ფინანსთა მინისტრი: 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს პარლამენტი დეკემბერში განიხილავს

გამოწერა
ბიუჯეტი ორ ძირითად მიმართულებაზეა აგებული: კორონავირუსთან ბრძოლა და მოსახლეობის დახმარება და ეკონომიკის განვითარების სტიმულირება.

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვაში ოპოზიციაც მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მინისტრმა ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
წინასწარი ვარიანტი: პარლამენტში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი შევიდა

მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი პარლამენტში ნოემბერში უნდა შევიდეს და იგი ახალი მოწვევის პარლამენტმა წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს. ამ ეტაპზე კი ქართული ოპოზიცია არ ცნობს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და უარს ამბობს მანდატებზე. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორი იქნება მეათე მოწვევის პარლამენტის შემადგენლობა.

„პარლამენტს ბიუჯეტის პროექტის დეტალური განხილვის შესაძლებლობა დეკემბერში ექნება, რომელსაც, იმედი მაქვს, დაესწრებიან ჩვენი ოპონენტები, სრული შემადგენლობა თუ არა, პასუხისმგებლიანი ნაწილი მაინც“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სტრუქტრურა ორ ძირითად მიმართულებაზეა აგებული. ერთ-ერთი მიმართულება კვლავინდებურად კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული სფეროებისა და ადამიანების დახმარებაა, მეორე მიმართულება – ეკონომიკის ფისკალური სტიმულირება.

რა შემცირდა, რა გაიზარდა და რატომ? ანუ კოვიდ-ეკონომიკის კალეიდოსკოპი...>>>

მისი განმარტებით, 2020 წლის ბოლოსთვის ეპიდვითარების შემსუბუქების შემთხვევაში 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნებოდა ეკონომიკის უფრო მეტი სტიმულირება.

„ჩვენ, როგორც ყველას, იმედი გვქონდა, რომ მომავალი წელი მთელი მსოფლიოსთვის იქნებოდა პოსტკრიზისული და შესაძლებელი იქნებოდა ეკონომიკის უფრო მეტ სტიმულირებაზე საუბარი, თუმცა, სამწუხაროდ, როგორც ხედავთ, ეს ასე არ მოხდა. ამიტომ ჩვენ გვექნება პრაქტიკულად ისეთივე საბიუჯეტო ფილოსოფია, როგორიც იყო 2020 წელს, რაც ნიშნავს, რომ თანხები მიმართული იქნება იმ ზიანის კომპენსაციასა და შემსუბუქებაზე, რასაც COVID-19 ყოველდღიურად გვაყენებს და, ამავე დროს, გაგრძელდება ეკონომიკის სტიმულირების პროცესი“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

რა მონაცემების საფუძველზეა შედგენილი ბიუჯეტი

საქართველოს მთავრობის პროგნოზის თანახმად, 2021 წელს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა 5% იქნება. ინფლაცია 3%-ს გაუტოლდება. სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი კი, სსფ-ის მეთოდოლოგიით, არ უნდა აღემატებოდეს მშპ-ის 2,6%-ს.

ამიტომაც მთავრობამ გადაწყვიტა ბიუჯეტი გათვალოს მშპ-ის 5%-იანი ზრდიდან გამომდინარე და 4%-იანი დეფლატორის გათვალისწინებით.

ნომინალური მშპ მომავალ წელს 54,5 მილიარდი ლარის დონეზე იგეგმება.

სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები

კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 17,1 მილიარდი ლარით განისაზღვრა, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრები – 15,6 მილიარდი ლარით, დონორების მხრიდან დაფინანსება – 1,5 მილიარდი ლარით.

რამდენს დახარჯავს საქართველო მომავალ წელს? პრიორიტეტები ციფრებში>>>

სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები დაგეგმილია 14,8 მილიარდი ლარის დონეზე, მათ შორის, ბიუჯეტის შემოსავლები – 11,3 მილიარდი ლარის დონეზე. ბიუჯეტში 10,5 მილიარდი ლარის ოდენობის საგადასახადო შემოსავლებია მოსალოდნელი, გრანტები კი 0,3 მილიარდი ლარის ოდენობით.

საგარეო ვალდებულებების ზრდა დაგეგმილია 2,2 მილიარდი ლარის დონეზე.

ყველა ახალი ამბავი
0