თბილისი

სახელმწიფო სასტუმროების მეპატრონეებს სესხების დაფარვაში კიდევ ერთხელ დაეხმარება

63
(განახლებულია 13:23 16.11.2020)
პროგრამის მიზანია დაეხმაროს საოჯახო, მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებს კომერციული ბანკების წინაშე ფინანსური ტვირთის შემსუბუქებასა და ბაზარზე ოპერირების გაგრძელებაში.

თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმროების საბანკო სესხების თანადაფინანსების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაწყებულია, იუწყება სააგენტო „აწარმოე საქართველოში“

ტურისტული სექტორი, რომელშიც დაახლოებით 150 ათასი ადამიანია დასაქმებული, კორონავირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა, ამიტომაც ტურიზმთან დაკავშირებული დარგების დახმარება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია. სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „თანადაფინანსების მექანიზმი საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“ ფარგლებში განაცხადების მეოთხე ნაკადის მიღება დაიწყო.

პროგრამის მიზანია დაეხმაროს საოჯახო, მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებს კომერციული ბანკების წინაშე ფინანსური ტვირთის შემსუბუქებასა და ბაზარზე ოპერირების გაგრძელებაში.

თანადაფინანსების პირობები

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეებს წლის განმავლობაში სესხზე დარიცხულ პროცენტებს დაუფარავს.

კერძოდ, მოხდება სესხზე დარიცხული წლიური სარგებლის თანადაფინანსება, რომელიც დათვლილია 2020 წლის 1 მარტიდან მისი სესხის ძირის ნაშთზე მომდევნო 12 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის შესაბამისად.

თანადაფინანსების თანხის ნახევრის მიღება შეუძლიათ იმ მეწარმეებს, რომლებსაც ერთხელ უკვე დაერიცხათ 6 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირების თანხა. 

თანადაფინანსების თანხის გამოყენება შესაძლებელია როგორც აღნიშნულ სესხზე 2020 წლის 1 მარტიდან დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდისთვის, ისე 1 მარტამდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დასაფარად.

სააგენტო მხრიდან თანადაფინანსება ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში 80%-ით, უცხოურ ვალუტაში სესხის შემთხვევაში კი 70%-ით მოხდება.

თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში სესხის მაქსიმალური მოცულობა უნდა შეადგენდეს ეროვნულ ვალუტაში გაცემულ 5 მლნ ლარს. რაც შეეხება უცხოურ ვალუტას, სესხის ოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს 1,75 მლნ დოლარს და 1,65 მლნ ევროს.

მოცემული შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ იმ მეწარმეებს, რომლებმაც ბანკებში სესხები სასტუმროების მშენებლობის, ბიზნესის გაფართოების, განახლებისა და გარემონტების, რეკონსტრუქციისა და სასტუმროსთვის უძრავი ქონების შესყიდვის მიზნით 2020 წლის 1 მარტამდე აიღეს, იმ პირობით, რომ სასტუმრო მინიმუმ 4 ნომრისგან შედგება. 

პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭიროა სააგენტოს ვებ-გვერდზე 13–22 ნოემბრის პერიოდში განაცხადის შევსება.

განაცხადის წარდგენის მომენტისთვის პროგრამაში მონაწილე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული უნდა იყოს ინდივიდუალურ მეწარმედ ან იურიდიულ პირად.

სახელმწიფოს დახმარებით ვერ ისარგებლებენ ის მეწარმეები, რომელთა საბანკო სესხები 2020 წლის 1 იანვრამდე პერიოდში პრობლემურ კატეგორიას მიეკუთვნებოდა მხარეებს შორის შეთანხმებისა და ბანკის შიდა პროცედურების შესაბამისად.

თანადაფინანსებას ასევე ვერ მიიღებენ ის მეწარმეები, თუ ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ ერთხელ უკვე განხორციელდა 12 კალენდარული თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირების თანხის ჩარიცხვა.

63
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (838)
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 28 ნოემბერს

67
(განახლებულია 08:44 28.11.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0027 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,3164 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0027 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 28 ნოემბერს
ლარის კურსი 28 ნოემბერს
67
თემები:
ლარის კურსი დღეს
რესტორნები და კაფეები

რას აცხადებენ საქართველოს ბიზნეს–ასოციაციაში ახალი ლოკდაუნის შესახებ

60
ასოციაცია სამწუხაროდ ფაქტად მიიჩნევს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების შეჩერება მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე ვერ მოხერხდა

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. მიუხედავად მაღალი ფასისა, რომლის გადახდაც მოუწევს მოქალაქეებსა და მეწარმეებს დამატებითი შეზღუდვების ამოქმედების გამო, ქვეყნის თითოეული მოქალაქის სიცოცხლე ყველაზე ძვირფასი და უმაღლესი ფასეულობაა, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს–ასოციაციის (BAG) განცხადებაში.

სავაჭრო ცენტრების გახსნის საკითხი, შესაძლოა, გადაიხედოს>>

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, საქართველოს მთავრობამ ხუთშაბათს კორონავირუსთან ბრძოლის ორთვიანი გეგმა დაამტკიცა. 28 ნოემბრიდან საქართველოს რვა დიდ ქალაქში შეჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. მთელ ქვეყანაში აიკრძალა სპორტდარბაზებისა და საცუარაო აუზების ფუნქციონირება, რესტორნები მხოლოდ მიტანის სერვისით იმუშავებენ, დაიკეტება სავაჭრო ცენტრები, გარდა პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზიებისა.

 „ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის სიცოცხლე ყველაზე ძვირფასი და უმაღლესი ფასეულობაა, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას მიუხედავად იმ მაღალი ფასისა, რომლის გადახდაც ყველას, ბიზნეს სუბიექტსა თუ რიგით მოქალაქეს ერთობლივად  მოგვიწევს... ბუნებრივია, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დამატებითი შეზღუდვები ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს ბიზნეს ოპერატორების საქმიანობაზე და შესაბამისად ეკონომიკაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასოციაცია, როგორც ასობით ბიზნეს–ოპერატორის ინტერესების დამცველი ყველაზე მსხვილი გაერთიანება, სამწუხაროდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ კორონავირუსის გავრცელების შეკავება მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე ვერ მოხერხდა.

რა შეიძლება და რა - არა? მთავრობა განმარტავს, როგორ იმოქმედებს ახალი შეზღუდვები>>

ორგანიზაციაში მიესალმებიან იმ ფაქტს, რომეკონომიკური სტიმულირების სამთავრობო პაკეტში გათვალისწინებულია BAG–ის წინადადებები. კერძოდ, 750 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადისგან სრულად გათავისუფლება, 1500 ლარამდე არსებულ ხელფასებზე საშემოსავლო გადასახადისგან ბიზნესის ნაწილობრივ განთავისუფლების პროგრამის დამატებით 6 თვით გაგრძელება, ასევე ტურიზმისა და მომსახურების სექტორში მოქმედი ბიზნეს–ოპერატორებისთვის გადავადებული 4 თვის საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა. 

მიუხედავად იმისა, რომ ახალი შეზღუდვები მხოლოდ გარკვეულ სფეროებს ეხება, საშემოსავლო გადასახადზე შეღავათებით სარგებლობას ყველა კომპანია შეძლებს.

ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ გლობალური პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ქართველი ბიზნესმენების ძირითადი ამოცანაა კომპანიების გადარჩენა და სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნება.

BAG–ის განცხადებით, ასოციაციის მთავრობისადმი შეთავაზებული წინადადებები ემსახურება სამუშაო ადგილების მასიმალურ შენარჩუნებასა და პოსტ-პანდემიურ ფაზაში ეკონომიკის დროული აღდგენისთვის ბიზნესის მზადყოფნის უზრუნველყოფას.

ორგანიზაციაში სტიმულირების ახალ პაკეტს ბიზნესისთვის აუცილებელ მინიმუმად მიიჩნევენ, რომელიც შეიძლება ბოლომდე ვერ ითვალისწინებდეს მის საჭიროებებს.

საქართველოს ბიზნეს–ასოციაცია აქტიურად დააკვირდება შეზღუდვების ახალი გეგმის მიმდინარეობას და ასოციაციის წევრი კომპანიების მოსაზრებების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, წარმოადგენს დამატებით წინადადებებს, რომლებიც შეიძლება გულისხმობდნენ მხარდაჭერისა და სტიმულირების ახალ მექანიზმებსაც.

ვიცე-პრემიერი: სამსახურდაკარგულთათვის კომპენსაციების გაცემა ბიზნესზეა დამოკიდებული>>

ბიზნესის დახმარება კორონავირუსის მეორე ტალღის დროს

ბიზნესის მხარდაჭერისთვის 515 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

საშემოსავლო გადასახადის შეღავათი – 1,5 ათას ლარამდე ხელფასის მქონე პირები 750 ლარამდე თანხის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან 2021 წლის დეკემბერი–მაისის პერიოდში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა 33 ათასი კომპანია და 425 ათასი დასაქმებულია. ბიუჯეტი – 260 მლნ ლარი. 

ქონების გადასახადის შეღავათი ტურიზმის სექტორისთვის – სასტუმროები, რესტორნები 2021 წელს გათავისუფლდებიან ქონების გადასახადისგან. ბიუჯეტი – 45 მლნ ლარი.

2020 წლის 4 თვის გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა – განხორციელდება ტურიზმის სექტორში (სასტუმროები, რესტორნები და მსგავს საქმიანობაში ჩართული კომპანიები) 2020 წლის 1დეკემბრამდე გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა. ბიუჯეტი – 20 მლნ ლარი;

გაგრძელდება სასტუმროების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება, ასევე ამოქმედდება რესტორნების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა – 3,7 ათასი კომპანია. 

გაგრძელდება მიკროგრანტების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ათასობით ახალი ბიზნეს-პროექტი დაფინანსდება. ბიუჯეტი – 40 მლნ ლარი.

გახარია: თვითდასაქმებულებისთვის 300-ლარიან დახმარებას ვაწესებთ>>

საკრედიტო-საგარანტიო ფონდი – 2021 წელს აქტიურად გაგრძელდება საკრედიტო-საგარანტიო ფონდის მუშაობა, რომელიც დაეხმარება კერძო სექტორს როგორც არსებული სესხების რესტრუქტურიზაციაში, ასევე ახალი სახსრების მოზიდვაში. ბიუჯეტი – 100 მლნ ლარი.

საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა ექნებათ იმ კომპანიებს, რომლებსაც შეეზღუდებათ საქმიანობა დეკემბერი-იანვრის პერიოდში.

60
თემები:
COVID-19 საქართველოში
არმენ სარქისიანი

სომხეთის პრეზიდენტი რუსეთში კერძო ვიზიტით იმყოფება

0
პრეზიდენტი მოსკოვში გეგმავს მთიანი ყარაბაღის გარშემო მიმდინარე პროცესებისა და სომხეთში არსებული ვითარების განხილვას დიასპორის წარმომადგენლებთან

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი რუსეთში კერძო ვიზიტით გაემგზავრა, იუწყება Sputnik-სომხეთი.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, იგი სომხური თემის წარმომადგენლებთან გამართავს დისკუსიებს მთიანი ყარაბაღსა და სომხეთში არსებული სიტუაციის ირგვლივ, ასევე შეხვდება დიასპორის წარმომადგენლებს.

ვითარება მთიან ყარაბაღში

სექტემბრის ბოლოს მთიან ყარაბაღში დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი, რომელშიც სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი დაადანაშაულეს. რუსეთის შუამავლობით მხარეები 2020 წლის 10 ნოემბრიდან ცეცხლისა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ხელშეკრულების მიხედვით, აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან და ამასთან მიმდინარეობს ტყვეთა გაცვლა. ნოემბერ–დეკემბერში სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა გადასცეს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიების დიდი ნაწილი. ამ დროისათვის ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები შედიან, რომლებიც მხარეთა გამყოფ ხაზზე და იმ დერეფნის გასწვრივ განლაგდებიან, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს.

0
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020