აზიის განვითარების ბანკი

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ვარდნის პროგნოზს გადახედა

61
(განახლებულია 19:45 15.09.2020)
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ინფლაციის დარეგულირების კუთხით ეროვნული ბანკის კარგ მუშაობასა და წლის ბოლომდე ინვესტიციების ზრდის დადებით მოლოდინებზე მიუთითებს.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. აზიის განვითარების ბანკმა (АDB) საქართველოს ეკონომიკის ვარდნის პროგნოზს გადახედა და ეს მაჩვენებელი 6%-დან 5%-მდე გააუმჯობესა, ნათქვამია ბანკის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

კორონავირუსის პანდემიის დაწყებისა და საქართველოში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემდეგ აზიის განვითარების ბანკმა 2020 წლის აპრილში, გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკის ვარდნა –6%-იან ნიშნულზე ივარაუდა. თუმცა, იმავე პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-მდე უნდა გაზრდილიყო.

ADB-ს ახალი პროგნოზით, 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პერსპექტივები პირვანდელ პროგნოზზე დაბალი იქნება – 4,8%.

„ტურიზმის, საგარეო მოთხოვნისა და მიწოდების ჯაჭვების შეფერხების შესაძლო გახანგრძლივება ზრდის პროგნოზს ამცირებს, ისევე, როგორც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის მუშაობის მოსალოდნელი სავარაუდო შენელება“, – განმარტავს ბანკი პროგნოზის გაუარესების მიზეზებს.

ამასთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ინფლაციის დარეგულირების კუთხით ეროვნული ბანკის კარგ მუშაობასა და წლის ბოლომდე ინვესტიციების ზრდის დადებით მოლოდინებზე მიუთითებს.

ანტირეკორდები და მიზეზები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, ივლისში ეკონომიკის ვარდნამ 5,5% შეადგინა, ანტირეკორდი კი აპრილში იყო – 16,6%. განსაკუთრებით შემცირდა ბიზნეს-აქტივობა მშენებლობის, ვაჭრობის, სატრანსპორტო, სასტუმრო და სარესტორნო სფეროებში. რაც შეეხება ექსპორტ–იმპორტს, აქ ვითარება კიდევ უფრო გაუარესებულია: 17,9%-ით შემცირდა იმპორტი, 16,8%-ით კი ექსპორტი. 

საქმიანი აქტივობის მკვეთრი კლების ძირითადი მიზეზი უცხოელი ტურისტების არყოფნაა. ბოლო პერიოდში საქართველოში ტურისტული ბიზნესი მშპ-ის დაახლოებით 11%-ს შეადგენდა და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდებოდა.

წელს საქართველოს ხელისუფლება დაახლოებით 10 მილიონ ტურისტს ელოდა, თუმცა ციფრები, დიდი ალბათობით, გაცილებით დაბალი იქნება. და ის, რომ მაჩვენებელი აბსოლუტურ ნულზე არ არის, საქართველოში წლის დასაწყისში, პანდემიამდე ჩამოსული ტურისტების დამსახურებაა. თუ როდის აღდგება ტურიზმი სრულად, ამის თქმა ჯერჯერობით არავის შეუძლია.

15 ივლისიდან საქართველომ შიდა ტურიზმი გახსნა, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. საერთაშორისო ტურიზმთან შედარებით, შიდა ტურიზმიდან შემოსავალი დაახლოებით 1%-ს შეადგენს.

61
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (747)
ვაშლი ხის ტოტზე

სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებულ ბაღებში მოსავლის აღება მიმდინარეობს

45
საქართველოს მასშტაბით, პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული ბაღები 10 ათას ჰა-მდე ფართობს შეადგენს

თბილისი, 20 სექტემბერი - Sputnik. სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებულ ბაღებში მოსავლის აღება მიმდინარეობს, ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში კომპანია „აგროქართლი“ 2020 წელს 200 ტონამდე ვაშლის მოსავალს ელოდება, მათ უკვე 30 ტონაზე მეტი ვაშლის ექსპორტი მოახდინეს. კომპანიამ, რომელიც  პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში  ვაშლის ბაღი 10 ჰექტარზე 2017 წელს გააშენა,  ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 100 ათას ლარამდე სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. „აგროქართლი“ სეზონურად 60-მდე ადგილობრივს ასაქმებს.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებულ ბაღებში მოსავლის აღების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და შიდა ქართლის რეგიონის რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე გაეცნენ.

„ქართული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებულ ბაღში მისმა მეპატრონეებმა უკვე მიიღეს მოსავალი, რომელიც ექსპორტზე გავიდა მეზობელ ქვეყნებში. დღეისათვის, საქართველოდან უკვე 1 ათას ტონაზე მეტი ვაშლია ექსპორტირებული“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

საქართველოს მასშტაბით, პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული ბაღები 10 ათას ჰექტრამდე ფართობს შეადგენს. შიდა ქართლის რეგიონში სხვადასხვა ხეხილის ბაღი, ჯამში, 2,4 ათას ჰექტრამდე მიწის ფართობზე გაშენდა, გაცემულმა თანადაფინანსებამ 16 მლნ-მდე ლარი შეადგინა.

გიორგი გახარია: 50 ათასი ტონა თხილის ექსპორტიდან რეგიონში შემოსავალი 100 მლნ დოლარი იქნება >>

პროგრამას „დანერგე მომავალი“ სოფლის განვითარების სააგენტო 2015 წლიდან ახორციელებს. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მათი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

45
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
რთველი კახეთში

რთველი 2020: ფერმერებმა უკვე 95 ათას ტონაზე მეტი ყურძენი ჩააბარეს

47
(განახლებულია 11:05 20.09.2020)
საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.

თბილისი, 20 სექტემბერი - Sputnik. „რთველი 2020“-ის ფარგლებში დღეისათვის ჩაბარებულია 95 ათას ტონაზე მეტი „რქაწითელის“ ჯიშის ყურძენი, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე გადამუშავებულია 72 ათას ტონაზე მეტი „რქაწითელი”, 18 ათას ტონაზე მეტი „საფერავი”, 1,6 ათასი ტონა „კახური მწვანე” და 3 ათას ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი.

ყოველდღიურად ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 50-ზე მეტი ღვინის საწარმო.

საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.

სუბსიდიას მიიღებენ ის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ ამ ჯიშების სულ ცოტა 1 ათას ტონა ყურძენს. ამასთან, ღვინის ქარხნებს დადგენილი აქვთ ერთი კილოგრამი ყურძნის ფასი – არანაკლებ 80 თეთრისა. სახელმწიფოს სუბსიდია ერთ კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.

„რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და აქტიურ კოორდინირებას უწევს სახელმწიფო ორგანოების, მეწარმეებისა და მევენახეების ურთიერთობებს

 

47
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
მარი მალაზონია

მალაზონია: დღეს კაცობრიობას ნიღბის ტარების და სუფთა ხელების  გარდა სხვა გამოსავალი არ აქვს

0
(განახლებულია 19:49 20.09.2020)
ექიმი-ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია საუბრობს, დღევანდელ სიტუაციაში რა არის გამოსავალი და როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან.
მალაზონია: დღეს კაცობრიობას ნიღბის ტარების და სუფთა ხელების გარდა სხვა გამოსავალი არ აქვს

„დოიჩე ველე“ ავრცელებს ინტერვიუს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ვირუსოლოგთან, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს. ეს გახლავთ კრისტიან დროსტენი. სწორედ მისი მოსაზრებით, დღეს კაცობრიობას ნიღბის ტარების, სუფთა ხელების გარდა სხვა არჩევანი არ აქვს. უფრო მეტიც, მან ძალიან სერიოზული პროგნოზები გააკეთა. ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეს ტაქტიკა დაგვჭირდეს მომავალი წლის ბოლომდე. მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ის კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ დღეს კაცობრიობას სჭირდება ნიღბის სწორი ტარება, ჰიგიენის წესების დაცვა, რაც არის ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი არჩევანი“, - ამბობს მალაზონია.

მალაზონია ადამიანებს ურჩევს დედანში მოისმინონ ეს საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ და რჩევები გაითვალისწინონ.

 

 

0