ავიაკომპანია Wizz Air–ის თვითმფრინავი

საჰაერო გზა ეტაპობრივად იხსნება: მალე ქუთაისი–რიგის პირდაპირი ავიარეისები შესრულდება

95
(განახლებულია 20:33 17.09.2020)
ამ ეტაპზე ქუთაისიდან რიგის მიმართულებით კვირაში ერთი რეისი შესრულდება, ფრენებს კი კომპანია Wizz Air განახორციელებს.

თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. ქუთაისის აეროპორტიდან რიგის მიმართულებით ფრენები 1 ოქტომბრიდან შესრულდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელებისთვის საზღვრები ჩაკეტა და, იშვიათი შემთხვევების გარდა, შეწყვიტა ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით. ცოტა ხნის წინ რეგულარულ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვები საქართველოს ხელისუფლებამ 1 ნოემბრამდე გააგრძელა. შეზღუდვები არ ეხება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებს, რომლებიც ხორციელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და მიუნხენის, პარიზისა და რიგის აეროპორტებს შორის.

„წინასწარი განხილვებით, მიღწეულია შეთანხმება, რომ კიდევ ერთი მიმართულებით პირდაპირი ფრენები უნდა გავხსნათ. მოგეხსენებათ, დღევანდელი მდგომარეობით პირდაპირი ფრენები თბილისიდან ევროპის მიმართულებით გახსნილია საერთაშორისო ავიაკომპანიებისთვის, აგრეთვე ჩვენი ეროვნული გადამზიდისთვის. ასევე დღეს გადავწყვიტეთ, 1 ოქტრომბრიდან გავხსნათ პირდაპირი ფრენა ქუთაისიდან რიგის მიმართულებით. ეს იქნება ავიაკომპანია Wizz Air“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან რიგის მიმართულებით ჯერჯერობით მხოლოდ კვირაში ერთ რეისს შეასრულებს.

„ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ კვირაში ერთი რეისი, მაგრამ ეს არის პირდაპირი ტენდენცია, რომ გონივრულად და ფრთხილად გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ეკონომიკა ამოძრავდეს კიდევ უფრო სწრაფად“, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ქვეყნის მთავრობა ფრთხილად და თანმიმდევრულად გააგრძელებს საქართველოს საჰაერო სივრცის გახსნას.

„ეს მოხდება, პირველ რიგში, ეპიდემიური მდგომარეობის და ასევე ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით“, – აღნიშნა პრემიერმა.

„ვიზეარის“ რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით დღეს ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამაც ისაუბრა. მისი თქმით, „ვიზეარის“ რეგულარული ფრენების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ. ეს იქნება ძალიან ფრთხილი და ეტაპობრივი აღდგენა გარკვეული უსაფრთხო მიმართულებებით, აღნიშნა თურნავამ.

ავიაკომპანია Wizz Air ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. იგი ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2,5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რამაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის გაძლიერებას.

95
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (201)
ნათია თურნავა

თურნავა: „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შერჩევა დაიწყო

30
(განახლებულია 14:40 03.03.2021)
სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე ფინანსთა სამინისტრომ მუშაობა 2020 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყო – აღნიშნული პროექტის განხორციელება გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

თბილისი, 3 მარტი - Sputnik. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო საწარმოების მასშტაბურ რეფორმას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც შეირჩა  „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“,  ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მინისტრის განცხადებით, რეფორმის მთავარი ამოცანაა,  რომ მსხვილი სტრატეგიული სახელმწიფო კომპანიები გახდნენ უფრო ძლიერები, დამოუკიდებლები,  უფრო კვალიფიციურად მართულები და თავად შეძლონ ფინანსების მოზიდვა  როგორც ადგილობრივ  საფინანსო ბაზარზე,  ასევე უცხოეთში. 

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, „სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მნიშვნელოვანი კომპანიაა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ქვეყნის მოსახლეობის უწყვეტი და ხარისხიანი ენერგომომარაგებისთვის.

მისი თქმით, დღეს კომპანია ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებს, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია კომპანიის გაძლიერებისკენ. მომდევნო ეტაპი კი საუკეთესო კორპორატიული სტანდარტების დანერგვაა, მათ შორის, მენეჯმენტში.

„ჩვენ გამოვაცხადეთ კონკურსი სამეთვალყურეო საბჭოს წევრების კანდიდატების შესარჩევად. კომპანიის წარმატებული რეფორმირება შემდგომში უნდა გახდეს მთლიანად სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საპილოტე მოდელი. ამრიგად, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატების გამჭვირვალე პროცედურით შერჩევა და შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების მოძიება უმნიშვნელოვანესია“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მთავრობის გადაწყვეტილებით,  უკვე შეიქმნა საკონკურსო კომისია, რომელმაც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატები უნდა შეარჩიოს. ამასთან,  საკონკურსო კომისიამ უნდა უზრუნველყოს შერჩევის პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა და საჯაროობა.

 

როგორც 25 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, 

სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირებისთვის სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი უხელმძღვანელებს. აღნიშნული საბჭო სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიასა და კონკრეტულ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს და ასევე უზრუნველყოფს და მეთვალყურეობას გაუწევს რეფორმების დანერგვას ყველა ეტაპზე.

 

30
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
VTB Georgia

S&P-ს რეიტინგით VTB ბანკის პროგნოზი გაუარესდა

34
(განახლებულია 14:47 03.03.2021)
ცვლილება უკავშირდება საქართველოს სუვერენული რეიტინგების პროგნოზის გაუარესებას, რომელიც გასულ კვირაში „სტაბილურიდან“ „ნეგატიურზე“ შეიცვალა.

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს S&P Global Ratings რეიტინგის მიხედვით „ვი-თი-ბი ბანკის“ (VTB, საქართველო) რეიტინგი „სტაბილურიდან“ „ნეგატიურამდე“ გაუარესდა, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ამავე დროს, S&P-მ ბანკის გრძელვადიანი და მოკლევადიანი საკრედიტო რეიტინგები BB/B დონეზე დატოვა.

„ბანკის პროგნოზის ცვლილება უკავშირდება საქართველოს სუვერენული რეიტინგების პროგნოზის გაუარესებას, რომელიც გასულ კვირაში „სტაბილურიდან“ „ნეგატიურზე“ შეიცვალა, რაც ასახავს მზარდ რისკებს სახელმწიფოს შესაძლებლობებისთვის – მოახდინოს სავალუტო შემოსავლის გენერირება თავისი საგარეო ვალდებულებების მომსახურებისთვის“, – ნათქვამია სააგენტოს პრეს-რელიზში.

ამასთან, S&P VTB ბანკს კვლავ განიხილავს, როგორც რუსეთში არსებული VTB ბანკის სტრატეგიულად მნიშვნელოვან შვილობილ კომპანიას, რომელიც, როგორც ჩანს, განაგრძობს თავისი ქართული ფილიალის მხარდაჭერას.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მაგალითად, 2020 წელს დამფუძნებელმა კომპანიამ შვილობილ კომპანიას გამოუყო 20 მლნ ლარი, რითიც მხარი დაუჭირა ქართული ბანკის კაპიტალის საკმარისობის კოეფიციენტს.

საქართველოში „უიმედო" სესხების მოცულობა იზრდება>>

„ჩვეულებრივ, ჩვენ ჯგუფის სტრატეგიულ შვილობილ კომპანიას მის საკუთარ საკრედიტო პროფილზე (SACP) სამი საფეხურით მაღლა ვაფასებთ, რაც VTB ბანკის (საქართველო) შემთხვევაში არის „b“. ჩვენ იშვიათად ვაფასებთ ფინანსურ დაწესებულებას ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე მაღლა“, – ნათქვამია განცხადებაში.

S&P მოლოდინია, რომ ბანკი შეინარჩუნებს ადეკვატურ კაპიტალიზაციას RAC–კოეფიციენტით, რომელიც, სავარაუდოდ, სტაბილურად დარჩება 7%-ზე მეტი მომდევნო 12 თვის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს ბანკის ბალანსის დოლარიზაცია მთლიანი საკრედიტო პორტფელიდან 43%-მდე შემცირდა (46% – ერთი წლით ადრე), ის საერთაშორისო კონტექსტში მაღალი რჩება და ბანკის რისკების პროფილზე შეიძლება აისახოს.

VTB ბანკმა 2020 წელს ბიზნესის ზრდის მოსალოდნელზე მაღალი ზრდა აჩვენა: სესხის პორტფელი დაახლოებით 21%-ით გაიზარდა, რაც ეროვნული ვალუტის დევალვაციის გამო ნაწილობრივ იკარგება, მაგრამ მხარდაჭერილია სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული იპოთეკური კრედიტებით. თუმცა, არის მოლოდინი, რომ პრობლემური კრედიტები ერთნიშნა ციფრების დონეზე დარჩება 2022 წლის ბოლომდე.

სააგენტოს ბანკის მიმართ შემდეგი 12 თვის განმავლობაში ნეგატიური სარეიტინგო მოქმედება შეუძლია, თუ საქართველოს სუვერენული რეიტინგი შემცირდება. ასეთი მოქმედება ასევე შესაძლებელია, თუ ბანკის მნიშვნელობა დამფუძნებელი კომპანიისთვის არსებითად შემცირდება, კერძოდ, თუ შემცირდება სათავო სს VTB ბანკის ინტერესი ან შესაძლებლობა, ფინანსურად დაეხმაროს VTB ბანკს საქართველოში.

ამავე დროს, ბანკის რეიტინგის პროგნოზი „ნეგატიურიდან“ „სტაბილურზე“ შეიძლება გადაიხედოს, თუ ანალოგიური სარეიტინგო მოქმედება განხორციელდება სუვერენული ვალის მიმართ.

„ამ შემთხვევაში პროგნოზის გადახედვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვერ დავინახავთ არსებით ზეწოლას ბანკის კრედიტუნარიანობაზე და დამფუძნებელ ბანკს შვილობილი კომპანიის მხარდაჭერის მზადყოფნა ექნება“, – აღნიშნავს S&P.

34
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ანკარა

რა საკითხები განიხილეს ორი ქვეყნის საგარეო უწყების პირველმა პირებმა შეხვედრაზე

0
(განახლებულია 18:39 03.03.2021)
ორი ქვეყნის საგარეო უწყების პირველმა პირებმა გამოხატეს მზაობა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე.

 

თბილისი, 3 მარტი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თურქ კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლისთან გამართულ შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები განიხილეს, ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ვიცე–პრემიერი თურქეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია.

უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები, ასევე რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევები, საფრთხეები და პერსპექტივები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც უზრუნველყოფს რეგიონის სტაბილურ განვითარებას. 

ზალკალიანმა შეხვედრაზე მადლიერება გამოხატა თურქეთის ურყევი პოზიციისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე თურქეთის მტკიცე მხარდაჭერის გამო საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით.

„მხარეებმა განიხილეს საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მნიშვნელობა და გამოითქვა იმედი, რომ პანდემიის გამო გადადებული საბჭო გაიმართება უახლოეს პერიოდში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და ორი ქვეყნის უწყებების უფრო აქტიურ თანამშრომლობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის განვითარებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. დეტალურად იქნა განხილული სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხები.

„მრავალმხრივ ჭრილში მხარეები მიესალმნენ რეგიონში არსებულ სამმხრივ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის ფორმატს, რომელსაც გააჩნია განვითარების პერსპექტივები. მხარეები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ ფორმატის გაღრმავებას რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების კუთხით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი სხვა მაღალი დონის შეხვედრებსაც გამართავს თურქეთის ხელმძღვანელ პირებთან.

საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროში და ერთმანეთს სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ.

თურქეთი საქართველოს ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ინარჩუნებს.

0
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა