მესტია

მესტიაში სასტუმროს მეპატრონეებმა გზა გადაკეტეს: რას ითხოვენ აქციის მონაწილეები

93
(განახლებულია 20:06 16.09.2020)
მესტიის მერის განცხადებით, ადგილობრივების პრობლემების შესახებ ინფორმირებულია როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლება.

თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. სვანეთში, დაბა მესტიის შესასვლელთან საოჯახო სასტუმროების მფლობელებმა საავტომობილო გზა ისევ გადაკეტეს, იუწყება  ტელეკომპანია Rustavi2.

აქციის მონაწილეები სესხების გადავადებას ითხოვენ. მათი თქმით, პანდემიისა და ჩავარდნილი ტურისტული სეზონის გამო სესხები პროცენტების დარიცხვის გარეშე უნდა გადავადდეს.

„სურვილი დიდი იყო მუშაობის, მაგრამ სწორედ ტურისტული პიკის დროს გაჩერდა ყველაფერი და მოსახლეობა არ არის გადახდისუნარიანი. საშინელება მოჰყვება, თუ ბანკი მოვა და ხალხს სახლებიდან გაყრის", – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციას მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ადგილობრივების პრობლემების შესახებ ინფორმირებული არიან როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები. ჟორჟოლიანის ინფორმაციით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და მხარეებს შორის შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.

მესტიაში მსგავსი აქცია გუშინაც გაიმართა. დაბის შესასვლელი რამდენიმე საათით იყო გადაკეტილი.

93
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (746)
პრემიერი გიორგი გახარია

საქართველოში ბიზნესისთვის მიკროგრანტების მოცულობა გაიზარდა

31
(განახლებულია 15:20 18.09.2020)
ბიზნესის სფერო პანდემიის ფონზე ეკონომიკური კრიზისის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა, ამიტომ მთავრობის პრიორიტეტი ამ სექტორის დახმარებაა.

თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში 5 ოქტომბრიდან ბიზნესისთვის მიკროგრანტების გაზრდილი მოცულობის გაცემა დაიწყება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მიკროგრანტების მიღებას ბიზნესის წარმომადგენლები პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეძლებენ. მიკროგრანტის მაქსიმალური მოცულობა აქამდე 20 ათასი ლარი იყო.

„პროგრამის ბიუჯეტი გავზარდეთ 40 მილიონამდე, ასევე გავზარდეთ ერთჯერადი დაფინანსების მოცულობაც, იყო 20 000 ლარი და დღეს გახდება 30 000 ლარი. ეს არის გრანტის სახით ჩვენი მოქალაქეების დახმარება, რომლებსაც შეუძლიათ გადადგან პირველი ნაბიჯი, დაიწყონ საკუთარი ბიზნესი, საკუთარი საქმე“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, მიკროგრანტების პროგრამით ამ დროისათვის უკვე ისარგებლა 9 ათასმა ადამიანმა.

„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ბიზნეს-სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენაა მიმართული. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში მეწარმეთა დახმარების მიზნით გადაწყდა პროგრამის გაფართოება.

საუბარია კრედიტების სუბსიდირებაზე, რომლებიც 200-ზე მეტი სახის საქმიანობას მოიცავს, და მიკროგრანტებზე, რომლებიც 300-ზე მეტი სახის საქმიანობას ეხება.

31
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (746)
თბილისი

საქართველოს მთავრობა COVID-19-ის პერიოდში ბიზნესის დახმარებას გააგრძელებს

58
(განახლებულია 14:59 18.09.2020)
ღონისძიებების ორგანიზატორები ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების გამო ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფი აღმოჩნდნენ.

თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ ღონისძიებების ორგანიზატორი კომპანიების წარმომადგენლებთან კორონავირუსის პანდემიის პერიოდში დარგის შემდგომი დახმარებისთვის მოქმედებების გეგმა განიხილა, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

პანდემია და ეკონომიკა: OECD-მ დათვალა, რამდენს იზარალებს მსოფლიო>>

COVID-19-ის პანდემიის ფონზე ეკონომიკური კრიზისის გამო ბიზნესის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა. საქართველოში ამჟამად ბიზნესის დახმარების რამდენიმე პროგრამა მოქმედებს: სახელმწიფოს, როგორც დაკრედიტების გარანტორის მონაწილეობის პროგრამა, იაფი კრედიტები მცირე ბიზნესისთვის, სახელმწიფოს თანამონაწილეობა ბიზნესის გაფართოებისთვის საშუალებების შეძენაში და სხვ.

„საქართველოს მთავრობა ახორციელებს თანმიმდევრულ ანტიკრიზისულ პოლიტიკას, რომლის ფარგლებშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა და მიმდინარეობს არაერთი სახელმწიფო პროგრამა, რომლებიც გამიზნულია ბიზნესის სექტორის მხარდაჭერასა და დახმარებაზე. ამ ეტაპზე შეხვედრა შედგა ღონისძიებების ორგანიზატორ კომპანიებთან, რომლებიც ასევე წარმოადგენენ ერთ-ერთ მოწყვლად ჯგუფს იმ რეგულაციებიდან გამომდინარე, რაც დღეს ქვეყანაში მოქმედებს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა.

ღონისძიებების ორგანიზატორ კომპანიებთან შეხვედრა სწორედ ნადარეიშვილთან გაიმართა. შეხვედრაზე კორონავირუსის პანდემიის პირობებში დარგში არსებული ვითარება და პრობლემები განიხილეს.

„ვისაუბრეთ იმ პრობლემატიკაზე, კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც ამ ინდუსტრიას განსაკუთრებით აწუხებს – ეს არის როგორც ფინანსური, ასევე რეგულაციური საკითხები. შევთანხმდით გარკვეულ სამოქმედო გეგმაზე იმისათვის, რომ ეს პროცესი გადავიყვანოთ სამუშაო გარემოში და, საბოლოოდ, შევჯერდეთ იმ ფორმაზე, იმ პროგრამის დიზაინზე, რითიც შეიძლება სახელმწიფო დამატებით ამ ინდუსტრიას, ამ ბიზნესს მხარში დაუდგეს „კოვიდის“ პერიოდში“, – განაცხადა ნადარეიშვილმა.

შეხვედრას ეკონომიკის სამინისტროში ესწრებოდა 20-მდე სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენელი, ასევე ბიზნეს-ომბუდსმენის მოადგილე ნინო კვეტენაძე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი.

ბიზნესი პრიორიტეტშია

„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ბიზნეს-სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენაა მიმართული. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში მეწარმეთა დახმარების მიზნით გადაწყდა პროგრამის გაფართოება.

საუბარია კრედიტების სუბსიდირებაზე, რომლებიც 200-ზე მეტი სახის საქმიანობას მოიცავს, და მიკროგრანტებზე, რომლებიც 300-ზე მეტი სახის საქმიანობას ეხება.

პროგრამაში მონაწილეობისთვის დაწესებული საკრედიტო ლიმიტი შემცირდა 50 ათას ლარამდე, მაქსიმალური მოცულობა კი გაიზარდა 10 მილიონ ლარამდე.

ადგილობრივი, არასაერთაშორისო ბრენდების შემთხვევაში კრედიტის მაქსიმალური მოცულობა 4 მლნ ლარს შეადგენს, საერთაშორისო ბრენდებისა და სხვადასხვა ტურისტული მომსახურების შემთხვევაში – 10 მლნ ლარს.

სახელმწიფოს მონაწილეობის დრო 24-დან 36 თვემდე გაიზარდა. მოიმატა ასევე სახელმწიფოს თანამონაწილეობის პროცენტმა. მაგალითად, 13%-იანი ვალის შემთხვევაში 1,5%-ს სახელმწიფო გაისტუმრებს, რაც კომპანიას გამოუთავისუფლებს სახსრებს ბიზნესის წარმოებისთვის.

58
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (746)
სამძებრო–სამაშველო ოპერაცია

ხობში 58 წლის მამაკაცი მდინარეში  დაიხრჩო

0
(განახლებულია 16:20 18.09.2020)
ცხედარი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მდინარე მუნჩიაში დღეს დილით იპოვეს. ამ დროისათვის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

 

თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. სამეგრელოში ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში მდინარეში მამაკაცი დაიხრჩო, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

გავრცელებული ინფორმაციით, 58 წლის მამაკაცი  მდინარეზე გუშინ წავიდა. სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მდინარის დინებას ვერ გაუმკლავდა და დაიხრჩო. წინასწარი ინფორმაციით, მას გულის შეტევა დაემართა.

ცხედარი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მდინარე მუნჩიაში დღეს დილით იპოვეს.

ამ დროისათვის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში