თბილისი

როდის გამოუყოფს სსფ საქართველოს მორიგ ტრანშს

56
(განახლებულია 13:35 11.11.2020)
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის შედეგები 2020 წლის პირველ ნახევარში დამაკმაყოფილებელი იყო, განაცხადა ფონდის მისიამ.

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიამ მიაღწიეს შეთანხმებას „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულების თაობაზე, ნათქვამია ფონდის მისიის ანგარიშში.

საქართველო კორონავირუსთან ბრძოლისათვის დამატებით დახმარებას მიიღებს>>

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით მიმდინარე წლის 5 ოქტომბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს ხელისუფლებასთან ვირტუალური მოლაპარაკებები გამართა საქართველოში მიმდინარე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ (EFF) მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის მოსამზადებლად.

„მისიის დონეზე მიღწეული ეს შეთანხმება სსფ-ის ხელმძღვანელობამ და აღმასრულებელმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს. საკითხის განხილვა მოსალოდნელია 2020 წლის დეკემბერში. მეშვიდე მიმოხილვის დასრულების შემდეგ საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება დაახლოებით 112.1 მილიონი აშშ დოლარი. ჩამორიცხული მთლიანი თანხა დაახლოებით 576.4 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდება“, – ნათქვამია სსფ-ის მისიის განცხადებაში.

ვითარება საქართველოს ეკონომიკაში

სსფ-ის მისია მიიჩნევს, რომ COVID-19-ის პანდემიამ სერიოზული გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკაზე.

„შოკის შედეგად 2020 წელს მოსალოდნელია რეალური მშპ-ის 5-პროცენტიანი კლება, რაც 1 პროცენტული პუნქტით მეტია მეექვსე მიმოხილვის დროინდელ პროგნოზთან შედარებით და გამოწვეულია ეკონომიკის ჩაკეტვის უფრო უარყოფითი ეფექტით და გახანგრძლივებული შოკით“, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ინფლაცია 2020 წლის ბოლოსთვის 3,5% დონეზეა პროგნოზირებული, რამდენადაც „ლოკდაუნის“ განმავლობაში არსებული მაღალი ფასები საკვებზე მთლიანად დააკომპენსირა ინფლაციის კლებამ რიგი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ.

„საგარეო პოზიცია გაუარესებულია, რადგან ტურიზმიდან შემოსავლები, ფაქტობრივად, გაქრა. მოსალოდნელია, რომ 2020 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 9.7 პროცენტამდე გაღრმავდება, მაშინ, როცა 2019 წელს იგივე მაჩვენებელი 5.1 პროცენტი იყო“, – აღნიშნავენ მისიის წარმომადგენლები.

მიუხედავად ამისა, მათი აზრით, ფულადი გზავნილების ზრდა და იმპორტის უფრო დაბალი მოცულობა ამცირებს საქართველოს საგარეო ფინანსების საჭიროებას, ხოლო მთლიანი საგარეო რეზერვები კვლავაც კომფორტულ დონეზეა შენარჩუნებული დონორების დაფინანსების შედეგად.

„დაბალი საგადასახადო შემოსავლებისა და შოკის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გათვალისწინებული ფისკალური დახმარებების შედეგად მოსალოდნელია ფისკალური დეფიციტის ზრდა. წინასწარი მონაცემები ივნისში შიდა მოთხოვნის აღდგენის დაწყებას მიანიშნებს. კერძო სექტორის დაკრედიტების ტემპი მაღალი დარჩა, რაც ნაწილობრივ მთავრობის მიერ ლარით გაცემული იპოთეკური სესხების სუბსიდირებამაც წაახალისა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ფონდის მისიაში აცხადებენ, რომ სუსტი მოთხოვნა და ეკონომიკის გახსნის შემდეგ მიწოდების აღდგენა ბოლო პერიოდში ინფლაციაზე დადებითად აისახა.

საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერაზე მიმართული სამწლიანი პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა. 2019 წლის ბოლოს პროგრამის კიდევ ერთი წლით გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც სსფ-ის მიმდინარე პროგრამის ფარგლებში კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით მიმდინარე წლის მაისში გაზრდილი სახსრები მიიღო.

56
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (839)
პენსიონერები

მომავალი წლის პირველი იანვრიდან პენსიები იზრდება

15
2021 წლის  ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებს პენსია  20 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებს კი 25 ლარით გაეზრდებათ. 

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, რომელიც საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა, მომავალი წლის პირველი იანვრიდან პენსიების მატებაა გათვალისწინებული, იუწყება ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური.

კანონის პროექტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და პენსია განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და ის განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით.

დღეისათვის საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს 60 წლიდან, ხოლო მამაკაცებს 65 წლიდან ენიშნებათ. საქართველოში პენსიას დაახლოებით 770,3 ათასი ადამიანი იღებს.

ჯამში საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 2.6 მლნ ლარი (გაზრდილია 370 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შემოღებით;

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ ივნისის თვეში განაცხადა, რომ პენსიები საქართველოში ყოველწლიურად გაიზრდება და ნებისმიერი ეკონომიკური ზრდის ან ინფლაციის მაჩვენებლების პირობებშიც კი 70 წლამდე პენსიონერის პენსია მინიმუმ 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ – 25 ლარით მოიმატებს.

პენსიის ინდექსაციის ზრდის ეფექტი 2021 წლისათვის შეადგენს 210 მლნ ლარს, ასევე, გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივლისის თვიდან, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონრების საპენსიო გასაცემლების 30 ლარით ზრდის წლიური ეფექტი და დემოგრაფიის გათვალისწინებით საპენსიო ასაკის მოსახლეობის ზრდის ეფექტი.

პლუს 30: რამდენი პენსიონერი მიიღებს გაზრდილ პენსიას>>

პენსიების ინდექსაცია საქართველოსთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს. ფონდის ანალიტიკოსების აზრით, საბაზო სახელმწიფო პენსიის ინდექსაციის წესების შემოღება პენსიონერების რეალური შემოსავლის გაზრდას და სიბერით გამოწვეული სიღარიბის შემცირებას შეუწყობს ხელს.

15
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (839)
ვაშლი

„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა გაგრძელდა

17
(განახლებულია 11:49 01.12.2020)
წელს საქართველოში  ვაშლის უხვი მოსავალი იყო  – 120 ათას ტონაზე მეტი. მისი ძირითადი ნაწილი შიდა ქართლის რეგიონზე მოდის.

 

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერების მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით, „არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის მოქმედების ვადა 15 დეკემბრამდე გახანგრძლივდა, იუწყება სოფლის განვითარების სააგენტო. 

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

უწყების ცნობით, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე ჩაბარებულია 47 ათას ტონაზე მეტი  ვაშლი. შედეგად, ფერმერებმა 10 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.

სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან.

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში 14 კომპანიაა ჩართული.

წელს საქართველოში  ვაშლის უხვი მოსავალი იყო  – 120 ათას ტონაზე მეტი. მისი ძირითადი ნაწილი შიდა ქართლის რეგიონზე მოდის. თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიო ბაზარზე ვაშლზე ფასი დაეცა, ამიტომაც მთავრობა გარკვეულ ინტერვენციებს ახორციელებს იმ ფერმერებისა და კომპანიების მხარდასაჭერად, რომლებიც ხილის გადამუშავების სფეროში მუშაობენ.





 

17
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ადამიანები ბალონებს ჟანგბადით ავსებენ

აზერბაიჯანი საქართველოს 100 ტონა თხევად ჟანგბადს აჩუქებს

0
(განახლებულია 11:39 01.12.2020)
აზერბაიჯანულმა კომპანია Baku steel–მა, გარდა იმისა, რომ სამედიცინო ჟანგბადი სრულიად უანგაროდ გადმოსცა ქვეყანას, ასევე თავის თავზე აიღო მისი ტრანსპორტირების ხარჯები

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. აზერბაიჯანი საქართველოს 100 ტონა თხევად სამედიცინო ჟანგბადს უსასყიდლოდ გადმოსცემს, იუწყება საქართველოს საელჩო აზერბაიჯანში.

კოვიდ-სასტუმროებს ჟანგბადის კონცენტრატორები გადაეცათ>>

„საქართველოს საელჩომ აზერბაიჯანში განახორციელა შესაბამისი სამუშაოები და ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების დახმარებით, ოპერატიულ რეჟიმში მოხერხდა შესაბამისი რაოდენობის თხევადი სამედიცინო ჟანგბადის მარაგების მოძიება“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საელჩო მადლობას უხდის აზერბაიჯანულ კომპანია Baku steel–ს, რომელმაც უანგაროდ გამოყო საჭირო რაოდენობის სამედიცინო ჟანგბადი. ეს კომპანია ასევე საკუთარ თავზე აიღებს ტვირთის ტრანსპორტირების ყველა ხარჯს.

უფრო ადრე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჟანგბადთან დაკავშირებული პრობლემა ამოწურულია.

ჟანგბადის კონცენტრატორი არის აპარატი, რომელიც ატმოსფეროდან ჟანგბადის მოლეკულებს გამოყოფს, ახდენს მის კონცენტრაციას და ნაკადის სახით სუფთა ჟანგბადს გადასცემს. მას იყენებენ ჟანგბადის თერაპიის დროს, როდესაც პაციენტს ჟანგბადი მაღალი კონცენტრაციით მიეწოდება.

ტიკარაძის თქმით, ჟანგბადის კონცენტრატორი უკვე დამონტაჟებულია რუხის კლინიკაში. მას ასევე დააყენებენ ბათუმისა და თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოებში.

რაც შეეხება დანარჩენ კლინიკებს, ისინი ჟანგბადის კონცენტრატორებს აუცილებლობის შემთხვევაში მიიღებენ.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში