თევზსაჭერი გემი

„აწარმოე საქართველოში“: ქვეყანაში პირველი თევზსაჭერი გემის მშენებლობა დაფინანსდა

68
არსებული პრაქტიკით, ქართველი ლიცენზიანტები უცხო ქვეყნის გემებს ქირაობენ და ისე ახორციელებენ საქმიანობას, ვინაიდან ქართული გემები სავალალო მდგომარეობაშია.

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში პირველი თევზსაჭერი გემის მშენებლობა დაფინანსდა, ნათქვამია სააგენტოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს ცნობით, ეს იქნება ვიკინგური ტიპის გემი, რომელიც თურქეთის ქალაქ ტრაპზონში აშენდება. გემი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნიკითა და ქისა ბადით, ეს უკანასკნელი კი  განკუთვნილია შავი ზღვის ძირითად რესურსზე - ქაფშიაზე (იგივე ხამსა) სათევზაოდ.

მეთევზე გოჩა ლაბარტყავას განცხადებით, საქმიანობის დაწყების შემდგომ კომპანია 18 ადამიანს დაასაქმებს, წლიური წარმოების მოცულობა კი, მისი გათვლებით, 4 ტონაზე მეტი იქნება. 

მეთევზე სამომავლოდ ქაფშიას შესანახი მაცივრის გაკეთებასაც გეგმავს და დეფიციტურ თვეებში მის ექსპორტს თურქეთში განახორციელებს.

მეთევზე „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 3 წლის განმავლობაში გემის ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2 158 182 ლარი იქნება.

ახალი თევზსაჭერი გემის მშენებლობა 27 ოქტომბერს, ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრში ხელმოწერილი სამმხრივი მემორანდუმის საფუძველზე „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში პირველად დაფინანსდა.

დოკუმენტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, კომპანია „თი-ბი-სი ლიზინგსა“ და თევზსაჭერი გემის მფლობელს შორის გაფორმდა.

პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ თევზჭერის მიმართულება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტს სააგენტოსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ერთობლივი მუშაობის შედეგად  დაემატა.

სააგენტოში ფიქრობენ, რომ პროგრამის ხელშეწყობით თევზმჭერი ფლოტი მნიშვნელოვნად განახლდება და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა თევზჭერის პროდუქტების ასორტიმენტისა და გაყიდვების გეოგრაფიის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს.

„პროგრამა ერთდროულად იძლევა 5 მლნ. ლარამდე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით (90 %-იანი უზრუნველყოფა) და საბანკო სესხის რეფინანსირების განაკვეთს პლიუს  3%-იანი თანადაფინანსების შესაძლებლობას. ასევე, შესაძლებელია გემის ლიზინგი, რომლის შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს პლიუს 5%-იანი თანადაფინანსების მექანიზმი ხორციელდება.“- ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.  

ახალი გემებით მეთევზეები წლიური თევზჭერის კვოტის მაქსიმალურ ათვისებას შეძლებენ, დღეს კი მისი სრულად ათვისება ვერ ხორციელდება.

არსებული პრაქტიკით, ქართველი ლიცენზიანტები უცხო ქვეყნის გემებს ქირაობენ და ისე ახორციელებენ საქმიანობას, ვინაიდან ქართული გემები სავალალო მდგომარეობაშია.

„დღეს 30 სეინერი (თევზსაჭერი გემი) გვყავს, რომელზეც 500-მდე მეთევზე-მეზღვაურია დასაქმებული, თუმცა გემები მოძველებულია და ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. გემების დაბალი საიმედოობის და წარმადობის გამო მეთევზე-მეზღვაურთა სათანადო დონეზე და ტექნოლოგიებზე გადამზადებაც ვერ ხერხდება“, - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

68
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (830)
აბანოთუბანი

გაუძლებს თუ არა ქვეყნის ეკონომიკა ახალ შეზღუდვებს ექსპერტის მოსაზრება

4
(განახლებულია 08:46 24.11.2020)
რამდენადაც დიდი უნდა იყოს ეკონომიკის დახმარების სურვილი, პანდემიის შეკავება მკაცრი შეზღუდვების გარეშე ვერ მოხერხდება, მიაჩნია პროფესორ სოსო არჩვაძეს

 

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ზაფხულის პერიოდში მოკლევადიანი კოვიდ–შესვენების შემდეგ, როდესაც ქალაქებსა და კურორტებს ტურისტები დაუბრუნდნენ, ქვეყანა თანდათან უბრუნდება ახალი შეზღუდვების აუცილებლობის ფაზას. ამასთან,  შეზღუდვების ჩამონათვალი სულ უფრო მატულობს. 

შეზღუდვები პირდაპირპროპორციულად დაკავშირებულია ქვეყანაში გართულებულ ეპიდსიტუაციასთან, სადაც ყოველდღიურად ინფიცირების 4 ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ეპიდემიოლოგთა ნაწილი მკაცრ ლოკდაუნს მოითხოვს, სხვები აცხადებენ, რომ მკაცრ შეზღუდვებს ქვეყნის ეკონომიკა და თავად მოსახლეობა ვეღარ გაუძლებს.

ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტს, პროფესორ სოსო არჩვაძეს მიაჩნია, რომ ე.წ. მაშველი რგოლი ხანმოკლე, ორკვირიანი ლოკდაუნი იქნება.

მისი თქმით, ეკონომიკის შველა შეუძლებელია ქვეყანაში ეპიდვითარების გაუმჯობესების გარეშე. შვედეთში ეპიდემიასთან ბრძოლისთვის „ჯოგური მეთოდი“ გამოიყენეს, რომლის არსიც შემდეგია – მოკლე პერიოდში რაც უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდება კორონავირუსისგან, მით უფრო მალე დაუბრუნდება ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს. თუმცა, შვედეთი იძულებული გახდა ამ მეთოდზე უარი ეთქვა და შეზღუდვები დაეწესებინა, პარალელურად კი მოსახლეობისთვის აეხსნა რა და რისთვის წესდებოდა.

 „ვფიქრობ, ამ დღეებში შეზღუდვების დაწესების შესახებ გამოაცხადებენ. ეკონომიკური კატასტროფის შესახებ საუბარი გადაჭარბებულია. მარტ–აპრილთან შედარებით, ეკონომიკური მაჩვენებელი უმჯობესდება. მაჩვენებლები მეტყველებენ იმაზე, რომ არც ისე რთული ვითარებაა, როგორც წარმოაჩენენ. მაგალითად, გაიზარდა უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა, გაიზარდა  შრომითი მიგრანტების რაოდენობა. და ეს მაჩვენებლები მთლიანობაში არცთუ ცუდ სურათს ქმნიან. ვფიქრობ, ორკვირიანი ლოკდაუნი ეკონომიკაზე დიდ დარტყმას ვერ მოახდენს...საჭიროა შემზღუდავი ზომების გატარება, რათა ორგანიზმმა მთლიანობაში ჯანმრთელობა და ფუნქციონირების უნარი შეინარჩუნოს“, – განაცხადა არჩვაძემ.

მისი განმარტებით, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ თითოეული კოვიდ–პაციენტის მკურნალობა სახელმწიფოს არცთუ იაფი უჯდება. თითქოსდა ეკონომიკური შეზღუდვები დაწესებული არ არის, ეკონომიკაზე კი ეს ძლიერ მოქმედებს. 

პანდემიასთან ბრძოლას სახელმწიფო საზოგადოების  გარეშე ვერ შეძლებს, დარწმუნებულია პროფესორი.

არჩვაძის სიტყვებით, საჭიროა თითოეულმა ადამიანმა გააცნობიეროს თუ რამდენად საშიშია უხილავი მტერი. აუცილებელია პანდემიის პერიოდში ელემენტარული წესების დაცვა და თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან თავის არიდება.

ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს წინაშე რთული ამოცანა დგას – ან სამედიცინო სექტორის შველა, ან ეკონომიკისთვის განვითარების შესაძლებლობის მიცემა. თუმცა, პირველის კოორდინირებული მუშაობის გარეშე მეორის შველა არ გამოვა.

კოვიდ–კრიზისის პერიოდში გაიზარდა უმუშევართა რიცხვი. თეატრების, კინოთეატრების, საბავშვო გასართობი ცენტრების დაკეტვამ ფინანსურად შეჭირვებულთა რიგები შეავსო. თუმცა, ის ფაქტი, რომ მთავრობა ზამთრის პერიოდში კომუნალური მომსახურების ხარჯებს დაფარავს, მოსახლეობისთვის არცთუ მცირე მხარდაჭერაა.

 „ყველად უნდა გადავიტანოთ ეს დრო“, – განაცხადა არჩვაძემ.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ყველა ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული ადამიანებს შორის კონტაქტების შეზღუდვაზე, რამდენადაც სწორედ არასაკმარისმა ეფექტურმა ზომებმა გამოიწვია ინფიცირებულთა უმართავი ზრდა. ეპიდვითარების კონტროლის გარეშე კი ეკონომიკის აყვავებაზე საუბარი შეუძლებელია, დარწმუნებულია პროფესორი.

4
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (830)
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 24 ნოემბერს

15
(განახლებულია 08:45 24.11.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0125 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,3073GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0125 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურსი 24 ნოემბერს
15
თემები:
ლარის კურსი დღეს