სავალუტო ჯიხური

რა ხდება სავალუტო ბაზარზე? ანუ არის რეკორდის რეკორდი!..

1067
(განახლებულია 15:31 28.10.2020)
ეროვნული ბანკის მიერ ბოლო რვა თვეში სავალუტო აუქციონებზე გაიყიდა ნახევარ მილიარდზე მეტი დოლარი, მაგრამ ლარი მაინც გარბის. რატომ? დაზარალებული საბანკო სექტორი, სესხების გაძვირების მიუხედავად გაზრდილი საკრედიტო პორტფელი...

სამსონ ხონელი

ღვინობისთვე იწურება და სულ უფრო ცოტა დრო რჩება. მალე წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენა ისტორიის საკუთრება გახდება – საქართველო მეათე მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 

მავანნი ცვლილებებს ითხოვენ, მავანნი ცვლილებებს უფრთხიან და მავანნიც ცვლილებების საჭიროებას უბრალოდ ვერ ხედავენ. მაინც რომელი ჭარბობს, შენ რას ფიქრობ? − შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ელოდება, რომ წინამდებარე სტატიაში საარჩევნო თემატიკას გამოვეხმაურები. არ არის ასე, ახლა „სხვაგან ქრის ჩემი გონება“. კითხვას უპასუხოდ მაინც არ დავტოვებ – დრო გვიჩვენებს. მთავარია, ასარჩევთაგან უმრავლესობამ უკვე თავად იცის, ვინ მოხვდება პარლამენტში და ვინ დარჩება „სალაყბოს“ მიღმა. სხვა საკითხია, რომ ყველა, ვინც პრაქტიკულად ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში დეპუტატის მანდატის გარეშე დარჩება, იტყვის − არჩევნები გაყალბდა, მოგებული არჩევნები წამართვეს! 

მანამდე კი ქვეყანა მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების რეჟიმში ცხოვრობს, პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა პიკს აღწევს. არახალია – ყველაფერი მოსულა, ძნელია გაარკვიო, რა შეიძლება და რა არა?!

სიტყვა გამიგრძელდა, თემას ავცდი და, შესაძლოა, მკითხველმა მიმითითოს, რომ შინაარსი სათაურს არ პასუხობს. მართალიც იქნება. ერთი სიტყვით, ვიდრე პოლიტიკური ელიტა მისი უდიდებულესობა ამომრჩევლის ვერდიქტის მოლოდინშია, სავალუტო ბაზარზე რეკორდი დამყარდა. ის ჩვენი ყურადღების მიღმა დარჩა. დროა შეცდომა გამოვასწოროთ...

27 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ 40 მილიონი დოლარი გაყიდა და წელს მის მიერ სავალუტო ბაზრისთვის მიწოდებული თანხის ჯამურმა მოცულობამ უკვე 609.65 მილიონი დოლარი შეადგინა. კი, მაგრამ რეკორდი სად არის? − ჩამეძიება მკითხველი და, რა გაეწყობა, განვმარტავ. ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებზე გაყიდული თანხის მოცულობის ათწლიანი რეკორდი ჯერ კიდევ 22 ოქტომბერს მოხსნა, როცა სავალუტო ბაზარს მორიგი 40 მილიონი დოლარი მიაწოდა. უკვე მაშინ სავალუტო აუქციონებზე კობა გვენეტაძის უწყების მიერ გაყიდული თანხის ჯამურმა მოცულობამ 569.65 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2010 წლის ამავე მაჩვენებელს 278.55 მილიონი დოლარით აღემატება. ასე რომ, სულ ხუთ დღეში კობა გვენეტაძის უწყებამ რეკორდი ორჯერ „გააუმჯობესა“... 

საგულისხმოა, რომ ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის გამყარების მიზნით მიმდინარე წლის 13 მარტიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით ინტერვენცია 19-ჯერ განახორციელა. ამისდა მიუხედავად განვლილ პერიოდში ეროვნული ვალუტა თითქმის 22 პუნქტით გაუფასურდა. თუ 14 მარტისთვის დადგენილი კურსით ერთი დოლარი 2.99 ლარი ღირდა, 27 ოქტომბერს ერთი დოლარის ღირებულებამ 3.22 ლარი შეადგინა. დასკვნა მარტივია და თანაც ძალიან მძიმე. ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზრისთვის რეკორდული მოცულობის დოლარის მიწოდების მიუხედავად, წელს ლარის გაუფასურების ტემპიც რეკორდულად მაღალია. არც ის არის რთული წარმოსადგენი, სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის ინტერვენციები რომ არა, რა ნიშნულს დაიპყრობდა ლარი. რატომ ვერ ხერხდება ლარის წონასწორობის დაჭერა ეროვნული ბანკის ძალისხმევის მიუხედავად? ამ საკითხზე ბოლო პერიოდში უკვე ბევრი ვისაუბრე და ახლა თავს აღარ შეგაწყენთ. მხოლოდ შეგახსენებთ, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური მოლოდინებია.

რაც შეეხება 2010 წლის, ანუ ძველი რეკორდის მაჩვენებელს, ათი წლის წინ ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე დოლარის მიწოდების მიზნით ინტერვენცია 33-ჯერ განახორციელა და ჯამში 331.2 მილიონი დოლარი გაიყიდა. მიმდინარე წელთან შედარებით, 2010 წელს ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე მცირე რაოდენობის დოლარი გამოჰქონდა. მინიმალური თანხის მოცულობა 2 მილიონი, ხოლო მაქსიმალური – 20 მილიონი დოლარი იყო. კობა გვენეტაძის უწყების მიერ 2020 წლის ბოლო რვა თვის განმავლობაში სავალუტო ბაზრისთვის მიწოდებული დოლარის მინიმალური მოცულობა 20 მილიონი, მაქსიმალური კი 40 მილიონი დოლარია.

მიმდინარე წლის ბოლომდე ორი თვე რჩება და დარწმუნებული ვარ, რომ ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარს კიდევ ათეულობით დოლარს მიაწვდის, თუმცა ანალიტიკურ წრეებში არ გამორიცხავენ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ კობა გვენეტაძის უწყება ეროვნულ ვალუტას აღარ შეეხიდოს და მას თუნდაც კიდევ უფრო მაღალი მწვერვალების დასაპყრობად ფართო გასაქანი მისცეს. დაველოდოთ, დრო გვიჩვენებს. მანამდე კი კობა გვენეტაძის უწყება საბანკო სექტორის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს და ვფიქრობ, რომ ურიგო არ იქნება ვნახოთ, როგორია კომერციული ბანკების ძირითადი პარამეტრები.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე ოქტომბრის დასაწყისის მდგომარეობით, ქვეყნის საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკით არის წარმოდგენილი. სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 3.37 მილიარდი ლარით, ანუ 6.61 პროცენტით, ხოლო გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.26 პროცენტით გაიზარდა და 2020 წლის ოქტომბერში 54.34 მილიარდი ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.46 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.04 პროცენტია.

მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში კომერციულმა ბანკებმა ჯამურად 252 მილიონი ლარი იზარალეს. დაზარალებულ ბანკებს შორის „საქართველოს ბანკი“ ლიდერობს. მისი ზარალი, პირველი ცხრა თვის მონაცემებით, 77.9 მილიონ ლარს შეადგენს, რაც საბანკო სექტორის ზარალის 30.8 პროცენტია. უნდა აღინიშნოს, რომ მეორე კვარტალთან შედარებით, როდესაც 15 კომერციული ბანკიდან 14 ბანკი ზარალზე იყო, მესამე კვარტალი ოთხმა ბანკმა მოგებით დაასრულა. მომგებიანი კომერციული ბანკების რეიტინგს სათავეში უდგას „კრედო ბანკი“, რომლის მოგება 5.1 მილიონი ლარია. მომდევნო პოზიციები ასე განაწილდა: „ზირაათ ბანკი საქართველო“ − 0.5 მილიონი ლარი; „იშ ბანკი საქართველო − 0.3 მილიონი ლარი და ბოლოს „სილქ როუდ ბანკი“ − 0.2 მილიონი ლარი.

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ ოქტომბრისათვის 32.84 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.91 მილიარდი ლარით, ანუ 6.19 პროცენტით, ხოლო გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.96 პროცენტით მეტია სექტემბრის დასაწყისის ამავე მაჩვენებელზე.

ოქტომბერს კომერციული ბანკები გაზრდილი ვადიანი დეპოზიტებით შეხვდნენ. კერძოდ, ზრდამ 821.96 მილიონი ლარი, ანუ 5.66 პროცენტი, ხოლო გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.42 პროცენტი შეადგინა. მოთხოვნამდე დეპოზიტები სექტემბერში 1.09 მილიარდი ლარით, ანუ 6.66 პროცენტით, ხოლო გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.45 პროცენტით გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი 38.41 პროცენტია. რაკიღა დეპოზიტებზე დავიწყეთ საუბარი, ორიოდე სიტყვა საპროცენტო განაკვეთებზეც ვთქვათ.

მიმდინარე წლის სექტემბერში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის ყველა სახის კრედიტი გაძვირდა. კერძოდ, შინამეურნეობებისთვის გაიზარდა იპოთეკური, ავტოსესხისა და უზრუნველყოფილი სამომხმარებლო კრედიტების საპროცენტო განაკვეთი. ამავე პერიოდში ზრდა არ შეხებია სალომბარდე სესხს, თუმცა მასზე დაწესებული პროცენტი მაინც მაღალია. კობა გვენეტაძის უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბერში იპოთეკურ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 10.96 პროცენტი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საპროცენტო განაკვეთი 9.27 პროცენტი იყო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთი 20.01 პროცენტიდან 24.28 პროცენტამდე გაიზარდა ავტოსესხებზე. სხვაობამ მთელი 3.27 პროცენტი შეადგინა. მოქალაქეებს ასევე გაუძვირდათ სამომხმარებლო სესხიც. კერძოდ, თუ 2019 წლის სექტემბერში სამომხმარებლო კრედიტის პროცენტი 19.13 პროცენტი იყო, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში 20.97 პროცენტია. ამავე პერიოდში 11,71 პროცენტიდან 13,97 პროცენტამდე გაძვირდა უზრუნველყოფილი სამომსმარებლო სესხიც. საანგარიშო პერიოდში საპროცენტო განაკვეთები არ გაზრდილა მხოლოდ არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხსა და სალომბარდე სესხზე. კერძოდ, გასული წლის სექტემბერში არაუზრუნველოყოფილ სამომხმარებლო სესხის საპროცენტო განაკვეთი 21.38 პროცენტს შეადგენდა, 2020 წლის სექტემბრის ბოლოს 23.06 პროცენტი იყო. რაც შეეხება სალომბარდე სესხის პროცენტს, თუ შარშან სექტემბერში ის 20.99 პროცენტი იყო, 2020 წლის სექტემბერში 20.09 პროცენტს შეადგენდა.

საგულისხმოა, რომ ზოგადად კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდის მიუხედავად კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, 1.89 მილიარდი ლარით, ანუ 5.49 პროცენტით, ხოლო გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.73 პროცენტით გაიზარდა. კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელმა 2020 წლის ოქტომბრის დასაწყისში 36.38 მილიარდი ლარი შეადგინა. რა გახდა საკრედიტო პორტფელის ზრდის მიზეზი, როცა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია და ბოლო შვიდი-რვა თვის განმავლობაში ათასობით ადამიანმა შემოსავლები დაკარგა და ამდენივეს შემოსავლები საგრძნობლად შეუმცირდა? ექსპერტების შეფასებით, სესხების მოცულობის ზრდას ხელი შეუწყო სამთავრობო პროგრამამ, რომელიც იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტის სუბსიდირებას გულისხმობს.

დღეისათვის სულ ეს არის, რამდენიმე დღით გემშვიდობებით. თქვენს ყურადღებას უკვე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მივიპყრობ, რა თქმა უნდა, არჩევნებს თუ გადავურჩი...

 

1067
ნათია თურნავა

ნათია თურნავა: „ზამთრის კურორტები აგენერირებს ძალიან დიდ მობილობას“

20
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ზამთრის კურორტებზე შეზღუდვების დაწესება აუცილებელი იყო, რადგან იქ ეპიდაფეთქების საფრთხე არსებობდა.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. იმ დროს, როდესაც ახალი კორონავირუსით მოსახლეობის დღიური ინფიცირების მაჩვენებელი თუნდაც თბილისში აჭარბებს 1000 ადამიანს, წარმოუდგენელია, რომ ზამთრის კურორტებზე არ მოხდეს ეპიდემიის აფეთქება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „რუსტავი 2“-ის ეთერში.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 28 ნოემბრიდან საქართველოს ზამთრის კურორტებმა მუშაობა შეწყვიტეს, სასტუმროებს კლიენტების მიღება აეკრძალათ, ხოლო საბაგიროები, სათხილამურო ტრასები, რესტორნები და კაფეები დაიკეტა.

„ზამთრის კურორტები აგენერირებს ძალიან დიდ მობილობას. ზამთარში ყველაზე მეტი დამსვენებელი სტუმრობს ბაკურიანს, გუდაურს. ეს არის არა უბრალოდ ოჯახები, ვინც გადის დასასვენებლად, არამედ მოთხილამურეები თავის ოჯახებთან ერთად დამატებითი კონტინგენტია და აქედან გამომდინარე, არანაირი გარანტია, რომ იქ არ გავრცელდება ვირუსი, არ არსებობს“, - აღნიშნა მინისტრმა.

თურნავას თქმით, ბევრი მაგალითი არსებობს ევროპული ქვეყნების, სადაც ინფიცირების ახალი ტალღა პერიოდულად სწორედ ზამთრის კურორტებიდან მოდიოდა, ამიტომაც ინფექციის გავრცელების რისკი საქართველოს ზამთრის კურორტებზეც არსებობს.

მინისტრმა აქვე ისიც აღნიშნა, რომ ტურისტულ ინდუსტრიას მთავრობის მხრიდან უპრეცედენტო დახმარება  გაეწია.

„ახლა, ბოლო პაკეტი რაც არის ტურისტული ინდუსტრიის დახმარების, ეს არის ის, რომ 4 თვის ქონების გადასახადი, რომელიც გადავუვადეთ 2020 წელს ჩამოეწერათ, მთელი 2021 წელი ეპატიათ უკვე წინასწარ ქონების გადასახადი, გარდა ამისა, მოქმედებს ჩვენი პროგრამა, რომელიც 12 თვის განმავლობაში ბანკის სესხის პროცენტის სუბსიდირებას ითვალისწინებს. ახლა გავაფართოვეთ პროგრამა და რესტორნებიც ჩავრთეთ“, - აღნიშნა თურნავამ.

მინისტრის თქმით, ეს არ არის ჩანაცვლება სრულფასოვანი სეზონის, მაგრამ სრულფასოვანი ზამთრის ტურისტული სეზონი პანდემიის პირობებში ვერ ჩატარდებოდა და ეს ძალიან კარგად ესმით თავადაც სასტუმროებსაც. თუმცა, მისი თქმით, სასტუმროების მეპატრონეებთან დიალოგის რეჟიმი გაგრძელდება.

„თუმცა, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროებს მეტი დახმარება და თანადგომა დასჭირდებათ და მათთან ერთად დიალოგის რეჟიმში გამოვკვეთავთ იმ პრობლემატიკას, რაზეც შეიძლება ცალკე ვიმსჯელოთ და გადავწყვიტოთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონში მდებარეობს: გუდაურში (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა). ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი დეკემბრის დასაწყისში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.

20
თემები:
COVID-19 საქართველოში
ნათია თურნავა

სავაჭრო ცენტრებმა უნდა დაგვარწმუნონ, რომ აჟიოტაჟური მოთხოვნის მართვა შეუძლიათ თურნავა

51
(განახლებულია 20:43 30.11.2020)
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სავაჭრო ცენტრების დაკეტვა მთლიანად ეკონომიკის პრობლემაა.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. მოლებმა უნდა შეძლონ პასუხისმგებლობის აღება და ფასდაკლებებისგან გამოწვეული აჟიოტაჟის მართვა, განაცხადა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე.

სავაჭრო ცენტრები: მოგვეცით საშუალება 15 დეკემბრიდან 3 იანვრამდე ვიმუშაოთ>>

თბილისში მდებარე ხუთი სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელებმა მთავრობას საგანგებო განცხადებით მიმართეს და სთხოვეს, მუშაობის საშუალება მიეცეთ არა 24 დეკემბრიდან, არამედ 15 დეკემბრიდან 3 იანვრამდე პერიოდში. 

„ჩვენ მოლების პრობლემები გავითვალისწინეთ და ეს არ არის მხოლოდ მათი პრობლემა, ეს არის ეკონომიკის, ანუ ჩვენი პრობლემაც. მათ ვაძლევთ საშუალებას, რომ იმუშაონ 24 დეკემბრიდან. ჩვენ ვნახეთ, რა ხდებოდა წინა დღეს მოლებში, ეს ეპიდემიოლოგიურად საშიში სურათი იყო. ამიტომ ჩვენ მათ უნდა დაგვარწმუნონ, რომ აჟიოტაჟური მოთხოვნის მართვა შეუძლიათ, რომელიც შეიძლება ფასდაკლებამაც გამოიწვიოს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ამ ვითარებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ მოლები ქმნიან ადამიანების დიდ მობილობას და ამაზე მთელი მსოფლიო თანხმდება.

„ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ისინი პასუხისმგებლიანად უდგებიან ამ საკითხს", – აღნიშნა თურნავამ.

უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები უფრო გაამკაცრა. ახალი შეზღუდვების მიხედვით, დიდ ქალაქებსა და ზამთრის კურორტებზე სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) იმუშავებენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში, ხოლო 24 დეკემბრიდან 15 იანვრამდე პერიოდში მათთვის შეზღუდვები მოიხსნება. 16-დან 31 იანვრამდე პერიოდში კი სავაჭრო ცენტრები არ იმუშავებენ შაბათ-კვირას.

ხუთი სავაჭრო ცენტრის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ წერტილოვანი შეზღუდვების ფარგლებში სავაჭრო მოლების დახურვის აუცილებლობა არ არსებობს, რადგან ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში ისინი ინარჩუნებდნენ სამუშაო ადგილებს და სავაჭრო ცენტრები არასდროს გამხდარა ვირუსის გავრცელების ცხელი წერტილი.

სავაჭრო ობიექტების ხელმძღვანელების განცხადებით, ხუთი სავაჭრო ცენტრისთვის ყოველი დაკეტილი დღე ნიშნავს 10 მლნ ლარამდე ზარალს, ამ ცენტრებში კი დასაქმებულია დაახლოებით 15 ათასი ადამიანი, რომლებიც სავაჭრო ცენტრებში არსებული ობიექტების დაკეტვის შემთხვევაში რჩებიან უმუშევრად.

ამასთან, მათი განცხადებით, სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება 15 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით პერიოდში მნიშვნელოვნად შეამცირებს მასობრივი თავყრილობების რისკს (მომხმარებლის დროში გადანაწილების თვალსაზრისით) და ინფექციის გავრცელების ალბათობას. 

რას აცხადებენ საქართველოს ბიზნეს–ასოციაციაში ახალი ლოკდაუნის შესახებ>>

სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში ინფიცირების მკვეთრი მატება დაიწყო. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.216-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 135.584-ს მიაღწია.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

51
თემები:
COVID-19 საქართველოში
ახალი გზის მშენებლობა, რომელიც მაჭავარიანის ქუჩას გელოვანის გამზირთან დააკავშირებს

თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა ერთი თვით ნაწილობრივ შეიზღუდება

0
მაგისტრალური წყალსადენის კვანძების მოწყობის სამუშაოები ვაკე-საბურთალოს რაიონში, „ვეფხისა და მოყმის" ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარეობს

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მოძრაობა 1-დან 30 დეკემბრამდე ნაწილობრივ შეიზღუდება, ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია „ბლექ სი გრუპი“ მაგისტრალური წყალსადენის კვანძების მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს.

„შეზღუდვა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის („112“) შენობიდან ვაშლიჯვრის და უკუმიმართულებით, მაჭავარიანის ქ. N1 კორპუსიდან BP-ის ბენზინგასამართ სადგურამდე იმოქმედებს“, - აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

მაჭავარიანის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილების მიმართულება არ შეიცვლება, აცხადებენ უწყებაში.

სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში იწარმოებს.

თბილისის მერია ვაკე-საბურთალოს რაიონში, ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობას ახორციელებს.

პროექტის თანახმად, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის (112) ცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა" და „მათე მოტორსის" ყოფილ შენობას შორის გაივლის და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. ბეტონის ახალი გზა ოთხზოლიანი იქნება.

მოეწყობა საყრდენი კედლები და წყალამრიდები, დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქსელი.

საბურთალოს რაიონში ახალი გზის მშენებლობა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო. პროექტის ღირებულება 15 მილიონი ლარია.

0
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში