით 1500-მდე რესტორანი მთელი საქართველოს მასშტაბით და მათ ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ პროგრამით. ჩვენ ექვსი თვის საბანკო სესხის პროცენტის თანასუბსიდირებას გავაკეთებთ მათთვისაც“, – განაცხადა თურნავამ.

მზესუმზირის პლანტაცია - Sputnik საქართველო
ბიზნესის ხელშეწყობის გასაძლიერებლად: რა ცვლილებები შევიდა „აწარმოე საქართველოში“

მინისტრის ინფორმაციით, ასევე ტურიზმის სექტორი მიიღებს შეღავათს და 2021 წლის განმავლობაში სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან.

თურნავას განცხადებით, მთავრობის სოციალური დახმარების პაკეტი ორი ნაწილისგან შედგება. ერთი ნაწილი არის პანდემიასთან ასოცირებული ეკონომიკური სირთულეებით გამოწვეული პრობლემების დაბალანსება.

„ვაგრძელებთ საშემოსავლო გადასახადის თანადაფინანსებას ბიზნესთან ერთად. რაც შეეხება 750 ლარიდან 1500 ლარამდე მქონე ხელფასებზე დასაქმებულების შენარჩუნებას, აქ საშემოსავლო გადასახადის ხარჯის გაზიარება კვლავაც გაგრძელდება“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, გაგრძელდება სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე დახმარებების გაცემა, კომუნალური ხარჯების სუბსიდირება ოთხი თვის განმავლობაში. გარდა ამისა, ამას ემატება ისეთი სოციალური დახმარება, რომელიც მიმართულია კონკრეტულად იმ სექტორებზე, რომლებიც მთავრობამ დროებით შეზღუდა.

„ვიცით, რომ შეზღუდვის შედეგად რამდენიმე კვირის განმავლობაში შემოსავალი უნდა შეუმცირდეს ან დაეკარგოს თუნდაც ბაზრობაზე დასაქმებულ ადამიანებს, სხვა დასაქმებულ პირებს... ასევე ჩვენ ვაწარმოებთ კომუნიკაციას ბანკებთან, რომ ამ დროებით შეზღუდულ ობიექტებში დასაქმებულ პირებს რა საბანკო სესხებიც აქვთ, მოხდეს ამ სესხების გადავადება და, ვფიქრობთ, რომ ბანკები მხარს დაგვიჭერენ“, – განაცხადა თურნავამ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან სხვადასხვა შეზღუდვა ამოქმედდება, მათ შორის, იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა; სავაჭრო ობიექტების (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობა, ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა აგრარული ბაზრებისა), სასწავლო დაწესებულებები მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე გადადიან.

ევროკავშირმა საქართველოს პანდემიასთან გასამკლავებლად 100 მლნ ევრო გამოუყო>>

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4 ათასს აღწევს. 26 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 118 ათას ადამიანს გადააჭარბა, 1100-ზე მეტი პაციენტი კი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0