თბილისი

ვისი რამდენი გვმართებს და რატომ?

1149
(განახლებულია 20:08 19.11.2020)
საქართველოს სახელმწიფოს საგარეო ვალი იზრდება. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და კრედიტორი სახელმწიფოების მიმართ საკრედიტო ვალდებულებამ 6 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. რატომ და რაში იხარჯება ასეულობით მილიონი დოლარი?

სამსონ ხონელი

პატივცემულ მკითხველს, იმედია, მოეხსენება, საქართველოს საგარეო ვალი წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა ბოლო პერიოდში საგარეო საკრედიტო ვალდებულებების ზრდა უკვე არა წლებით, არამედ თვეებით იზომება. გამონაკლისი არც ღვინობისთვე იყო და გიორგობისთვეს საქართველო დამატებით 230 მილიონი დოლარით გაზრდილი საგარეო ვალით შეხვდა. როგორც ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ირკვევა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის საგარეო ვალი კიდევ 1,571 მილიარდი დოლარით გაიზარდა და ახლა 6,991 მილიარდ დოლარს შეადგენს. კი, მაგრამ რატომ, ანდა რაში იხარჯება მილიარდობითი დოლარი? − სავარაუდოდ, დაინტერესდება მკითხველი და წინამდებარე სტატიას სწორედ ამ საკითხზე მსჯელობას დავუთმობ.

არახალია, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და ცალკეული სახელმწიფოებისგან მოზიდული საკრედიტო რესურსების უდიდესი ნაწილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ხმარდება, რაც მიზნად ისახავს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციისა და ტურისტული პოტენციალის განვითარებას. საკამათო არ არის, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის საშუალო ტემპი საშუალებას არ იძლევა, რომ ასეულობით დოლარის ღირებულების პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტმა დააფინანსოს. ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებით, საგარეო ვალი ძირითადად ეკონომიკის სექტორული, ანუ ცალკეული დარგების ინსტიტუციონალური და ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის იხარჯება. მათი თქმით, ამ მიზნით საკრედიტო ვალდებულებების ზრდა გამართლებულია, მაგრამ საგარეო კრედიტების მოცულობა არ უნდა გადასცდეს კანონით დადგენილ მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტის ნიშნულს. არადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, დღევანდელი მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი უკვე მთლიანი შიდა პროდუქტის 58.6 პროცენტს შეადგენს.

მოგეხსენებათ, COVID-19-ის პანდემიამ სამყაროს დღის წესრიგი შეცვალა. გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა. გლობალური კრიზისის შედეგად მცირე ეკონომიკა კიდევ უფრო დასუსტდა. ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული მასშტაბური თუ წერტილოვანი შეზღუდვების გამო მცირე და საშუალო ბიზნესი ფაქტობრივად გაჩერდა და ათასობით მოქალაქემ შემოსავალი დაკარგა. შექმნილ ვითარებაში მთავრობა იძულებული გახდა უცხოელი კრედიტორებისგან მიმდინარე წლის განმავლობაში მოზიდული ასეულობით მილიონი დოლარი სოციალური რისკების დასაზღვევად და ეკონომიკური შოკის გავლენების შესამცირებლად წარემართა.

საქართველოში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე მთავრობა მომდევნო წლებში იმაზე მეტი ვალის აღებას გეგმავს, ვიდრე პანდემიამდე პერიოდში იყო განსაზღვრული. ჯერ კიდევ მეცხრე მოწვევის პარლამენტში მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას გაირკვა, რომ მთავრობა დამატებით ორ მილიარდზე მეტი ლარის მოცულობის ახალი საგარეო ვალის აღებას გეგმავს. ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს არ დაუმალავს, რომ ახალი კრედიტების მობილიზების შედეგად საქართველოს სახელმწიფო ვალი კანონით განსაზღვრულ მშპ-ის 60%-იან ნიშნულს გადააჭარბებს. რას პროგნოზირებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი? − შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი და, რა გაეწყობა, მოგახსენებთ. როგორც ავტორიტეტული, გავლენიანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ვარაუდობს, მომავალ წელს ჩვენი სახელმწიფოს საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 62 პროცენტი იქნება...  

ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებით, მზარდი საკრედიტო ვალდებულება ქვეყნის ისედაც სუსტ ეკონომიკას მძიმე ტვირთად დააწვება, არსებობს მნიშვნელოვანი რისკები. კერძოდ, საქართველოს სახელმწიფო საგარეო სესხს უცხოურ ვალუტაში იღებს. შესაბამისად, ის, ისევე, როგორც მოქალაქე, რომელსაც სესხი დოლარში აქვს აღებული, სავალუტო რისკის წინაშე დგას. „ლარის გაუფასურება ამ ვალს კიდევ უფრო გაზრდის და ბიუჯეტზე და, შესაბამისად, მოსახლეობაზე წნეხი კიდევ უფრო დიდი იქნება. შემოსავალი და ეკონომიკა ლარში გვაქვს, ვალი დოლარშია და ეროვნული ვალუტის გაუფასურების მორიგი ტალღის შემთხვევაში საკრედიტო ვალდებულებების გასასტუმრებლად ბიუჯეტიდან მეტი თანხა დაიხარჯება და სოციალური და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად ნაკლები დარჩება“, − აცხადებს ანალიტიკოსი გიორგი მჟავანაძე. მისივე თქმით, როდესაც საგარეო კრედიტების მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება სწრაფად იზრდება, მაშინ ის ქვეყანა უცხოელი კრედიტორებისთვის უფრო არასანდო ხდება, ანუ ფულის სესხება შემდეგ სულ უფრო გართულდება, პირობები გაუარესდება, იგულისხმება მაღალი საკრედიტო განაკვეთი.

ამ კონტექსტში გასათვალისწინებელია, გაზრდილ საგარეო საკრედიტო ვალდებულებასთან დაკავშირებით რა პრობლემებს ხედავს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Raitings, რომელიც სწორედ საგარეო ვალის მზარდ მაჩვენებელს მიიჩნევს საქართველოს სუვერენული რეიტინგის სუსტ წერტილად. სააგენტო მთავრობას დონორებისგან მოზიდული სახსრების ნაწილის დეპოზიტებში განთავსებას ურჩევს, რაც ქვეყანას ფისკალურ ბუფერს შეუქმნის ეკონომიკის ზრდის დამატებითი სტიმულისა თუ მომავალში დაბალპროცენტიანი ახალი ვალის ასაღებად.

მნიშნვნელოვანია, როგორ გამოიყენებს სახელმწიფო საკრედიტო რესურსებს. ფაქტია, რომ სოციალური მიმართულებით პროექტები წარმატებულად განხორციელდა, თუმცა ბიზნესის მხარდასაჭერად გამიზნული სუბსიდირების, მიკროგრანტებისა და სხვადასხვა პროგრამები დაახლოებით 50 პროცენტით სრულდება. სახელმწიფომ ეს თანხები ვერ დახარჯა, ანუ ზოგი პაკეტი არაეფექტიანი აღმოჩნდა და ბიზნესმა არ ან ვერ ისარგებლა. 

მაშ ასე, 6.991 მილიარდი დოლარის მოცულობის საგარეო ვალი! არის თუ არა ეს საგანგაშო? ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებით, თავისთავად ვალი არ არის კატასტროფა, ადამიანებიც და ქვეყნებიც ვალებთან ერთად ცხოვრობენ, თუმცა აქ მნიშვნელოვანი ის არის, თუ რამდენია ეს ვალი შემოსავალთან მიმართებაში. მდიდარ ქვეყნებს, გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი შემოსავალი აქვთ, მეტის გადახდა შეუძლიათ და ყოველთვიური გადასახადი, ისევე, როგორც ეს ადამიანების პირადი ვალის შემთხვევაშია, მათ ნაკლებად აწვებათ. „სახელმწიფო საგარეო ვალს იმისთვის იღებს, რომ ქვეყანა გაჭირვებიდან ამოვიდეს და უფრო გადახდისუნარიანი გახდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოება რაღაც ფორმით აკონტროლებდეს, თუ რაში იხარჯება საგარეო ვალი და ხმარდება თუ არა ის მიზანს... ასევე მოქალაქეში უნდა იყოს შეგრძნება, რომ ბიუჯეტის ფული − ეს მათი ფულია და, შესაბამისად, ბიუჯეტის ვალიც მათი ვალია, რადგან ბიუჯეტი სწორედ მათ მიერ გადახდილი გადასახადებით ფორმირდება. ასევე განცხადებები, რომ „მთავრობამ წინასაარჩევნოდ დახმარებები დაარიგა“, სწორი არ არის! არ არსებობს ეს დახმარებები, ეს ჩვენი ფულია“, − აცხადებს ანალიტიკოსი სოსო ბერიკაშვილი.

გაითვალისწინებს თუ არა ხალხი ანალიტიკოსის მოსაზრებას, დრო გვიჩვენებს, მანამდე კი გაგაცნობთ ვისი რამდენი მართებს საქართველოს სახელმწიფოს. ქვეყანას მთლიანობაში საერთაშორისო ინსტიტუტების, ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფოებისა და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვით მიღებული ვალდებულებები გააჩნია. ჩამონათვალი ძალზე ვრცელია, თუმცა თქვენს ყურადღებას რამდენიმე მონაცემზე გავამახვილებ. კრედიტორების სრულ ჩამონათვალს არსებული ვალდებულებების მითითებით თავად შეგიძლიათ გაეცნოთ „საქსტატისა“ და ეროვნული ბანკის ვებ-გვერდებზე განთავსებულ მონაცემებში.

მაშ ასე, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილ კრედიტორებს შორის 1.415 მილიარდი დოლარით აზიის განვითარების ბანკი (ADB) ლიდერობს. მეორე პოზიცია რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) უკავია − 1.073 მილიარდი დოლარით. პირველ სამეულშია მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA), რომლისაც 909.480 მილიონი დოლარი გვმართებს. ორმხრივი კრედიტორი ქვეყნებიდან კი გერმანია ლიდერობს, რომლის მიმართაც საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 2.278 მილიარდი ლარი იყო, მას მოსდევს საფრანგეთი 1.791 მილიარდი ლარით. მესამე პოზიცია კი იაპონიას უკავია − 703.817 მილიონი ლარით. კრედიტორ სახელმწიფოთა ჩამონათვალიდან სამეულს გავცდები და გეტყვით, რომ მეზობელი სახელმწიფოებისაც გვმართებს. კერძოდ: რუსეთის ფედერაციის − 139.440 მილიონი ლარი; თურქეთის – 35.426 მილიონი ლარი; სომხეთის – 19.247 მილიონი ლარი და ბოლოს აზერბაიჯანის – 18.377 მილიონი ლარი.

როგორი იქნება უახლოესი მომავლის ტენდენცია, რა მოცულობის საგარეო ვალით შეხვდება ქვეყანა მომავალ წელს, მალე ვნახავთ, თუმცა ფაქტია, დროის ამ მოკლე მონაკვეთში საგარეო საკრედიტო ვალდებულება არ შემცირდება, ის შეიძლება მხოლოდ გაიზარდოს...

 

1149
ვაშლები კალათში

საქართველოს მთავრობა არასტანდარტულ ვაშლს დაასუბსიდირებს

27
(განახლებულია 20:11 26.07.2021)
„არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის" მიზანია სრულად მოხდეს ვაშლის მოსავლის რეალიზაცია და ფერმერებმა მიიღონ შემოსავალი.

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამას განახორციელებს, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიიტრო.

პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2021 წლის 15 დეკემბრამდე მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან.

სოფლის განვითარების სააგენტო კი 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდება.

„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა გასულ წელსაც მოქმედებდა. ამ პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამამუშავებელმა საწარმოებმა შარშან 50 ათას ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. შედეგად – ფერმერებმა 11 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.

27
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ტრაქტორები

სახელმწოფო ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვაში დაეხმარება

35
(განახლებულია 15:45 26.07.2021)
სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის პროგრამის ღირებულება 50 მილიონი ლარია. პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს.

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამის განხორციელებას იწყებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

„ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას ვიწყებთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ეს არის ჩვენ მიერ დაანონსებული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას. ეს არის საგრანტო პროგრამა, რომლის ღირებულება შეადგენს 50 მილიონ ლარს",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მექანიზაციის თანადაფინანსება სოფლის მეურნეობის განვითარების 10-წლიანი პროგრამის ფარგლებში მოხდება, პროგრამაზე განაცხადების მიღება კი უკვე მიმდინარე წლის სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი. ტექნიკის ღირებულების ნაწილი გრანტის სახით იქნება, ხოლო დანარჩენი ნაწილი შეღავათიანი, საკრედიტო ან სალიზინგო რესურსით დაფინანსებული.

„ჩვენ გვექნება როგორც მცირე მექანიზაციის დაფინანსების საშუალება - 20.000 ლარამდე ტექნიკის, საშუალო თანხის მექანიზაციის - ესაა 20.000 ლარიდან 100.000 ლარამდე ტექნიკა, ასევე მსხვილი ტექნიკის დაფინანსება 100.000 ლარზე მეტის ღირებულების შემთხვევაში; აქ შედის როგორც გამწევი ტექნიკა, ისე იმპლემენტები, ფაქტობრივად ყველა ის საშუალება, რომელიც ჩვენს მოსახლეობას სჭირდება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. პროგრამით დადგენილი პირობით, შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი.

თანადაფინანსების მოცულობა, ჯამურად, ერთ ბენეფიციარზე განისაზღვარა შემდეგი პირობით: იმ შემთხვევაში, თუ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება შეადგენს 20.000 ლარამდე თანხას, თანადაფინანსება შეადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 35%-ს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის 20.000 ლარიდან 100.000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში თანადაფინანსება ასევე შეადგენს ღირებულების 35%-ს, ხოლო თუ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება შეადგენს 100.000 ლარზე მეტს, თანადაფინანსება განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 30%-ით

ამავე პირობებით დაფინანსდება 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიისგან" სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, მათ შორის, კომბაინების შესყიდვა.

პროგრამის ფარგლებში განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით. პოტენციური ბენეფიციარების განაცხადების განხილვა განხორციელდება წარმოდგენილი განაცხადების რიგითობის შესაბამისად.

35
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
გიორგი ღოღობერიძე

ღოღობერიძე: როგორ უნდა მოვიქცეთ მაღალი სიცხის დროს

0
(განახლებულია 20:25 26.07.2021)
ექიმი-რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს, როგორ დავიცვათ თავი ზაფხულის მაღალი სიცხისგან და  საზოგადოებას რჩევებს აძლევს.
ღოღობერიძე: როგორ უნდა მოვიქცეთ მაღალი სიცხის დროს
„მაღალი ტემპერატურის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან ისინი, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ, ან არიან ასაკიანები. ძალიან მნიშვნელოვანია, მაღალი სიცხი დროს ბევრი სითხე მიიღოთ, ასევე მიირთვით ისეთი საკვები, რომელიც დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს, მაგალითად, კიტრი, საზამთრო, ნესვი. სასურველია ეს სასმელი არ იყოს ალკოჰოლის, კოფეინისა და შაქრის შემცველი“, - ამბობს ღოღობერიძე.

მისი რჩევით, სიცხის დროს კარგია მოვერიდოთ ფიზიკურ აქტივობას, რადგან ამ დროს მეტი სითხე ორთქლდება, ასევე, ჩავიცვათ ღია ფერის, ბამბის ტანსაცმელი.

 

0