თბილისი

შრომის ინსპექციას ობიექტების დახურვის უფლება ექნება

68
(განახლებულია 14:35 21.08.2020)
როგორც პრაქტიკამ აჩვენა, საჯარიმო სანქციები ყოველთვის ეფექტური არ არის, ამიტომ შრომის ინსპექციას უფლება ექნება, დახუროს ის ობიექტები, რომლებსაც დადგენილი წესების შესრულება არ სურთ.

თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. შრომის ინსპექციის უფლებამოსილება იზრდება და ამიერიდან, აუცილებლობის შემთხვევაში, მას ამა თუ იმ ობიექტის დახურვის უფლება მიეცემა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძე: ჩვენ საქართველოში შრომის უსაფრთხოების კულტურა დავნერგეთ>>

იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი ერთხელ დაჯარიმების შემდეგ ხელმეორე შემოწმებისას მაინც ვერ დააკმაყოფილებს აუცილებელ ნორმებს, შრომის ინსპექციას მისი დახურვის უფლება ექნება.

ტიკარაძის განცხადებით, ამ დროისათვის, პანდემიის პირობებში, შრომის ინსპექციამ 100-ზე მეტი ობიექტი დააჯარიმა.

„შრომის ინსპექცია არ აჯარიმებს ფიზიკურ პირებს, შრომის ინსპექცია მუშაობს მხოლოდ იურიდიული პირების დაჯარიმებაზე. ეს არის ჩვენი კომპეტენციის ფარგლები... გამომდინარე იქიდან, რომ რიგ შემთხვევებში ისინი განმეორებითი შემოწმების შემთხვევაშიც ვერ აკმაყოფილებდნენ იმ საჭირო ზომებს, რომლებიც მითითებულია ჩვენი მხრიდან... შრომის ინსპექციამ შეიძინა კიდევ დამატებით ბერკეტი. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი დაჯარიმების შემდგომაც, განმეორებითი შემოწმებისას ვერ აკმაყოფილებს საჭირო ნორმებს და მოთხოვნებს... მას ექნება უკვე ლეგიტიმური უფლება, დახუროს ობიექტი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

რესტორნების, ბარებისა და კაფეების მუშაობაზე შეზღუდვების მოხსნასთან ერთად მათთვის, მათი პერსონალისა და სტუმრებისთვის რიგი სავალდებულო მოთხოვნები შემუშავდა, რაც კორონავირუსის გავრცელების აღკვეთას ემსახურება. ახალი წესების შეუსრულებლობა ჯარიმით ისჯება. ობიექტებს შრომის ინსპექციის სპეციალისტები ამოწმებენ.

ტურიზმი პანდემიის დროს: რამდენმა სასტუმრომ მიიღო მუშაობის ნებართვა>>

სპეციალისტები ასევე აქტიურად ამოწმებენ ქვეყნის ბაზრობებსა და ბაზრებს.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შეუსრულებლობისთვის ჯარიმა 10 ათასი ლარია იურიდიული პირებისთვის და 2 ათასი ლარი – ფიზიკური პირებისთვის.

68
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (750)
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 25 სექტემბერს

248
(განახლებულია 09:21 25.09.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0256 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 25 სექტემბერი  — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2897 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0256 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურსი 25 სექტემბერს
248
თემები:
ლარის კურსი დღეს
სტუდენტები

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად ელექტრონული პორტალი ამოქმედდა

89
(განახლებულია 20:54 24.09.2020)
ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნება იმ მშობელსაც, რომლის სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 ათასზე და სტუდენტი შვილი არ არის გათვალისწინებული ოჯახის წევრად.

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. დღეიდან სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე ელექტრონული პორტალი student.moh.gov.ge ამოქმედდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიიღე დაფინანსება: თბილისის მერია სტუდენტების განცხადებების მიღებას იწყებს>>

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინიციატივით, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომელთა ოჯახებს 150 ათასზე ნაკლები სოციალური ქულა აქვთ, სახელმწიფო სრულად დაუფარავს 2019–2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა და 2020–2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურს.

სამინისტროს ცნობით, იმ სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და 2020 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 ათასზე, არ სჭირდებათ რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე.

ასევე ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნება მშობელს, რომელიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში“, სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 ათასზე და სტუდენტი შვილი არ არის გათვალისწინებული ოჯახის წევრად.

სტუდენტის მშობელი რეგისტრაციისას უთითებს:

  • საკუთარ სახელს, გვარსა და პირად ნომერს;
  • სტუდენტი შვილის სახელს, გვარს, პირად ნომერს და საჭიროების შემთხვევაში ატვირთავს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და დაბადების მოწმობის ასლებს.

ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია შესაძლებელია 2020 წლის 1 ნოემბრამდე.

89
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში
წიგნის ფესტივალი

წიგნის ფესტივალი ვირტუალურ სივრცეში გაიხსნა

0
(განახლებულია 13:49 25.09.2020)
თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალი თბილისის მერიის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და მწერალთა სახლის მხარდაჭერით ტარდება.

თბილისი, 25 სექტემბერი  — Sputnik. საქართველოს დედაქალაქში თბილისის წიგნის  XXII საერთაშორისო  ფესტივალი ონლაინ–ფორმატში გაიხსნა.

ადრე წიგნის კვირეულის ორგანიზატორებს ყოველწლიური ღონისძიების შერეულ ფორმატში  ჩატარების იმედი ჰქონდათ. თუმცა, პანდემიის მეორე ტალღის დაწყებისა  და ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, მათ ფესტივალის მთლიანად ვირტუალურ სივრცეში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს. 

ფესტივალზე თვალის მიდევნება, რომელიც დღეს გაიხსნა და 27 სექტემბერს დასრულდება, ღონისძიების ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.

ღონისძიების პირველ დღეს წარმოდგენილი იქნება ნინო ხარატიშვილის, ლაშა ბუღაძისა და ანდრეას ფლურაკისის პიესების კრებული „სამი მედეა“. ასევე შედგება  არჩილ ქიქოძის წიგნის  „ნორვეგიული დღიური“ პრეზენტაცია, ხოლო პროექტ „მსახიობები ლიტერატურისთვის“ ფარგლებში  – ახალი გამომცემლობების წარდგენა და სხვა.

ფესტივალის პროგრამაშია  –ახალი წიგნების პრეზენტაცია და ქართველ მწერლებთან შეხვედრები, უცხოელ ავტორებთან ვიდეოკონფერენციები, საბავშვო პროგრამა და სხვა.

თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალი თბილისის მერიის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და მწერალთა სახლის მხარდაჭერით ტარდება.

0