თბილისი

რამდენს დახარჯავს საქართველო მომავალ წელს? პრიორიტეტები ციფრებში

1041
(განახლებულია 15:36 12.10.2020)
მომავალი წლის ბიუჟეტი – ძირითადი პარამეტრები, გაზრდილი საგადასახადო შემოსავლები და ასიგნებები, მზარდი საგარეო ვალი, პრიორიტეტების სამთავრობო ხედვა... დაამტკიცებს თუ არა უკვე მეათე მოწვევის პარლამენტი წლის მთავარ საფინანსო-პოლიტიკურ დოკუმენტს?

სამსონ ხონელი

ახლადარჩეულ პარლამენტში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოხსენების დამტკიცებისა და ხალხის რჩეულების უფლებამოსილების ცნობის, პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების, საპარლამენტო კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეთა არჩევისა და მთავრობის ფორმირების შემდეგ დეპუტატებს ერთ-ერთ პირველ საკითხად მსჯელობა ქვეყნის მომავალი წლის ბიუჯეტზე მოუწევთ. რამდენის დახარჯვას აპირებს საქართველო 2021 წელს? სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მეცხრე მოწვევის პარლამენტში ბოლო სასესიო კვირაში დარეგისტრირდა და მთავარი საფინანსო-პოლიტიკური დოკუმენტის პარამეტრები გაირკვა.    

2021 წელს მთავრობა 17 071 432.8 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც 2020 წელთან შედარებით 1.1 მილიარდი ლარით მეტია. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომდევნო წელს ხარჯების ზრდა ძირითადად მიმდინარე წელს აღებული საგარეო ვალით დაფინანსდება. მთავრობის პროგნოზით, 2020 წლის მიწურულს მიმდინარე ბიუჯეტის ნაშთი ხაზინაში 2 496 476.6 ათას ლარს მიაღწევს, რაც დასახარჯად 2021 წელს გადავა. საგულისხმოა, რომ მთავრობა მომავალ წელს, მიმდინარე წელთან შედარებით, საგადასახადო შემოსავლების 10 450 000.0 ათას ლარამდე ზრდას პროგნოზირებს. ეს მაჩვენებელი 2020 წლის საგადასახადო გეგმას 1 470.65 ათასი ლარით აღემატება.   

მომავალი წლის საბიუჯეტო შემოსავლები 11 284 915.0 ათასი ლარი იქნება, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტის შემოსავლებს თითქმის 1 მილიარდი ლარით აჭარბებს.  

ბიუჯეტის პროექტის პროექტის მიხედვით, იზრდება საგარეო ვალიც. მომდევნო წელს მთავრობა დამატებით 2 174 160.0 ათასი ლარის მოცულობის ახალი საგარეო ვალის აღებას აპირებს. შიდა ვალის სახით კი მთავრობა 1 მილიარდი ლარის მოზიდვას გეგმავს, რაც მიმდინარე წლის შიდა ვალის გეგმასთან შედარებით 850 მილიონი ლარით ნაკლებია.

მმართველი გუნდის ოპონენტები მიუთითებენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ქვეყნის საგარეო ვალის მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება. მზარდი საკრედიტო ვალდებულება ისედაც სუსტ ეკონომიკას მძიმე ტვირთად აწვება. ამ მოსაზრებას ექსპერტ-ანალიტიკოსთა დიდი ნაწილიც იზიარებს. ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ვალის შემცირება ეტაპობრივად დაიწყოს და მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში მინიმუმ 55 პროცენტს ჩამოსცდეს. სხვაგვარად შეუძლებელი იქნება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში ინვესტიციების მოზიდვა, გართულდება სესხის აღება, გაძვირდება საპროცენტო განაკვეთები.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დავუბრუნდეთ. როგორია დარგობრივი სამინისტროების დაფინანსება, რომელია პრიორიტეტული მიმართულებები? ბიუჯეტის პროექტით, ასიგნებათა მოცულობის მიხედვით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ლიდერობს. ამ უწყებისთვის მთავრობამ 4.852 მილიარდი ლარი გამოყო. მომდევნო პოზიცია 2.421 მილიარდი ლარით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უკავია. პირველ სამეულშია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომლის დაფინანსებაც 1.738 მილიარდი ლარია. ასე რომ, თუ პირველი სამეულით ვიმსჯელებთ, მთავრობისთვის პრიორიტეტი ჯანმრთელობის დაცვა, ინფრასტრუქტურის განვითარება და განათლებაზე ზრუნვაა.

მეოთხე და მეხუთე პოზიცია თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს უკავიათ. მათი დაფინანსება, შესაბამისად, 900 და 790 მილიონ ლარს შეადგენს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მთავრობამ 415.805 მილიონი ლარი გამოუყო. მომავალი წლის ყულაბიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 356.5 მილიონი ლარი ერგო. იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება 251 მილიონი ლარია. საგარეო საქმეთა სამინისტროს საბიუჯეტო ასიგნება კი 156 მილიონი ლარია. სამინისტროებს შორის ყველაზე ნაკლები – 81.0 მილიონი ლარი ფინანსთა სამინისტროსთვის გამოიყო. თავად მთავრობის ადმინისტრაცია 15.5 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.  

უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტით, მომავალი წლის 1 იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ოდენობა 240 ლარით განისაზღვრა, რაც ნიშნავს, რომ დოკუმენტით პენსიის 20 ლარით ზრდა არის დაგეგმილი, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერების პენსია კი 25 ლარით გაიზრდება და 275 ლარი იქნება.

პატივცემულ მკითხველს შევახსენებ, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში მიმდინარე წელს შეტანილი ცვლილებების თანახმად, მომავალი წლიდან საპენსიო ასაკის მოსახლეობას სახელმწიფო პენსია ყოველწლიურად გაეზრდება. კერძოდ, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის მიმდინარე წლის სახელმწიფო პენსია (220 ლარი) ბოლო თორმეტი თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, ან არანაკლებ 20 ლარით უნდა გაიზარდოს. „საქსტატის“ მონაცემების თანახმად, აღნიშნული წესით გამოთვლილი პენსიის ზრდა 15 ლარს შეადგენს, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებულ მინიმალურ ზრდაზე ნაკლებია და, შესაბამისად, მომდევნო წლიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება. რაც შეეხება მეორე კატეგორიას, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის მიმდინარე წლის სახელმწიფო პენსია (250 ლარი) ბოლო თორმეტი თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო ექვსი კვარტლის რეალური ეკონომიკური ზრდის 80 პროცენტის ჯამით, ან არანაკლებ 25 ლარით უნდა გაიზარდოს. ამ შემთხვევაშიც იმავე „საქსტატის“ მონაცემების თანახმად, აღნიშნული წესით გამოთვლილი პენსიის ზრდა 20 ლარს შეადგენს. ეს კი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მინიმალურ ზრდაზე ნაკლებია. შესაბამისად, მომავალ წელს პენსია 25 ლარით გაიზრდება.

შესაძლოა მკითხველი ჩამეძიოს, შეიცვლება თუ არა საბიუჯეტო პარამეტრები? რა გაეწყობა, მიუხედავად იმისა, რომ ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, არც ამ კითხვას დავტოვებ უპასუხოდ. ყველაფერი არჩევნების შედეგზეა დამოკიდებული. პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი „ქართული ოცნების“ სამთავრობო გუნდის შემოქმედების ნაყოფია. ახლა თუ ბოლო დროს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს გადავხედავთ, ადვილად დავრწმუნდებით, რომ საარჩევნო მარათონში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად ლიდერობს. მმართველი გუნდი ახლოს არის, მომავალ პარლამენტში მთავრობა ყოველგვარი კოალიციის გარეშე, დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს. ხოლო ოპოზიციის ელექტორალური რესურსი და ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებული ურთიერთობის ხარისხი ნაკლებად შესაძლებელს ხდის ოპოზიციური კოალიციური მთავრობის ფორმირების პერსპექტივას. შესაბამისად, ძალიან მაღალი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქვეყნის 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ბედს „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო გუნდი გადაწყვეტს და ცვლილებებიც უმნიშვნელო, მხოლოდ შიდაპარტიული კონსულტაციების შედეგი იქნება.

და, ბოლოს, მთავარია, მეათე მოწვევის პარლამენტში პოლიტიკური ძალების კონფიგურაცია გადაწყვეტილების მიღების საშუალებას იძლეოდეს... 

 

1041
დოლარები

საქართველოს ეროვნული ბანკი დოლარების გაყიდვას განაგრძობს

15
სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, ექვს თვეში ეროვნულმა ბანკმა 18 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც გაყიდული თანხა ნახევარ მილიარდ დოლარს აღემატება

თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ხუთშაბათს მორიგი სავალუტო აუქციონი ჩაატარა, რომელზეც 30 მილიონი დოლარი გაყიდა, ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა დოლართან მიმართ 3,2173 GEL/$1 შეადგინა. 

სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, ექვს თვეში ეროვნულმა ბანკმა 18 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც 569,65 მილიონი დოლარი გაყიდა. ლარის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა დაეცა ნიშნულამდე 3.4842 GEL/$1.

პარასკევისთვის, 23 ოქტომბრისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა – 3,2181 GEL/$1.

მანამდე, ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ გამოიყენებდა მის განკარგულებაში არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებსა და სააღრიცხვო განაკვეთებს.

სავალუტო აუქციონებთან ერთად ეროვნული ბანკი ზედმეტი რყევების შესამცირებლად ყოველდღიურად იყენებს ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც გაცვლითი კურსის რყევა დღის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ნიშნულს ასცდება, ეროვნული ბანკი გარკვეულ თანხაზე უცხოური ვალუტით ვაჭრობაში მონაწილეობს.

გარდა ამისა, წელს ეროვნული ბანკი ინტერვენციისთვის იყენებს ვალუტას, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იღებს.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 1 ოქტომბრიდან ქართული სავალუტო ბაზარი Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.

15
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 22 ოქტომბერს

76
(განახლებულია 08:24 22.10.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0052 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2274 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0052 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურსი 22 ოქტომბერს

 

76
თემები:
ლარის კურსი დღეს