სამხრეთ კორეა. სეული

საქართველო და სამხრეთ კორეა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებენ

61
(განახლებულია 13:27 10.11.2020)
საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის საგარეო ბრუნვამ 2019 წელს 77,8 მლნ დოლარი შეადგინა, მაგრამ ქვეყნებს შორის აუთვისებელი სავაჭრო პოტენციალი არსებობს.

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. საქართველო და კორეის რესპუბლიკა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით მიზანშეწონილობის კვლევის დაწყებას გეგმავენ, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

გადაწყვეტილება წინასწარი კონსულტაციების მსვლელობისას მიიღეს, რომელსაც ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო კორეის მხრიდან - ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ჟანგ ჰუი კიმი.

კონსულტაციები ასევე შეეხო მოლაპარაკებების პროცესს თავისუფალ ვაჭრობაზე და საპროცედურო ნაწილზე. კორეის კანონმდებლობით, ასეთი კონსულტაციების გამართვა მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმების მიღწევის გზაზე პირველ ნაბიჯს წარმოადგენს.

კონსულტაციების დროს აღინიშნა, რომ კორეა საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ამავე დროს არსებობს აუთვისებელი სავაჭრო პოტენციალი, რომელიც, მხარეების აზრით, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის პირობებში მეტად იქნება გამოყენებული.

კორეას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 16 შეთანხმება აქვს გაფორმებული მსოფლიოს 56 ქვეყანასთან, მათ შორის ისეთ წამყვან ქვეყნებთან, როგორიცაა აშშ, ევროკავშირი და ჩინეთი.

საქართველომ და სამხრეთ კორეამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის დეკემბერში დაამყარეს. მხარეები თანამშრომლობენ ტურიზმის, ვაჭრობის, გარემოს დაცვისა და სხვა სფეროებში.

საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის საგარეო ბრუნვამ 2019 წელს 77,8 მლნ დოლარი შეადგინა. კორეის რესპუბლიკიდან საქართველოში 2019 წელს 16,6 ათასი ვიზიტორი ჩამოვიდა, რაც 2018 წლის მონაცემზე 25,3%-ით მეტია.

ვისთან ვაჭრობს საქართველო თავისუფალ რეჟიმში

ბოლო დროს საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები გააფორმა ევროკავშირთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის - EFTA-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, ჰონკონგთან და ჩინეთთან. საქართველომ, Brexit-ის ამოქმედებამდე, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა დიდ ბრიტანეთთან.

მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მალე დაიწყება ინდოეთთან. აქტიურად განიხილება იაპონიასთან და აშშ-თან მსგავსი ხელშეკრულებების ხელმოწერის შესაძლებლობა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობა ვარდნას განაგრძობს>>

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, შარშან საქართველოს წმინდა ექსპორტის 87% მოდიოდა ქვეყნებზე, რომლებთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აკავშირებს.

61
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (831)
მთავრობის ადმინისტრაცია

რაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ბიზნესისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან

32
პრემიერ-მინისტრმა ბიზნესისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან მომავალი წლის მაკროეკონომიკური პარამეტრები და პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის გზები განიხილა

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. პანდემიით გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენა საქართველოზე, მთავრობის ეკონომიკური გეგმა და ნაბიჯები, რომელთა გადადგმა ბიზნესისა და მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით იგეგმება - ეს და სხვა საკითხები განიხილებოდა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ბიზნესისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციაში.

საუბარი შეეხო ასევე მთავრობის ეკონომიკურ გეგმას მომდევნო წლების განმავლობაში, მათ შორის მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლებს.

ბიზნესისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებმა თავის მხრივ ის ეკონომიკური გამოწვევები დაასახელეს, რომელთა ასახვა ეკონომიკური განვითარების საშუალოვადიან გეგმაში მათი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.

აღინიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ქვეყანა სწრაფად გამოვიდეს კრიზისიდან, მაქსიმალურად შენარჩუნდეს და აღდგეს სამუშაო ადგილები და გაუმჯობესდეს მოსახლეობის შემოსავლების დონე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, კიდევ უფრო გაძლიერდეს კოორდინაცია და თანამშრომლობა საქართველოს მთავრობას, ბიზნესსა და ეროვნულ ბანკს შორის.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, რომელმაც პოსტპანდემიურ პერიოდში ფულად-საკრედიტო და მონეტარულ პოლიტიკაზე ისაუბრა.

ჰოსპიტალურ სექტორში 279 თავისუფალი საწოლია – ჯანდაცვის მინისტრი >>

შეხვედრაში მთავრობის ეკონომიკური გუნდიდან მონაწილეობდნენ - ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

ხოლო ბიზნესის მხრიდან შეხვედრას ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, „საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე და „თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ესწრებოდნენ.

32
თემები:
საქართველოს მთავრობა
თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულომ 2021 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები განსაზღვრა

14
(განახლებულია 00:01 25.11.2020)
დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიმდინარე პროექტის ვერსიის თანახმად, ბიუჯეტი 840,3 მილიონი ლარით განისაზღვრა

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. თბილისის 2021 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებებია ინფრასტრუქტურული პროექტები და სოციალური სფერო - დოკუმენტის პროექტი საკრებულოს დეპუტატებმა განიხილეს.

დოკუმენტი საკრებულოს რეკომენდაციებით დაუბრუნდა მერიას, რომელმაც ორი კვირის განმავლობაში უნდა შეიტანოს შესაძლო შესწორებები და უკვე შესწორებული დოკუმენტი საკრებულოს 10 დეკემბრამდე უნდა დაუბრუნოს. ბიუჯეტის პროექტი საბოლოოდ 20 დეკემბრამდე უნდა დამტკიცდეს.

დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიმდინარე პროექტის ვერსიის თანახმად, ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა  840,3 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 181 მილიონი ლარით ნაკლებია გასულ წელთან შედარებით. თუმცა, როგორც საკრებულოში აღნიშნეს, ეს პროექტის პირველადი ვერსიაა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარის ტრანსფერია მოსალოდნელი.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - აღდგენაზე გამოყოფილია  72,2 მილიონი ლარი;

ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა/ექსპლუატაციასა და ავარიული შენობების გამაგრებაზე - 140,1 მილიონი ლარი;

ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება - 106,2 მილიონი ლარი;

მერია შემდგომშიც განაგრძობს სოციალური პროგრამების განხორციელებას, მათ შორის შეჭივრებულთათვის უფასო სასადილოების, მათთვის დახმარების აღმოჩენა მკურნალობის კუთხით, დღის ცენტრი მარტოხელა ხანდაზმულთათვის, უსახლკაროთა თავშესაფრის მხარდაჭერა და სხვ. სულ ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე გამოიყოფა 164,3 მილიონ ლარზე მეტი.

მაჭავარიანი: ბიუჯეტის გამო მაინც უნდა შევიდეს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა პარლამენტში >>

ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისთვის გამოიყოფა თითქმის 4,2 მილიონი ლარი. მნიშვნელოვანი თანხა დაეთმობა განათლების მხარდაჭერაზე - 163 მილიონ ლარამდე, ახალგაზრდულ, კულტურულ და სპორტულ პროექტებზე - დაახლოებით 38,8 მილიონი ლარი.

ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხარჯებისთვის განსაზღვრულია თითქმის 108 მილიონი ლარი.

 

14
თემები:
თბილისი დღეს
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 25 ნოემბერი

0
(განახლებულია 19:59 24.11.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 ნოემბერს წმიდა იოანე მოწყალის, ღირსი ნილოს მმარხველის და აქია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა იოანე მოწყალე - ალექსანდრიელი პატრიარქი

წმიდა იოანე მოწყალე - ალექსანდრიელი პატრიარქი დაიბადა კვიპროსზე, მთავარ ეპიფანეს ოჯახში. იგი თხუთმეტი წლისა იყო, როცა სიზმრისეულ ჩვენებაში იხილა საკვირველი ასული ზეთისხილის გვირგვინით თავზე, რომელმაც უთხრა: „მე დიდი მეუფის უფროსი და უსაყვარლესი ქალიშვილი ვარ. თუ ჩემი მეგობარი გახდები, წყალობას გამოგითხოვ მისგან და მის საყდართან წარგადგენ, რადგან არავის გააჩნია ისეთი კადნიერება მეუფის წინაშე, როგორც მე“. წმიდანი მიხვდა, რომ ეს ასული იყო გულმოწყალება - უმაღლესი სათნოება. „უნდა შეიწყალო მოყვასი, თუ გინდა, რომ უფალმა შეგიწყალოს“, - ფიქრობდა იგი, როცა განთიადისას ტაძრისკენ მიემართებოდა. გზად ნეტარმა იხილა შიშველი გლახაკი, რომელიც სიცივისგან ძრწოდა, გაიხადა ზედა სამოსელი, მას უბოძა და თან გონებაში გაიფიქრა: „ახლა შევიტყობ, წუხელ საღვთო ჩვენება ვიხილე, თუ ეშმაკმა განმცადა“. მაგრამ სანამ ეკლესიამდე მიაღწევდა, წმიდანს თეთრებში შემოსილი უცნობი შეხვდა, რომელმაც ფუთა გამოუწოდა და უთხრა: „მეგობარო, მიიღე ეს ასი ოქრო შენი საჭიროებებისათვის“. იოანემ მიიღო საჩუქარი და მაშინვე მიხვდა, რომ მისი ხილვა - ზეციური გამოცხადება იყო და საკუთარ თავს უთხრა: „სულო ჩემო, კმარა, ნუ ცდი უფალს!“ ამ დღიდან მოყოლებული წმიდანი საოცრად გულმოწყალე გახდა.

ახალგაზრდობაში იოანე დაცოლშვილებული იყო, მაგრამ მალე მეუღლე და შვილები გარდაეცვალა. ამის შემდეგ იგი ბერად შედგა და მკაცრ მარხვასა და ლოცვას მიეცა.
სულიერმა ღვაწლმა წმიდა მამას შორს გაუთქვა სახელი და, როცა ალექსანდრიის საპატრიარქო კათედრა დაქვრივდა, იმპერატორმა ჰერაკლემ (610-641) და სასულიერო პირთა დასმა მას სთხოვეს, ეტვირთა ეკლესიის მესაჭეობა. იოანე თავმდაბლობის გამო დიდხანს უარობდა, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა, დათანხმებულიყო.
ნეტარი მღვდელმთავარი ღირსეულად ეზიდებოდა თავის მძიმე ჯვარს: ზრუნავდა სამწყსოს ზნეობრივ სრულყოფაზე, ებრძოდა მწვალებლურ სწავლებებს, მაგრამ თავის მთავარ საქმედ მაინც მოწყალება და ყველა გაჭირვებულის დახმარება მიაჩნდა.

ეგვიპტეზე სპარსელთა თავდასხმის დროს წმიდა იოანემ დატოვა ალექსანდრია და თავისი სამშობლოს - კვიპროსის გავლით კონსტანტინოპოლისკენ გაეშურა. გზაში ნეტარს საღვთო გამოცხადება ჰქონდა - სიზმრისეულ ჩვენებაში ნათელმოსილი ჭაბუკი წარდგა მის წინაშე და უთხრა: „გიხმობს მეუფე მეუფეთა“. პატრიარქი მიხვდა, რომ მისი აღსასრული მოახლოვდა, კუნძულ კვიპროსზე, მშობლიურ ქალაქ ამათუნტში გაჩერდა, განემზადა სიკვდილისთვის და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (+616, 619 ან 620 წელს). ნეტარი იმავე ქალაქში, წმიდა ტიხონის სახელობის ტაძარში დაკრძალეს.

წმიდა იოანე 11 ნოემბერს მიიცვალა, მაგრამ რადგან ამ დღეს ეგვიპტეში საზეიმოდ აღინიშნებოდა წმიდა მოწამე მინას ხსენება, ალექსანდრიაში კი - ღირსი თეოდორე სტუდიელისა, ეკლესიამ მის მოსახსენებელ დღედ 12 ნოემბერი განაწესა.

ღირსი ნილოს მმარხველი

ღირსი ნილოს მმარხველი, წმიდა იოანე ოქროპირის მოწაფე, კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა IV-V საუკუნეში. მან მშვენიერი განათლება მიიღო, რის შემდეგაც, ჯერ ისევ ახალგაზრდა, დედაქალაქის პრეფექტის მნიშვნელოვან თანამდებობაზე გაამწესეს. ამ დროისათვის ნილოსი უკვე დაქორწინებული იყო და ორი შვილი ჰყავდა. მეუღლეებს, რომელთა ცხოვრებასა და მსოფლმხედ-ველობაზე დიდ გავლენას ახდენდა ნეტარი იოანე ოქროპირი, სულს უმძიმებდა სამეფო კარის ბრწყინვალე ყოფა. მათ გადაწყვიტეს, გაყრილიყვნენ და მონაზვნურ ღვაწლს შედგომოდნენ. ნილოსის მეუღლემ ასულთან ერთად ეგვიპტის ერთ-ერთ დედათა მონასტერს მიაშურა, თავად ნილოსი კი ძესთან, თეოდულესთან ერთად სინას მთაზე, საკუთარი ხელით გამოკვეთილ მღვიმეში დამკვიდრდა.

ღირსი მამა ორმოცი წელი ცხოვრობდა ამ გამოქვაბულში. მრავალი განსაცდელი გადაიტანა წმინდანმა ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ ყველაზე ძნელი მაინც საკუთარი შვილის დაკარგვა იყო, რომელიც გასაყიდად მოსტაცეს მას ავაზაკებმა.

ღირსმა ნილოსმა დაკარგულ ვაჟიშვილს მიაკვლია ემესის ეპისკოპოსთან, რომელსაც იგი ავაზაკებისაგან გამოესყიდა. ამავე მღვდელმთავარმა მამა-შვილი სამღვდელო ხარისხში აკურთხა. ხელდასხმის შემდეგ მეუდაბნოეები სინას მთას დაუბრუნდნენ და ღირსი ნილოსის აღსასრულამდე (+430 ან 450) ერთად მოღვაწეობდნენ.

წინასწარმეტყველი აქია

წინასწარმეტყველი აქია ქალაქ სილომში დაიბადა. იგი მეფეების: სოლომონისა და იერობოამის (ქრისტეს შობამდე 1010-963 წლებში) თანამედროვე იყო. აქიამ გაუცხადა იერობოამს, რომ იგი გამეფდებოდა ისრაელის ათ შტოზე, შემდეგ კი უსჯულოებისთვის მთელი მისი გვარეულობის ამოძირკვა უწინასწარმეტყველა. წმიდანის ყველა წინასწართქმა ახდა. ნეტარმა აქიამ ღრმა მოხუცებულობას მიაღწია, სიბერის გამო თვალისჩინი წაერთვა, დასნეულდა, ბოლოს კი, ქრისტეს შობამდე 960 წელს, მშვიდობით მიიცვალა.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით .

0
თემები:
საეკლესიო კალენდარი