თი-ბი-სი ბანკის სათაო ოფისი

ციკლიდან „აშკარა, მაგრამ დაუჯერებელი“, ანუ საბანკო სექტორის პარადოქსი

1089
(განახლებულია 16:01 08.09.2020)
რატომ იზარალა საბანკო სექტორმა, რას ამბობენ ეროვნულ ბანკში, ვინ ლიდერობს დაზარალებულთა რეიტინგს და ვინ გადაურჩა ზარალს...

სამსონ ხონელი

რას არ გაიგებ კაცი, ამას ვერაფრით წარმოვიდგენდი, არა, ახლაც მიჭირს დაჯერება!.. ასეთი რა ხდება? − ვიცი, უსათუოდ ჩამეძიება მკითხველი. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში მოქმედი 15 კომერციული ბანკიდან, არც მეტი, არც ნაკლები, 14-მა ფინანსურად იზარალა.

ეს ამბავი საბანკო სექტორის მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა. კი, მაგრამ ზარალი რამდენია? − დაინტერესდება ცნობისმოყვარე მკითხველი. სულ 486 მილიონი ლარია და ახლა თქვენ განსაჯეთ, ბევრია ეს თუ ცოტა. არ გამიკვირდება, შეწუხებულმა მკითხოთ − მიზეზი რა არის? როგორც კობა გვენეტაძის უწყებაში განმარტავენ, მთავარი ფაქტორი კომერციული ბანკების მიერ 1.2 მილიარდი ლარის შესაძლო დანაკარგების დარეზერვება გახდა. ჯამურად კომერციულმა ბანკებმა „აქტივების შესაძლო დანაკარგების“ ბუფერში 1.22 მილიარდი ლარი დაარეზერვეს, რაც, არსებული კრიზისიდან გამომდინარე, სესხებზე შესაძლო დანაკარგების თანხას ასახავს.

რომელმა ბანკმა რამდენით იზარალა? − შესაძლოა, დაზუსტება მთხოვოთ. მზად ვარ დავაკონკრეტო: ყველაზე მეტი „საქართველოს ბანკმა“ იზარალა − 157.2 მილიონი ლარი. მომდევნო პოზიციაზე „თიბისი ბანკია“ – 156.4 მილიონი ლარით. ველი მკითხველის მინიშნებას − კი, მაგრამ, ეს როგორ? ჯამურად საბანკო აქტივების დაახლოებით 70 პროცენტი სწორედ ამ ორ ბანკს ეკუთვნის, მეტიც, როგორც ექსპერტები უკვე მრავალი წელია აცხადებენ, ქვეყანაში საბანკო ოლიგოპოლია ჩამოყალიბდა. რეპლიკას გავიზიარებ და თავადაც დავძენ, რომ საბანკო სისტემაში კონკურენცია მართლაც შეზღუდულია და ყველა მოთამაშე ისე ვერ ვითარდება, როგორც ეს ორი ლიდერი ბანკი.

თუ მიმითითებთ, რომ საბანკო სერვისები საგრძნობლად განვითარდა, მოკლედ მოგიგებთ: საბანკო სერვისების განვითარება საბანკო ბაზრის განვითარებას არ ნიშნავს. ჩემი შეფასებით, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ საბანკო ოლიგოპოლიაა. ამ საკითხზე მსჯელობა შორს წაგვიყვანს, ძირითად სათქმელს დავუბრუნდები.

ვინც მეტს მუშაობს, ვისი შემოსავალი და მოგებაც წლიდან წლამდე მზარდია, მეტი ზარალიც მისი ხვედრია! არა, ზოგადად, ეს სენტენცია, შესაძლოა, მცდარი იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ფაქტია. საბანკო ბაზრის უპირობო ლიდერებმა სხვა ბანკებთან შედარებით ბევრად მეტით იზარალეს. თავად განსაჯეთ, დაზარალებულთა პირველ სამეულში მოხვდა „ქართუ ბანკი“, რომლის ზარალიც 26.9 მილიონი ლარია. ზარალის მოცულობით მომდევნო ადგილები ასე განაწილდა: „ვითიბი ბანკი“ – 26.1 მილიონი ლარი, „ლიბერთი ბანკი“ − 20.4 მილიონი ლარი, „ტერა ბანკი“ – 19.6 მილიონი ლარი, „ხალიკ ბანკი“ – 19.2 მილიონი ლარი, „პაშა ბანკი" – 16.7 მილიონი ლარი, „ბაზისბანკი − 12.9 მილიონი ლარი, „პროკრედიტ ბანკი“ – 11.6 მილიონი ლარი, „კრედო ბანკი“ – 4.7 მილიონი ლარი, „ფინკა ბანკი“ – 3.3 მილიონი ლარი, „იშ ბანკი“ − 1.7 მილიონი ლარი. რეიტინგში ბოლო პოზიცია „ზირაათ ბანკი საქართველოს“ უკავია. მისი ზარალი 0.2 მილიონი ლარია. არის გამონაკლისიც – „სილქ როუდ ბანკმა“ არ იზარალა, მეტიც, წლის პირველი ნახევარი 0.25 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა.

ექსპერტ-ანალიტიკოსთა და საბანკო სფეროს სპეციალისტთა დიდი უმრავლესობა ზარალის გამომწვევ მიზეზებზე ეროვნული ბანკის განმარტებას იზიარებს, თუმცა, მათივე შეფასებით, საანგარიშო პერიოდში კომერციული ბანკების შემოსავლების საგრძნობი შემცირება COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური კრიზისის შედეგია. უკვე ივნისის თვეში, ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის შემდეგ, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა. კომერციული ბანკები სტაბილურად ვითარდებიან და იმედია, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე სისტემის ზარალი მინიმიზებული იქნება ან მცირედი მოგება დაფიქსირდება. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, არსებობს ეკონომიკის სფეროები, რომლებიც თებერვლის თვიდან მოყოლებული ივლისის თვემდე პერიოდში დაზარალდა, რაც საბანკო სექტორზე პირდაპირ აისახა.

„თუ კონკრეტულად უძრავი ქონების ბაზარზე ვისაუბრებთ, ჩვენი წინა გამოცდილებებიდან ცალსახად ვიცით, რომ ნებისმიერი კრიზისი პირდაპირპროპორციულად აისახებოდა უძრავი ქონების ფასზე. დღეს უძრავმა ქონებამ პირდაპირი დარტყმა მიიღო იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენში უძრავი ქონების საინვესტიციო ღირებულება პირდაპირ ტურიზმს ებმოდა. თუ უძრავ ქონებაზე ფასი მკვეთრად შემცირდება, მასში თანხის დაბანდება მომგებიანი აღარ იქნება. თუ გავითვალისწინებთ, რომ უძრავ ქონებაში დასაბანდებელი თანხის დიდი ნაწილი სწორედ საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელზე მოდის, მარტივად გაერკვევით უძრავი ქონების ბაზრისა და საბანკო სექტორის ურთიერთდამოკიდებულების საკითხში. სახელმწიფოს მიერ სუბსიდირების ნაწილში გადადგმულმა ნაბიჯმა მნიშვნელოვნად შეცვალა მდგომარეობა. იპოთეკური სესხის პროცენტიდან სახელმწიფოს მიერ 4 პროცენტის სუბსიდირების ამოქმედების შემდეგ იპოთეკური დაკრედიტების ტემპი საგრძნობლად მზარდია“, – აღნიშნა საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალქსანდრე ძნელაძემ.

პატივცემულმა ფინანსისტმა ყურადღება გაამახვილა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაზე. რაღა თქმა უნდა, საინტერესოა, როგორ მიმდინარეობს ის. აგვისტოს თვის შუა რიცხვების მონაცემებით, ამ პროგრამის ფარგლებში უკვე ათასამდე იპოთეკური სესხი გაიცა, ხოლო კრედიტის ჯამური მოცულობა 90 მილიონ ლარს აღწევს. ასე რომ, ივლისისა და აგვისტოს თვეები საკმაოდ აქტიური იყო. სამართლიანობა მოითხოვს და უნდა ითქვას, რომ მესამე კვარტლის პირველ თვეში ზოგადად საბანკო სესხების ჯამური მოცულობა გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს ზრდა 13.5 პროცენტია. საკონსულტაციო ჯგუფის „თიბისი კაპიტალის“  მონაცემებით, ლარში გაცემული კრედიტების თანხა 14.7 მილიარდ ლარს, უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების მოცულობა კი 19.8 მილიარდ ლარს გაუტოლდა...

დასკვნის სახით, ლოგიკურია, რომ ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობის ტემპის ვარდნასთან ერთად საბანკო სექტორის შემოსავლებიც იკლებს და პირიქით − ეკონომიკური აქტიურობა ამ შემოსავლების ზრდის მთავარი ფაქტორია. ეს ხომ არახალია?! − ბრძანებს მკითხველი და მართალიც იქნება, მაგრამ ერთსაც დავძენ, სასურველია ეკონომიკური საქმიანობის მთავარი

ფინანსური წყარო საბანკო კრედიტი არ იყოს. საჭიროა გაიზარდოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა. სხვაგვარად რომ ვთქვა, აუცილებელია ფინანსური რესურსების დივერსიფიკაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელზე გასვლა პრაქტიკულად წარმოუდგენელია...

 

1089
აშშ-ის დოლარები

ფულადი გზავნილები: რამდენი გადმოირიცხა საქართველოში 2020 წელს

708
(განახლებულია 12:53 16.01.2021)
2020 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 364 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა –საერთო მოცულობის 19,3%.

თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში 2020 წელს ელექტრონული სისტემებით ფულადი გზავნილების მოცულობა 2019 წელთან შედარებით 8,8%-ით გაიზარდა და 1 866 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში

ყველაზე მეტი ვალუტა რუსეთიდან შემოვიდა. 2020 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 364 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა – ელექტრონული სისტემების მეშვეობით საქართველოს კომერციულ ბანკებში ფულადი გზავნილების საერთო მოცულობის 19,3%. თუმცა, ეს მაჩვენებელი 15,1%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით.

ლიდერი ქვეყნების ხუთეულში ასევე შედიან იტალია, საბერძნეთი, აშშ და ისრაელი.

2020 წლის დეკემბერში ფულადი გზავნილები 15,9%-ით გაიზარდა და 199,7 მლნ დოლარი შეადგინა.

ყველაზე მეტი მოცულობის ვალუტა შემოვიდა რუსეთიდან. 2020 წლის დეკემბერში რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 40,7 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა – ელექტრონული სისტემების მეშვეობით საქართველოს კომერციულ ბანკებში ფულადი გზავნილების საერთო მოცულობის 20,4%. თუმცა, ეს მაჩვენებელი 7,1%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ლიდერი ქვეყნების ხუთეულში ასევე შედიან იტალია, საბერძნეთი, აშშ და ისრაელი.

დეკემბერში ლიდერთა ქვეყნებს შორის მეექვსე ადგილი დაიბრუნა თურქეთმა და გაუსწრო უკრაინას, რომელმაც მაც 2020 წლის აგვისტოში აჯობა.

ზრდის ტემპები აჩქარდა

ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება, თუმცა მისი ტემპები კვლავ დაბალია. ივნისში 17,8%-იანი მატების შემდეგ ივლისში წლიურმა ზრდამ 22,1% შეადგინა, აგვისტოში – 25,8%, სექტემბერში – 28,7%, ოქტომბერში ზრდის ტემპმა იკლო და 18,6% შეადგინა, ნოემბერში -12,5%, ხოლო დეკემბერში კვლავ აჩქარდა და 15,9% შეადგინა.

ფულადი გზავნილების გარკვეული ნაწილი, დაახლოებით 8%, ქვეყანაში პანდემიამდე შემოდიოდა არასაბანკო არხებით – ვიზიტორების მეშვეობით. საერთაშორისო მოგზაურობის შეზღუდვის გამო ფულადი გზავნილების ეს ნაწილი საბანკო სექტორში გადავიდა და, შედეგად, ფულადი გზავნილების აღნიშნულ ზრდაშიც შეიტანა წვლილი, განაცხადა ადრე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

„საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდის ორი მიზეზი დაასახელა.

„პირველი მდგომარეობს იმაში, რომ პანდემიისა და ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვებიდან გამომდინარე, ხალხი უფრო გაღარიბდა, არ მუშაობს ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, გარდა სასურსათო და ფარმაცევტული ობიექტებისა. და უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეები უფრო მეტ თანხას გზავნიან. დავუშვათ, თუ 200 დოლარს რიცხავდნენ, ახლა 300 დოლარს რიცხავენ“, – განაცხადა შენგელიამ „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში.

საქართველოს ეკონომიკის ვარდნის ტემპები გაიზარდა

მისი აზრით, მეორე მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ სამშენებლო ბიზნესის დახმარების მიზნით დეკემბრის ჩათვლით მთავრობამ იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო.

„ყველა, ვისაც ახლა საშუალება აქვს, ცდილობს ამ შეთავაზებით ისარგებლოს და ამიტომაც გაიზარდა საქართველოში უცხოეთიდან ტრანზაქციები. თუ 2021 წელს მთავრობა იპოთეკური სესხების სუბსიდირებას გააგრძელებს და ადამიანები ბინებს შეიძენენ, პირველ კვარტალში გადმორიცხვების მოცულობა ისევ გაიზრდება“, – განაცხადა შენგელიამ.

მან აღნიშნა, რომ დეკემბრის ჩათვლით პროგრამა ძალაშია. ამიტომ უცხოეთში მომუშავე ადამიანები ჩქარობენ ისარგებლონ ნაკლები პროცენტის გადახდის შესაძლებლობით და აქტიურად ყიდულობენ ბინებს, რადგან ადრე მათ იპოთეკურ კრედიტზე 13-14%-ის გადახდა უწევდათ.

რამდენი ვალუტა გაიგზავნა საქართველოდან

2020 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ დაახლოებით 24,7 მლნ დოლარზე მეტი გადაირიცხა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 3,4%-ით ნაკლებია.

2020 წელს საქართველოდან საზღვარგარეთ დაახლოებით 246,9 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 4%-ით მეტია 2019 წელთან შედარებით.

708
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 16 იანვარს

4183
(განახლებულია 12:53 16.01.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0052 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2987 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0052 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 16 იანვარს
ლარის კურსი 16 იანვარს
4183
თემები:
ლარის კურსი დღეს

უინტერესო, მაგრამ პოპულარული: ყველაზე პირველი ვიდეო YouTube-ზე

0
(განახლებულია 17:43 17.01.2021)
გაინტერესებთ, როგორ და რით დაიწყო "იუთუბის" არსებობის ისტორია? მაშინ ეს ვიდეო უნდა ნახოთ, იმიტომ რომ ის პირველია, რომელიც ვიდეოჰოსტინგზე აიტვირთა

დღეს ძალიან, ძალიან პოპულარული ვიდეოჰოსტინგი 2005 წლის თებერვალში შექმნა PayPal-ის სამმა ყოფილმა თანამშრომელმა. იმავე წლის 23 აპრილს კი მასზე აიტვირთა ვიდეო, რომელიც ზოოპარკში, სპილოს ვოლიერის წინაა გადაღებული.

დღევანდელილ გადასახედიდან, ეს კადრები ფრიად უცნაურად (რომ არ ვთქვათ, უინტერესოდ) გამოიყურება. მაგრამ 142 085 121 ნახვა აქვს, იმიტომ რომ ისტორიულია!

0