საქართველოსა და ევროკავშირის დროშები

მორიგი დახმარება COVID-19–თან ბრძოლისთვის: ევროკავშირთან ორ შეთანხმებას მოეწერა ხელი

83
(განახლებულია 21:37 29.09.2020)
მხარდაჭერა მოიცავს მედიკამენტებს, მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ მხარდაჭერას, გრანტებს ფერმერებისთვის და სხვ.

თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. საქართველო მიიღებს 129 მილიონ ევროს, რომელიც ქვეყანას დაეხმარება, გაუმკლავდეს კორონავირუსის აფეთქებას და მის გავლენას ეკონომიკაზე.

ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰელმა და საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიუსელში 129 მლნ ევროზე ორ ფინანსურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, აღნიშნულია ევროპის კომისიის განცხადებაში.

კორონავირუსის პანდემიამ ნეგატიური გავლენა მოახდინა როგორც კერძო სექტორზე, ისე საქართველოს მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობაზე. მთავრობა იძულებული გახდა, მეწარმეებისა და მოაქალაქეების დასახმარებლად, ასევე ეპიდემიის გავრცელების აღმოსაფხვრელად და დაავადებულთა მკურნალობისთვის დამატებითი რესურსები მოეზიდა.

ევროკავშირის დახმარება საქართველოსთვის (პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული) რიგ მოქმედებებს მოიცავს, რაც ითვალისწინებს ქვეყნის მოქალაქეების დახმარებას პანდემიის შედეგებთან გამკლავებაში. მხარდაჭერა მოიცავს მედიკამენტებს, მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ მხარდაჭერას, უპროცენტო სესხებსა და გრანტებს ფერმერებისთვის, ასევე პირდაპირ ფინანსურ მხარდაჭერას სახელმწიფო ბიუჯეტში.

რას ხმარდება გაზრდილი სახელმწიფო ვალი და რა განრიგით მოუწევს ქვეყანას მისი გასტუმრება>>

პირველი შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას 75 მლნ ევროს ოდენობის გრანტის მეშვეობით.

ზომები მოიცავს სოციალურად დაუხცველი ოჯახების სოციალურ დახმარებას, ბიზნესის მხარდაჭერას, რომლებმაც რთულ დროს სამუშაო შეინარჩუნეს. ის ასევე ითვალისწინებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში საწოლების რაოდენობის გაზრდას, რათა ქვეყანა მზად იყოს ინფექციის პოტენციური ზრდისთვის.

მეორე შეთანხმებაა „ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარება“, რომლის ფარგლებშიც გრანტების სახით 54 მილიონი ევრო გამოიყოფა. ეს თანხა რეგიონების განვითარებას მოხმარდება. პროგრამა მიმართულია ქალაქის ინფრასტრუქტურის აღდგენასა და მშენებლობაზე, ტურიზმის განვითარების წახალისებასა და მცირე და საშუალო კომპანიებისა და ინოვაციების მხარდაჭერაზე.

83
თემები:
COVID-19 საქართველოში (2238)
ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი: „სამწუხაროა რომ რთველი პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენეს...“

9
კახეთში რთველის მიმდინარეობისას ფერმერები ყურძნის ფასით უკმაყოფილოები იყვნენ, ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანის მევენახეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და „საფერავის“ ჯიშის ყურძენზე ფასის მომატება მოითხოვეს

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. წელს რთველზე რქაწითელის ფასი 20 ევროცენტზე ოდნავ მეტს შეადგენდა, რაც აღემატება ესპანეთში, იტალიაში, მოლდოვასა და ბულგარეთში ძირითად ჯიშებში ყურძენზე არსებულ ფასებს, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

კახეთში რთველის მიმდინარეობისას ფერმერები ყურძნის ფასით უკმაყოფილოები იყვნენ, ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანის მევენახეებმა საპროტესტო აქციაც კი გამართეს და „საფერავის“ ჯიშის ყურძენზე ფასის მომატება მოითხოვეს. ფერმერების თქმით, ქარხნები მათ ყურძენს შაქრის დაბალი შემცველობის გამო არ იბარებენ, ამ დროს კი ყურძენი ვაზზე ხმება და წონას კარგავს. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 1,5 ლარი კილოგრამზე, რომელსაც მეწარმეები იხდიან, მათთვის მიუღებელია.

მინისტრის განმარტებით, საქართველოში ყურძნის მინიმალური ფასი ძირითად ინდუსტრიულ ჯიშზე - რქაწითელზე - 80 თეთრით განისაზღვრა. ფასის დაფიქსირება სახელმწიფოს მხრიდან იყო არაორდინალური ნაბიჯი იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მინიმუმ 1000 ტონა ყურძენს გადაამუშავებდნენ და, შესაბამისად, სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთვებოდნენ. ამან კერძო სექტორის მოტივაცია ერთიორად გაზარდა, სხვა შემთხვევაში სახელმწიფო კომპანიებზე წნეხი უფრო დიდი იქნებოდა.

„აღსანიშნავია, რომ მევენახეობის ძალიან წარმატებულ ქვეყნებში, მაგალითად, ესპანეთსა და იტალიაში, ძირითადი ჯიშების ყურძნის ფასი 10-15 ევროცენტის ფარგლებში მერყეობდა. თუ „რქაწითელის“ ფასს ევროცენტებში გადავიყვანთ, ის 20 ევროცენტზე ოდნავ მეტს შეადგენდა, რაც აღემატება ევროპის ქვეყნების ზემოთ მოყვანილ მაგალითებს. მოლდოვასა და ბულგარეთში, ზოგ შემთხვევაში, ფასი 10 ევროცენტზე ნაკლებიც იყო. ევროპის რიგ ქვეყნებში ყურძენი არც დაიკრიფა და გამოყენებული იყო კომპენსაციის მექანიზმი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„ამ მხარდაჭერით, ფერმერებმა მიიღეს გარანტია, რომ მათ ხარჯების დაფარვის და კვლავწარმოების გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემოდათ. რაც შეეხება „საფერავს“, ამ შემთხვევაში საბაზრო მექანიზმებით ჩამოყალიბებული 1 კგ-ის ფასი 1.40 ლარიდან 2 ლარამდე მერყეობდა. ასეთ პირობებში სპეკულირება, რომ საქართველოში რთველის დროს სახელმწიფოს მხრიდან არ იყო გაღებული მაქსიმალური ძალისხმევა, არის უპასუხისმგებლო განცხადება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფომ გააკეთა მაქსიმუმი, რომ გაზრდილი მოსავლის, შემცირებული გაყიდვებისა და პანდემიის გამო ჩავარდნილი ტურისტული სეზონის პირობებში, მევენახე ფერმერებისთვის შეექმნა გარანტიები, რომ მათ დაებინავებინათ თავისი მოსავალი.

„რომ არა სახელმწიფოს მხარდაჭერა, 25 ათასი ფერმერიდან 10 ათასი ფერმერი ფიზიკურად ვერ მოახერხებდა პროდუქტის რეალიზებას და 100 ათას ტონამდე ყურძენი უნდა გადაყრილიყო“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ  სახელმწიფოს მოუწია 95 ათასი ტონა ყურძნის შესყიდვა, მათ შორის ლეჩხუმის რეგიონში, სადაც სახელმწიფო იყო ერთადერთი შემსყიდველი.

„ეს არის რეგიონი, რომელიც განსაკუთრებული ტურისტული მიზიდულობით გამორჩევა. აქ არ არის მსხვილი კომპანიები წარმოდგენილი, არის ძირითადად საოჯახო მარნები, რომელთა პროდუქცია იყიდებოდა ტურისტულ სექტორში. ამიტომ სახელმწიფოს მოუწია „ტვიშის“, „ცოლიკაურის“, „ოჯალეშისა“ და „უსახელაურის“ შესყიდვა. რომ არა ეს ნაბიჯი, ადგილობრივი ფერმერები დარჩებოდნენ შემოსავლების გარეშე - ეს სოციალური მხარდაჭერის ნაბიჯიც მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია, განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, რაჭაში ცხოვრების დონე რამდენჯერმეა გაზრდილი - წელს გადამუშავდა 2400 ტონა „ალექსანდროული“ და „მუჯურეთული“, როდესაც 2013 წელს ეს რესურსი იყო 400 ტონა. ამ შემთხვევაში სახელმწიფომ 1000 ტონამდე ყურძენი შეიძინა „ხვანჭკარის“ მიკროზონაში.

„სამწუხაროა, რომ საარჩევნო წელს, პოლიტიკურ ინსტრუმენტად რთველი და ჩვენი ფერმერების ემოციებით თამაში იყო გამოყენებული, აღნიშნა მინისტრმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, რთველი-2020-ის ფარგლებში კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში 280 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია. ღვინის საწარმოებში ყურძენი 25 ათასამდე მევენახე ფერმერმა ჩააბარა. მათი შემოსავალი 310 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

9
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
დოლარები და ლარები

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე დოლარების მიწოდებას განაგრძობს

24
სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, შვიდ თვეში ეროვნულმა ბანკმა უკვე 20 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც 649,65 მილიონი დოლარი გაყიდა.

თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამშაბათს მორიგი სავალუტო აუქციონი ჩაატარა, რომელზეც 40 მილიონი დოლარი გაყიდა, ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ 3,2334 GEL/$1 შეადგინა. 

სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, შვიდ თვეში ეროვნულმა ბანკმა უკვე 20 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც 649,65 მილიონი დოლარი გაყიდა. ლარის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა დაეცა ნიშნულამდე 3.4842 GEL/$1.

პარასკევისთვის, 30 ოქტომბრისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა – 3,2338 GEL/$1.

მანამდე, ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ გამოიყენებდა მის განკარგულებაში არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებსა და სააღრიცხვო განაკვეთებს.

სავალუტო აუქციონებთან ერთად ეროვნული ბანკი ზედმეტი რყევების შესამცირებლად ყოველდღიურად იყენებს ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც გაცვლითი კურსის რყევა დღის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ნიშნულს ასცდება, ეროვნული ბანკი გარკვეულ თანხაზე უცხოური ვალუტით ვაჭრობაში მონაწილეობს.

გარდა ამისა, წელს ეროვნული ბანკი ინტერვენციისთვის იყენებს ვალუტას, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იღებს.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 1 ოქტომბრიდან ქართული სავალუტო ბაზარი Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.

 

 

24
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
სიტუაცია ნიცაში თავდასხმის შემდეგ

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

0
პრეზიდენტმა დაგმო სიძულვილით ჩადენილი თავდასხმა და განაცხადა, რომ ლოცულობს დაშავებულებისა და დაღუპულთა ოჯახებისათვის.

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიცაში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

„ჩემი ფიქრები ფრანგ ხალხთანაა. ვგმობ ამ სიძულვილით გამოწვეულ თავდასხმას. ვლოცულობ დაშავებულთა და დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის“, – დაწერა ზურაბიშვილმა თავის Twitter-ში.

ხუთშაბათს დილით ნიცაში დანით შეიარაღებული უცნობი პირი თავს დაესხა ადამიანებს ნოტრ-დამის ეკლესიაში, დაიღუპა სამი ადამიანი, რამდენიმე დაიჭრა. რამდენიმე მედია იუწყება, რომ თავდამსხმელმა ორ ადამიანს თავები მოკვეთა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნიცაში განაცხადა, რომ ქვეყანაზე „ისლამური ტერორისტული შეტევა“ განხორციელდა.

0
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი