ლარი

საბანკო დავალიანების მქონე პირებს 200-ლარიანი დახმარება არ ჩამოეჭრებათ

2196
(განახლებულია 13:56 26.08.2020)
მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 წელს ქვემოთ ასაკის ყველა ბავშვი და მოზარდი სახელმწიფოსგან 200 ლარის ფარგლებში ერთჯერად დახმარებას მიიღებს.

თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. 18 წელს ქვემოთ ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება საბანკო დავალიანების მქონე პირებს არ ჩამოეჭრებათ. შესაბამისი შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრაზე შედგა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. 

შეხვედრაში საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი, „ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი, „საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე და „თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე მონაწილეობდნენ.

შეთანხმების შესაბამისად, თუ დახმარების ბენეფიციარს ბანკთან აქვს სასესხო ვალდებულება, მის დასაფარად ბანკი კონკრეტულად აღნიშნულ სოციალურ დახმარებას არ გამოიყენებს. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 6 აგვისტოს განართულ მთავრობის სხდომაზე მოსახლეობის დახმარების ახალი ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა, რომლის ფარგლებშიც 18 წელს ქვემოთ ასაკის ყველა მოზარდი სახელმწიფოსგან 200 ლარის ფარგლებში ერთჯერად დახმარებას მიიღებს – დღეისათვის საქართველოში 18 წლამდე ასაკის დაახლოებით 880 ათასი მოზარდია.

სპეციალური ელექტრონული პორტალი daxmareba.moh.gov.ge 15 აგვისტოდან ჩაირთო. ამ დროისათვის პორტალზე რეგისტრირებულია 742 ათასი ბავშვი და 442 ათასი მშობელი. სისტემაში რეგისტრაცია 2020 წლის 1 დეკემბრამდე გრძელდება.

მშობლების საყურადღებოდ! როგორ მივიღოთ ბავშვებისთვის გათვალისწინებული 200-ლარიანი დახმარება>>>

სოციალური დახმარება ბავშვის ერთ-ერთი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ განცხადების შევსების შემდეგ გაიცემა. დახმარების მიღება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის სექტემბრიდან.

თუ მშობელი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, მან უნდა მიმართოს: სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივ თვითმმართველობებს; იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს ან „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს.

იმ შემთხვევაში, თუ მშობელი არ დარეგისტრირდება და განაცხადს არ შეიტანს, ეს ნიშნავს, რომ ის კომპენსაციის მიღებაზე უარს ამბობს.

2196
თემები:
COVID-19 საქართველოში (1732)
ივანე მაჭავარიანი

ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა

34
(განახლებულია 16:34 18.09.2020)
საქართველო 2021 წელს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა იქნება. ამ მასშტაბურ ღონისძიებაში 5 ათასამდე მაღალი რანგის სტუმარი მიიღებს მონაწილეობას.

თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ერთი წლის ვადით აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარედ მიმდინარე წლის 17-18 სექტემბერს, ვირტუალურ ფორმატში გამართულ აზიის განვითარების ბანკის (ADB) რიგით 53-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში აირჩიეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და საქართველოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკის მმართველმა, ივანე მაჭავარიანმა, ბანკის მმართველთა ბიზნეს–სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და ბანკის როლს COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მან აღნიშნა, რომ  ბანკმა COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ, გამოყო 20 მილიარდი აშშ დოლარი, რამაც ბანკის წევრ ქვეყნებს საშუალება მისცა ფინანსური რესურსი გამოეყენებინათ როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური მხარდაჭერისა და კერძო სექტორის სტიმულირებისათვის.

ამავე დროს, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ პანდემიის უარყოფითი შედეგები ეკონომიკებისთვის იქნება გრძელვადიანი, რისთვისაც საჭირო იქნება ყველა ქვეყნის კოორდინირებული და ერთობლივი მუშაობა გამოწვევების დასაძლევად.

აზიის ბანკი საქართველოს პანდემიის შემდგომი კრიზისის დაძლევაში დაეხმარება>>

„უპირველეს ყოვლისა, უნდა განვაგრძოთ და გავაძლიეროთ ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის მდგრადობის შენარჩუნებას. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ კერძო სექტორის როლი ეკონომიკის აღდგენის პროცესში და ამ მიმართულებით, აზიის განვითარების ბანკს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია“, -აღნიშნა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ადამიანური კაპიტალის განვითარება, რისთვისაც აუცილებელია განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების რეფორმირება. აზიის განვითარების ბანკს აქვს დიდი გამოცდილება რეფორმების მხარდაჭერაში და აუცილებელია ამ მიმართულებით ყურადღების გამახვილება გრძელვადიან პერსპექტივაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა.

„საქართველო აქტიურად უჭერს მხარს თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკას. მნიშვნელოვანია ბანკის წევრ ქვეყნებში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ვაჭრობის, საბაჟოსა და საზღვრისპირა ქვეყნებს შორის კავშირების განვითარება. მეტი ინტეგრაცია და ღიაობა, ნაკლები ბარიერები - ესაა ის ძირითადი საფუძვლები, რომელზეც უნდა ავაგოთ ჩვენი მომავალი“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში ცნობილი გახდა , რომ ბანკის მმართველთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველო 2021 წელს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანაა. ამ მასშტაბურ ღონისძიებაში 5 ათასამდე მაღალი რანგის სტუმარი მიიღებს მონაწილეობას.

34
პრემიერი გიორგი გახარია

საქართველოში ბიზნესისთვის მიკროგრანტების მოცულობა გაიზარდა

32
(განახლებულია 15:20 18.09.2020)
ბიზნესის სფერო პანდემიის ფონზე ეკონომიკური კრიზისის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა, ამიტომ მთავრობის პრიორიტეტი ამ სექტორის დახმარებაა.

თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში 5 ოქტომბრიდან ბიზნესისთვის მიკროგრანტების გაზრდილი მოცულობის გაცემა დაიწყება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მიკროგრანტების მიღებას ბიზნესის წარმომადგენლები პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეძლებენ. მიკროგრანტის მაქსიმალური მოცულობა აქამდე 20 ათასი ლარი იყო.

„პროგრამის ბიუჯეტი გავზარდეთ 40 მილიონამდე, ასევე გავზარდეთ ერთჯერადი დაფინანსების მოცულობაც, იყო 20 000 ლარი და დღეს გახდება 30 000 ლარი. ეს არის გრანტის სახით ჩვენი მოქალაქეების დახმარება, რომლებსაც შეუძლიათ გადადგან პირველი ნაბიჯი, დაიწყონ საკუთარი ბიზნესი, საკუთარი საქმე“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, მიკროგრანტების პროგრამით ამ დროისათვის უკვე ისარგებლა 9 ათასმა ადამიანმა.

„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ბიზნეს-სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენაა მიმართული. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში მეწარმეთა დახმარების მიზნით გადაწყდა პროგრამის გაფართოება.

საუბარია კრედიტების სუბსიდირებაზე, რომლებიც 200-ზე მეტი სახის საქმიანობას მოიცავს, და მიკროგრანტებზე, რომლებიც 300-ზე მეტი სახის საქმიანობას ეხება.

32
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
სამშვილდის სიონი

გადამწვარი „შეუპოვარი“ და ბარიკადები დახოცილი მტრისგან: ფაქტები საქართველოს ისტორიიდან

0
(განახლებულია 13:51 18.09.2020)
საქართველოს უმდიდრეს და უძველეს ისტორიაში მრავლადაა საინტერესო ფაქტები, რომელთა შესახებ შესაძლოა ბევრს არც სმენია. ქვემოთ რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.

1829 წელი იდგა. ახალციხის უმაღლეს მეჩეთზე ნახევარმთვარე აღმართულიყო ― ოსამალური მბრძანებლობის სიმბოლო, რომელსაც 40 ათასიანი გარნიზონი იცავდა. რუსეთის ფელდმარშალი ივან პასკევიჩი 9000-იანი რუსულ-ქართული ჯარით მიადგა ახალციხეს და კიოს მეჰმეთ-ფაშას  მისი დაცლა მოსთხოვა. სამართლიან მოთხოვნაზე თურქული ციხიონის მეთაურმა რუს ელჩებს დასცინა: ჯერ ციდან ჩამოხსენით მთვარე და მერე ― ახალციხის მეჩეთიდან ნახევარმთვარეო.

ქართველებმა და რუსებმა მთელი ძალებით შეუტიეს ქალაქს და 16 აგვისტოს აიღეს კიდეც. მერე კი ახალციხის მეჩეთის თავზე აღმართული ნახევარმთვარე ჩამოაგდეს და მასზე ჯვარი აღმართეს.

***

ანანურის ციხე-ქალაქში 1739 წელს საშინელი ტრაგედია დატრიალდა. შანშე ქსნის ერისთავი რუსეთში იყო წასული. არაგვის ერისთავმა კი მისი ცოლი ყიზილბაშებს მიჰგვარა. დაბრუნებულმა შანშემ ოჯახის შეურაცხმყოფელნი სასტიკად დასაჯა, საკუთარ ჯარს ლეკებიც დაუმატა და ანანურის ციხეს მიადგა, სადაც ერისთავი ბარძიმი ძმასთან ერთად იყო გამაგრებული.

მეციხოვნეებმა იმდენი ლეკი მოკლეს, რომ თავად ლეკები დახოცილი თანამოძმეებისაგან ბარიკადებს იკეთებდნენ. როცა ქსნის ერისთავი ვერაფერს გახდა, ხერხს მიმართა: წყალსადენის გადაჭრა, საიდანაც ციხე მარაგდებოდა. ციხეში მყოფებს წყლის გარეშე პაპანაქება ზაფხულში ძალიან გაუჭირდათ და იძულებელი გახდნენ, შანშე ერისთავს დანებებულიყვნენ. ბარძიმ ერისთავი ჩაბარდა, მაგრამ მისმა შვილმა უთრუთმა ფარ-ხმალი არ დაყარა ― ერთ-ერთ კოშკში გამაგრდა, რომელსაც „შეუპოვარს“ ეძახდნენ.

ქსნის ერისთავის ჯარმა მონასტერი ააოხრა და „შეუპოვარს“ ცეცხლი წაუკიდა. უთრუთთან ერთად იქ უამრავი ადამიანი იყო შეხიზნული და ისინიც გამოიწვნენ. მოგვიანებით მოსახლეობამ უზარმაზარი შვიდსართულიანი კოშკი ამოქოლა და დამწვართა სამარხად აქცია. მხოლოდ 200 წლის შემდეგ, 1939 წელს გახსნეს ეს კოშკი არქეოლოგებმა და საშინელი სურათი დახვდათ.  ნახანძრალი სავსე იყო მოზრდილებისა და ბავშვების დამწვარი ძვლებით, იარაღით და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთით.

***

თითქმის 20 წელი ებრძოდა ლიპარიტ ბაღვაში გაერთიანებული საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხეს, მაგრამ მასთან ბრძოლაში დამარცხდა და შვილთან ერთად ტყვედ ჩაუვარდა ბაგრატს. მიუხედავად ამისა, კლდეკარის ციხე არ აპირებდა დანებებას. ბაღვაშთა სახლთუხუცესი ანამორი აგრძელებდა ბრძოლას.

მეფის ბრძანებით ლიპარიტი და მისი ძე რატი ძელზე გასვეს. ლიპარიტი საკუთარ განსაცდელზე არ ფიქრობდა, თავის ერთადერთი ძის ბედი ანაღვლებდა და მეფეს შეუთვალა: ოღონდ რატი ძელიდან ჩამოხსენი, მე ბერად აღვეკვეცები და კლდეკარიც შენი იქნებაო. გარიგება შედგა, კლდეკარი უომრად დაემორჩილა მეფეს, ბაგრატმა ანამორი სიკვდილით დასაჯა, მაგრამ ლიპარიტსა და რატის სიცოცხლე შეუნარჩუნა.

ლიპრიტ ბაღვაში ბერი ანტონის სახელით ბერად ათონის მონასტერში აღვეკეთა, რატი კი ბიზანტიაში გაიქცა. მაგრამ, როცა მისი სახელოვანი მამა გარდაიცვალა საქართველოში ჩამოასვენა და კაცხის მონასტერში პატივით დაკრძალა.

  ***

V საუკუნეში მოღვაწე ქართველი თეოლოგი და ფილოსოფოსი, ქრისტიანული ნეოპლატონიზმის ფუძემდებელი - პეტრე იბერის (411 – 491 წწ.) სახელი ქართველებისათვის კარგაადაა ცნობილი, მაგრამ ბევრმა არ იცის, ის რომ ეს დიდი მოღვაწე იყო პირველი ქართველი, რომელმაც წმინდა მიწაზე დიდი „ქართული კოლონია“ შექმნა.

პეტრესა და მისი მოძღვრის იოანე ლაზის სახელთან არის დაკავშირებული პირველ ქართულ სასულიერო კერების დაარსება წმინდა მიწაზე (პალესტინა, სირია, ეგვიპტე). ამ ორი ჩვენი დიდი თანამემამულით დაიწყო ქართველ მღვდელმსახურთა ნაყოფიერ მოღვაწეობა სირია-პალესტინაში. მოგვიანებით მათმა საქმიანობამ ისეთი ფართო ხასიათი მიიღო, რომ უკვე თამარ მეფის ეპოქაში, კვიპროსში, სინას მთასა და წმინდა მიწაზე დაახლოებით 12 ქართული მონასტერი ფუნქციონირებდა.

***

 ახალი წელთაღრიცხვით I საუკუნის პირველ ნახევარში სამხრეთ და დასავლეთ საქართველო ქრისტეს რჯულზე მოაქცია ქრისტეს მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა და სიმონ კანანელმა „ადორკის მეფობისა მოვიდეს თორმეტთა წმიდათა წმიდათა მოციქულთაგანნი ანდრია და სიმონ კანანელი აფხაზეთს და ეგრისს. და მუნ  აღესრულა წმიდა სიმონ ქალაქსა ნიკოფსისა, საზღვარსა ბერძენთასა. ხოლო ანდრია მოიქცია მეგრელნი და წარვიდა გზასა კლარჯეთისასა..“

ეს რომ მეფე ადერკმა გაიგო, განრისხდა და ახალგაქრისტიანებულები ძალით ისევ წარმართობაზე მოაქცია; „იძულებით კუალად მოაქცივნა მეგრლნი; და დამალნეს ხატნი და ჯუარნი“.          

0
თემები:
იცით თუ არა, რომ...