ფულის კუპიურები

ლარის საშემოდგომო თავგადასავალი და მზადება ახალი წლისთვის...

1105
(განახლებულია 16:08 25.11.2020)
ეროვნული ბანკი ლარის მომავალზე პროგნოზს აქვეყნებს. როგორია ეროვნული ვალუტის საახალწლო პერსპექტივა, წონასწორობის რა ნიშნულს დაიჭერს ლარი? ანალიტიკურ წრეებში კობა გვენეტაძის უწყებას აკრიტიკებენ, რატომ?

სამსონ ხონელი

შემოდგომა მიილია. რამდენიმე დღე და დრო ზამთრის პირველ თვეს აითვლის. მალე წლის შეჯამების ჟამი დადგება, თუმცა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2020 წელი კაცობრიობის ისტორიაში COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის მატიანედ დარჩება.

გლობალური გამოწვევა მსოფლიოს საფინანსო-ეკონომიკურ სისტემას მკვეთრად ნეგატიურად დაეტყო. ეკონომიკურმა შოკმა უკლებლივ ყველა ქვეყანა მოიცვა. ბუნებრივია, გამონაკლისი არც საქართველოა. რა თქმა უნდა, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული უარყოფითი ეფექტი ყველაზე საგრძნობლად ეროვნული ვალუტის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში ლარი ამერიკული დოლარის მიმართ დაახლოებით 12 პროცენტით გაუფასურდა! თუ თვალს გადავავლებთ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობის დინამიკას, მარტივად დავინახავთ, რომ ლარს ანტირეკორდების დამყარების წელი უდგას.

ეროვნული ვალუტის კურსმა რეკორდული დაღმასვლა ჯერ კიდევ მარტში დაიწყო, როცა ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 3.48-3.50 ლარის ფარგლებში მერყეობდა. უკვე ზაფხულში ეროვნული ვალუტა შედარებით გამყარდა და ერთი ამერიკული დოლარი 3.08 ლარი ღირდა.

საშემოდგომოდ კი, ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდისა და ქვეყანაში არსებული არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობის პირობებში, ლარმა ისევ გაუფასურება დაიწყო და მიმდინარე კვირის განმავლობაში ერთი ამერიკული დოლარი 3,30-3.35 ლარის ფარგლებში იყიდება.

რა არის ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების მიზეზი? ამ საკითხზე ადრეც მისაუბრია და ჩვენი დროების აქტუალურ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობა წინამდებარე სტატიაშიც მექნება. ექსპერტ-ანალიტიკოსები, მთავრობის წარმომადგენლები და ეროვნული ბანკი ლარის რეკორდული გაუფასურების მიზეზად მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ასახელებენ. არ არის საკამათო, რომ გლობალური კრიზისის ვითარებაში ქვეყანაში ნაკლები მოცულობის უცხოური ვალუტა შემოდის, ფაქტობრივად განულებულია შემოსავლები ტურიზმის სფეროდან, რომლის წილიც ქვეყნის ეკონომიკაში 8 პროცენტია, გაუარესებულია უცხოური ვალუტის შემოდინებასა და გადინებას შორის ბალანსი. ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ლარზე ნეგატიური გავლენა ჰქონდა. ამას მოსახლეობაში უარყოფითი მოლოდინებიც ემატება. მომავლის მიმართ გაურკვევლობის განცდა ყალიბდება, რაც მოსახლეობას აიძულებს ხელში ეჭიროთ მყარი ვალუტა. ასეთი ვალუტა არის დოლარი და არა ლარი. შესაბამისად, დოლარზე მოთხოვნა იზრდება და, შემცირებული მიწოდების პირობებში, ძვირდება კიდეც.

ექსპერტ-ანალიტიკოსები მიანიშნებენ, რომ ეროვნული ვალუტის კურსი სტაბილურობით არც წინა წლებში გამოირჩეოდა. ლარი ფსკერზე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეშვებოდა, მაშინაც კი, როდესაც ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები წესრიგში იყო და ეროვნული ვალუტის გაუფასურების საფუძველს არ იძლეოდა. როგორც ანალიტიკურ წრეებში აცხადებენ, ლარის კურსის დაცემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო და არის ქვეყანაში არსებული ფულის ჭარბი მასა. მოგეხსენებათ, ეროვნული ვალუტის კურსი ლარისა და დოლარის მასების თანაფარდობით დგინდება. ეკონომიკაში ლარის მოცულობის გაზრდით ლარისა და დოლარის მასებს შორის ბალანსი ირღვევა. გვაქვს ბევრი ლარი და ცოტა დოლარი. ბუნებრივია, რომ ასეთ დროს ეროვნული ვალუტა უფასურდება. გასულ წელს ეკონომიკაში ლარის მასა დაახლოებით 23 პროცენტით გაიზარდა. ეს პროცესი მიმდინარე წელსაც გრძელდება. კერძოდ, სექტემბერში ფულის მასამ 13.7 მილიარდ ლარს მიაღწია.

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ლარის მასის ზრდა ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე გავლენას არ ახდენს. კობა გვენეტაძის უწყების დასკვნით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზად ფულის გაზრდილი მასის არგუმენტის გამოყენება არ არის სწორი და ის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. არადა, ანალიტიკოსთა უმრავლესობა ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას აკრიტიკებს და ლარის დევალვაციაზეც პასუხისმგებლობას სწორედ კობა გვენეტაძის უწყებას აკისრებს. მათი შეფასებით, ეროვნული ბანკი, ერთი მხრივ, სავალუტო აუქციონზე ინტერვენციებს ახორციელებს, დოლარის გაყიდვით ბაზრიდან ლარს იღებს, მაგრამ, მეორე მხრივ, რეფინანსირების სესხების გაცემით ბაზარს ლარს აწვდის. როგორც წესი, ბაზრიდან ამოღებული ლარის მასას ბევრად აღემატება ბაზრისთვის მიწოდებული ლარის მასა, რაც საბოლოოდ საფინანსო ბაზარზე ლარის ჭარბ რაოდენობას იწვევს. ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებით, არც ე.წ. სუსტი ლარის პოლიტიკამ გაამართლა. „მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში გვქონდეს სტაბილური ეროვნული ვალუტა. რაც უფრო ხშირი იქნება რყევა და ლარის კურსის გაუფასურება, მით უფრო მძიმე ვითარებაში იქნება ბიზნესი თუ წარმოება. დღევანდელი ტიპის ინტერვენციები არაეფექტურია. სავალუტო ბაზარზე აუცილებელია აქტიური მოქმედებები... კერძოდ, ინტერვენციები უნდა ხორციელდებოდეს მუდმივ რეჟიმში, როგორიც ეროვნულ ბანკს ეს პანდემიის საწყის ეტაპზე ჰქონდა“, − აცხადებს ანალიტიკოსი გიორგი კაპანაძე.

როგორია პერსპექტივა? ეროვნული ბანკის პროგნოზით, ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნების ეკონომიკური ვარდნა კვლავაც სოლიდური იქნება. ამიტომ მომდევნო წლების განმავლობაში ლარის ნომინალური გაცვილითი კურსი ამერიკული დოლარის მიმართ გაუფასურების სტაბილურ ნიშნულზე დარჩება. კობა გვენეტაძის უწყების ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, მოსალოდნელია სავალუტო ნაკადების აღდგენა, შედეგად – 2021-2022 წლებში ლარის გაცვლითი კურსი ამერიკული დოლარის მიმართ წლიურად 5-5 პროცენტით გამყარდება. არსებობს პესიმისტური სცენარი, რომლის მიხედვით, 2021-2022 წლებში ქვეყანაში რეცესია გაგრძელდება, რეგიონში დაძაბული პოლიტიკური ვითარება იქნება და 2021 წელს ეროვნული ვალუტა კიდევ 20 პროცენტით გაუფასურდება. ხოლო 2022 წლიდან, ეკონომიკური გაჯანსაღების პირობებში, ლარი 5 პროცენტით გამყარდება. რას გვპირდება რეალისტური სცენარი? − შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი. რა გაეწყობა, კითხვას მარტივად ვუპასუხებ: ასეთი სცენარი ბუნებაში არ არსებობს, რეალისტური იქნება, რასაც დროსა და სივრცეში დავინახავთ და ჯიბეზე ვიგრძნობთ. ასე რომ, დაველოდოთ...

ამასობაში მედიაპლატფორმა Forbes იუწყება, რომ ტრანსნაციონალური საინვესტიციო ბანკი Citigroup 2021 წელს დოლარის 20 პროცენტით გაუფასურებას პროგნოზირებს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ანალიტიკოსების ამგვარი ვარაუდი ეყრდნობა მოლოდინს, რომ უკვე მომავალი წლიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება, რაც საერთაშორისო ვაჭრობას აღადგენს და, შესაბამისად, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას. მათივე შეფასებით, დოლარის კურსზე ასევე ნეგატიურად აისახება ფედერალური რეზერვის ფრთხილი პოლიტიკა. ექსპერტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ დოლარის გაუფასურებას ხელს შეუწყობს ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტება. კერძოდ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში საგადასახადო შეღავათები მოქმედებს, რაც ქვეყნის შიგნით ბიზნესის წარმოებას ახალისებს, ხოლო ჯო ბაიდენი გადასახადების გაზრდის მომხრეა, რამაც სავსებით შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ინვესტიციების გადინება გამოიწვიოს. მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩინეთთან სავაჭრო ომი, რომელსაც, ანალიტიკოსთა მოსაზრებით, ახლადარჩეული პრეზიდენტი, მართალია, ბოლომდე ვერ შეწყვეტს, მაგრამ, სავარაუდოდ, შეარბილებს მაინც, რაც განვითარებადი ქვეყნების ვალუტებზე დადებითად იმოქმედებს და დოლარზე უარყოფითად აისახება. და, ბოლოს, დოლარის გაუფასურების კიდევ ერთი მიზეზი, შესაძლოა, ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესება გახდეს, რის სურვილსაც ჯო ბაიდენი აფიქსირებს. ეს ევროს მიმართ ინვესტორებს წაახალისებს. ერთი სიტყვით, Citigroup-ის ანალიტიკოსები მომავალი წლიდან დოლარის გაუფასურებას ელოდებიან. მეტიც, არ არის გამორიცხული, ეს 1985 წლის შემდეგ დოლარის რეკორდული გაუფასურება იყოს, როდესაც დოლარი მსოფლიოს ექვს ვალუტასთან მიმართებაში წლის განმავლობაში 18.5 პროცენტით გაუფასურდა. ბუნებრივია, ახლაც საუბარია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ვალუტაზე. მათ შორის ქართული ლარი ჯერ არ მოიაზრება...

 

1105
ავიაკომპანია Air Arabia–ს თვითმფრინავი

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia საქართველოში ბრუნდება

110
(განახლებულია 15:49 25.01.2021)
რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის პროცესი საქართველოში 2020 წლის აგვისტოდან დაიწყო, თუმცა ეპიდვითარების გაუარესების გამო ძირითადად ისევ შეჩერდა.

თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. არაბთა გაერთიანებული საამიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia საქართველოს მიმართულებით ფრენებს 30 იანვრიდან განაახლებს, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოგზაურობის მოყვარულთათვის: Flydubai საქართველოში ფრენებს აღადგენს>>

სააგენტოს ცნობით, თებერვალში შარჯა-თბილისი-შარჯას საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში ერთხელ, ყოველ შაბათს Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

ფრენის განრიგი ასეთია:

  • შარჯა - თბილისი, ჩამოფრენა 14:20 (ადგილობრივი დრო);
    თბილისი - შარჯა, გაფრენა 15:10 (ადგილობრივი დრო).

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას წარმოდგენილი განრიგით ოპერირების ნებართვა უკვე მიანიჭა.

ავიაკომპანია Air Arabia საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წელს შემოვიდა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველო რეგულარულ ავიამიმოსვლას 1 თებერვლიდან განაახლებს.

საქართველომ ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით გასული წლის მარტის შუა რიცხვებში შეწყვიტა, როდესაც ჯანმომ კორონავირუსის პანდემიის შესახებ გამოაცხადა. შეზღუდვები არ ეხებოდა მხოლოდ იმ სპეცრეისებს, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას ისახავდა მიზნად.

ზაფხულის შუა პერიოდში რეგულარული ფრენების აღდგენა დაიწყო, თუმცა ეპიდვითარების გაუარესების გამო უმეტესი მათგანი ისევ შეჩერდა. ბოლოს ავიამიმოსვლის აკრძალვის ვადა 2021 წლის 31 იანვრამდე გახანგრძლივდა. 

110
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
მანდარინი

საქართველოდან მანდარინის ექსპორტი გაიზარდა

59
(განახლებულია 13:30 25.01.2021)
წელს ქართული მანდარინი ექსპორტზე 14 ქვეყანაში გაიტანეს. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი, სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა, თურქმენეთი

თბილისი,  25 იანვარი – Sputnik. საქართველოდან ბოლო ხუთ თვეში 36.7 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 17.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 

უწყების ცნობით, 2020 წლის 1 აგვისტოდან მიმდინარე წლის 24 იანვრამდე ექსპორტის მოცულობა 6.5 ათასი ტონით (22%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.3 მლნ აშშ დოლარით (15%) აღემატება 2019-2020 წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (21.2 ათასი ტონა), სომხეთსა (8.0 ათასი ტონა) და უკრაინაში (5.3 ათასი ტონა). ქართული მანდარინი ასევე გავიდა მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და გერმანიაში.

წელს მანდარინის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 40 ათას ტონას შეადგენს.

 

59
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს ზამთრის პეიზაჟები

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 იანვარი

0
(განახლებულია 11:58 25.01.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 26 იანვარია, სამშაბათი. მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.

დღევანდელი დღე ადამიანებისგან მეტ კონკრეტულობას მოითხოვს. ნებისმიერი გაურკვევლობა გაღიზიანებას გამოიწვევს. გამძაფრდება რეაქციები მიმდინარე მოვლენებზე, რაც, შესაძლოა, კონფლიქტების საფუძველი გახდეს. ამავე დროს დღეს ძალიან იოლი იქნება ღრმად მიმალულ გრძნობებზე საუბარი, ადამიანისთვის პირდაპირ თქმა, თუ რას ფიქრობთ მასზე. თუმცა, ამ შემთხვევაში სჯობს, ფარგლებს არ გასცდეთ და უკმეხად არაფერი წამოგცდეთ – ამას ურთიერთობებში ბზარის შეტანა შეუძლია.

2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

ვერძი: დღეს თქვენთვის საქმეების მოწესრიგების დღეა. თუნდაც ეს გაწერილი არ გქონდეთ, დიდი ალბათობით, ამის აუცილებლობას შექმნილი ვითარება მოითხოვს. მოწესრიგება შეიძლება დასჭირდეს თქვენს სამუშაო ადგილს, ან საქმეებსა და გეგმებს. არ არის გამორიცხული, რომ მოწესრიგების პროცესში დავიწყებული რამ აღმოაჩინოთ, რომელიც დღემდე აქტუალური და თან – საკმაოდ ფასეული.

კურო: დღეს გარშემომყოფებთან და მათ შორის, ახლობელ ადამიანებთან დისონანსში იქნებით. შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ თქვენ ირგვლივ ადამიანები ძალიან სერიოზული განწყობით დაიარებიან, ისინი კი, თავის მხრივ, უკმაყოფილო იქნებიან თქვენი უზრუნველობით. სერიოზულ კამათს ეს, დიდი ალბათობით, არ გამოიწვევს, თუმცა იმისთვის, რომ ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობებში ბზარი არ გაჩნდეს, ხშირად მოირგეთ „სერიოზული და ჭკვიანი“ ადამიანის სახე, თუნდაც ეს ძალზე სასაცილოდ გეჩვენებოდეთ.

ტყუპი: დღეს მზად ხართ, რომ მტკიცე და შეიძლება რადიკალური ზომებიც გადადგათ და ეს განსაკუთრებით ფინანსების სფეროს ეხება. იმის ნაცვლად, რომ ასჯერ გაზომოთ და ერთხელ გაჭრათ, ასჯერ გაჭრის განწყობაზე იქნებით. ერთი მხრივ, არის საფრთხე, რომ ფული ქარს გაატანოთ; მეორე მხრივ კი ეს საბრძოლო განწყობა ბიძგს მოგცემთ, გადადგათ ის ფინანსური ნაბიჯები, რომლებიც უკვე მომწიფებულია და დიდი ხანია, გადაწყვეტას მოითხოვს.

კირჩხიბი: დღეს კირჩხიბები კრიტიკოსების სახით მოგვევლინებით. ამასთან, თქვენი კრიტიკა ყველა ნაკლებად იქნება მიმართული საკუთარი თავისადმი, კრიტიკის ობიექტები დიდწილად გარშემომყოფები იქნებიან. თქვენი შენიშვნები ადამიანებს შეცდომების გამსოწორებას აიძულებს, თუმცა ყველაფერი მარტივადაც არ იქნება. თქვენი ბრძნული რჩევები, შესაძლოა, ყურს მიღმა გატარდეს, ხოლო კრიტიკა კი წყენის წყარო გახდეს. თქვენი გადასაწყვეტია – ღირს თუ არა კრიტიკაზე დროისა და ძალების  დახარჯვა, თან, როდესაც შედეგის იმედი ნაკლებადაა.

ლომი: დღეს დიდი ალბათობაა, რომ ირგვლივ მყოფი ადამიანები შეეცადონ, თავიანთი წილი პასუხისმგებლობა თქვენ მხრებზე გადმოიტანონ. ისინი იგრძნობენ, რომ დამყოლ ხასიათზე ხართ და ამის გამოყენებას ურცხვად შეეცდებიან. ამის გამოსწორება შეგიძლიათ, თუ მკაცრად დაიცავთ თქვენს პოზიციებს და აღკვეთ ამგვარ მცდელობებს. სხვაგვარად მოგიწევთ სხვისი საქმეების გაკეთება და საკუთარის გადადება.

ქალწული: მთელი დღე გარედან აკვიატებული ზეწოლა შეიძლება იგრძნოთ. შესაძლოა, ეს დროის დეფიციტი იყოს, ან ვითარება მოითხოვდეს თქვენგან სწრაფ მოქმედებებს, ასევე გარშემომყოფები გამუდმებით მოგმართავდნენ თხოვნით. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ზეწოლისგან გათავისუფლება გაგიჭირდებათ, ამიტომ, სჯობს, შეეგუოთ ასეთ მდგომარეობას. ყველაფერს აჯობებს, განმარტოვდეთ, თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ და სიმშვიდეში მიხედოთ თქვენს საქმეებს.

სასწორი: დღეს იშვიათი შანსი გაქვთ, რომ რომელიმე საქმეში დიდი ნაბიჯი გადადგათ წინ. მთავარია, საჭირო მომენტი დროულად დაინახოთ, ხელიდან არ გაუშვათ და მტკიცედ, მკაფიოდ იმოქმედოთ. აქტიური და შეუპოვარი მოქმედებების წყალობით გამარჯვების დიდი შესაძლებლობა გაქვთ. გამოიყენეთ ეს დღე ახალი სიმაღლეების დასაპყრობად და კონკურენტების უკან ჩამოსატოვებლად.

მორიელი: დღეს სამართლიანობის გრძნობა გამძაფრდება თქვენში. მზად ხართ, ვინმე ან რამე საკუთარი მკერდით დაიცვათ, თუ ჩათვლით, რომ მას ჩაგრავენ და ავიწროებენ. რას იზამთ, ხანდახან ცუდი არაა სამართლიანობისთვის ბრძოლა და მოძალადისთვის ადგილის მიჩენა. თუმცა დღეს უსამართლობა შეიძლება იქაც „დაინახოთ“, სადაც ამის ნატამალიც კი არაა. ასე რომ, მეტი დაკვირვება გმართებთ, რომ განგაშის ზარი ტყუილუბრალოდ არ შემოჰკრათ.

მშვილდოსანი: დღეს, შესაძლოა, მთელი დღე ჭეშმარიტების ფუჭ ძებნაში დაკარგოთ, თან დარწმუნებული იყოთ, რომ ის „სადღაც აქვეა“. ეს ძებნა ნებისმიერ საკითხს შეიძლება უკავშირდებოდეს – ურთიერთობებს, მუშაობას, პირად ცხოვრებას. თუმცა, რაც არ უნდა მოგეჩვენოთ, რომ სამართლიანობა „ჰა და ჰა, გაიმარჯვებს“, იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ მოჩვენებაა. შეიძლება გაკვირვებულმა აღმოაჩინოთ, რომ „სუფთა სახის“ ჭეშმარიტება თითქმის უსარგებლო რამაა და თქვენ გარდა ის არავის სჭირდება.

თხის რქა: ასტროლოგები დღეს მხოლოდ პირდაპირი გზებით სიარულს გირჩევენ. საკუთარ თამაშის წამოწყების მცდელობას, ან, უფრო უარესი – რამის დამალვას ან დამახინჯებას, სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს. თუ საჭირო შედეგის მიღება გსურთ, ღიად, პირდაპირ და პატიოსნად უნდა იმოქმედოთ. გარშემომყოფებიც სწორედ ამ თვისებებს დააფასებენ თქვენში. მაგრამ ერთიცაა – გულწრფელობასაც თავის საზღვრები აქვს და დაიცავის ეს ფარგლები.

მერწყული: დღეს საჭირო შედეგების მისაღწევად იმის ლაპარაკი მოგიწევთ, რასაც თქვენგან ელოდებიან და არა იმის, რასაც სინამდვილეში ფიქრობთ. ხანდახან შეიძლება გაჩუმებაც უპრიანი იყოს. რას იზამთ, გულწრფელობა ზოგჯერ უადგილოა ხოლმე და მით უმეტეს – მნიშვნელოვან საუბრებში, მოლაპარაკებებში. დღეს თუ სათქმელს პირდაპირ იტყვით, შეიძლება ავნოთ საქმესაც და საკუთარ თავსაც. თუ გაჩუმდებით, მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდებით.

თევზები: დღეს საქმიანობაში მტკიცედ და საბრძოლოდ ხართ განწყობილი. რატომ უნდა იწვალოთ კვანძის გახსნაზე, როცა მისი ნაჯახით გადაჭრა შეიძლება? ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ზოგიერთ საკითხში რადიკალური ზომები სწორედაც რომ ყველაზე მომგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს. მაგრამ ისეთ საქმეებს, რომლებიც დროსა და დელიკატურ დამოკიდებულებას საჭიროებს, სჯობს, სათოფეზეც არ გაეკაროთ. ან წინასწარ შეეგუოთ, რომ ისინი, ასეთ შემთხვევაში, სრული კრახისთვისაა განწირული.

0