შეეხება თუ არა შეზღუდვები ზამთრის კურორტებს: თურნავა განმარტებას აკეთებს

გამოწერა
საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო უკვე მოქმედებს ნაწილობრივი „ლოკდაუნი“ და წერტილოვანი შეზღუდვები.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ქვეყანაში ახალი წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება, თუ რა დოზით შეეხება ეს ზამთრის კურორტებს, ამ საკითხზე ჩამოყალიბებული არ ვართ, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. 

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
ლოკდაუნს ჩვენი ეკონომიკა ვერ გაუძლებს, წერტილოვანი შეზღუდვები უნდა გაფართოვდეს – იმნაძე

ბოლო ორ თვეში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4 ათასს აღწევს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი ქვეყანაში 93 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 853 ადამიანი. მიუხედავად ინფიცირების მაღალი მაჩვენებლისა, საქართველოს მთავრობა სრული „ლოკდაუნის“ გამოცხადებაზე უარს აცხადებს.

„ზამთრის კურორტი, ისევე, როგორც საზაფხულო კურორტი, დიდი მობილობის გენერატორია და ამ თვალსაზრისით ეპიდემიოლოგიურად გარკვეული კითხვები არსებობს. ამ პირობებში რამდენად შევძლებთ, რომ სრულფასოვნად ვამუშაოთ ზამთრის კურორტები, ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ გვაქვს. ქვეყანაში თუ რა დოზით, რა დონით და რა გეოგრაფიით იმოქმედებს  წერტილოვანი შეზღუდვები, აქედან გამომდინარე ვიმსჯელებთ ზამთრის კურორტებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა თურნავამ.

თურნავას განცხადებით, შექმინილი ვითარებიდან გამომდინარე, საჭიროა ეპიდემიის მართვა ისე მოხდეს, რომ მან ნაკლებად დააზარალოს ეკონომიკა და ბიზნესი. თუმცა, პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, მოსახლეობის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა, დასძინა მინისტრმა.

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო საქართველოში უკვე მოქმედებს ნაწილობრივი „ლოკდაუნი“ და წერტილოვანი შეზღუდვები. კერძოდ, 9 ნოემბრიდან ქვეყნის შვიდ დიდ ქალაქში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში აკრძალულია ქვეითად მოსიარულეებისა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება. მოქმედებს სხვა შეზღუდვებიც, მათ შორის როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობა.

საქართველოს მთის კურორტებზე ზამთრის სეზონი, ჩვეულებრივ, დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით გრძელდება ხოლმე.

გასულ სეზონზე, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის არიდების მიზნით, საქართველოს მთავრობამ მარტში ზამთრის სათხილამურო კურორტებზე სეზონის ვადაზე ადრე დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0