Lufthansa–ს თვითმფრინავი

ტიკარაძე: საქართველოში ფრენების რეჟიმი არ შეიცვლება

126
(განახლებულია 19:57 20.08.2020)
ივლისის ბოლოს საქართველომ საჰაერო სივრცე გაუხსნა ხუთ ქვეყანას, რომელთა მოქალაქეებს ქვეყანაში უპირობოდ შემოსვლის უფლება აქვთ.

თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ფრენები დარჩება იმ რეჟიმში, როგორც აქამდე იყო, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ფრენები ეტაპობრივად აღდგება – ეკონომიკის მინისტრი ავიარეისების შესახებ>>

ტიკარაძის განცხადებით, ფრენების შესახებ დამატებითი გადაწყვეტილებები იმის მიხედვით მიიღება, თუ როგორი იქნება კორონავირუსის გავრცელება.

„ეს არის გლობალური პრობლემა და მნიშვნელოვანია ის სტატისტიკა, თუ რომელ ქვეყანაში როგორ ვითარდება კოვიდ-ინფექციის გავრცელება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესდღეობით ფრენები დარჩება იმ რეჟიმში, როგორც ამ მომენტისთვის არის. იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება სექტემბრის თვეში კოვიდ-ინფექციის გავრცელება, ჩვენ მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს“, – განცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა 21 მარტიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა.

Air France–მა საქართველოში რეგულარული ფრენები განაახლა>>

ივლისის ბოლოს საქართველომ საჰაერო სივრცე გაუხსნა ხუთ ქვეყანას, რომელთა მოქალაქეებს ქვეყანაში უპირობოდ შემოსვლის უფლება აქვთ. ესენია გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

2 აგვისტოდან რეგულარული ფრენები განახლდა მიუნხენის მიმართულებით. გერმანული ავიაკომპანია Lufthansa პირველი ავიაკომპანიაა, რომელმაც ოთხთვიანი შესვენების შემდეგ საქართველოში რეგულარული ავიარეისები აღადგინა. 5 აგვისტოდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგა თბილისსა და რიგას შორის, რომელსაც AirBaltic ასრულებს, ხოლო 8 აგვისტოს თბილისსა და პარიზს შორის ფრენები დაიწყო Air France-მა.

საქართველო ამ ეტაპზე ქვეყანაში შემოსვლის უფლებას აძლევს კიდევ 13 ქვეყნის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს. ესენია ესპანეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვედეთი, ხორვატია, იტალია, სლოვაკეთი, ისლანდია და კვიპროსი. მათთვის აუცილებელია 12-დღიანი კარანტინის გავლა და თან – საკუთარი ხარჯით.

რაც შეეხება სამშობლოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, მათთვისაც ძალაშია 12-დღიანი კარანტინი, მაგრამ ხარჯებს ამ შემთხვევაში სახელმწიფო დაფარავს.

სახმელეთო საზღვრები, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, დღემდე დაკეტილია.

126
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (188)
აშშ-ის დოლარები

ფულადი გზავნილები: რამდენი გადმოირიცხა საქართველოში 2020 წელს

673
(განახლებულია 12:53 16.01.2021)
2020 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 364 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა –საერთო მოცულობის 19,3%.

თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში 2020 წელს ელექტრონული სისტემებით ფულადი გზავნილების მოცულობა 2019 წელთან შედარებით 8,8%-ით გაიზარდა და 1 866 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში

ყველაზე მეტი ვალუტა რუსეთიდან შემოვიდა. 2020 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 364 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა – ელექტრონული სისტემების მეშვეობით საქართველოს კომერციულ ბანკებში ფულადი გზავნილების საერთო მოცულობის 19,3%. თუმცა, ეს მაჩვენებელი 15,1%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით.

ლიდერი ქვეყნების ხუთეულში ასევე შედიან იტალია, საბერძნეთი, აშშ და ისრაელი.

2020 წლის დეკემბერში ფულადი გზავნილები 15,9%-ით გაიზარდა და 199,7 მლნ დოლარი შეადგინა.

ყველაზე მეტი მოცულობის ვალუტა შემოვიდა რუსეთიდან. 2020 წლის დეკემბერში რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 40,7 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა – ელექტრონული სისტემების მეშვეობით საქართველოს კომერციულ ბანკებში ფულადი გზავნილების საერთო მოცულობის 20,4%. თუმცა, ეს მაჩვენებელი 7,1%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ლიდერი ქვეყნების ხუთეულში ასევე შედიან იტალია, საბერძნეთი, აშშ და ისრაელი.

დეკემბერში ლიდერთა ქვეყნებს შორის მეექვსე ადგილი დაიბრუნა თურქეთმა და გაუსწრო უკრაინას, რომელმაც მაც 2020 წლის აგვისტოში აჯობა.

ზრდის ტემპები აჩქარდა

ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება, თუმცა მისი ტემპები კვლავ დაბალია. ივნისში 17,8%-იანი მატების შემდეგ ივლისში წლიურმა ზრდამ 22,1% შეადგინა, აგვისტოში – 25,8%, სექტემბერში – 28,7%, ოქტომბერში ზრდის ტემპმა იკლო და 18,6% შეადგინა, ნოემბერში -12,5%, ხოლო დეკემბერში კვლავ აჩქარდა და 15,9% შეადგინა.

ფულადი გზავნილების გარკვეული ნაწილი, დაახლოებით 8%, ქვეყანაში პანდემიამდე შემოდიოდა არასაბანკო არხებით – ვიზიტორების მეშვეობით. საერთაშორისო მოგზაურობის შეზღუდვის გამო ფულადი გზავნილების ეს ნაწილი საბანკო სექტორში გადავიდა და, შედეგად, ფულადი გზავნილების აღნიშნულ ზრდაშიც შეიტანა წვლილი, განაცხადა ადრე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

„საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდის ორი მიზეზი დაასახელა.

„პირველი მდგომარეობს იმაში, რომ პანდემიისა და ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვებიდან გამომდინარე, ხალხი უფრო გაღარიბდა, არ მუშაობს ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, გარდა სასურსათო და ფარმაცევტული ობიექტებისა. და უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეები უფრო მეტ თანხას გზავნიან. დავუშვათ, თუ 200 დოლარს რიცხავდნენ, ახლა 300 დოლარს რიცხავენ“, – განაცხადა შენგელიამ „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში.

საქართველოს ეკონომიკის ვარდნის ტემპები გაიზარდა

მისი აზრით, მეორე მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ სამშენებლო ბიზნესის დახმარების მიზნით დეკემბრის ჩათვლით მთავრობამ იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო.

„ყველა, ვისაც ახლა საშუალება აქვს, ცდილობს ამ შეთავაზებით ისარგებლოს და ამიტომაც გაიზარდა საქართველოში უცხოეთიდან ტრანზაქციები. თუ 2021 წელს მთავრობა იპოთეკური სესხების სუბსიდირებას გააგრძელებს და ადამიანები ბინებს შეიძენენ, პირველ კვარტალში გადმორიცხვების მოცულობა ისევ გაიზრდება“, – განაცხადა შენგელიამ.

მან აღნიშნა, რომ დეკემბრის ჩათვლით პროგრამა ძალაშია. ამიტომ უცხოეთში მომუშავე ადამიანები ჩქარობენ ისარგებლონ ნაკლები პროცენტის გადახდის შესაძლებლობით და აქტიურად ყიდულობენ ბინებს, რადგან ადრე მათ იპოთეკურ კრედიტზე 13-14%-ის გადახდა უწევდათ.

რამდენი ვალუტა გაიგზავნა საქართველოდან

2020 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ დაახლოებით 24,7 მლნ დოლარზე მეტი გადაირიცხა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 3,4%-ით ნაკლებია.

2020 წელს საქართველოდან საზღვარგარეთ დაახლოებით 246,9 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 4%-ით მეტია 2019 წელთან შედარებით.

673
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 16 იანვარს

3984
(განახლებულია 12:53 16.01.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0052 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2987 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0052 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 16 იანვარს
ლარის კურსი 16 იანვარს
3984
თემები:
ლარის კურსი დღეს
ცარიელი ადგილები პარლამენტში

ეყოლება თუ არა საქართველოს სრულფასოვანი პარლამენტი: მორიგი რაუნდის მოლოდინში

0
ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ პოლიტიკური კრიზისის აღმოსაფხვრელად მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდისთვის ემზადებიან და პირობებს აყენებენ

მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ და ოპოზიციას შორის გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი იგეგმება.

დღეისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას არჩევნების შედეგების მიხედვით 150-დან 60 ადგილის დაკავება შეეძლო, პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას იღებს მხოლოდ 4 ოპოზიციონერი დეპუტატი. თეორიულად მათ შეიძლება შეუერთდეს მაქსიმუმ 5 ადამიანი - სამი „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩიდან“ და ორი - „მოქალაქეებიდან“.

თუმცა ეს ვერ გადაუჭრის პრობლემებს საკანონდებლო ორგანოს, რომელსაც ოპოზიციის პროტესტისა და ხმების უკმარისობის გამო სრულფასოვნად მუშაობა და ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლია, როგორიცაა კონსტიტუციის, საკონსტიტუციო კანონების და „მიწის შესახებ“ კანონის შეცვლა.

ჯერჯერობით კრიზისიდან გამოსვლის ძირითად შესაძლებლობას წარმოადგენს მონაწილეობა მოლაპარაკებებში, რომლებიც ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების პატრონაჟით მიმდინარეობს.

რა თემაზე იქნება საუბარი

ვადამდელი არჩევნები - ერთადერთი თემაა, რომელზეც სასაუბროდ არიან მზად ოპოზიციური პარტიები.

„მზად ვართ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ გავაგრძელოთ მოლაპარაკებები, იმ მოთხოვნებთან მიმართებაში, რომელიც ოპოზიციამ ერთიანად წარუდგინა ხელისუფლებას. მოსალაპარაკებელი და საკონსულტაციო არაფერი არ არის, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული დღის წესრიგი, რომლის ნაწილიც არის ყველა ოპოზიციური პარტია“, - განაცხადა პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა საბა ბუაძემ.

ამასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას იმედი აქვს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტი დაინიშნება.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს მოლაპარაკების პროცესი არ არის პოლიტიკური ვაჭრობა ან ტოტალიზატორი. საპირწონედ დგას ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ღირებულებები. გამოსავალი აქ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი, რომ ხალხს ვკითხოთ და ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ არის დღეს ხელისუფლების ღირსი და ვინ არის დღეს ის ძალა, რომელიც ქვეყანას ამ ეკონომიკურ-სოციალური კრიზისიდან გამოიყვანს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

თუმცა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გარდა, ოპოზიციას მოლაპარაკებებში კიდევ ერთი თემა ექნება - ცვლილებები საარჩევნო სისტემაში.

მმართველი პარტია მზად არის დააჩქაროს საარჩევნო პროცესის დამოუკიდებლობის პროგრესი და უკვე 2022 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები ელექტრონული კენჭისყრით და უბნებზე თითის ანაბეჭდის შემოწმების გამოყენებით ჩაატაროს.

თუმცა ახალი რაუნდის თარიღი ჯერ უცნობია და თავად ოპოზიციაში უთანხმოება შეინიშნება.

ოპოზიციის წყალქვეშა ქვები

დღეისათვის ოპოზიცური პარტიების უმრავლესობას საარჩევნო სიები გაუუქმეს, ხოლო სადეპუტატო  მანდატებზე უარის თქმის შესახებ განაცხადები უკვე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადაეცა. ამ დეპუტატების ჩანაცვლება ვერ მოხერხდება.

მეტიც, პარლამენტში მოხვედრილმა „პატრიოტთა ალიანსმა“ უკვე დაკარგა ადგილები საკანონდებლო ორგანოში - მათი განაცხადი დაკმაყოფილებულია, მაგრამ ადგილები დაიკავეს ყველასათვის უცნობმა ადამიანებმა პარტიული სიიდან, რომლებმაც საკუთარი პარტია „ევროპელი სოციალისტები“ დააარსეს. ახლა ისინი „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მუშაობენ.

რაც შეეხება „გირჩსა“ და „მოქალაქეებს“, ისინი პარლამენტში სხვა პარტიების გარეშე მუშაობაზე უარს აცხადებენ. თუმცა მანდატებზე უარის მთქმელ სხვა ოპოზიციონერებს მათი არ სჯერათ.

„ძალიან სევდიანი ისტორიაა, დავიღალეთ უკვე. შევიდნენ, თუ შესვლა უნდათ. დახვდება იქ კობახიძე, მათი მეგობარი. იმათაც გაუხარდებათ, ჩვენც დავისვენებთ“, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ სურვილის კომენტირებისას, პარლამენტში დანარჩენი ოპოზიცია „დაპატიჟოს“.

ამასთან, მმართველ პარტიაში მოლაპარაკების პროცესის სრულ მხარდაჭერაზე განაცხადეს.

„რაც შეეხება მეხუთე რაუნდის შესაძლო შედეგებს, ეს მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აფასებს ოპოზიცია სტატუს კვოს. ხედავთ, რომ სტატუს კვო ნამდვილად არის შეცვლილი, პარლამენტში უკვე პირველი ოპოზიციური პარტია შემოსულია და საქმიანობს. ასევე, ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არის არასწორი გადაწყვეტილება... ვფიქრობ, მეხუთე რაუნდამდე ამას არაერთი ოპოზიციური ლიდერი მეტად გააცნობიერებს. ჩვენ მზად ვართ, იმ სამართლიანი წინადადებების განსახილველად დავბრუნდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, რაც ეხება პირველ რიგში, მათი პრეტენზიების გადამოწმებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.

ამგვარად, არჩევნებიდან ორთვენახევრის შემდეგ და პარლამენტის პირველი სხდომიდან ერთ თვეში კვლავ ღიად რჩება საკითხი - რამდენი დეპუტატი იქნება პარლამენტში. ის უფრო აქტუალური გახდება თებერვალში, როდესაც პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე შეიკრიბება და ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მანდატების დატოვების შესახებ განაცხადების განხილვას ვეღარ გააჭიანურებს.

0