თბილისი

ბიზნეს–ასოციაცია: აუცილებელია ეროვნული ბანკის აქტიური ჩარევა სავალუტო ბაზარზე

63
(განახლებულია 20:59 06.11.2020)
საქართველოს ბიზნეს–ასოციაცია ბოლო დღეებში ლარის გაუფასურებას და შიდა სავალუტო ბაზარზე შექმნილ არასტაბილურ კონიუნქტურას ეხმაურება.

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება საგანგაშოა და საჭიროებს დროულ ჩარევას, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს–ასოციაციის მიერ ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში.

საქართველოში ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. თუ ჯერ კიდევ 31 ოქტომბერს 1 დოლარის ყიდვა 3,23 ლარად შეიძლებოდა, ახლა სავალუტო ჯიხურებში მისულ მომხმარებელს ამისთვის უკვე 3,40 ლარი სჭირდება. 

„სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება საგანგაშოა და საჭიროებს დროულ ჩარევას. ლარის გაცვლითი კურსი უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ბიზნესის და, შესაბამისად, ეკონომიკის მთავარი ბარომეტრი გახდა. შესაბამისად, ლარის ყოველი მომდევნო გაუფასურება უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აგდებს ბიზნესს და ეკონომიკას, მის როგორც რეალურ, ასევე ფინანსურ სექტორს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება და გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ასუსტებს ეკონომიკურ აქტივობას.

„ლარის დევალვაცია, განსაკუთრებით განგრძობითი ხასიათის, აფერხებს საინვესტიციო საქმიანობას: ასეთ დროს მცირდება მომავლის განჭვრეტადობის ხარისხი როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის, რთულდება რეალისტური ფინანსური გეგმების შედგენის შესაძლებლობა და მათი შემდგომი იმპლემენტაცია და სხვ.“ – ნათქვამია განცხადებაში.

ასოციაციის განცხადებით, მცდარია მოსაზრება, თითქოს ლარის დევალვაცია პრობლემას უქმნის ბიზნესის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს (მაგალითად, მარტო იმპორტიორებს). სინამდვილეში ზარალდება ყველა სფერო, რადგან ეცემა მომხმარებლის მსყიდველობითი უნარი და მცირდება ერთობლივი მოთხოვნა, შესაბამისად, მცირდება კომპანიების შემოსავლები, უარესდება ბიზნეს- და სამომხმარებლო განწყობები და სხვ. 

„აქვე ძალზე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ეკონომიკას გაუფასურებული კურსის შედეგად ჯერჯერობით იმპორტის ჩანაცვლების რესურსი არ გააჩნია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასოციაციის განმარტებით, ცნობილია ის ფაქტიც, რომ ლარის კურსზე გავლენას ახდენს გარკვეულ ფაქტორთა ერთობლიობა, მათ შორის, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები, ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეროვნული ვალუტების გაუფასურება, გართულებული ეპიდსიტუაცია, არჩევნების შემდგომ განვითარებული პოლიტიკური ვნებათაღელვა და შესაბამისი ნეგატიური მოლოდინები და ა.შ.

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობის განმსაზღვრელი საშუალო თუ გრძელვადიან პერიოდში ვერანაირად ვერ იქნება სავალუტო ინტერვენციები. მაგრამ დგება პერიოდები, როდესაც აუცილებელი და კრიტიკულია ცენტრალური ბანკის აქტიური ჩარევა შიდა სავალუტო ბაზარზე და სავალუტო ინტერვენციების წარმოება. დღეს COVID-19-ით გამოწვეული უპრეცედენტო მასშტაბის მქონე პანდემიისა და, შესაბამისად, ეკონომიკური კრიზისის გამო ლარი, სამწუხაროდ, სავალუტო ინტერვენციების ამარა რჩება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან ბიზნეს–ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან ნებისმიერ ფორმატში პროფესიულ და კვალიფიციურ დონეზე გააგრძელოს დიალოგი არსებული მდგომარეობის განსახილველად. შედეგად, მინიმუმ პანდემიის პერიოდში, უნდა შემუშავდეს დამატებითი მიდგომები, რომლებიც დააბრუნებს სავალუტო ბაზარს წონასწორობის მდგომარეობაში და ძალიან მძიმე დარტყმას ააცილებს ქართულ ბიზნესს. 

ლარის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა. სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით გაზაფხულიდან ეროვნულმა ბანკმა უკვე 21 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც ჯამში 709 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.

ეროვნულმა ბანკმა არაერთხელ განაცხადა, რომ გამოიყენებს მის განკარგულებაში არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებსა და სააღრიცხვო განაკვეთებს.

სავალუტო აუქციონებთან ერთად ეროვნული ბანკი ზედმეტი რყევების შესამცირებლად ყოველდღიურად იყენებს ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც გაცვლითი კურსის რყევა დღის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ნიშნულს ასცდება, ეროვნული ბანკი გარკვეულ თანხაზე უცხოური ვალუტით ვაჭრობაში მონაწილეობს.

გარდა ამისა, წელს ეროვნული ბანკი ინტერვენციისთვის იყენებს ვალუტას, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იღებს.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 1 ოქტომბრიდან ქართული სავალუტო ბაზარი Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.

63
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (838)
Торговый центр Galleria Tbilisi

სავაჭრო ცენტრები: მოგვეცით საშუალება 15 დეკემბრიდან 3 იანვრამდე ვიმუშაოთ

53
(განახლებულია 21:33 27.11.2020)
სავაჭრო ობიექტების ხელმძღვანელების განცხადებით, უმუშევარი დარჩება ცენტრებში დასაქმებული დაახლოებით 15 ათასი ადამიანი.

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. თბილისში მდებარე ხუთი სავაჭრო ცენტრი მთავრობას საგანგებო განცხადებით მიმართავს და სთხოვს, მუშაობის საშუალება მიეცეთ არა 24 დეკემბრიდან, არამედ 15 დეკემბრიდან 3 იანვრამდე პერიოდში. 

ფინანსთა მინისტრი: შეზღუდვები ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე აისახება>>

ხუთშაბათს უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები უფრო გაამკაცრა. ახალი შეზღუდვების მიხედვით, დიდ ქალაქებსა და ზამთრის კურორტებზე სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) იმუშავებენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში, ხოლო 24 დეკემბრიდან 15 იანვრამდე პერიოდში მათთვის შეზღუდვები მოიხსნება. 16-დან 31 იანვრამდე პერიოდში კი სავაჭრო ცენტრები არ იმუშავებენ შაბათ-კვირას.

მიმართვას უერთდებიან: „თბილისი მოლი", „ისთ ფოინთი", „თბილისი ცენტრალი", „ქარვასლა", „სითი მოლი".

ხუთი სავაჭრო ცენტრის წარმომადგენლებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ წერტილოვანი შეზღუდვების ფარგლებში სავაჭრო მოლების დახურვის აუცილებლობა არ არსებობდა, რადგან ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში ისინი ინარჩუნებდნენ სამუშაო ადგილებს და სავაჭრო ცენტრები არასდროს გამხდარა ვირუსის გავრცელების ცხელი წერტილი.

„გვქონდა მოთხოვნები, ჩვენ მიმართ შეზღუდვები ყოფილიყო უფრო ლოიალური, რადგან ვთვლით, რომ ნამდვილად დაცულია სავაჭრო ცენტრებში ყველაფერი. ჩვენ გვირჩევნია დეკემბრის თვეში 24-ის ნაცვლად ერთი კვირით ადრე გაგვხსნან და მზად ვართ, ამისთვის იანვარი სრულად დავთმოთ. მზად ვართ, 16-დან 30 იანვრამდე პერიოდში სრულად დავიკეტოთ, ოღონდ დეკემბერში ეს დღეები დაგვიმატონ“, – განაცხადა „თბილისი მოლის“ მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა ნატა გოგოლაძემ.

ამასთან, მათი მტკიცებით, მოლების დახურვა მოულოდნელი გადაწყვეტილება აღმოჩნდა.

„გადარჩენის რეჟიმში გვიწევს ფუნქციონირება. არანაირი წინაპირობა, რომ იკეტებოდა სავაჭრო ცენტრები და ხდებოდა სატრანსპორტო შეზღუდვა, არ არსებობდა. იყო საჯარო განცხადებები და კერძო კომუნიკაცია, სადაც გვეუბნებოდნენ, რომ ეს არ მოხდებოდა, თუმცა დავდექით მწარე რეალობის წინაშე“, – განაცხადა „თბილისი ცენტრალის" წარმომადგენლმა ლევან ყარალაშვილმა.

სავაჭრო ობიექტების ხელმძღვანელების განცხადებით, ხუთი სავაჭრო ცენტრისთვის ყოველი დაკეტილი დღე ნიშნავს 10 მლნ ლარამდე ზარალს, ამ ცენტრებში კი დასაქმებულია დაახლოებით 15 ათასი ადამიანი, რომლებიც სავაჭრო ცენტრებში არსებული ობიექტების დაკეტვის შემთხვევაში რჩებიან უმუშევრად.

ამასთან, მათი განცხადებით, სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება 15 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით პერიოდში მნიშვნელოვნად შეამცირებს მასობრივი თავყრილობების რისკს (მომხმარებლის დროში გადანაწილების თვალსაზრისით) და ინფექციის გავრცელების ალბათობას. 

სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში ინფიცირების მკვეთრი მატება დაიწყო – კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიურმა ზრდამ ბოლო დღეებში 4 ათასს მიაღწია, დღეს კი რეკორდული მაჩვენებელი – 4.780 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 123.470-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

53
თემები:
COVID-19 საქართველოში
თბილისი

ვიცე-პრემიერი: სამსახურდაკარგულთათვის კომპენსაციების გაცემა ბიზნესზეა დამოკიდებული

27
(განახლებულია 19:29 27.11.2020)
პანდემიის გამო დაკეტილი სავაჭრო ობიექტებისა და რესტორნების თანამშრომლები სახელმწიფოსგან ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ.

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. შეზღუდვების პერიოდში სამსახურდაკარგული პირებისთვის 300-ლარიანი კომპენსაციის გაცემა ბიზნესის მიერ წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე მოხდება, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე. 

საქართველოში 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში ქვეყნის დიდ ქალაქებში რესტორნებისა და გარკვეული სავაჭრო ობიექტების მუშაობაზე შეზღუდვები იმოქმედებს. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ზომები უმუშევრობის ზრდას გამოიწვევს, მთავრობამ დახმარების სპეციალური პაკეტი მოამზადა.

„დეკემბერსა და იანვარში შეზღუდვების გათვალისწინებით, რომელიც სავაჭრო და სარესტორნო ბიზნესს ეხება, ყველა დასაქმებული და თვითდასაქმებული, რომელთაც სამსახური დაკარგეს, 300 ლარის ოდენობით კომპენსაციას მიიღებს. ამ ეტაპზე ფინანსთა სამინისტრო სავაჭრო ობიექტებთან აქტიურ მუშაობას ეწევა. ჩვენ ბიზნესისგან დასაქმებულ და თვითდასაქმებულ პირთა სიებს ველოდებით, რათა კომპენსაციების გაცემა დეკემბერში დავიწყოთ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

სავარაუდოდ, დახმარებას დაახლოებით 100 ათასი ადამიანი მიიღებს. პაკეტის ბიუჯეტი 30 მლნ ლარს შეადგენს.

27
თემები:
საქართველოს მთავრობა
ქალთა მარში თბილისში – აქცია

„იმოქმედე ძალადობის წინააღმდეგ“ საქართველოში ახალი კამპანია დაიწყო

0
(განახლებულია 21:10 27.11.2020)
ოჯახური ძალადობა საქართველოში ერთ–ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ქვეყანაში ყველაზე ხშირად ჩადენილი დანაშაულების ხუთეულში შედის

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. ყველა მსხვერპლი და პოტენციური მსხვერპლი სახელმწიფოსგან საჭირო დახმარებისა და მხარდაჭერის მიღებას შეძლებს, ნათქვამია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს განცხადებაში.

ელექტრონული სამაჯური შემაკავებელ ორდერთან ერთად – სიახლე ოჯახში მოძალადის მიმართ>>

სააგენტო გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16–დღიან კამპანიას შეუერთდა. სააგენტოს ინფორმაციით, მიუხედავად ქვეყანაშიკორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული კრიზისისა, ბრძოლა ქალების მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოსთვის კვლავ პრიორიტეტულია. პრობლემის ეფექტური გადაჭრისთვის ძალზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთობა – თითოეული მოქალაქის აქტიური მხარდაჭერა.

ამჟამად სახელმწიფო დახმარების სააგენტოს ბაზაზე ქვეყნის მასშტაბით ხუთი კრიზისული ცენტრი მოქმედებს. ამ დაწესებულებების მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე 116 006. ძალადობის საკითხებზე სატელეფონო კონსულტაცია რვა ენაზე, მათ შორის ქართულზე 24 საათიან რეჟიმშია შესაძლებელი. გარანტირებულია ანონიმურობა.

კრიზისული ცენტრების მომსახურების მიღება შეუძლიათ მსხვერპლს, ოჯახური ძალადობისა და ქალებზე ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს, ტრეფიკინგის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლს.

ყველა დაზარალებულის, ძალადობის მსხვერპლისთვის ცენტრები უზრუნველყოფენ ფსიქოლოგიურ–სოციალურ რეაბილიტაციას, გაუწევენ სამედიცინო მომსახურებას, საჭიროების შემთხვევაში – თარჯიმნის მომსახურებას და ა.შ.

ძალადობის სტატისტიკა: 8 თვეში ოჯახური ტირანების მსხვერპლი 6 ათასზე მეტი ადამიანი გახდა>>

რაც შეეხება ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს, ცენტრი მათ მისცემს დროებით საცხოვრებელს, გაუწევს ფსიქოლოგის, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო, სამართლებრივ დახმარებას, ასევე დაეხმარება თარჯიმნით და ა.შ.

კრიზისული ცენტრების მისამართები:

  • თბილისი – ბუდაპეშტის ქუჩა №28
  • ქუთაისი – დუმბაძის ქუჩა №59–61
  • გორი – ბარნოვის ქუჩა №9ა
  • მარნეული – რუსთაველის ქუჩა №41
  • ოზურგეთი – გრიბოედოვის ქუჩა №21

ოჯახური ძალადობა დღემდე ყველაზე გავრცელებული სისხლის სამართლის დანაშაულია საქართველოში. 2020 წლის  ცხრა თვეში 4 138 ოჯახური ძალადობის შემთხვევა დაფიქსირდა. შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ყველაზე ხშირად ხდებიან 25–44 წლის ქალები. წლის დასაწყისიდან ამ დანაშაულის შედეგად 19 ქალი დაიღუპა.

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა ნარინჯისფრად განათდა>>

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1999 წლის 17 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე მიღებული რეზოლუციით 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღე ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ისახავს მიზნად.

0