შინაური ცხოველების საკვები

ევროკავშირმა საქართველოდან შინაური ცხოველების საკვების ექსპორტი დაუშვა

63
(განახლებულია 21:15 19.11.2020)
ევროკავშირის ბაზარზე ნებადართულია ქართული თაფლის, შავი ზღვის ქაფშიის და გარკვეული კატეგორიის არასასურსათო დანიშნულების ცხოველური წარმოშობის პროდუქტის ექსპორტი.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ევროკავშირმა საქართველოდან შინაური ცხოველების საკვების ექსპორტი დაუშვა, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სისტემა და იგი იმ მესამე ქვეყნების ჩამონათვალს დაამატა, საიდანაც ევროკავშირის ქვეყნებში შინაური ცხოველების საკვების შეტანა ნებადართულია. 

„აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გატარებული ღონისძიებები, რომლებიც ევროკომისიის სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა საქართველოში სპეციალური ვიზიტისას დადებითად შეაფასა", – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, კანონმდებლობის ფარგლებში განისაზღვრა ექსპორტის განხორციელების ტექნიკური პროცედურები, კერძოდ, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს საწარმო.

ევროკავშირის ბაზარზე ასევე ნებდართულია ქართული თაფლის, შავი ზღვის ქაფშიის და გარკვეული კატეგორიის არასასურსათო დანიშნულების ცხოველური წარმოშობის პროდუქტის ექსპორტი.

63
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (838)
ნათია თურნავა

სავაჭრო ცენტრებმა უნდა დაგვარწმუნონ, რომ აჟიოტაჟური მოთხოვნის მართვა შეუძლიათ - თურნავა

29
(განახლებულია 16:37 30.11.2020)
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სავაჭრო ცენტრების დაკეტვა ეკონომიკის პრობლემა.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. მოლებმა უნდა შეძლონ პასუხისმგებლობის აღება და ფასდაკლებებისგან გამოწვეული აჟიოტაჟის მართვა, განაცხადა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე.

სავაჭრო ცენტრები: მოგვეცით საშუალება 15 დეკემბრიდან 3 იანვრამდე ვიმუშაოთ>>

თბილისში მდებარე ხუთი სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელობამ მთავრობას საგანგებო განცხადებით მიმართეს და სთხოვეს, მუშაობის საშუალება მიეცეთ არა 24 დეკემბრიდან, არამედ 15 დეკემბრიდან 3 იანვრამდე პერიოდში. 

„ჩვენ მოლების პრობლემები გავითვალისწინეთ და ეს არ არის მხოლოდ მათი პრობლემა, ეს არის ეკონომიკის, ანუ ჩვენი პრობლემაც. მათ ვაძლევთ საშუალებას, რომ იმუშაონ 24 დეკემბრიდან. ჩვენ ვნახეთ რა ხდებოდა წინა დღეს მოლებში, ეს ეპიდემიოლოგიურად საშიში სურათი იყო. ამიტომ, ჩვენ მათ უნდა დაგვარწმუნონ, რომ აჟიოტაჟური მოთხოვნის მართვა შეუძლიათ, რომელიც შეიძლება ფასდაკლებამაც გამოიწვიოს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ამ ვითარებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ მოლები ქმნიან ადამიანების დიდ მობილობას და ამაზე მთელი მსოფლიო თანხმდება.

„ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ისინი პასუხისმგებლიანად უდგებიან ამ საკითხს," - აღნიშნა თურნავამ.

უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები უფრო გაამკაცრა. ახალი შეზღუდვების მიხედვით, დიდ ქალაქებსა და ზამთრის კურორტებზე სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) იმუშავებენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში, ხოლო 24 დეკემბრიდან 15 იანვრამდე პერიოდში მათთვის შეზღუდვები მოიხსნება. 16-დან 31 იანვრამდე პერიოდში კი სავაჭრო ცენტრები არ იმუშავებენ შაბათ-კვირას.

ხუთი სავაჭრო ცენტრის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ წერტილოვანი შეზღუდვების ფარგლებში სავაჭრო მოლების დახურვის აუცილებლობა არ არსებობდა, რადგან ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში ისინი ინარჩუნებდნენ სამუშაო ადგილებს და სავაჭრო ცენტრები არასდროს გამხდარა ვირუსის გავრცელების ცხელი წერტილი.

სავაჭრო ობიექტების ხელმძღვანელების განცხადებით, ხუთი სავაჭრო ცენტრისთვის ყოველი დაკეტილი დღე ნიშნავს 10 მლნ ლარამდე ზარალს, ამ ცენტრებში კი დასაქმებულია დაახლოებით 15 ათასი ადამიანი, რომლებიც სავაჭრო ცენტრებში არსებული ობიექტების დაკეტვის შემთხვევაში რჩებიან უმუშევრად.

ამასთან, მათი განცხადებით, სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება 15 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით პერიოდში მნიშვნელოვნად შეამცირებს მასობრივი თავყრილობების რისკს (მომხმარებლის დროში გადანაწილების თვალსაზრისით) და ინფექციის გავრცელების ალბათობას. 

რას აცხადებენ საქართველოს ბიზნეს–ასოციაციაში ახალი ლოკდაუნის შესახებ>>

სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში ინფიცირების მკვეთრი მატება დაიწყო საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3 216-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 135 584-ს მიაღწია.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

29
თემები:
COVID-19 საქართველოში
ძველი თბილისის დაკეტილი კაფეები და რესტორნები

„წინასწარმეტყველება“ სარესტორნო ბიზნესს... რა იქნება შეზღუდვების მერე?

25
(განახლებულია 15:14 30.11.2020)
რესტორნებისა და კვების ობიექტების საქმიანობა შეიზღუდა!.. რატომ იყო ეს გადაწყვეტილება ამ სექტორისთვის მოულოდნელი, რამდენი ადამიანი დაკარგავს სამუშაოს და ემუქრება თუ არა ბიზნესის ამ სახეობას განადგურება?

სამსონ ხონელი

დიდი დრო არ გასულა, დაახლოებით ერთი კვირის წინათ სოციალურ ქსელში ხანგრძლივად ვიმოგზაურე...  არახალია, ვირტუალურ სამყაროში, მთელი სიდიადით, შეიგრძნობთ ჩვენი დროების მრავალფეროვნებას. ვინ რა თქვა? ვინ რას აპირებს? ვინ ვისთან და რა ვითარებაში? ვინ ვის რითი ემუქრება? ვის რა წყინს და ვის რა უხარია?.. ერთი სიტყვით, სხვა მრავალ ღირსშესანიშნაობათა შორის, ყურადღება მეგობრის FACEBOOK-ის კედელზე გამოქვეყნებულმა წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას ფოტოპორტრეტმა მიიქცია... იქვე იყო საგულისხმო მინაწერიც − „ვხედავ, დეკემბერში დაბადებული ხალხი რესტორნებში ვერ გადაიხდიან დაბადების დღეს!..„ ბევრი ვიცინე, მეგობარი ხუმრობდა, წამითაც არ დამიშვია, რომ წინასწარმეტყველი საიუბილეო თარიღების აღნიშვნის დისლოკაციის ადგილის პროგნოზირებით დაკავდებოდა, ის მხოლოდ გლობალურ საკითხებს უთმობს ყურადღებას... არ შევმცდარვარ, გადავამოწმე, ქალბატონი ლელას კედელიც დავათვალიერე, თუმცა მსგავსი არაფერი მინახავს... დღევანდელი გადასახედიდან კი ნათელია, ხუმრობა რეალობად იქცა... მკითხველი ბრძანებს, მეგობარი შეცდა, ერთი თვით შემოიფარგლა, არადა დეკემბრის იუბილარების ბედს იანვარში დაბადებულებიც გაიზიარებენო და მართალიც იქნება. სიტყვა გამიგრძელდა, დროა, ყურადღება მთავარი სათქმელისკენ მივაპყრო... მადლობა მეგობარს, უწყინარმა ხუმრობამ წინამდებარე სტატიაზე მუშაობის სტიმული მომცა...

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ საქართველოში უკვე მოქმედი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, გამონაკლისი არც სარესტორნო ბიზნესია. კერძოდ, მრავალპუნქტიან დოკუმენტში ვკითხულობთ: „რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. Takeaway, „დელივერი“ და „დრაივი“...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას მყისიერად მოჰყვა სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენელთა განცხადებები. რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის შოთა ბურჯანაძის შეფასებით, რესტორნების მუშაობის შეზღუდვის გადაწყვეტილება მათთვის შოკისმომგვრელი იყო. შეზღუდვის შედეგად კი მეოთხედ მილიონამდე ადამიანი, რომელიც ამ სექტორში მუშაობს უმუშევარი დარჩება...

„შეხვედრების დროს ჩვენ მთავრობას ვთავაზობდით, ოქროს შუალედი მოგვენახა. ჩვენი შეთავაზება იყო, რომ უკვე არსებული რეგულაციების მკაცრი კონტროლი მომხდარიყო და ვინც არღვევდა მოთხოვნებს, მკაცრად ეგო პასუხი, მაგრამ მთავრობამ სრული „ლოქდაუნის“ გადაწყვეტილება მიიღო. შეხვედრისას ასეთი ვერსია არც კი განიხილებოდა...“, − განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

რესტორატორთა ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ რესტორნების 90 პროცენტი ვეღარ გაიხსნება და სამუდამოდ დაიხურება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია 11.000 რესტორანი, მათ შორის 40 პროცენტი − თბილისში და 60 პროცენტი კი − დედაქალაქის ფარგლებს გარეთ. „თბილისსა და დიდ ქალაქებში რამოდენიმე რესტორანი ფუნქციონირებს, დანარჩენი გაჩერებულია. დღე არ გადის ისე, რომ რესტორნების დახურვის შესახებ ინფორმაცია არ გავიგოთ. ამ შეზღუდვების შედეგად, მარტში რესტორნების სასაფლაოს  მივიღებთ...“, - აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი კოტე გაბრიჩიძე, რომელიც დასძენს, რომ „ლოქდაუნს“ შედეგი არც წინა შემთხვევაში გამოუღია, გარდა იმისა რომ ბიზნესს პრაქტიკულად გადაულახავი პრობლემები შეუქმნა. კოტე გაბრიჩიძის თქმით, მთავრობის მიერ დაანონსებული სუბსიდირების პაკეტი კარგია, მაგრამ ფაქტიურად განადგურების პირას მყოფი

ბიზნესისთვის სახელმწიფოსგან საპროცენტო განაკვეთების სუბსიდირება დიდი შეღავათი ვერ იქნება.

„მესმის, ამ „ლოქდაუნებით“ შედეგი მივიღოთ, მაგრამ არამარტო სარესტორნო ბიზნესი, არამედ ქვეყნის ეკონომიკა გავანადგურეთ, ხოლო ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესება ვერც ერთხელ ვერ მივიღეთ. ამჯერად საუბარია რესტორნების ე.წ. დელივერი სერვისით მუშაობაზე. პროდუქცია უნდა დამზადდეს და მომხმარებლამდე მივიდეს, მაგრამ ეს პროდუქცია ვინ უნდა დაამზადოს, თანამშრომელი როგორ უნდა მივიდეს სამსახურში და მერე უკან სახლში როგორ უნდა დაბრუნდეს, ამაზე არავინ ფიქრობს...“, − აცხადებს კოტე გაბრიჩიძე.

სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენელთა პოზიციას ექსპერტ-ანალიტიკოსთა ერთი ნაწილიც იზიარებს. მათი შეფასებით, კვების ობიექტების მუშაობის შეჩერება ხელისუფლების მხრიდან არასამართლიანი გადაწყვეტილებაა რადგან, ამ სფეროში მომუშავე პერსონალი COVID-19-ის  გავრცელების ყველაზე დიდ რისკზონას არ წარმოადგენს...

„დიდი საწარმოები, მშენებლობის სექტორი და სხვა სექტორები, რომლებიც ქმნის ეკონომიკურ დიდ ნაწილს, იმათ რატომ არ აჩერებენ, იქ არ არის ვირუსის გავრცელების რისკზონა მაღალი? ცხადია, ის რომ გააჩერონ, მთელი ეკონომიკა ჩამოიშლება. არასამართლიანი მიდგომაა, რატომ ვაჩერებთ კვების ობიექტებს? საზოგადოებრივი ტრანსპრტის შეჩერება გასაგებია, ეს ვირუსის ვირუსის გავრცელების ტემპს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ეჭვი მეპარება, კვების ობიექტებისა და რესტორნების ოპერირების შეჩერება რამენაირად ამცირებდეს ვირუსის გავრცელების ტემპს. თუ რომელიმე საწარმო არის ვირუსის ტემპის გავრცელების მაღალი მატარებელი, ეს პირველ რიგში, დიდი საწარმოებია, სადაც ბევრი ადამიანი ერთდროულად მუშაობს...“, – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა აკაკი ცომაიამ.

მისი შეფასებით, არსებული რეგულაციები ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება, გამოიწვევს ეკონომიკის ვარდნას, ვინაიდან საზოგადოების გარკვეული ნაწილი უმუშევარი დარჩება. ექსპერტი მიანიშნებს, რომ ზოგადად დაწესებული რეგულაციები ჯანდაცვის სისტემის გაუმართავი მუშაობის შედეგია.

„როგორ ხორციელდება მართვის პროცესი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში... სწორად მართვა ნიშნავს, საავადმყოფოებში ხვდებოდნენ ის პაციენტები, რომელთაც ჰოსპიალიზაცია სჭირდებათ. პროცესის სამართავად ხელისუფლებას ჰქონდა დრო, რომელიც მან ვერ გამოიყენა. სამწუხაროდ ამ პერდიოში ვერ ვისწავლეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს შერჩევა, ვის სჭირდება ჰისპოტალიზაცია და ვის არა, როგორ ვმართოთ ეს პროცესი. ჯანდაცვის სისტემის მართვის პროცესში არ მეგულება ადამიანები, რომლებსაც ამის გაკეთება შეუძლიათ. ეფექტური მართვა შესაძებელია, მაგრამ ჯანდაცვის სისტემა ვერ ახერხებს. ამის ფასს კი დანარჩენი საზოგადოება ვიხდით ეკონომიკური კეთილდღეობის შემცირებით...“, – განაცხადა აკაკი ცომაიამ.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შედეგად შეზღუდვების გამკაცრება და გაფართოება საქართველოს ეკონომიკაზე რომ ნეგატიურად იმოქმედებს, ამას არავინ უარყოფს. საკამათო არც ის არის, რომ ქვეყანას მძიმე ზამთარი და გაზაფხული ელის. ახლა მთავარია, რომ მკაცრად დავიცვათ რეგულაციები და მედიკოსთა რეკომენდაციები. სხვაგვარად, ალბათ ვერც თებერვალ-მარტში დაბადებულებს ექნებათ დაბადების დღის არა თუ რესტორანებში, არამედ ვიწრო წრეში გადახდის ხალისი... და ბოლოს, არ დავივიწყოთ, ადამიანის მრავალ უფლებათა შორის, მთავარი სიცოცხლის უფლებაა... სხვა ყველაფერი მოიცდის!..

 

25
ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე

ჯანეტ ქერდიყოშვილი დაბადების დღეზე სტუმრების გარეშე დარჩა - ვიდეო

0
(განახლებულია 15:41 30.11.2020)
ჯანეტ ქერდიყოშვილმა საკუთარი იუბილეზე სტუმრებისთვის დიდი სუფრა გააწყო, გაემზადა დასახვედრად და ყველაფერი მოულოდნელად დასრულდა

მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი 29 ნოემბერს 29 წლის გახდა. პროდიუსერ ნოე სულაბერიძის მეუღლე ამ დღისთვის მთელი დღე ემზადებოდა, სტუმრებისთვის საკუთარი დიზაინით სუფრაც გააწყო და „ინსტაგრამის“ „სთორიში“ სოციალური ქსელის მომხმარებლებს გაუზიარა როგორ ემზადებოდა მათ დასახვედრად.

მოგვიანებით, ნოე სულაბერიძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სუფრას მხოლოდ ის და ჯანეტი არია შემომსხდარნი, სტუმრებისთვის განკუთვნილი ადგილები კი რბილი სათამაშოებით შეავსეს და ასე აღნიშნეს ჯანეტის „ოქროს დაბადების დღე“.

როგორც ჩანს, პანდემიიდან გამომდინარე, წყვილმა მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, სტუმრების დაპატიჟებაზე უარი თქვა, ან პირიქით, სტუმრებმა შეიკავეს თავი და მილოცვა ვირტუალურად გადაწყვიტეს.

View this post on Instagram

A post shared by @itsmyworld_____

ჯანეტი თვალწარმტაცი გარეგნობითა და დახვეწილი მანერებით გამოირჩევა. ახალგაზრდა მოდელი და ახალბედა დედა განსაკუთრებულად საინტერესოდ ფეხმძიმობის პერიოდში გამოიყურებოდა. ჯანეტს უყვარს ფერთა გამებით თამაში. სწორედ ამიტომ, ორსულობისას საკუთარი ატელიე დააარსა, სადაც ქალბატონებს დახვეწილ სამოსს სთავაზობს.

იტალიაში ერთ-ერთ წამყვან დიზაინერების სკოლაში ჭრა-კერვის გარდა, სტილის შეგრძნებაც შეისწავლა. საქართველოში დაბრუნებულ მოდელს ახალი შესაძლებლობები მეორე ნახევარმა ჩაუგდო ხელთ. მოდელი ტელეწამყვან ნოე სულაბერიძეზეა დაოჯახებული.

ჯანეტი და ნოე ერთობლივად და ცალ-ცალკე დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ცნობილი პროდიუსერი და რეიტინგული გადაცემის ავტორი, უმშვენიერესი მოდელი და დიზაინერი ჯანეტ ქერდიყოშვილი შეუდარებლად გამოიყურებიან. მათი სიყვარულის ისტორია სწრაფად განვითარდა და გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილს ქალიშვილი 28 იანვარს გაუჩნდა.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება