თბილისი

საქართველოს ბიზნეს–ასოციაცია დღგ–ის დაბრუნების ახალ სისტემას დადებითად აფასებს

62
(განახლებულია 12:13 21.11.2020)
ახალი პროგრამის დანერგვა პოზიტიურად იმოქმედებს ბიზნეს–სუბიექტების ეკონომიკურ აქტივობასა და მათ ფინანსურ მდგომარეობაზე

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. დღგ–ის ავტომატური დაბრუნების ახალი სისტემის შემოღებით საქართველოში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა ინერგება, რომელიც სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ნდობას ამაღლებს, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს–ასოციაციის განცხადებაში. 

17 ნოემბრიდან გადასახადის გადამხდელებს შესაძლებლობა ეძლევათ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით წარმოშობილი ზედმეტობა სრულად ავტომატურ რეჟიმში დაიბრუნონ.

 „ვფიქრობთ, იგი პოზიტიურად იმოქმედებს ბიზნეს–სუბიექტების ეკონომიკურ აქტივობაზე, მათ ფინანსურ მდგომარეობაზე, რაც დაეხმარება მათ კრიზისის თანმდევი სიძნელეების გადალახვაში და იქნება ქვეყანაში ბიზნეს–გარემოს გაუმჯობესების კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს–ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

ქართული ბიზნესის წინაშე არსებული მწვავე გამოწვევებიდან გამომდინარე, ასოციაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და ქვეყნის ახლადარჩეულ პარლამენტს, საგადასახადო კოდექსში უმოკლეს ვადაში შეიტანონ ცვლილებები.

კერძოდ, საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული ის შეღავათი, რომელიც 1,5 ათას ლარამდე ხელფასებს შეეხებოდა, დამატებით გაგრძელდეს ექვსი თვით და, შესაბამისად, სრულად მოიცვას ერთწლიანი პერიოდი 2020 წლის 1 მაისიდან 2021 წლის 1 მაისამდე.

საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება ითვალისწინებს გადასახადისგან კერძო სექტორში დასაქმებულ იმ პირთა გათავისუფლებას, რომელთა ხელფასი 1,5 ათას ლარამდეა. ამასთან, 750 ლარის ოდენობის ხელფასი სრულად თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. 

გარდა ამისა, ტურიზმის სფეროს სრულად ჩამოეწეროს საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2020 წლის 22 მაისს განხორციელებული ცვლილების საფუძველზე გადავადებული და დაგროვებული საშემოსავლო გადასახადი.

როგორც ბიზნეს–ასოციაციაში აღნიშნავენ,  ორივე თხოვნა პირდაპირ კავშირშია და ემსახურება  ქვეყანაში სამუშაო ადგილების შენარჩუნებას.

საქართველოს მთავრობისთვის კორონავირუსის პანდემიის გამო რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ტურისტული სექტორის დახმარება პრირიტეტს წარმოადგენს – ხელისუფლებამ პანდემიის ბიზნესზე უარყოფითი ზემოქმედების შერბილების მიზნით რიგი ზომები გაატარა. კომპანიებს, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია სასტუმრო და სარესტორნო სფეროსთან, ტურისტულ სააგენტოებთან, სატრანსპორტო კომპანიებთან, საექსკურსიო ბიუროებთან და ა.შ. 1 ნოემბრამდე საშემოსავლო და კერძო საკუთრებაზე გადასახადი ოთხი თვით გადაუვადდათ. ეს შეეხო ტურიზმის სექტორში დასაქმებულ 6 ათასზე მეტ კომპანიას.

62
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (848)
გიორგი გახარია

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ახალ წლამდე იქნება მიღებული

43
(განახლებულია 21:25 03.12.2020)
მომავალი წლის ბიუჯეტი მიმართულია პანდემიასთან ბრძოლისკენ, მოსახლეობისა და ბიზნესის დახმარებისკენ, ასევე ეკონომიკის აღდგენისკენ, განაცხადა გახარიამ.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია, რომელიც სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს, შეცვლის გადაწყვეტილებას და მონაწილეობას მიიღებს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვაში.

პარლამენტის პირველი სხდომა 13 დეკემბრამდე უნდა ჩატარდეს. პირველი სხდომის დღეს ოპოზიციონერი დეპუტატები გეგმავენ ხელი მოაწერონ მემორანდუმს იმის თაობაზე, რომ არ შევლენ პარლამენტში და მოითხოვენ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას. 

„ბიუჯეტი არის ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომლის განხილვაც უნდა დაიწყოს პარლამენტში და უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ განხილვებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ და, შესაბამისად, დაავალა ქვეყნისთვის მსგავსი, სისტემურად მნიშვნელოვანი დოკუმენტების განხილვაში მონაწილეობის მიღება. იმედი გვაქვს, ასეც მოხდება და უახლოეს პერიოდში, ახალ წლამდე ჩვენ გვექნება ბიუჯეტის ირგვლივ საინტერესო, თუმცა მწვავე დისკუსიების შესაძლებლობა“, – აღნიშნა გახარიამ ხუთშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

2021 წლის საქართველოს ბიუჯეტის მიზანი

გახარიას თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი მიზნად ისახავს პანდემიასთან ბრძოლას, მოსახლეობისა და ბიზნესის დახმარებას, ასევე ეკონომიკის აღდგენას. 

„ბიუჯეტი არის დაბალანსებული, რომლის ძირითადი მიზნებია პანდემიასთან ბრძოლა, მიზნობრივი სოციალური დახმარება მოსახლეობისთვის, ბიზნესისთვის და, რა თქმა უნდა, ეკონომიკის მომზადება პოსტკრიზისული ეკონომიკის აღდგენისთვის. ეს არის ბიუჯეტი, რომელზეც ჩვენ ვიმუშავეთ სავალუტო ფონდთან ერთად. წარმოდგენილია დაბალანსებული ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს ყველა იმ ძირითად კომპონენტს, რომელიც აუცილებელია კრიზისში, აუცილებელია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ეკონომიკური კრიზისის გამკლავებაში“, – აღნიშნა გახარიამ.

კორონავირუსთან ბრძოლის ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ეტაპის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან გამოიყოფა 1,4 მილიარდი ლარი. 280 მილიონი 2020 წელს დაიხარჯება, დარჩენილი 1,1 მილიარდი ლარი კი - 2021 წელს.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 450 მილიონი ლარი მოხმარდება ჯანდაცვის სფეროს, აქედან 400 მილიონს მიიღებს ჯანდაცვის სამინისტრო, 50 მილიონს - ეკონომიკის სამინისტრო. თანხა კორონავირუსით დაავადებულების მკურნალობას, ტესტების, ვაქცინების შეძენას და ვირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებს მოხმარდება. 

გარდა ამისა, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია მოქალაქეთა მიზნობრივი დახმარებაც, რისთვისაც ბიუჯეტიდან გამოიყოფა 540 მილიონი ლარი, ბიზნესის მხარდასაჭერად კი 430 მილიონი ლარი.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ დღეიდან დაიწყება შემოსავლების სამსახურში იმ მოქალაქეთა განცხადებების მიღება, რომელთაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს.

„ფინანსთა სამინისტროს უკვე აქვს მიღებული დავალება, რომ ეს დახმარება გაიცეს ახალ წლამდე, ხოლო მოქალაქეებმა დროულად უნდა მიმართონ შესაბამის დაწესებულებას, რათა მათ ეს დახმარება მიიღონ“, – აღნიშნა გახარიამ.

მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ასევე პენსიების ზრდა. კანონმდებლობის თანახმად, პენსია ყოველწლიურად უნდა გაიზარდოს, პენსიონერებს კი არ უნდა უწევდეთ ლოდინი არჩევნებიდან არჩევნებამდე, ხაზგასმით აღნიშნა გახარიამ.

საქართველოში მიღებული კანონმდებლობის შესაბამისად, 70 წლამდე პენსიონერების პენსია მოიმატებს ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელს გადაცილებული პენსიონერების პენსია - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის გათვალისწინებით. 

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 1 იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერები მიიღებენ 240-ლარიან პენსიას, 70 წელს გადაცილებულები კი 275-ლარიან პენსიას. ქვეყნის ბიუჯეტში საპენსიო უზრუნველყოფისთვის გამოყოფილია 2,6 მილიარდი ლარი. დღეისათვის პენსიონერები 220 ლარს იღებენ, 70 წელს გადაცილებულები - 250 ლარს.

გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრიზისის პირობებში იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, შესაბამისად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი (4 მილიარდი ლარი).

მთავრობა იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფისთვის 103 მილიონი ლარის გამოყოფას გეგმავს.

გარდა ამისა, მომავალი წლიდან გაიზრდება განათლების, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის სამინისტროსა და იმ უწყებების დაფინანსება, რომლებზეც პოსტკრიზისულ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენაა დამოკიდებული.

43
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (848)
ლარის კუპიურები

ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა: მიწოდებამ მოთხოვნას გადააჭარბა

37
(განახლებულია 21:16 03.12.2020)
სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით ეროვნულმა ბანკმა რვა თვეში უკვე 25 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც ჯამში 843,2 მილიონი დოლარი გაყიდა.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო აუქციონი ჩაატარა, რომელზეც ლარის კურსმა დოლარის მიმართ შეადგინა 3,3111 GEL/$1.

ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე გამოიტანა 25 მილიონი დოლარი, თუმცა მოთხოვნილება ვალუტაზე ჩამოუვარდებოდა შეთავაზებას და მხოლოდ 19,8 მილიონი დოლარი გაიყიდა.

სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით გაზაფხულიდან მოყოლებული ეროვნულმა ბანკმა რვა თვეში უკვე 25 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც ჯამში 843,2 მილიონი დოლარი გაყიდა. ლარის ანტირეკორდი 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტის კურსი დაეცა ნიშნულამდე 3,4842 GEL/$1.

პარასკევს, 4 დეკემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა ნიშნულზე 3.3119 GEL/$1.

  • დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 1 ოქტომბრიდან ქართული სავალუტო ბაზარი Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.

როგორც ამას წინათ ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, ის გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებსა და სააღრიცხვო განაკვეთებს.

სავალუტო აუქციონებთან ერთად ეროვნული ბანკი ზედმეტი რყევების შესამცირებლად ყოველდღიურად იყენებს ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც გაცვლითი კურსის რყევა დღის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ნიშნულს ასცდება, ეროვნული ბანკი გარკვეულ თანხაზე უცხოური ვალუტით ვაჭრობაში მონაწილეობს.

გარდა ამისა, წელს ეროვნული ბანკი ინტერვენციისთვის იყენებს ვალუტას, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იღებს.

 

37
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (848)
ყვავილები ზღვის სანაპიროზე

2021 წლის ჰოროსკოპი: მორიელი ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა

0
(განახლებულია 11:09 03.12.2020)
როგორი იქნება 2021 წელი მორიელებისთვის, რას მოუტანს ის ამ ნიშნით დაბადებულ ქალებსა და მამაკაცებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს

მორიელები ის ადამიანები არიან, რომლებიც რთული სიტუაციიდან გამოსავალს ყოველთვის იპოვიან. 2021 წელს ასეთი რთული ვითარება შეიძლება ბევრი იყოს, რაც ნიშნავს, რომ დგება დრო, როცა მორიელებმა მათთვის დამახასიათებელი მთელი სიფრთხილე და მძლავრი ინტუიცია უნდა აამუშაონ.

2021 წელი ძალზე დინამიკური იქნება. დგება ხანა, როდესაც უკვალოდ არაფერი ჩაივლის, ამიტომ მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ თითოეული თქვენი საქციელის შედეგები.

მორიელებმა ყურადღება უნდა მიაქციოთ მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლენებს, როგორიცაა დაბნელებები და რეტროგრადული პლანეტები. ამ მოვლენებმა თქვენი ცხოვრება, შესაძლოა, ძალიან შეცვალოს.

მამაკაცი მორიელი

წლის დასაწყისი მამაკაცი მორიელებისთვის ძალზე იღბლიანი აღმოჩნდება, შეძლებთ ყურადღების გამახვილებას მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაზე ცხოვრების ყველა სფეროში. ენერგეტიკული ე.წ. უძრაობის დრო გაზაფხულის მიწურულს დადგება. იმ დროისთვის, სჯობს, ყველა მნიშვნელოვანი საქმე დაასრულოთ, რადგან ზაფხულის დადგომისას საამისოდ, შესაძლოა, ძალები აღარ გეყოთ.

ფინანსები და სამუშაო: ამ სფეროში წარმატებები გელოდებათ. მთავარია, ფინანსები სწორად გადაანაწილოთ – გადადოთ გარკვეული თანხა დანაზოგის სახით სამომავლოდ და უაზრო და უსარგებლო ნივთების შეძენაში ფული არ დახარჯოთ. ყველაზე ძვირადღირებული ნივთების ყიდვა წლის დასასრულისთვის გადადეთ.

სიყვარული და ურთიერთობები: სიყვარულის სფეროში მამაკაცი მორიელებისთვის ყველაფერი სტაბილურად იქნება. თამამად შეგიძლიათ ახალი ურთიერთობების დაწყება ან ძველის განახლება. 2021 ის დროა, როცა პრობლემების გარეშე შეიძლება ნებისმიერ ადამიანთან საერთო ენის გამონახვა.

განწყობა და ჯანმრთელობა: უმეტეს ვითარებაში მშვიდ და პოზიტიურ განწყობას შეინარჩუნებთ. სჯობს, არ დაიძაბოთ. თუ რამე საქმის მიტოვების სურვილი გაგიჩნდებათ, კარგად დაფიქრდით, რომ შეცდომა არ დაუშვათ.

კრიმინალური ტალანტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ქალი მორიელი

ქალ მორიელებს ძალზე პოზიტიური წელი გელოდებათ. ვარსკვლავები დაგეხმარებიან ყველაფერში, რომ საუკეთესო შედეგებს მიაღწიოთ. იქნებით შთაგონებით სავსე, გექნებათ მოტივაცია და იღბალი არ მიგატოვებთ. ერთადერთი, რაც აუცილებელია, ეს საქმეების წინასწარ დაგეგმვაა.

ფინანსები და სამუშაო: ქალ მორიელებს დიდი წარმატება გელოდებათ შემოქმედებით საქმიანობაში – დიზაინში, მუსიკასა და კინოში. ასტროლოგები გირჩევენ, თანხა ეკონომიურად ხარჯოთ. თუ რამე მნიშვნელოვანი და ძვირფასი ნივთის შეძენა გახდება საჭირო, ინტუიციასა და იღბალს მიენდეთ.

სიყვარული და ურთიერთობები: ვარსკვლავები ბევრად მომხიბლავსა და მიმზიდველს გაგხდიან. მეორე ნახევრის პოვნა თქვენთვის სირთულე არ იქნება, განსაკუთრებით წლის დასაწყისში. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი იდეალური პერიოდია დროის ოჯახთან გასატარებლად. ძალზე იღბლიანი იქნება ერთობლივი მოგზაურობა, მოახერხებთ არსებული ურთიერთობების გამტკიცებას.

ზოდიაქოს ნიშნების ვენდეტა>>

განწყობა და ჯანმრთელობა: მორიელმა ქალებმა 2021 წელს მეტი დრო უნდა დაუთმოთ დასვენებას, უნდა მოერიდოთ გადაღლას. ბევრს თუ იმუშავებთ და ცოტას დაისვენებთ, უბრალოდ, „გადაიწვებით“. დაღლილობამ ცხოვრებაში „შავი პერიოდის“ დაწყებაც კი შეიძლება გამოიწვიოს.

გაეცანით ასევე 2021 წლის ჰოროსკოპს ვერძების, კუროების, ტყუპების, კირჩხიბების, ლომების, ქალწულების, სასწორებისთვის.

0