ღვინის სექციაა

ცნობადობის გაზრდა: რამდენს ხარჯავს საქართველო ღვინის ბაზრების ათვისებაზე

146
(განახლებულია 20:29 25.09.2020)
ქართული მეღვინეობა კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო ოპერაციების შემცირების გამო ზარალს განიცდის.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. საქართველო ახალი საექსპორტო ბაზრების ასათვისებლად წელიწადში დაახლოებით 9 მილიონ ლარს ხარჯავს, ამასთან, არც ერთი თეთრი არ დახარჯულა რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, როდესაც მან 2012 წელს ღვინის ეროვნულ სააგენტოში დაიწყო მუშაობა, მარკეტინგული ბიუჯეტი შეადგენდა დაახლოებით 1,5 მლნ ლარს, რომლის მხოლოდ მესამედი იქნა გამოყენებული. 

„ახალი ბაზრების ასათვისებლად დღეს ჩვენ დაახლოებით 9 მილიონ ლარს ვხარჯავთ. ეს არის სახელმწიფოს დანახარჯი, რომელსაც, რა თქმა უნდა, ემატება კერძო კომპანიების მარკეტინგული აქტივობა და არც ერთი თეთრი არ დახარჯულა რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის პრომოციაზე“, – განაცხადა მინისტრმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.

სტატისტიკური მონაცემებით, ქართული ღვინო ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთში გადის – 2019 წელს ქართული ღვინის მთელი ექსპორტის 62,1%-ზე მეტი რუსეთში გავიდა.

„ყველა დანახარჯი რუსული ბაზრის მიღმაა, იმისთვის, რომ ქართული ღვინის ცნობადობა სხვა ქვეყნებშიც გაიზარდოს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან მინისტრმა დასძინა, რომ დიდი პროგრესის მიუხედავად, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი.

„არ მინდა საზოგადოებას შთაბეჭდილება შეექმნას, რომ ჩვენ კმაყოფილი ვართ ჩვენი შედეგებით და ვამბობთ, რომ ყველაფერი კარგად არის. არც სოფლის მეურნეობაში და არც ერთი სხვა მიმართულებით არ ვართ კმაყოფილი და ძალიან ბევრია გასაკეთებელი, თუმცა, არ შეიძლება, პროგრესი არ დავინახოთ“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

მისი აზრით, სოფლის მეურნეობა განვითარების გზის დასაწყისშია და ეს მეღვინეობის სექტორსაც ეხება.

„ჩვენ ვსაუბრობთ განვითარების დინამიკაზე და არა იმაზე, რომ სასურველ შედეგს მივაღწიეთ. მაგალითად, ჩემი მოლოდინია, რომ ღვინო მილიარდის შემომტანი იყოს საქართველოსთვის. ამის პოტენციალი ამ ქვეყანას გააჩნია, თუმცა ამას მრავალწლიანი, თანმიმდევრული მუშაობა სჭირდება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის ფლაგმანი

სოფლის მეურნეობის მინისტრის აზრით, მეღვინეობას ეკონომიკურად მნიშვნელოვანი პოზიცია უჭირავს, რადგან ღვინის ექსპორტი ქვეყნის საერთო ექსპორტის თითქმის 10%-ს შეადგენს და უამრავი ადამიანია დაკავშირებული და ჩართული ღვინის ინდუსტრიაში, რომელიც სწრაფად იზრდება.

მისი თქმით, ღვინო საქართველოს იდენტობის ნაწილია და სახელმწიფო ყველა ღონეს ხმარობს ამ სექტორის შესანარჩუნებლად.

„ჩვენ ყველას გვესმის, რომ 2020 წელს კორონავირუსმა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით, საქართველოში დააზარალა ღვინის სექტორი, რადგანაც ის გაყიდვის ძირითადი არხი, რომელიც უკავშირდებოდა სასტუმროებს, რესტორნებს, ბარებს, მთელი გაზაფხულის მანძილზე იყო დაკეტილი და თუ ყველა სხვა სექტორში ჩვენ გვაქვს ზრდა, მიუხედავად პრობლემებისა, ღვინის სექტორში ძალიან მძიმე სიტუაცია იყო“, – აღნიშნა მინისტრმა. 

მისი სიტყვებით, სახელმწიფოს ამიტომაც მოუწია დიდი თანხის გამოყოფა ქართული ღვინის კომპანიების მსყიდველობითი უნარის ასამაღლებლად. მათ შორის არის სახელმწიფო კომპანიაც, რომელიც ჭარბ მოსავალს იბარებს ბაზარზე ფერმერების მდგომარეობის შესანარჩუნებლად.

„თუ დარგს ზურგს შევაქცევთ, ერთ წელიწადში ისეთ ზიანს მივიღებთ, რომლის გამოსწორება ძალიან რთული იქნება. ამიტომ დარგისთვის მდგრადობის შენარჩუნება არის აუცილებელი და მჯერა, რომ ღვინის სექტორი საქართველოს სოფლის მეურნეობის ფლაგმანია და იქნება მომავალში და ძალიან დიდ როლს შეასრულებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ქართული მეღვინეობა კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო ოპერაციების შემცირების გამო ზარალს განიცდის. საქართველოდან ღვინის ექსპორტი ბოლო წლების განმავლობაში პირველად შემცირდა. „საქსტატის“ მონაცემებით, ღვინის ექსპორტი 2020 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8,6%-ით დაეცა.

კორონავირუსამდე

საქართველოდან 2019 წელს ღვინის რეკორდული რაოდენობის ექსპორტი განხორციელდა – მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მლნ ბოთლი გავიდა, რაც 9%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და ამავდროულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, აცხადებდა საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო. 

2019 წელს ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 240 მლნ დოლარს მიაღწია – 17%-ით მეტი 2018 წლის მაჩვენებელზე. 2019 წელს საზღვარგარეთ ღვინო 341-მა კომპანიამ გაიტანა.

2019 წელს ყველაზე მეტი ღვინო რუსეთში გავიდა. ლიდერი ქვეყნების ხუთეულში მოხვდნენ ასევე უკრაინა, ჩინეთი, პოლონეთი და ყაზახეთი.

საზღვარგარეთ ყველაზე პოპულარული ქართული ღვინო ნახევრადტკბილი „ქინძმარაულია“ – 2019 წელს საქართველოდან 17,4 მილიონი ბოთლი „ქინძმარაული“ გავიდა. ყველაზე პოპულარული ქართული ღვინოების ხუთეულშია ასევე „მუკუზანი“, „წინანდალი“, „ახაშენი“ და „ხვანჭკარა“.

146
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (89)
„თიბისი ბანკის“ მთავარი ოფისი

საქართველოს ბანკები მზად არიან სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციისთვის

90
დღეისათვის მთავარ პრობლემას წარმოადგენს წინა გადავადებების დროს დაგროვილი დარიცხული პროცენტები და დღეს მათი კაპიტალიზაცია ხდება, განაცხადა ბანკების ასოციაციის ხელძღვანელმა

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ბანკები მზად არიან განახორციელონ ვალების რესტრუქტურიზაცია ყველაზე მოწყვლადი სექტორებისთვის, ყველა საკითხი შეისწავლება ინდივიდუალურად და შედგება გადახდების მოქნილი განრიგი, განაცხადა ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ.

მისი თქმით, სესხებზე საყოველთაო გადავადება, როგორ ეს ადრე მოხდა, ამჟამად არ იგეგმება.

„რეალურად, აღარ იქნება ერთიანი საყოველთაო გადავადება, რაც იყო წინა პერიოდში შეთავაზებული. მაგრამ მონიტორინგი კეთდება ინდივიდუალურად, უკვე მიდის კლიენტებთან მუშაობა და ხდება რესტრუქტურიზაციები. პრემიერ-მინისტრმა დაავალა ბიზნესომბუდსმენის აპარატს აღნიშნული მიმართულებით მუშაობის გაგრძელება. ჩვენც ვაგრძელებთ მუშაობას იმ პრობლემების იდენტიფიცირებაზე, რა პრობლემებიც შეიძლება არსებობდეს რესტრუქტურიზაციების დროს“, - განაცხადა ძნელაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ არსებობს მზადყოფნა, წლის ბოლომდე გაფართოვდეს გარკვეული არსებული სახელმწიფო პროექტები, სუბსიდირების თუ საკრედიტო გარანტიების ფარგლებში, რაც, რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს იმას, რომ უფრო მარტივად მოხდეს რესტრუქტურიზაცია.

„აქ ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც კლიენტები აფიქსირებენ, არის ის დარიცხული პროცენტები, რაც უკვე დაუგროვდათ წინა გადავადებების დროს და დღეის მდგომარეობითაც, მისი კაპიტალიზაცია ხდება“, – აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, ყველაზე მოწყვლადი სექტორი, რომელიც პანდემიის დროს განსაკუთრებით დაზარალდა, არის ტურიზმი და ტურიზმის მომიჯნავე დარგები.

ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ სპეციალური პროგრამა შეიმუშავა „თანადაფინანსების მექანიზმი საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“, რომლის მიზანია მათთვის კომერციული ბანკების წინაშე ფინანსური ტვირთის შემსუბუქება.

პროგრამის ფარგლებში, სააგენტო 2020 წლის 1 მარტიდან მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მეწარმე სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული წლიური სარგებლის თანადაფინანსებას ახორციელებდა – ეროვნულ ვალუტაში 80%-ის ოდენობით, ხოლო უცხოურ ვალუტაში 70%-ის ოდენობით. ალექსანდრე ძნელაძის ინფორმაციით, მთავრობა სავარაუდოდ აპირებს ამ პროგრამის გაგრძელებას.

მისი ინფორმაციით, სუბსიდირების პროექტში მხოლოდ სასტუმროების ნაწილი მონაწილეობს, ამიტომ დღეს მიმდინარეობს მსჯელობა პროექტის შესაძლო გაფართოებაზე.

90
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
დამსვენებლები ქობულეთში

ქობულეთში ევროპული სტანდარტის ბულვარი გაჩნდება

33
(განახლებულია 12:37 25.10.2020)
პროექტის მიხედვით, ბულვარზე დეკორატიული ფილებით მოეწყობა სასეირნო და სავალი ნაწილი, გაშენდება მწვანე ზოლი და დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის გარე განათების სისტემა.

თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. ქობულეთს  მომავალი წლის გაზაფხულიდან  ევროპული სტანდარტის ბულვარი ექნება, იუწყება აჭარის მთვარობა.

პროექტის მიხედვით, სრულად კეთილმოეწყობა სანაპირო ზოლი. მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაცია. დეკორატიული ფილებით მოეწყობა სასეირნო და სავალი ნაწილი, გაშენდება მწვანე ზოლი და დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის გარე განათების სისტემა.

აჭარის მთავრობის ცნობით, სანაპიროს კეთილმოწყობა ორ ეტაპად ხორციელდება. ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად დაათვალიერა.

33
თემები:
ტურიზმი საქართველოში
თბილისი

26 ოქტომბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

0
(განახლებულია 17:54 24.10.2020)
გაეცანით 26 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი

23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი მორიელის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მარსი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს ანიჭებს პატივმოყვარეობას, აგრესიულობასა და ფეთქებად ხასიათს. მათ ცხოვრებაში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული გამარჯვებებისა და მარცხის მონაცვლეობა და მხოლოდ კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული თავისი ჭეშმარიტი გზის არჩევა, თავისი დამოკიდებულება საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ.

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 30, 45, 60.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ფრეზია. ეს ადამიანები უდრეკი, უშიშარი არიან, რაც მათ წარმატებების მიღწევაში ეხმარება, მაგრამ სიჯიუტე უარყოფითი თვისებაა, რაც დაბრკოლებებს უქმნის ცხოვრებისეულ გზაზე. ამ პერიოდში დაბადებულებმა უნდა ისწავლონ ტაქტიანობა, მოქნილობა. ასევე ხშირად საკუთარ თავზე იღებენ მეტ პასუხისმგებლობას, ამიტომ ხშირად იღლებიან. პირველი დეკადის მორიელებმა უნდა ისწავლონ ბალანსის დაცვა მუშაობასა და დასვენებას შორის.

26 ოქტომბერს დაბადებულები

26 ოქტომბერს დაბადებულები ძალზე მიზანსწრაფული და შრომისუნარიანი ადამიანები არიან. მათ ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტა შეუძლიათ; შეუსრულებელი სამუშაო მათთვის არ არსებობს; პროფესიული უნარ-ჩვევების შესაძენად ისინი ბევრ დროსა და დიდი ძალას ხარჯავენ და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მათი მუშაობის შედეგი უზადო იყოს.

26 ოქტომბერს დაბადებულები ლიდერობისკენ ისწრაფვიან. არიან ძლიერი ადამიანები; ხანდახან სისასტიკეც სჩვევიათ, მაგრამ ეს ხელს არ უშლის, შეინარჩუნონ ავტორიტეტი და ადამიანებს წინ გაუძღვნენ. ამ დღეს დაბადებულები აფასებენ სტატუსსა და ძალაუფლებას; მეორე პლანის როლი მათთვის არაა.

26 ოქტომბერს დაბადებული მორიელები ისწრაფვიან წარმატების, ფულის, ძალაუფლებისკენ. არიან ამბიციური კარიერისტები და მიზნის მისაღწევად ბევრი რამისთვის არიან მზად. კონკურენტებისთვის სერიოზულ მეტოქეებს წარმოადგენენ, ხოლო თანამოაზრეებისთვის - ერთგულ მოკავშირეებს.

ამ დღეს დაბადებულები მომთხოვნი არიან როგორც საკუთარი თავის, ისე გარშემომყოფების მიმართ; შეცდომებს არ პატიობენ, არ იძლევიან მეორე შანსს.

26 ოქტომბერს დაბადებულები ნიჭიერი რეფორმატორები არიან. შეუძლიათ და უყვართ არსებული სისტემის რეორგანიზება. ლიდერის თვისებები ეხმარებათ, რომ დაარწმუნონ ადამიანები რეფორმების აუცილებლობასა და მათ ეფექტურობაში.

ამ დღეს დაბადებულები ყოველთვის არ იკავებენ ხელმძღვანელ პოსტებს. ისინი ისწრაფვიან ავტორიტეტული თანამდებობისკენ (ექსპერტი, მთავარი კონსულტანტი და სხვა). ასეთი სამუშაო მათ სტიმულს აძლევს, რომ მიაღწიონ ახალ მიზნებსა და პროფესიულ ზრდას.

ჯანმრთელობა

26 ოქტომბერს დაბადებულები თავიანთ ჯანმრთელობას ყურადღებას სულ არ აქცევენ. მათთვის განსაკუთრებით საშიშია არარეგულარული კვება - კუჭი მათი მთავარი პრობლემური ორგანოა, რომელიც, შესაძლოა, დაზიანდეს ან ზედმეტი ჭამით, ან უჭმელობით, ან არაჯანსაღი საკვებით. ასევე ამ ადამიანებს ჭარბი ენერგია აქვთ, რომელიც, სჯობს, ფიზიკურ დატვირთვებში დახარჯონ.

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ ძლიერი ენერგეტიკა>>

რჩევა:

თქვენ გიყვართ და შეგიძლიათ დამოუკიდებლად მუშაობა, მაგრამ გუნდურ მუშაობას ხშირად მეტი ეფექტი მოაქვს. გაითვალისწინეთ ეს პროექტების რეალიზებისას.

0