მინისტრმა ახალგაზრდა ფერმერების კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა

© photo: Sputnik / Ruslan Krivobok / გადასვლა მედიაბანკშიკომბოსტოს მოსავალი
კომბოსტოს მოსავალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენ გვჭირდება აგრარული სფეროს ახალგაზრდა პროფესიონალები, რადგან სოფლის მეურნეობის ეფექტიანად და სწორად განვითარებისთვის თანამედროვე ცოდნა აუცილებელია, აღნიშნა მინისტრმა.

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის პოპულარიზაციის მიზნით გამართული კონკურსის გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა, იუწყება გარემო დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დარგით მომავალი თაობის დაინტერესებას, ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ ინიციატივით გაიმართა.

„მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარემ რუსუდან გიგაშვილმა აღნიშნა, რომ კონკურსში ქვეყნის მასშტაბით ათობით სკოლა ჩაერთო.

კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

„სოფლის მეურნეობის ეფექტიანად და სწორად განვითარებისთვის თანამედროვე ცოდნა აუცილებელია. ჩვენ გვჭირდება აგრარული სფეროს ახალგაზრდა პროფესიონალები, ამიტომ პროექტები, რომლებიც პოპულარიზაციას უწევს ახალგაზრდებში სოფლის მეურნეობის მიმართულებებს, განსაკუთრებით დასაფასებელია“, – განაცხადა დავითაშვილმა.

კონკურსის მონაწილეებმა წარადგინეს ინფორმაცია საკუთარი მეურნეობებისა და საკარმიდამო ბოსტნების, შერჩეული სათესლე/სანერგე მასალების, ჩატარებული აგროტექნიკური სამუშაოებისა და მიღებული მოსავლის შესახებ. კონკურსი სკოლების მეურნეობებისა და საკარმიდამო ბოსტნების ადგილზე ნახვასა და შეფასებას ითვალისწინებდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების გამო პროცედურები ონლაინ–რეჟიმში განხორციელდა, ნათქვამია ინფორმაციაში.

მზის პანელები - Sputnik საქართველო
9 მილიონის გრანტები სოფლად ბიზნესის განვითარებისთვის – როგორ მოვიპოვოთ

საკონკურსო კომისიამ გამარჯვებულები კალიფორნიის ფრეზნოს უნივერსიტეტის მიერ სასკოლო კონკურსების შეფასებისთვის შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა.

კონკურსის პირველ ეტაპზე შეირჩა 37 მონაწილე, საიდანაც მეორე ეტაპზე გადავიდა 10.

ქართველი და ამერიკელი სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა კომპეტენტურმა კომისიამ კი რამდენიმე გამარჯვებული გამოავლინა შემდეგ ნომინაციაში: გუნდური ნამუშევარი, მრავალფეროვანი ბოსტანი და ყველაზე მოტივირებული.

ნომინაციაში „გუნდური ნამუშევარი“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მარადისის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „მაის“ მე-9, მე-10 და მე-11 კლასის 9 მოსწავლემ გაიმარჯვა.

ნომინაციაში „მრავალფეროვანი ბოსტანი“ – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზას საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ გიორგი სირბილაძემ.

„ყველაზე მოტივირებული“ კი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ლაშა-გიორგი კუჭაშვილი აღმოჩნდა.

გამარჯვებულებს პლანშეტები, მაღაზია „ბიბლუსის“ ვაუჩერები, სიგელები და სერტიფიკატები გადაეცათ.

კონკურსი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) და კალიფორნიის ფრეზნოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.

ყველა ახალი ამბავი
0