მსოფლიო ბანკი

საქართველო კორუცფიისა და მექრთამეობის დაბალი მაჩვენებლით საუკეთესო ქვეყნების ათეულშია

118
(განახლებულია 17:59 26.08.2020)
კორუფციისგან თავისუფლების მიხედვით საქართველომ მსოფლიო მასშტაბით გამორჩეულად კარგი შეფასება დაიმსახურა.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. საქართველო ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირითა და მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების მიხედვით მსოფლიო ბანკის რეიტინგში საუკეთესო ქვეყნების ათეულში მოხვდა, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

უწყების ცნობით, მსოფლიო ბანკის კვლევა ფოკუსირდება ბიზნეს-გარემოს მრავალ ასპექტზე, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ კერძო სექტორისა და, შესაბამისად, მთლიანად ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში. კვლევა ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება, რომლის მიზანიც ბიზნეს-გარემოს შეფასებაა. აღნიშნული კვლევა საქართველოში ბოლოს 2019 წლის მარტიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით ჩატარდა. ამ პერიოდში საქართველოში გამოიკითხა 581 კომპანიის მფლობელები და მაღალი რანგის მენეჯერები. 

„საწარმოთა კვლევას (ES) ატარებს მსოფლიო ბანკის ჯგუფი პარტნიორებთან ერთად (EBRD, EIB, DFID). კვლევა მოიცავს მსოფლიოს ყველა გეოგრაფიულ რეგიონსა და ასეულობით ათას მცირე, საშუალო და დიდ კერძო კომპანიას“, – ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.

კორუფციისაგან თავისუფლების მიხედვით, საქართველომ მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულად კარგი შეფასება დაიმსახურა. კერძოდ, ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირის მიხედვით, საქართველო 144 ქვეყანას შორის 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა. ასევე მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების მიხედვით 10 საუკეთესო ქვეყანას შორის დაიკავა ადგილი.

„გლობალურ მასშტაბში კორუფცია წარმოადგენს ბიზნეს-გარემოზე ზემოქმედების ერთ-ერთ ყველაზე ნეგატიურ მდგომარეობას. აღსანიშნავია, რომ, გამოკითხვის თანახმად, საქართველოში კერძო სექტორის რაოდენობა, რომლებიც პრაქტიკაში ერთხელ მაინც გადააწყდნენ ქრთამის მოთხოვნის შემთხვევას, გამოკითხულ კომპანიათა მხოლოდ 1,3%-ს შეადგენს, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში 10%-ს, ხოლო მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში – 12%-ს შეადგენს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

2012 წლის მონაცემებით, საქართველოში ქრთამის აღების დონე (9,84%) და მექრთამეობისგან თავისუფლების (8,72%) მაჩვენებელი, შესაბამისად, 8–15-ჯერ დაბალი იყო, ვიდრე 2019 წელს. 2012 წელს გამოქვეყნებული მონაცემები 2008 წელს ჩატარებულ კვლევას ეყრდნობოდა.

ვითარებამ არსებითად გაუმჯობესება 2013 წლიდან დაიწყო, როდესაც მკვეთრად გაუმჯობესდა ქრთამის აღების დაბალი მაჩვენებელი და მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების ინდიკატორი (1,43% და 0,94%, შესაბამისად). საუკეთესო შედეგებია მიღებული 2019–2020 წლებში ჩატარებულ გამოკითხვაში, როდესაც ქრთამის აღების მაჩვენებელი 1,3%-მდე, მოსყიდვა კი 0,6%-მდე შემცირდა.

118
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (747)
რთველი

რთველი 2020: კახეთში 120 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

60
(განახლებულია 19:47 21.09.2020)
მიუხედავად პანდემიის პირობებში მძიმე მდგომარეობისა, ყოველდღიურად ქარხნებს 10 ათას ტონაზე მეტ ყურძენს აბარებენ.

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. კახეთში რთველი დაუბრკოლებლივ მიმდინარეობს და პიკურ ფაზაშია – „რთველი 2020“-ის ფარგლებში, ბოლო მონაცემებით, 120 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

რთველი კახეთში წელს 22 აგვისტოს დაიწყო. 21 სექტემბრის მონაცემებით, რეგიონში უკვე გადამუშავებულია 120 ათასი ტონა ყურძენი, გადამუშავების პროცესში 60-ზე მეტი ღვინის ქარხანაა ჩართული.

„რთველი კახეთში შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. უკვე იწყება პიკური პერიოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყურძნის დღიური გადამუშავება 10 ათას ტონაზე მეტი იქნება. ვფიქრობთ, სექტემბრის ბოლოსთვის კახეთში წარმოებული ყურძნის ძირითადი ნაწილი გადამუშავებული იქნება. საკოორდინაციო შტაბი სრულადაა მობილიზებული“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, მევენახეები მოსავალს 12 საათის განმავლობაში აბარებენ, მაშინ, როდესაც რამდენიმე წლის წინ ორი-სამი დღე რიგში უწევდათ დგომა.

საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.

სუბსიდიას იღებენ ის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ ამ ჯიშების სულ ცოტა 1 ათას ტონა ყურძენს. ამასთან, ღვინის ქარხნებს დადგენილი აქვთ ერთი კილოგრამი ყურძნის ფასი – არანაკლებ 80 თეთრისა. სახელმწიფოს სუბსიდია ერთ კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.

„რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და აქტიურ კოორდინირებას უწევს სახელმწიფო ორგანოების, მეწარმეებისა და მევენახეების ურთიერთობებს.

60
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს ბანკის ფილიალი

რატომ არ შეუმცირდება 120 ათასზე მეტ მომხმარებელს რეფინანსირებაზე მიბმულ სესხებზე პროცენტი

351
(განახლებულია 14:47 21.09.2020)
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო – ის ისევ 8,0%-ს შეადგენს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელის გიორგი კეპულაძის განმარტებით, ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რიმ 120 300 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება.

„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება ზედმეტად ფრთხილი მიდგომის გამოვლინებაა, რომელიც, შესაძლოა, გამართლებული ყოფილიყო ეკონომიკური სტაბილურობის პერიოდში. მაგრამ მაშინ, როდესაც ეკონომიკა რეცესიაშია და სწრაფი გაჯანსაღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეროვნული ბანკი უფრო მკვეთრ ნაბიჯებს უნდა დგამდეს“, – აღნიშნა გიორგი კეპულაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

გიორგი კეპულაძის თქმით, ეროვნული ბანკის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ლარში სესხებს უფრო მეტად გააიაფებდა, რასაც ბიზნესის და მომხმარებლების უფრო მეტი დაკრედიტება მოჰყვებიოდა.

„განაკვეთის შემცირება გამართლებული იქნებოდა იმ პირობებშიც, როდესაც ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი ბოლო პერიოდში შეუქცევადად მცირდება და შესაძლოა მიზნობრივ მაჩვენებელს ჩამოსცდეს კიდეც, მით უმეტეს  წარმოიქმნება სივრცე აგრესიული მონეტარული პოლიტიკის გასატარებლად“, – აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ 4,8% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3%-ია. მოსალოდნელია, რომ მაღალ ნიშნულზე ინფლაცია წლის ბოლომდე დარჩება, ხოლო 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება და კლებასაც დაიწყებს.

რაც შეეხება ბოლო დღეებში დოლარის მიმართ ლარის გაუფასურებას, გიორგი კეპულაძის აზრით, ეს COVID-19-ის შემთხვევების მზარდ მაჩვენებელს და ბაზარზე შექმნილ გაურკვევლობას შეიძლება მივაწეროთ.

„...რადგან სხვა ფუნდამენტური ფაქტორები უცვლელია. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა უნდა მიმართოს საზოგადოებასთან და ეკონომიკურ სუბიექტებთან აქტიური კომუნიკაციის მეთოდს და გაანეიტრალოს ნეგატიური მოლოდინები გაცვლით კურსთან და მოსალოდნელ ინფლაციასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

„საზოგადოება და ბანკებმის“ ხელმძღვანელის ცნობით, 2020 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 120 300 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

„დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 6185,408 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული. 1 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაცემული სესხების რაოდენობა გაზრდილია 1800-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი 6058,88 მილიონიდან 6466,80 მილიონ ლარამდე გაიზარდა“, – აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

მისი თქმით, 120 300 ხელშეკრულებიდან 34 400 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 865,9 მილიონი ლარი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა, 1 აგვისტოს მდგომარეობით, 13,24% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე, 1 აგვისტოს მონაცემებით, 46 600 სესხია მიბმული, საშუალოდ 10,35%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2060,9 მილიონი ლარია.

35 400 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს-სესხების გასაცემად, რაც, წინა პერიოდთან შედარებით, 300-ით ნაკლებია. მთლიანი პორტფელი 3302,1 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1129,7 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13,61%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი, 1 აგვისტოს მონაცემებით, 2172,4 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11,96%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხები. 1 აგვისტოს მონაცემებით, სულ 900 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 18 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 14,18%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 2 900 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 87,15 მილიონი ლარია.

1 აგვისტოს მდგომარეობით, გაზრდილია როგორც სასესხო პორტფელი, ასევე ხელშეკრულებების რაოდენობა. შემცირებულია საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხებზე 14,23%-დან 14,12%-მდე.

რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.

ნატა პატარაია

 

351
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერი

NDI საქართველოში არჩევნების დისტანციურ დაკვირვებას იწყებს

0
(განახლებულია 23:06 21.09.2020)
საქართველოში საარჩევნო პროცესების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით NDI შეგროვებულ მონაცემებს შუალედურ და არჩევნების შემდგომ ანგარიშებში გამოიყენებს

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოში საარჩევნო პროცესის გრძელვადიან დისტანციურ დაკვირვებას იწყებს, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება - 120 დეპუტატს პარტიული სიებით აირჩევენ, 30-ს - ერთმანდატიან ოლქებში.

NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა აგვისტოში გამოქვეყნებული წინასაარჩევნო ანგარიშის (Georgia Election Watch) დასკვნებსა და რეკომენდაციებს დაეყრდნობა და საჭიროების შემთხვევაში მეორე ტურების ჩათვლით გაგრძელდება.

ანალიტიკოსების გუნდი შვიდ გრძელვადიან დამკვირვებელსა და პროგრამის დირექტორს მოიცავს. ისინი არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს შეისწავლიან, მათ შორისაა: საარჩევნო კამპანია, საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია და საინფორმაციო სივრცე, გენდერი და ჩართულობის საკითხები და კორონავირუსის გავლენა არჩევნებზე.

„თითოეულ ამ საკითხზე პროგრესისა და გამოწვევების შესაფასებლად, გრძელვადიანი დამკვირვებლები თბილისში მყოფ ასისტენტებთან და NDI-ს თანამშრომლებთან ერთად დისტანციურად იმუშავებენ და სხვადასხვა საინფორმაციო და ანალიზის ონლაინ პლატფორმებს გამოიყენებენ. NDI შეგროვებულ მონაცემებს შუალედურ და არჩევნების შემდგომ ანგარიშებში გამოიყენებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში საარჩევნო პროცესების გაძლიერებას“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

არჩევნები და კორონავირუსი: საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის ჩარტერული რეისები დაინიშნება >>

ადრე ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ გლობალური პანდემია კვლავ უკონტროლოა მრავალ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში. სწორედ არსებული საერთაშორისო ვითარებისა და რისკების გათვალისწინებით ორგანიზაციამ გადაწყვიტა, არ გამოგზავნოს თავისი დამკვირვებლები საქართველოში.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020