ბანკის საქმიანობა

რას ხმარდება გაზრდილი სახელმწიფო ვალი და რა განრიგით მოუწევს ქვეყანას მისი გასტუმრება

122
(განახლებულია 14:24 28.09.2020)
კორონაკრიზისის პერიოდში ნასესხებ ფულს თუ გავითვალისწინებთ, მთავრობა 2020 წელს საგარეო ვალს 6.1 მილიარდი ლარით, ხოლო საშინაო ვალს 1.8 მილიარდი ლარით ზრდის.

საგარეო ვალი მთავრობის და ეროვნული ბანკის ვალია, ხოლო საშინაო - სახაზინო და სხვა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ვალს მოიცავს.

ჯერ კიდევ 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას, კოვიდპანდემიამდე გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ვალი 3.6 მლრდ-ით იმატებდა. შედეგად საგარეო ვალი 17.7 მილიარდს (წინა წელთან შედარებით ზრდა 2.3 მლრდ), ხოლო საშინაო ვალი 5.6 მლრდ ლარს (წინა წელთან შედარებით ზრდა 1.2 მლრდ) მიაღწევდა. მაგრამ ჯერ კოვიდპანდემიამ, შემდეგ კი ლარის ბოლოდროინდელმა გაუფასურებამ საქმე გაცილებით უფრო გაართულა.

რას ხმარდება ნასესხები ფული

საქართველოს პარლამენტმა 24 ივნისს ბიუჯეტში ცვლილებები, ე.წ. „ანტიკრიზისული ბიუჯეტის“ პროექტი დაამტკიცა. წლის ბოლომდე მთავრობა 16 მილიარდამდე ლარს დახარჯავს, საიდანაც ანტიკრიზისულ ზომებზე, პანდემიით გამოწვეულ სხვა ხარჯებთან ერთად, ჯამში, 3.4 მილიარდი ლარია განსაზღვრული.

მთავრობის ვებ-გვერდზე წარმოდგენილი პრეზენტაციის მიხედვით, სახელმწიფო რესურსი ძირითადად შემდეგი მიმართულებებით დაიხარჯება:

• უხელფასოდ დარჩენილი მოქალაქეების 200-ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში – 450 მლნ;

• თვითდასაქმებულთა ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება – 75 მლნ;

• კომუნალური ხარჯების სუბსიდირება – 170 მლნ;

• სოციალურად დაუცველთა და შშმ პირების გარკვეული კატეგორიების დახმარება 6 თვის მანძილზე – 85 მლნ;

• საკარანტინო სივრცეებით მომსახურების ანაზღაურება და ფრენების სუბსიდირება – 45 მლნ;

• ვირუსის გავრცელების პრევენციისა და ჯანდაცვის ხარჯები – 345 მლნ;

• საკრედიტო-საგარანტიო სქემა – 330 მლნ;

• სასტუმროების საპროცენტო ხარჯის სუბსიდირება – 77 მლნ;

• სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა (მათ შორის დევნილთა სახლების გაზრდილი შესყიდვები) – 40 მლნ;

• სოფლის მეურნეობის სექტორის ხელშეწყობა – 139 მლნ;

• კომერციული ბანკებისთვის ლარის გრძელვადიანი ლიკვიდობის შექმნა – 600 მლნ.

ოპოზიციის კრიტიკა ხელისუფლებას

ქვეყნის მიერ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ აღებული ვალდებულებები, წინა წლის ვალებთან ერთად, პიკურ ნიშნულს უახლოვდება. ოპოზიციის კითხვები ხარჯვის მიზნობრიობას უკავშირდება, ასევე უპასუხოა, რატომ არ გამოიყენა 3 მილიარდ ლარამდე საბიუჯეტო ნაშთი ხელისუფლებამ კრიზისის დროს. ოპონენტების ვარაუდით, თანხა ივანიშვილის გუნდმა შეგნებულად წინასაარჩევნოდ შემოინახა.

დღევანდელი მდგომარეობით მთლიანი სახელმწიფო ვალი 31,019 მლრდ ლარს შეადგენს, რაც თითოეული მოქალაქის წილად 8,3 ათასი ლარია. 2019 წელს სახელმწიფო ვალი 20,622 მლრდ ლარი იყო, ხოლო თითოეულ მოქალაქეზე 5,5 ათასი ლარი მოდიოდა. 2018-ში სახელმწიფო ვალი 17,795 მლრდ ლარი გახლდათ და თითო მოქალაქის წილად 4,7 ათასი ლარი მოდიოდა. როგორც ვხედავთ, წელს სახელმწიფო ვალი ერთ სულ მოსახლეზე უკვე მნიშვნელოვნად გაიზარდა. ხოლო რა მაჩვენებელი იქნება წლის ბოლოს, ეს დამოკიდებულია კიდევ რამდენს ისესხებს მთავრობა საგარეო ვალს, რომელიც დოლარშია, და ასევე მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ლარის კურსი წლის ბოლოს. ყოველი პუნქტით გაუფასურებული ლარი მნიშვნელოვნად ზრდის საგარეო ვალს თითოეული მოქალაქისთვის.

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის რომან გოცირიძის თქმით, სახელმწიფომ უზარმაზარი საგარეო ვალი აიღო, რაც ქვეყანას არაფერში დასტყობია.

„არასწორი გზით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა და სად იხარჯება ეს ფული, არავინ იცის“, – ამბობს გოცირიძე.

გოცირიძემ პრემიერ გახარიას ინიციატივაც გააკრიტიკა, როდესაც მან აგვისტოს დასაწყისში სოციალური დახმარების მესამე ტალღა დააანონსა.

„მთავრობამ 530 მილიონი ლარი გამოყო ბიუჯეტიდან ფულადი დახმარების სახით პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისათვის. დღეისათვის გაცემულია მხოლოდ 111 მილიონი ლარი. როგორც ველოდით, დანარჩენი წინასაარჩევნოდ შემოინახეს“, – ამბობდა გოცირიძე.

მისი თქმით, მთავრობამ თავიდან ისეთი მკაცრი კრიტერიუმები დააწესა, რომ თვითდასაქმებულთა უდიდესმა ნაწილმა ვერ მიიღო ეს დახმარება. არჩევნების მოახლოების დროს კი ყოველგვარი ცნობის გარეშე დაიწყეს ფულის დარიგება.

„ამით ორ მიზანს აღწევენ – წინასაარჩევნოდ გულის მოგებას და საკუთარი აქტივის უპრობლემოდ ჩასმას ფულადი დახმარების მიმღებთა სიაში. ფაქტობრივად, ბიუჯეტიდან აფინანსებენ საარჩევნო კამპანიას“, – განაცხადა გოცირიძემ. მისი თქმით, ეს ფული ვალად არის აღებული უცხოეთიდან და ეკუთვნის ხალხს და არაა ივანიშვილის და მისი პარტიის მოწყალება.

საგარეო ვალდებულებების დაფარვა

გარდა იმისა, თუ რას ხმარდება ნასესხები ფული, მნიშვნელოვანია როგორ და რა გრაფიკით მოხდება ნასესხები ვალის გასტუმრება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საქართველოს 2020 წელს კრიზისის გამო აღებული საგარეო ვალების დაფარვა მომდევნო წლიდან არ მოუწევს. მისი თქმით, საქართველო წელს სრულად მიიღებს პანდემიიდან გამომდინარე სესხად აღებულ თანხას, რომელიც $1.5 მლრდ-ია, აქედან 900 მილიონ დოლარზე მეტი უკვე რატიფიცირებულია. კაკაურიძის ვარაუდით, სექტემბრის ბოლოს, ოქტომბერში 80%-მდე იქნება ჩამორიცხული.

„რაც შეეხება ვალის დაფარვის გრაფიკს, მხოლოდ კრიზისის გამო აღებულ ვალს თუ ავიღებთ, არც ერთი ვალის დაფარვა მომდევნო წელს არ გვიწევს, იმიტომ რომ ყველას აქვს შეღავათიანი პერიოდი მინიმუმ 3 წელი, თუმცა, ზოგადად ქვეყანას ვალის დაფარვა უწევს“, – აღნიშნა კაკაურიძემ.

მისივე განცხადებით, მომავალ წელს საქართველოს 2.4 მილიარდ ლარამდე საგარეო ვალის დაფარვა მოუწევს. ყველაზე დიდი წილი კი 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციების დაფარვაზე მოდის.

აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რაც უფრო გაუფასურდება ლარი, მით მეტი იქნება ბიუჯეტიდან საგარეო ვალის მომსახურებაზე გადასახდელი თანხაც.

როგორც ირკვევა, 2020 წლის პირველი 6 თვის მანძილზე მთავრობამ მხოლოდ საგარეო ვალის დაფარვაზე 623 მილიონ ლარამდე დახარჯა. ამის შესახებ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვაშია აღნიშნული.

საგარეო ვალის სიმძიმეს ეკონომიკისთვის დიდ საფრთხედ მიიჩნევს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ საგარეო ვალის სიმძიმე ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ პარამეტრებზე ნეგატიურად აისახება და კიდევ უფრო მეტად დააზარალებს მოსახლეობას.

„ბიუჯეტის გეგმას რომ ჩავხედოთ, დაახლოებით მეათედი მიდის ვალის მომსახურებაზე, რაც ძალიან დიდი რიცხვია. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ბიუჯეტი არის ეკონომიკის დაახლოებით 30-32% და როცა ამის მეათედი ვალის მოხმარებაზე მიდის, ეს უკვე ნიშნავს, რომ თითოეული ჩვენგანი, თითოეული მოქალაქე ვალის მომსახურებაში დიდ თანხას იხდის თავისი გამომუშავებული ფულიდან“, – განაცხადა ხორგუაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა ფულს იხდის ისეთი ვალების მომსახურებაში, რაც რეალურად ვერ გამოიყენა ან მოძველდა.

„ინფრასტრუქტურული და კაპიტალური პროექტების დასაფინანსებლად წლების განმავლობაში მოცულობითი ვალია აღებული, მაგრამ ფული გაიფლანგა, საქმე უხარისხოდ გაკეთდა, ვალი კი ვალად დარჩა. ასეთი არაერთი შემთხვევაა.

გარდა იმისა, რომ ამხელა ვალი თითოეულ მოქალაქეს აზარალებს, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები უარესდება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენს საკრედიტო რეიტინგს შეიძლება პრობლემა შეექმნას – შემდეგში სესხი უფრო ძვირად მოგვცენ. ამით ინვესტიციებისთვის ნაკლებად მიმზიდველი გავხვდებით“, – აღნიშნა ხორგუაშვილმა.

წინა წლებს თუ გავიხსენებთ, საგარეო ვალის ზრდის ტემპი 2013 წლამდე პერიოდულად მცირდებოდა. ბოლო წლებში კი სესხის მაჩვენებელი მუდმივად იზრდება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პროექტი „ბიუჯეტის მონიტორი“ აქვეყნებს სახელმწიფო ვალის დინამიკას წლების მიხედვით.

სახელმწიფო ვალი 2016 წელს 14,45 მლრდ, 2017 წელს 16,283 მლრდ, 2018 წელს 17,795 მლრდ, 2019 წელს 20,622 მლრდ ლარი იყო.

2020 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით, როცა 1 დოლარი 2.33 ლარს შეესაბამება, სახელმწიფო ვალი სულ 31 019 313 066 ლარია, საიდანაც საგარეო ვალის წილად მოდის 24 533 157 613 ლარი, ხოლო საშინაო ვალი 5 966 796 000 ლარია.

რაც შეეხება მთლიანად სახელმწიფო ვალის მომსახურებას, არსებული ლარის კურსის პირობებში შემდეგი სიტუაციაა: წელს ვალდებულებების მომსახურებაზე ჯამურად 3 157 947 294 ლარია ბიუჯეტიდან გადასახდელი, ხოლო მომავალ, 2021 წელს 4 360 451 988 ლარის დაფარვა მოგვიწევს.

 

თემურ იოსელიანი

122
ქალი პროდუქტებით ქუჩაში

 რატომ ვაჭრობს საქართველო ნაკლებს და გაძვირდება თუ არა პური

22
(განახლებულია 11:06 29.10.2020)
ეკონომისტების შეფასებით, საგარეო ვაჭრობის შემცირების ძირითადი მიზეზი ახალი კორონავისრუსის პანდემია და ის ეკონომიკური პრობლემებია, რომელიც ამ ვირუსის გავრცელებამ შექმნა როგორც საქართველოში, ასევე მის ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მსოფლიოში

ნატა პატარაია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის დასაწყისიდან საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის იანვარი–სექტემბერთან შედარებით, 14,9%-ით შემცირდა და 8,1 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. 9 თვეში ექსპორტზე 2,4 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების ქართული პროდუქცია გავიდა, რაც 12,1%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ხოლო იმპორტმა 5,7 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც გასული წლის იანვარი–სექტემბრის პერიოდთან შედარებით 15,9%-ით ნაკლებია.

ქვეყანაში იმპორტის შემცირება მოთხოვნის კლებამ გამოიწვია, რაც თავის მხრივ მოსახლეობის მსყიდველობის უნარის შემცირებით არის განპირობებული, აღნიშნა ეკონომისტმა ნიკა შენგელიამ Sputnik -საქართველოსთან საუბრისას.

„კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად დაზარალდა როგორც ბიზნესი, ასევე მოსახლეობა, გაიზარდა უმუშევრობა, თვითდასაქმებული მოსახლეობის დიდ ნაწილს შეუმცირდა შემოსავალი, რასაც დაემატა ეროვნული  ვალუტის გაუფასურებაც, გაძვირდა პირველადი მოხმარების პროდუქტი. ყოველივე ამან ნეგატიურად იმოქმედა მოსახლეობის მსყიდველობისუნარზე და შესაბამისად შეამცირა ბაზარზე მოთხოვნაც“, -აღნიშნა ნიკა შენგელიამ.
ნიკა შენგელია
ნიკა შენგელია

ნიკა შენგელია ფიქრობს, რომ იმპოირტის მოცულობის შემცირებამ საშუალოვადიან პერსპექტივაში შეიძლება ბაზარზე გარკვეული პროდუქტების დეფიციტიც კი გამოიწვიოს, თუმცა მხოლოდ რამდენიმე კვირით.

რაც შეეხება გაძვირებული დოლარით შეძენილი იმპორტირებული პროდუქციის ღირებულებას, ეკონომისტის აზრით, გარკვეულ ჯგუფებზე ფასების ზრდა კიდევ არის მოსალოდნელი.

 „თებერვლიდან ველოდებით ფასების მატებას პურზე, ხორცზე და რძის პროდუქტებზე, რადგან ხორბალზე, სიმინდზე და სოიოზე სასაქონლო ბირჟებზე ფასი რეკორდულად მატულობს“ - განაცხადა ნიკა შენგელიამ.

რაც შეეხება ექსპორტისგან მიღებულ ნაკლებ შემოსავალს, ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში 9 თვეში შემოსული ნაკლები დოლარი ლარის კურსზე მოცემულ შემთხვევაში ზეგავლენას ვერ მოახდენს.  

„მოკლევადიან პერიოდში ეროვნული ვალუტაზე იმოქმედებს პოლიტიკური სტაბილურობის ფაქტორი, ანუ დიდი მნიშვნელობა აქვს არჩევნების ჩატარების შემდეგ  როგორი ვითარება იქნება საქართველოში“, - აღნიშნა ნიკა შენგელიამ.

მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში სახელმწიფომ „კორონა ეკონომიკის“  პირობებში ეკონომიკურის რეცესიიდან გამოსაყვანად უნდა შეიმუშავოს განვითარების სტრატეგია და მიყვეს მას. 

„მხოლოდ ტურისტული სექტორზე ფიქრი შედეგებს ვერ მოიტანს. ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორს უნდა მიექცეს ყურადღება. ვინაიდან ჯერჯერობით ქართული ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია არ წარმოდგენილა, მანამდე მცირე და საშუალო მეწარმეობის დასახმარებლად შემოშავებული პროექტები უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა შენგელიამ.

ეკონომისტ რატი აბულაძის აზრით კი საგარეო ვაჭრობა მთელს მსოფლიოში შემცირდა და შეიძლება ითქვას, რომ ბევრ ქვეყანაში ეს ტენდენცია უფრო მასშტაბურიცაა, ვიდრე საქართველოში.

რატი აბულაძე
რატი აბულაძე

„სამწუხაროდ, საერთაშორისო ვაჭრობის ნეგატიურ მაჩვენებელს ქმნის შესუსტებული ეკონომიკური აქტივობა, დასუსტებული ბიზნესი, შემცირებული შემოსავლები, დაკლებული სარგებელი და გაზრდილი უმუშევრობა“ - აღნიშნა რატი აბულაძემ Sputnik საქართველოსთან საუბრისას.

მისი თქმით, მეწარმეები, რომლებიც აწვდიდნენ პროდუქციას გლობალურ ბაზრებს,  ეპიდემიის  გამო შეეჯახნენ ბაზრებთან წვდომის პრობლემებს, მოთხოვნის სტრუქტურის ცვლილებას, მიწოდების ქსელში წარმოქმნილ შეფერხებებს,  სასაზღვრო და სავაჭრო შეზღუდვებს. დასაქმებულ პირთა ვირუსით ინფიცირების მასშტაბურობის გამო, საფრთხის წინაშე დადგა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება და დაგეგმილ ვადებში მუშაობა

„უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონული კონფლიქტების, პოლიტიკური კონფრონტაციების, პანდემიისა და ჯანდაცვის სექტორში არსებული  გამოწვევების ფონზე ბიზნესი, კონკურენცია და ბაზრის მოცვა სულ უფრო რთული გახდა“,- აღნიშნა რატი აბულაძემ.

მისი აზრით, შექმნილ ვითარებაში პირველ რიგში საქართველო უნდა გაუფრთხილდეს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან არსებულ ურთიერთობებს.  საქართველოს საგარეო სავაჭრო აქტივობის აღდგენა კი დამოკიდებულია ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის ხელშეწყობაზე, ახალ სავაჭრო სქემებზე, აქტიურ ბიზნესპოლიტიკაზე და აგრესიული საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები 2020 წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი — ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ იანვარი–სექტემბრის პერიოდში 2,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 36%-ია.

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან: აზერბაიჯანი, სომხეთი,  უკრაინა, აშშ, გერმანია, ბულგარეთი, იტალია.

 

22
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 29 ოქტომბერს

33
(განახლებულია 09:04 29.10.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0103 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2345 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0103 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 29 ოქტომბერს
33
თემები:
ლარის კურსი დღეს
ევროკომისია

ევროკომისია მინიმალური ხელფასის დადგენას მოითხოვს: დირექტივა გაცემულია

0
(განახლებულია 11:07 29.10.2020)
მინიმალური ანაზღაურება ევროკავშირის წევრ 21 სახელმწიფოშია დადგენილი, ხოლო ექვსში მინიმალური ხელფასის დონე კომპანიებთან შეთანხმებების საფუძველზე განისაზღვრება

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობა დაცული უნდა იყოს ადეკვატური მინიმალური ანაზღაურებით, რაც მათ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს, სადაც უნდა იყვნენ ისინი დასაქმებულები, ნათქვამია ევროკომისიის მიერ შეთავაზებულ დირექტივაში, რომელიც მის საიტზე ქვეყნდება.

ბრიუსელში მიჩნიათ, რომ მინიმალური ხელფასის ადეკვატურ დონეზე დადგენა არა მარტო დადებით სოციალურ ზემოქმედებას ახდენს, არამედ დიდი ეკონომიკური სარგებელიც მოაქვს, ვინაიდან ამცირებს სახელფასო უთანაბრობას, აძლიერებს მუშაობის სტიმულს და ხელს უწყობს შიდა მოთხოვნილების ზრდას.

გარდა ამისა, ადეკვატური მინიმალური ანაზღაურება ასევე შეამცირებს სხვაობას ქალებისა და მამაკაცების ხელფასებს შორის, ვინაიდან ქალების მინიმალური ანაზღაურება უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცებისა.

ამასთან ევროკომისიაში აცხადებენ, რომ მათი წინადადება დაიცავს დამსაქმებლებსაც, ვინაიდან თანამშრომლებისთვის ღირსეული ხელფასის გადახდას ისინი პატიოსანი კონკურენციის საფუძველზე შეძლებენ.

როგორც ცნობილია, მინიმალური ანაზღაურება ევროკავშირის წევრ 21 სახელმწიფოშია დადგენილი, ხოლო ექვსში (დანიაში, იტალიაში, კვიპროსზე, ავსტრიაში, ფინეთსა და შვედეთში) მინიმალური ანაზღაურება კომპანიებთან შეთანხმებების საფუძველზე განისაზღვრება. მიუხედავად ამისა, როგორც ევროკომისიაში ამბობენ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობაში დასაქმებულების ხელფასები საკმარისად არ შეესაბამება მინიმალური ანაზღაურების მოთხოვნებს.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის დირექტივა არ ავალდებულებს სახელმწიფოებს, კანონმდებლობით დაადგინონ მინიმალური ანაზღაურების დონე და ამასთან არ მოითხოვს, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანას მინიმალური ანაზღაურების ერთნაირი დონე ჰქონდეს.

0
თემები:
მსოფლიო დღეს