თბილისი, 2 ნოემბერი - Sputnik. საქართველომ პირდაპირი რეგულარული რეისები კიდევ რამდენიმე მიმართულებით განაახლა. ფრენების გრაფიკი 1-დან 30 ნოემბრამდე გამოქვეყნდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ვებგვერდზე.
საქართველომ ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით მარტის შუა რიცხვებიდან შეაჩერა, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა. მას შემდეგ საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით მხოლოდ სპეცრეისები სრულდებოდა მოქალაქეთა სამშობლოში დასაბრუნებლად.
შუა ზაფხულიდან განახლდა რეგულარული რეისები მიუნხენში, პარიზსა და რიგაში. ოქტომბრის დასაწყისში შედარებით იაფმა Wizzair-მა ქუთაისიდან რიგაში რეგულარული რეისები განაახლა.
ნოემბერში პირდაპირი რეგულარული რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასევე შესრულდება დოჰას, სტამბოლის, ვარშავის, ათენის, ამსტერდამის, ვენის, ბერლინის, მინსკის, კიევისა და აქტაუს მიმართულებით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი - ვილნიუსსა და დორტმუნდში.
ფრენების სიხშირის შესახებ გადაწყვეტილებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო იღებს ინდივიდუალურად ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, ეს ასევე დამოკიდებულია თავად კომპანიებსა და მათ კომერციულ შესაძლებლობებზე.
საქართველომ შეცვალა უცხოელი მოქალაქეებისთვის კარანტინის გავლის წესები და ამიერიდან უცხოელებისა და საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საკარანტინო ზონაში აღარ მოხვდება.
ახალი წესების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც ევროპის 13 ქვეყნიდან ჩამოვლენ, უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში გაკეთებული უარყოფითი PCR-ტესტის წარმოდგენის შემთხვევაში კარანტინის გავლა არ მოუწევთ.
ეს ქვეყნებია: ესპანეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვედეთი, ხორვატია, იტალია, კვიპროსი, სლოვენია და ისლანდია.
საქართველოს სხვა მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის წარმოდგენის შემთხვევაში მხოლოდ რვადღიან თვითიზოლაციას გაივლიან. თუ მგზავრს ტესტი არ ექნება გაკეთებული, მისთვის კარანტინი სავალდებულოა.
იგივე ეხება ზემოხსენებული ქვეყნების მოქალაქეებსა და ბინადრობის ნებართვის მფლობელებს ამ ქვეყნებში, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველოში ამ ქვეყნებიდან თვითმფრინავით ჩამოვლენ.
უცხოელ სტუდენტებს კი ტესტის წარმოდგენის შემთხვევაშიც კარანტინის გავლა მაინც მოუწევთ. ამასთან კარანტინის ხარჯის გასტუმრება თავად მოუწევთ.
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო ავსტრიულ ნავთობისა და გაზის კომპანიასთან OMV პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებას ხელს უახლოეს მომავალში მოაწერს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
ავსტრიულმა კომპანიამ OMV PETROM S.A. შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად ტენდერში გაიმარჯვა. კომპანია ავსტრიული ჰოლდინგის OMV (Österreichische Mineralölverwaltung AG) ნაწილია, რომელიც 1956 წელს დაფუძნდა. აღნიშნული კომპანია ნავთობისა და გაზის მოპოვების მოცულობით ავსტრიაში რიგით მეორე და ევროპაში მეათე პოზიციას იკავებს.
„საქართველოს მთავრობამ მოიწონა ხელშეკრულება, რომელიც რამდენიმე დღეში იქნება ხელმოწერილი... კომპანია OMV Petrom SA ცნობილია რუმინეთის შელფზე გაზის ერთ-ერთი მსხვილი საბადოს „დომინო 1“-ის აღმოჩენით. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ასევე წარმატებით წარიმართება კომპანიის საქმიანობა საქართველოშიც. დიდი წვლილი იქნება შეტანილი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, იმიტომ რომ ნავთობის მოპოვება პერსპექტიული დარგია. ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ ამ კომპანიაზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
თურნავას თქმით, პანდემიის მიუხედავად საქართველოში ასეთი მსხვილი ბიზნეს-ჯგუფის შემოსვლა სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი სტაბილურია გარე შოკების მიმართ.
კომპანიამ შავი ზღვის სანაპიროებთან 5,3 ათასი კვადრატული კილომეტრის შელფურ მონაკვეთზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა.
კომპანიას უკვე გააჩნია ნავთობის საბადოების მოძიების წარმატებული გამოცდილება. მან რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში აღმოაჩინა საბადო, რომლის რესურსების ღირებულება 1,5 მლრდ აშშ დოლარად ფასდება.
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში სალიცენზიო მონაკვეთებზე ნავთობის მოპოვებით ექვსი ინვესტორი კომპანიაა დაკავებული. კიდევ შვიდი კომპანია საძიებო სამუშაოებს ახორციელებს, საშუალო წლიური მოპოვება, ბოლო 10 წლის მონაცემებით, 43,6 ათას ტონას შეადგენს.
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მეფუტკრეობის განვითარების საბჭოს რიგით მესამე შეხვედრაზე დარგის განვითარების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამები და მიღწეული შედეგები განიხილა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დავითაშვილის განცხადებით, კერძო სექტორთან მსგავსი ფორმატის შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეფუტკრეობის დარგში არსებული პრობლემების განხილვისა და მათი ერთობლივი ძალებით გადაჭრის გზების მოძიებისთვის.
„2020 წელს საქართველოდან ექსპორტზე 21,7 ტონა თაფლი გავიდა, რაც 15,3 ტონით (3.4-ჯერ) აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს. ექსპორტი ძირითადად განხორციელდა ევროკავშირის ქვეყნებში (12,9 ტონა), აშშ-ში (4,9 ტონა), კანადასა (1,8 ტონა) და კატარში (1.2 ტონა)“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც მინისტრმა ონლაინ–შეხვედრაზე განმარტა, პროგრესი, რაც ბოლო პერიოდში მეფუტკრეობის სექტორში შეიმჩნევა, სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის შედეგია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჩატარებული კვლევები ევროკავშირმა აღიარა.
2020 წელს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ ახალი კვლევები დანერგა და შესაბამისი აკრედიტაცია მიიღო. ამჟამად უკვე დანერგილია თაფლის კვლევა 120-მდე პარამეტრზე, აქედან დიდი ნაწილი უკვე აკრედიტებულია.
შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს სახელმწიფოს მიერ ლაბორატორიული კვლევების ფართო სპექტრის დანერგვა. ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო ლაბორატორიაში ფუტკრის რძისა და შხამის, ასევე დინდგელის კვლევის დანერგვის აუცილებლობაზე, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული პროდუქციის ექსპორტზე გატანას. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ფუტკრის მოვლის თანამედროვე მიდგომების შესახებ გაიდლაინების შემუშავება, ფერმერთა ცოდნის ამაღლება, ფალსიფიკაციასთან ბრძოლა, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული თაფლის ცნობადობის გაზრდა და ახალ საექსპორტო ბაზრებზე წვდომის მხარდაჭერა.
„ქართული თაფლის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის უწყებებთან თაფლის ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და სერტიფიკატების შეთანხმების/აღიარების მიმართულებით. გარკვეული შედეგები უკვე მიღწეულია სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, აშშ-თან, კანადასთან, იაპონიასთან“, – განაცხადა მინისტრმა.
მეფუტკრეობის განვითარების საბჭოს რიგით მესამე შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებისა და ასოციაციების, კერძო ლაბორატორიების, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
2016 წლის დეკემბერში ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სისტემა და ქვეყანა იმ სახელმწიფოების სიაში შეიყვანა, საიდანაც დასაშვებია თაფლის იმპორტი ევროკავშირში.
ვილმსის სიმსივნე (ნეფრობლასტომა) თირკმელების იშვიათი სიმსივნეა ბავშვებში, რომელიც პატარა გოგონას ჯანმრთელობას გაორმაგებული ძალებით უტევს, მედიცინა კი მის წინაშე უძლურია.
"მე კიბო მაქვს, ცუდი ბიჭები ახლა ჩემ ფილტვებში არიან და გვიტევენ", – ამბობს ებიგეილი.
მრავალკვირიანი განცდებისა და ნერვიულობის შემდეგ ექიმებმა ბავშვის მშობლებს მასთან გატარებული დროით დატკბობა ურჩიეს.
"რომ გამოიარო ეს ყველაფერი და გააცნობიერო, რომ არაფერი შეგიძლია საკუთარი შვილის გადასარჩენად, როგორც მშობლისთვის, ეს ძალიან რთულია. ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა ამის გადატანა", – თქვა ებიგეილის მამამ რუბენ არიასმა.
ოჯახმა გასული წლის დეკემბერში ფრიპორტის პოლიციის უფროსი რეი გარივეი გაიცნო და დაუახლოვდა. პატარა გოგონამ მას ოცნება გაუმხილა, უთხრა, რომ პოლიციელობა სურდა...
და რეი გარივეიმ გოგონასთვის უნიფორმა შეაკერინა. 7 თებერვალს კი ებიგეილმა ფიცი დადო ახლობლების, პოლიციელებისა და რამდენიმე ადგილობრივი საინფორმაციო საშუალების თანხლებით.