ღვინო

აშშ-ში ონლაინ–ფორმატში ქართული ღვინის ფორუმი გაიმართა

35
(განახლებულია 22:57 12.11.2020)
მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, აშშ-ში ექსპორტირებულია 804 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 33%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. აშშ-ში ქართული ღვინის რიგით მესამე ფორუმი გლობალური პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების გამო ონლაინ–ფორმატში ჩატარდა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო. 

ქართული ღვინის ფორუმი ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკა–საქართველოს ბიზნეს–საბჭოს ინიციატივით გაიმართა. პირველ ფორუმს 2018 წელს ვაშინგტონმა, ხოლო გასულ წელს ბოსტონმა უმასპინძლა. მიმდინარე წელს ფორუმის გამართვა აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ დევისში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მეღვინეობის უნივერსიტეტის ბაზაზე, რობერტ მონდავის ცენტრში იგეგმებოდა. თუმცა, პანდემიის გამო მისი ჩატარება ონლაინ–ფორმატში გადაწყდა. 

ფორუმი, ტრადიციულად, მოიცავს სამეცნიერო კონფერენციას, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერ-მკვლევარების მიერ ხდება ქართული ვაზის კულტურასა და ისტორიასთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევების გაცნობა-განხილვა.

ფორუმი ქართული ღვინის 8000-წლიანი ისტორიისა და ღვინის დაყენების უნიკალურ კულტურას მიეძღვნა, რომლის მონაწილეებმაც განიხილეს საქართველოს მეღვინეობის ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობა, დარგის წვლილი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, მისი პოტენციალი და პერსპექტივები და ა.შ. 

ვებინარში მონაწილეობდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ამერიკა–საქართველოს ბიზნეს–საბჭოს პრეზიდენტი მამუკა წერეთელი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ქართული ვაზისა და კულტურის კვლევის სამეცნიერო პროგრამის კოორდინატორი დავით მაღრაძე, ექსპერტი თორნიკე კორძაია, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, მათ შორის, პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის პროფესორი პატრიკ მაკგოვერნი (Patrick Edward McGovern).

„ფორუმის ფარგლებში იმართება ქართული ღვინის წარდგენა–დეგუსტაცია პროფესიონალებისა და სავაჭრო სფეროების წარმომადგენლებისთვის. მიმდინარე წელს ქართული ღვინის წარდგენა ონლაინ მოხდება, რომელშიც 50-მდე ღვინის პროფესიონალი დისტანციურად იქნება ჩართული“, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

უწყების ცნობით, აშშ ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის წარდგენა სხვადასხვა ფორმით მთელი წლის განმავლობაში ხდებოდა.

მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, აშშ-ში ექსპორტირებულია 804 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 33%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

35
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (93)
დოლარები

საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვებიდან დოლარების გაყიდვას განაგრძობს

41
(განახლებულია 21:58 25.11.2020)
ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე გამოიტანა 50 მილიონი დოლარი, თუმცა მოთხოვნილება ვალუტაზე ნაკლები იყო შეთავაზებაზე და მხოლოდ 46,5 მილიონი დოლარი გაიყიდა

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ჩაატარა მორიგი სავალუტო აუქციონი, რომელზეც ლარის კურსმა დოლარის მიმართ შეადგინა 3,3132 GEL/$1.

ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე გამოიტანა 50 მილიონი დოლარი, თუმცა მოთხოვნილება ვალუტაზე ჩამოუვარდებოდა შეთავაზებას და მხოლოდ 46,5 მილიონი დოლარი გაიყიდა.

სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით გაზაფხულიდან მოყოლებული ეროვნულმა ბანკმა უკვე 24 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც ჯამში 823,4 მილიონი დოლარი გაყიდა. ლარის ანტირეკორდი 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტის კურსი დაეცა ნიშნულამდე 3,4842 GEL/$1.

26 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა ნიშნულზე 3.3138 GEL/$1.

როგორც ამას წინათ ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, ის გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებსა და სააღრიცხვო განაკვეთებს.

სავალუტო აუქციონებთან ერთად ეროვნული ბანკი ზედმეტი რყევების შესამცირებლად ყოველდღიურად იყენებს ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც გაცვლითი კურსის რყევა დღის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ნიშნულს ასცდება, ეროვნული ბანკი გარკვეულ თანხაზე უცხოური ვალუტით ვაჭრობაში მონაწილეობს.

გარდა ამისა, წელს ეროვნული ბანკი ინტერვენციისთვის იყენებს ვალუტას, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იღებს.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 1 ოქტომბრიდან ქართული სავალუტო ბაზარი Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.

41
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ქართული ღვინო

საქართველოდან ნიდერლანდებში მარნის ღვინის ნიმუშები გაგზავნეს

35
(განახლებულია 20:36 25.11.2020)
მცირე მარნებს პოტენციური იმპორტიორებისთვის ნიმუშების მიწოდებაში და დეგუსტაციების ორგანიზებაში ღვინის ეროვნული სააგენტო დაეხმარა.

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქართველოდან ნიდერლანდებში 9 მცირე მარნის ღვინის 47 ნიმუში გაიგზავნა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

მცირე მარნების მიერ წარმოებული ღვინის ტრანსპორტირება მათ მიერ მოძიებულ პოტენციურ იმპორტიორებთან ღვინის ეროვნულმა სააგენტომ COVID-19-ის პანდემიის შედეგად მიყენებული ზარალის შესამსუბუქებლად უზრუნველყო.

„აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ჰოლანდიაში გაიგზავნა 9 მცირე მარნის 47 ღვინის ნიმუში, რომელთა პრეზენტაციაც მოხდა ქართული ღვინის იმპორტიორის, ქალბატონ მანა ოტმერის ორგანიზებით ჩატარებულ დეგუსტაციებზე ნოემბრის თვეში“, – აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს გვერდზე.

უწყების ცნობით, ნიდერლანდებში ჯამში სამი პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა, რომელთაც 30-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა ევროპის ღვინის სექტორიდან.

აღსანიშნავია, რომ რთველი-2020-ის ფარგლებში კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში 280 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია. უწყების ცნობით, ღვინის საწარმოებში ყურძენი 25 ათასამდე მევენახე ფერმერმა ჩააბარა. მათი შემოსავალი 310 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. პანდემიით გამოწვეულ ვითარებაში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად სახელმწიფომ კახეთში 2020 წლის რთველის სუბსიდირება განახორციელა. რომლის პირობების შესაბამისად, მევენახე ფერმერებმა 1 კგ „რქაწითელისა“ და 1 კგ „კახური მწვანეს“ სანაცვლოდ მინიმუმ 80 თეთრი მიიღეს.

35
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (93)
სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილმა გაეროს უამბო, რა კეთდება საქართველოში ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის კუთხით

0
ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეულში შედის

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ოჯახში ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ გაეროს ოფიციალურ ონლაინ-ღონისძიებაზე.

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები ამ თარიღს 1981 წლიდან აღნიშნავენ. ამ დღეს 1960 წელს დომინიკას რესპუბლიკის ლიდერის, რაფაელ ტრუხილიოს ბრძანებით სასტიკად მოკლეს სამი და მირაბალები, რომლებიც რესპუბლიკის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეები იყვნენ. 1999 წლის 17 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისთვის ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

„ოჯახში ძალადობის პრევენცია და რეაგირება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება. ჩვენ უზრუნველვყავით, რომ მიუხედავად COVID-19-ს მდგომაროებისა, არანაირი შეფერხება არ არის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი სერვისების მიწოდებაში (თავშესაფრები, კრიზისის ცენტრები, ცხელი ხაზები); სახელმწიფომ ძლიერი მესიჯი გაუგზავნა ქალებსა და გოგონებს, რათა ძალადობის შემთხვევაში მათ მოიძიონ დახმარება და დაუკავშირდნენ სამართალდამცავებსა და სხვა მხარდამჭერ ორგანიზაციებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ოჯახურ ტირანებზე ელექტრონული მეთვალყურეობაზე, რომელიც საქართველოში წელს შემოიღეს.

„შემაკავებელ ორდერთან ერთად, ეს მექანიზმი დამნაშავის რეალურ დროში მონიტორინგისა და მსხვერპლთან, მსხვერპლის სახლთან, სამსახურთან თუ სხვა სივრცეებში მიახლოების აკრძალვის საშუალებას იძლევა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

თავის გამოსვლაში ზურაბიშვილმა გამოხატა მადლიერება გენერალური მდივნის მიმართ განსაკუთრებული მოწოდებისთვის – „მშვიდობა შინ“ და აღნიშნა, რომ ამ საკითხში ყველა ქვეყნის თანამშრომლობა პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზაა.

ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეულში შედის. 2020 წლის ცხრა თვეში საქართველოში ოჯახური ძალადობის 4 138 შემთხვევა მოხდა. ძალადობის მსხვერპლთა ძირითადი ნაწილია 25-დან 44 წლამდე ასაკის ქალებია. წლის დაწყებიდან ოჯახში ძალადობას 19 ქალი ემსხვერპლა.

0
თემები:
ადამიანის უფლებები საქართველოში