ელექტროსკუტერები

საქართველოში სტარტაპების თანადაფინანსების საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

30
(განახლებულია 16:02 18.11.2020)
პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ინოვაციური და კრეატიული პროექტების სტარტაპების გამოსავლენად თანადაფინანსების საგრანტო კონკურსს მეექვსედ აცხადებს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. 

საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებს ქვეყანაში სტარტაპების მხარდაჭერას. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო 2014 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეიქმნა. სააგენტოს მთავარი მიზანია ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა და ამ სფეროს ხელშეწყობა. სააგენტო ხელს უწყობს სამეწარმეო და ინოვაციური გარემოს გაუმჯობესებას.

„მნიშვნელოვანია, რომ დღეისათვის სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ხუთი რაუნდის ფარგლებში ჯამში 96 სტარტაპი დაფინანსდა. გვაქვს ძალიან წარმატებული მაგალითები, როდესაც ჩვენმა დაფინანსებულმა სტარტაპებმა „სილიკონ ველიდან“ მოიზიდეს დაფინანსება უკვე კერძო ინვესტორების მხრიდან“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ხუთი კონკურსის განმავლობაში სააგენტოში 969 განაცხადი შევიდა. მთლიანობაში დაფინანსდა 96 სტარტაპი, თითოეულმა მათგანმა 100 ათას ლარამდე ოდენობის გრანტი მიიღო. დაფინანსების საერთო მოცულობა დაახლოებით 9,4 მლნ ლარია.

კონკურსის პირობები

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კომპანიებს, რომელთა რეგისტრაციის ვადა 2 წელს არ აღემატება. კონკურსი წელიწადში ორჯერ ცხადდება და 40 კომპანია ფინანსდება. ასე რომ, ამ კონკურსზე მხარდაჭერას 20 სტარტაპი მიიღებს. 

პროექტის ბიუჯეტი 2 მლნ ლარია. თითოეულ სტარტაპერს მაქსიმუმ 100 ათასი ლარის მოთხოვნა შეუძლია. კიდევ ერთი პირობა – პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.

მონაწილეობის მსურველებმა 28 დეკემბრამდე ვებ-გვერდზე განცხადება უნდა შეავსონ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მსოფლიო ბანკის „ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის” (GENIE) მხარდაჭერით ხორციელდება.

პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა ის მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები და ცვლილებები, რაც მთავრობამ IT–ინდუსტრიისთვის შემოიღო. კერძოდ, „საერთაშორისო კომპანიის“ სტატუსის მქონე კომპანიის მოგების გადასახადი 15%-დან 5%-მდე შემცირდა.

თურნავას თქმით, ეს გლობალურ IT–კომპანიებს დაეხმარება საქართველოში უფრო მეტი წარმომადგენლობის დაფუძნებაში, რათა სფერო უფრო მეტად განვითარდეს.

30
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (830)
აბანოთუბანი

გაუძლებს თუ არა ქვეყნის ეკონომიკა ახალ შეზღუდვებს ექსპერტის მოსაზრება

27
(განახლებულია 08:46 24.11.2020)
რამდენადაც დიდი უნდა იყოს ეკონომიკის დახმარების სურვილი, პანდემიის შეკავება მკაცრი შეზღუდვების გარეშე ვერ მოხერხდება, მიაჩნია პროფესორ სოსო არჩვაძეს

 

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ზაფხულის პერიოდში მოკლევადიანი კოვიდ–შესვენების შემდეგ, როდესაც ქალაქებსა და კურორტებს ტურისტები დაუბრუნდნენ, ქვეყანა თანდათან უბრუნდება ახალი შეზღუდვების აუცილებლობის ფაზას. ამასთან,  შეზღუდვების ჩამონათვალი სულ უფრო მატულობს. 

შეზღუდვები პირდაპირპროპორციულად დაკავშირებულია ქვეყანაში გართულებულ ეპიდსიტუაციასთან, სადაც ყოველდღიურად ინფიცირების 4 ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ეპიდემიოლოგთა ნაწილი მკაცრ ლოკდაუნს მოითხოვს, სხვები აცხადებენ, რომ მკაცრ შეზღუდვებს ქვეყნის ეკონომიკა და თავად მოსახლეობა ვეღარ გაუძლებს.

ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტს, პროფესორ სოსო არჩვაძეს მიაჩნია, რომ ე.წ. მაშველი რგოლი ხანმოკლე, ორკვირიანი ლოკდაუნი იქნება.

მისი თქმით, ეკონომიკის შველა შეუძლებელია ქვეყანაში ეპიდვითარების გაუმჯობესების გარეშე. შვედეთში ეპიდემიასთან ბრძოლისთვის „ჯოგური მეთოდი“ გამოიყენეს, რომლის არსიც შემდეგია – მოკლე პერიოდში რაც უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდება კორონავირუსისგან, მით უფრო მალე დაუბრუნდება ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს. თუმცა, შვედეთი იძულებული გახდა ამ მეთოდზე უარი ეთქვა და შეზღუდვები დაეწესებინა, პარალელურად კი მოსახლეობისთვის აეხსნა რა და რისთვის წესდებოდა.

 „ვფიქრობ, ამ დღეებში შეზღუდვების დაწესების შესახებ გამოაცხადებენ. ეკონომიკური კატასტროფის შესახებ საუბარი გადაჭარბებულია. მარტ–აპრილთან შედარებით, ეკონომიკური მაჩვენებელი უმჯობესდება. მაჩვენებლები მეტყველებენ იმაზე, რომ არც ისე რთული ვითარებაა, როგორც წარმოაჩენენ. მაგალითად, გაიზარდა უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა, გაიზარდა  შრომითი მიგრანტების რაოდენობა. და ეს მაჩვენებლები მთლიანობაში არცთუ ცუდ სურათს ქმნიან. ვფიქრობ, ორკვირიანი ლოკდაუნი ეკონომიკაზე დიდ დარტყმას ვერ მოახდენს...საჭიროა შემზღუდავი ზომების გატარება, რათა ორგანიზმმა მთლიანობაში ჯანმრთელობა და ფუნქციონირების უნარი შეინარჩუნოს“, – განაცხადა არჩვაძემ.

მისი განმარტებით, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ თითოეული კოვიდ–პაციენტის მკურნალობა სახელმწიფოს არცთუ იაფი უჯდება. თითქოსდა ეკონომიკური შეზღუდვები დაწესებული არ არის, ეკონომიკაზე კი ეს ძლიერ მოქმედებს. 

პანდემიასთან ბრძოლას სახელმწიფო საზოგადოების  გარეშე ვერ შეძლებს, დარწმუნებულია პროფესორი.

არჩვაძის სიტყვებით, საჭიროა თითოეულმა ადამიანმა გააცნობიეროს თუ რამდენად საშიშია უხილავი მტერი. აუცილებელია პანდემიის პერიოდში ელემენტარული წესების დაცვა და თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან თავის არიდება.

ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს წინაშე რთული ამოცანა დგას – ან სამედიცინო სექტორის შველა, ან ეკონომიკისთვის განვითარების შესაძლებლობის მიცემა. თუმცა, პირველის კოორდინირებული მუშაობის გარეშე მეორის შველა არ გამოვა.

კოვიდ–კრიზისის პერიოდში გაიზარდა უმუშევართა რიცხვი. თეატრების, კინოთეატრების, საბავშვო გასართობი ცენტრების დაკეტვამ ფინანსურად შეჭირვებულთა რიგები შეავსო. თუმცა, ის ფაქტი, რომ მთავრობა ზამთრის პერიოდში კომუნალური მომსახურების ხარჯებს დაფარავს, მოსახლეობისთვის არცთუ მცირე მხარდაჭერაა.

 „ყველად უნდა გადავიტანოთ ეს დრო“, – განაცხადა არჩვაძემ.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ყველა ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული ადამიანებს შორის კონტაქტების შეზღუდვაზე, რამდენადაც სწორედ არასაკმარისმა ეფექტურმა ზომებმა გამოიწვია ინფიცირებულთა უმართავი ზრდა. ეპიდვითარების კონტროლის გარეშე კი ეკონომიკის აყვავებაზე საუბარი შეუძლებელია, დარწმუნებულია პროფესორი.

27
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (830)
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 24 ნოემბერს

23
(განახლებულია 08:45 24.11.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0125 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,3073GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0125 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურსი 24 ნოემბერს
23
თემები:
ლარის კურსი დღეს
აქცია

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

23
(განახლებულია 11:03 24.11.2020)
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 92.215 ადამიანი, გარდაიცვალა – 1.051, კარანტინის რეჟიმშია 2.102, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.192 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.739 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.128-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 111.818-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 92.215 ადამიანი, გარდაიცვალა – 1.051, კარანტინის რეჟიმშია 2.102, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.192 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.739 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

23
თემები:
COVID-19 საქართველოში