საერთაშორისო სავალუტო ფონდი

რამდენით გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა? საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი

49
(განახლებულია 20:05 14.10.2020)
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველაზე მაღალი ტემპებით გაიზრდება.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საქართველომ შეინარჩუნა რეფორმატორი ქვეყნის იმიჯი და განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რაც მომავალი წლიდან ეკონომიკის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკის ოქტომბრის თვის მიმოხილვის შეფასებისას. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველაზე მაღალი ტემპებით გაიზრდება.

„ჩვენი ეკონომიკური აღმავლობისა და გამოცოცხლების მიზეზად შეგვიძლია ჩამოვთვალოთ რამდენიმე ფაქტორი: ჩვენ მიმდინარე წელს შევინარჩუნეთ საკმაოდ მაღალი ინფრასტრუქტურული მშენებლობის ტემპი და ეს ტემპი გაგრძელდება იმ უმნიშვნელოვანესი პროექტების დაფინანსებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პოტენციური ეკონომიკური ზრდისთვის. ასევე ჩვენ შევინარჩუნეთ რეფორმატორი ქვეყნის იმიჯი და განვახორციელეთ რეფორმები, რომლებიც მომავალი წლიდან ეკონომიკის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

მისი თქმით, მიმდინარე წელს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები და მიღწეული შედეგი იძლევა იმის გარანტიას, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა ეჭვქვეშ არ დადგება, რაც დადასტურებულია როგორც თავად საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ისე სხვა ავტორიტეტული საკრედიტო სარეიტინგო ორგანიზაციების შეფასებებში.

სსფ-ის განახლებული პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა, მართალია, 2020 წელს 5%-ით შემცირდება, მაგრამ 2021 წელს ასევე 5%-ით გაიზრდება, ხოლო 2021-2025 წლებში ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 5,5% იქნება. 

„აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში, როგორც 2020-2025, ასევე 2021-2025 წლებში საქართველოს საშუალოდ ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ევროპასა და რეგიონში. სსფ-ის პროგნოზის მიხედვით, ასევე რეგიონის ქვეყნებს შორის 2021-2022 წლებში საქართველოს ეკონომიკა ყველაზე სწრაფად გაჯანსაღდება“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.

მსოფლიო ეკონომიკა, სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზით, 2020 წელს 4,4%-ით შემცირდება, ხოლო 2021 წელს ეკონომიკური ზრდა 5,2% იქნება.

სსფ-ის პროგნოზით, 2020 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობის ვალს შემცირების ტენდენცია ექნება.

„საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, ვინც საშუალოვადიან პერიოდში ეფექტურად მოახერხებს გაზრდილი ვალის შემცირებას, მაშინ, როცა ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ჩეხეთი, ესტონეთი, რუმინეთი, პოლონეთი, რუსეთი, ვალი 2020 წლის შემდგომაც ეზრდებათ“, – აღნიშნულია განცხადებაში. 

უწყების ცნობით, ვალის შემცირებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ის გარემოება, რომ 2020 წელს მოზიდული საერთაშორისო დაფინანსებით საქართველომ მოახერხა მნიშვნელოვანი ფისკალური ბუფერების დაგროვება, რაც შეამცირებს მომდევნო წლებში დაფინანსების საჭიროებას.

აღსანიშნავია ისიც, რომ სსფ-ის პროგნოზით, 2024 წლიდან საქართველოს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით პირველად გადააჭარბებს 20 ათას დოლარს, 2025 წლიდან კი 21 ათას დოლარს. 2020-2025 წლებში ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მსყიდველუნარიანი ეკონომიკის ზრდის ტემპის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მე-11 პოზიციაზეა.

სსფ-ის განახლებული პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდის გლობალური ეკონომიკის ოქტომბრის თვის მიმოხილვაშია ასახული.

 

49
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (790)
მიხეილ ხიდურელი

მიხეილ ხიდურელი: წელს ბიზნეს–იდეების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

25
(განახლებულია 18:50 27.10.2020)
2015-2018 წლების მონაცემებით, პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 6212 პროექტი, რომელთა ინვესტიციის საერთო მოცულობამ 61 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამებზე ბიზნეს-იდეების მიღება დაასრულა, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, 5–18 ოქტომბრის პერიოდში სულ 26 307 განაცხადი შევიდა.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია, ან პირველად მონაწილეობს. ასევე მეწარმე სუბიექტს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა. არსებულ მეწარმე სუბიექტებს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ როგორც მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოების, ასევე ახალი ბიზნეს-პროექტის შემთხვევაში. 

პროგრამაში მონაწილეობის მსურველები, კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების შესახებ პასუხს, ელექტრონული ფოსტისა და მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, 15 ნოემბრამდე  მიიღებენ.  

„წელს, ბიზნეს–იდეების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. პირველ რიგში, მსურს დიდი მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო ყველა მეწარმეს“, - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი ამჯერად  40 მილიონ ლარია, ხოლო ერთი პროექტის დაფინანსების მოცულობა კი 30 ათას ლარამდეა გაზრდილი.

ის, რაც უნდა იცოდეს ბიზნესმა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების შესახებ>>>

პროგრამა მოიცავს ნებისმიერ ეკონომიკურ საქმიანობას, გარდა სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურებებისა.

პროგრამაში გამარჯვებული მეწარმის თანამონაწილეობის თანხის მოცულობა 20%-ის ნაცვლად წელს 10% იქნება, მაღალმთიან რაიონებში კი 5%, გარდა ამისა, პროგრამის სამიზნე ტერიტორიულ ერთეულებს თბილისი დაემატა. 

„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ბიზნეს-სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენაა მიმართული.  2015-2018 წლების მონაცემებით, პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 6212 პროექტი, რომელთა ინვესტიციის საერთო მოცულობამ 61 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

25
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (790)
გაზქურა

საქართველოს სოფლების გაზიფიკაცია გაგრძელდება

29
(განახლებულია 18:27 27.10.2020)
მთავრობამ გააგრძელა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც 2021-დან 2024 წლამდე კიდევ 211 სოფლის გაზიფიკაციას ითვალისწინებს.

თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ გაზიფიკაციის პროგრამის 2024 წლამდე გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წალენჯიხაში მოსახლეობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, სადაც გაიმართა გაზიფიკაციის მიმართულებით ჩატარებული სამუშაოების ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია.

მთავრობამ გაზიფიკაციის სამწლიანი გეგმის შესრულება 2019 წელს დაიწყო. გეგმის მიხედვით 2021 წლის ბოლოს მოსახლეობის 90% – 1,4 მლნ აბონენტი გაზგამანაწილებელ ქსელში იქნება ჩართული. 2013–2021 წლებში გაზიფიკაციის სამუშაოებზე სულ 659 მლნ ლარი დაიხარჯება.

„საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2021 წლიდან 2024 წლამდე გააგრძელოს გაზიფიცირების ახალი სამთავრობო პროგრამა, რომლის შედეგიც იქნება დამატებით 211 გაზიფიცირებული სოფელი და დაახლოებით 33 000 ოჯახი საქართველოში. საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტი იქნება გაზიფიცირებული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მონაცემი ევროპაში“, – განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება კონკრეტულად წალენჯიხას, პრემიერის განცხადებით, ბოლო წელიწად-ნახევარში აქ გაყვანილია დაახლოებით 130 ათასი მეტრი გაზსადენი და 2,9 ათას ოჯახს ბუნებრივი აირი ექნება.

წალენჯიხაში ანგარიში გაზიფიცირების სამწლიანი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წარადგინა.

მინისტრის განცხადებით, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში სრულად იქნება გაზიფიცირებული 1,4 მლნ-მდე ოჯახი, რაც, ქვეყნის რელიეფის გათვალისწინებით, მსოფლიოში ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია.

თურნავამ წალენჯიხის მოსახლეობას მიულოცა ბუნებრივი აირის შეყვანა და აღნიშნა, რომ ეს „ისტორიული დღეა“ ამ რაიონისთვის, რადგან წინა წლებში აქ არასდროს შეუყვანიათ ბუნებრივი აირი.

მინისტრმა განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში კიდევ 13 თემისა და 49 სოფლის გაზიფიცირება დასრულდება და წალენჯიხის მუნიციპალიტეტი შესაბამისი ინფრასტრუქტურით 100%-ით დაიფარება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, 2013 წლიდან დღემდე დამატებით 1000-ზე მეტი დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება განხორციელდა და 312 000 ოჯახს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ბუნებრივი აირით. 

29
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (790)
საქართველოს პროკურატურა

ზუგდიდში პოლიციელმა მამაკაცს თავში რკინის ხელკეტი ჩაარტყა - დაწყებულია გამოძიება

0
პროკურატურის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. პროკურატურამ ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა ზუგდიდში, წმინდა ნინოს ქუჩაზე დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება ავტომობილის შეკეთების დროს დაიწყო და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინციდენტის დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ახალგაზრდა მამაკაცს თავში რკინის ხელკეტი ჩაარტყა.

პროკურატურის ცნობით, დაშავებული გამოძიების მიერ ცნობილია დაზარალებულად. მიღებული დაზიანების ხარისხის დასადგენად  დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე, მიმდინარეობს მოწმეების გამოკითხვა.

უწყების ინფორმაციით, პოლიციელი შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.    

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში