თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საქართველოდან ამ დროისთვის უკვე 4 436 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც 74%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
„კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარების მიუხედავად, ექსპორტიორებთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციებთან აქტიური მუშაობის შედეგად, საექსპორტო ბაზრებზე ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება ორგანიზებულად მიმდინარეობს“, - აცხადებენ სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროპის ქვეყნებში ხორციელდება.
კერძოდ, გერმანიაში (1392,9 ტონა), იტალიაში (808,8 ტონა), ჩეხეთში (280,3 ტონა), ესპანეთში (165 ტონა), პოლონეთში (192 ტონა), საფრანგეთში (125 ტონა), ლიეტუვაში (143.7 ტონა), საბერძნეთში (34,7 ტონა), ავსტრიაში (22 ტონა), ესტონეთში (22 ტონა) და ლატვიაში (21 ტონა).
ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე შემდეგ ქვეყნებში: სომხეთი (255,8 ტონა), რუსეთი (268.0 ტონა), უკრაინა (83,7 ტონა), ბელარუსი (102.5 ტონა), ბრაზილია (74,0 ტონა), მექსიკა (53,0 ტონა) და დიდი ბრიტანეთი (22 ტონა).
უწყების ინფორმაციით, წელს თხილის დაბინავების პროცესში ჩართულია 30-ზე მეტი საწარმო.