ნათია თურნავა

ნათია თურნავა: მომავალ წელს ჩვენი ეკონომიკა სწრაფად განვითარდება

136
(განახლებულია 21:10 17.08.2020)
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის შემცირებას 4,8%-ით ვარაუდობს.

თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. Fitch Ratings-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის უცვლელად დატოვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი ეკონომიკა ძალიან სწრაფად შეძლებს აღდგენას, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ Fitch-ის რეიტინგის შეფასებისას.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის შემცირებას 4,8%-ით ვარაუდობს, მაშინ, როდესაც თავად საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) მიიჩნევს, რომ ეკონომიკა 5%-ით დაეცემა.

„საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის უცვლელად დატოვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ეკონომიკა ბევრი ფაქტორის გამო, მათ შორის ეფექტური ანტიპანდემიური ღონისძიებების, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის და საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გამო ძალიან სწრაფად შეძლებს აღდგენას, ასევე აფასებენ ინვესტორებიც, მათ შორის უცხოელი და ადგილობრივი”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის შეფასებით, ეს არის პოზიტიური მოლოდინი, რომ მომავალ წელს ქართული ეკონომიკა სწრაფად განვითარდება და ინვესტორები კიდევ უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს საქართველოში.

მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის ექვსი თვის სტატისტიკის გამოქვეყნებისას აღინიშნა, რომ ეკონომიკის გამოცოცხლების პირველი საიმედო ნიშნები არის.

ნათია თურნავას აზრით, პრობლემა ბევრია, მაგრამ ქართული ეკონომიკა თანდათან ცოცხლდება.

გუშინ Fitch Ratings-მა დაადასტურა საქართველოს ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში BB დონეზე. პროგნოზი – „ნეგატიური“.

„ნეგატიური" პროგნოზი ასახავს კოროვირუსული პანდემიის მნიშვნელოვან გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე. პანდემია იწვევს მსხვილი ტურისტული სექტორის მქონე საქართველოს მცირე ღია ეკონომიკის მკვეთრ შემცირებას და რისკების ზრდას, რაც დაკავშირებულია საქართველოს უფრო მაღალ საგარეო ვალთან და მიმდინარე ანგარიშის უფრო ფართო სტრუქტურულ დეფიციტთან BB კატეგორიის ანალოგების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

Fitch მიიჩნევს, რომ საქართველოს სახმელეთო და საჰაერო საზღვრების დაკეტვა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მის ტურისტულ სექტორზე, რომელზეც მშპ-ის 11,6% მოდის.

ამერიკული კომპანია გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს >>

Fitch-ის ექსპერტების აზრით, შემაკავებელი ზომების თანდათანობით შემცირებამ გამოიწვია ეკონომიკური საქმიანობის მცირედი განახლება. ბოლო ეროვნული შეფასებები აჩვენებს, რომ წლიური ეკონომიკური ვარდნა აპრილში 16,6%-იანი მკვეთრი ვარდნის შემდეგ ივნისში 7.7%-მდე შემცირდა.

 

136
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (906)
ნათუა თურნავა

მინისტრი: საქართველოში ენერგეტიკის სექტორი პანდემიის მიუხედავად ვითარდება

33
(განახლებულია 12:51 22.01.2021)
თურნავას განცხადებით, მთავრობის ძირითადი ამოცანაა საკუთარი ენერგეტიკული რესურსების განვითარება და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერება.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. მიუხედავად კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლისა და ქვეყანაში პანდემიის შედეგების აღმოფხვრისკენ მიმართული ზომებისა, არც ერთი ენერგეტიკული პროექტი არ გაჩერებულა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. 

თურნავამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ  ორგანიზებულ ვებინარში მიიღო მონაწილეობა, რომელიც COVID-19 - ის პანდემიის შედეგად გლობალური ენერგეტიკის გამოწვევებსა და სექტორის პოსტპანდემიურ განვითარებას შეეხებოდა.

„საქართველოში არ შეჩერებულა ენერგეტიკული პროექტები, რომლებიც კერძო ინვესტიციით ხორციელდება. საუბარია როგორც პანდემიამდე, ისე 2020 წლის განმავლობაში დაწყებულ პროექტებზე. 670 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურები ან შევიდნენ ექსპლუატაციაში, ან მშენებლობის ეტაპზე გადავიდნენ“, – განაცხადა თურნავამ ვებინარზე.

გასულ წელს რეალიზებულია მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტები, რომლებიც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებაზეა მიმართული: ექსპლუატაციაში შევიდა ან მშენებლობის ეტაპზე გადავიდა 670 მეგავატის საერთო დადგმული სიმძლავრის ჰიდროსადგურები. ექსპლუატაციაში შევიდა 230 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგური „გარდაბანი-2“, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. ასევე დასრულდა ინტერესთა გამოხატვა რიგით მესამე კომბინირებული ციკლის თბოსადგურზე „გარდაბანი-3“ (272 მეგავატი სიმძლავრის). 

ასევე რეალიზებულია მრავალრიცხოვანი პროექტები ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით: აშენდა ორი მაგისტრალური გაზსადენი, ქვესადგურები, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები.

როგორც თურნავამ ვებინარზე აღნიშნა, პანდემიამ სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა ქართული ენერგეტიკაც. „მსოფლიოში ეკონომიკური ვარდნა ენერგეტიკისთვის რიგ ნეგატიურ მოვლენებს იწვევს - მოხმარებისა და გადახდისუნარიანობის შემცირება  როგორც ბიზნესში, ისე მოსახლეობაში, ასევე პროექტების შეჩერება. ამ თვალსაზრისით საქართველო გამოირჩევა იმით, რომ ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთ ღონისძიებად დაისახა ოჯახებისთვის ენერგეტიკული დანახარჯების სუბსიდირება. ამით ჩვენ ვეხმარებით საქართველოს ოჯახების 2/3-ს, რომლებიც ელექტროენერგიისა და ბუნებრივ აირის მომხმარებლები არიან,“ - განაცხადა მინისტრმა. 

რაც შეეხება პანდემიის შედეგების შემსუბუქებას და მოსახლეობის დახმარებას, მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის (შესაბამისად, 200 კვტ/სთ და 200 მ3) ხარჯების დაფარვის შესახებ. მთავრობამ მოქალაქეებისთვის კომუნალური ხარჯების დაფარვა გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო და მიმდინარე წლის თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. პირველ ეტაპზე დახმარებით უკვე ისარგებლა 1,1 მლნ–ზე მეტმა აბონენტმა.

ენერგოდამოუკიდებლობა  პრიორიტეტულია

ენერგოდამოუკიდებლობისკენ ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ერთ–ერთი ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგურის – „ენგურჰესის“  რემონტის პროექტია. დერივაციული (ჰიდროტექნიკური) გვირაბის დაგეგმილი სამუშაოების გამო სადგურის ხუთივე აგრეგატი 20 იანვრიდან 1 მაისამდე გამოირთვება.  ეს მასშტაბური სამუშაოები საბოლოოდ ურუნველყოფს სადგურზე წყლის დანაკარგის შემცირებას და მისი გამომუშავების გაზრდას. 

თურნავა: „ენგურჰესის“ რემონტი მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის>>>

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ცხრა წლის შემდეგ საქართველო შეიძლება სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს. პროგნოზების თანახმად, ელექტროენერგიის მოხმარება უკვე 2030 წლისთვის 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.

ამიტომ საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია რაც შეიძლება მეტი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რადგან ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე მთლიანად დაყრდნობა არ შეიძლება. ქარის სადგურებს ჰიდროენერგეტიკის 100%-ით ჩანაცვლება არ შეუძლია. ასეთ სადგურებს აქვთ სტაბილურობასა და გენერაციასთან დაკავშირებული პრობლემები.

33
თემები:
საქართველოს ენერგეტიკა
ბათუმის პორტი

2020 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1,5 მლრდ დოლარით შემცირდა

37
(განახლებულია 12:47 22.01.2021)
საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები 2020 წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik.  კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოს ეკონომიკა ვარდნას აგრძელებს – 2020 წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვა გასულ წელთან შედარებით 14,8%–ით შემცირდა და 11,3 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში. 

2020 წელს 3,3 მლრდ დოლარის ღირებულების ქართული პროდუქცია გავიდა –  2019 წელთან შედარებით 12%–ით ნაკლები.

გასულ წელს იმპორტმა 8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 15,9%-ით ნაკლებია.

2020 წელს საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4,7 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41,1%-ია.

რით ვაჭრობს საქართველო

საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ. 

2020 წლის დასაწყისიდან გაიზარდა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (12,3%), სპირტიანი სასმელების (3,8%), ოქროს (751,3%) და თხილის (40 9%) ექსპორტი. 

ამავე დროს შემცირდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 44,9%-ით, ფეროშენადნობების – 18,5%-ით, ნატურალური ყურძნის ღვინის – 5,6%-ით, სამკურნალო საშუალებების – 42,6%-ით, აზოტოვანი სასუქების – 12,7%-ით და ა.შ.

საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.

2020 წლის დასაწყისიდან გაიზარდა მხოლოდ ძვირფასი ლითონების მადნების იმპორტი – 1106,8%.

ამავე დროს მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აღნიშნულ პერიოდში დაეცა 31,4%-ით, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების – 11,6%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების — 34,2%-ით, სამკურნალო საშუალებების – 7,9%-ით, ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების – 10,2%-ით და ა.შ.

ვისთან ვაჭრობს საქართველო

საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები 2020 წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი — ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ გასულ წელს  4,1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 36,2%-ია.  

პირველ ადგილზეა თურქეთი –  2020 წელს მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 1,6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,1%-ია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, 2019 წელთან შედარებით, 12,1%-ით შემცირდა.

2020 წლის დასაწყისიდან თურქეთში გავიდა 34,1 ათასი ტონა ფეროშენადნობები, დაახლოებით 1,3 ათასი ტონა ტრიკოტაჟის ნაწარმი, 5,6 ათას ტონაზე მეტი თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები და სხვა საქონელი.

აღნიშნულ პერიოდში თურქეთიდან შემოვიდა დაახლოებით 67,2 ათას ტონაზე მეტი შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, 528,4 ტონა სამკურნალო პრეპარატები, დაახლოებით 23,5  ათასი ტონა შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და ა.შ.

მეორე ადგილზეა რუსეთი

2020 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის ბრუნვა, 2019 წელთან შედარებით,  9,9%–ით შემცირდა და 1,3 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა– საქართველოს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 11,7%. 

 

საქართველოდან რუსეთში გავიდა დაახლოებით 108,3 ათასი ტონა ფეროშენადნობები, 41,1 ათას ტონაზე მეტი ყურძნის ნატურალური ღვინო, 78,4 ათას ტონაზე მეტი მინერალური და მტკნარი წყალი, დაახლოებით 6,7 ათასი ტონა სპირტიანი სასმელი და ა.შ.
რუსეთი საქართველოში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელია. რუსეთიდან წლის დასაწყისიდან 348,7 ათას ტონაზე მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა.

რუსეთიდან ასევე შემოვიდა 488,3 ათას ტონაზე მეტი ხორბალი, დაახლოებით 172,1  ათასი ტონა  ნავთობის აირები, დაახლოებით 42 ათასი ტონა მზესუმზირის ზეთი და ა.შ.

ჩინეთი მესამე ადგილზეა

საქართველოს საგარეო ბრუნვამ ჩინეთთან  დაახლოებით 1,2 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 10,4%-ია. სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,5%-ით გაიზარდა. 

წლის დასაწყისიდან საქართველოდან ჩინეთში გავიდა დაახლოებით 266,3  ათასი ტონა  სპილენძის მადნები და კონცენტრატები, 13,2 ათას ტონაზე მეტა ძვირფასი ლითონები, დაახლოებით 3,5 ათასი ტონა ყურძნის ნატურალური ღვინო და ა.შ.

ჩინეთიდან შემოვიდა 38,5 ათას ტონაზე მეტი ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისგან, დაახლოებით 2,2  ათასი ტონა ნათურები და გამანათებელი მოწყობილობები, 699,9 ტონა  აპარატურა მიმღები სატელევიზიო კავშირისთვის  და ა.შ.

საქართველო ასევე ვაჭრობს სხვა ქვეყნებთან

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან: აზერბაიჯანი – 934,5 მილიონ დოლარზე მეტი, სომხეთი – დაახლოებით 610  მილიონი დოლარი, უკრაინა – 607,2 მილიონ დოლარზე მეტი, აშშ – დაახლოებით 620,9  მილიონი დოლარი, გერმანია –  დაახლოებით 466,9  მილიონი დოლარი, ბულგარეთი – 422,7 მილიონ დოლარზე მეტი, იტალია – 216 მილიონ დოლარზე მეტი.

37
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (906)
ნინუცა მაყაშვილი

„შემდეგი ჩართვა ჩემი გასვენება იქნება“ - რა საიდუმლო წამოცდა ნინუცა მაყაშვილს რუსკაზე

0
(განახლებულია 13:03 22.01.2021)
ნინუცა მაყაშვილმა მოულოდნელად დის, რუსკა მაყაშვილის საიდუმლო, რომელსაც მსახიობი რამდენიმე თვეა მალავს, პირდაპირ ეთერში გაამხილა

რუსკა მაყაშვილის თაყვანისმცემლებმა კარგად იციან, რომ მათი ფავორიტი მსახიობი ორსულად არის. ამ სიახლის შესახებ „ფოლოუერებს“, რამდენიმე თვის წინ, რუსკამ თავად შეატყობინა, თუმცა არ უთქვამს გოგონას ელოდება თუ ვაჟს.

რუსკა მაყაშვილს და მის მეუღლეს, მორაგბე სანდრო ნიჟარაძეს, ერთი შვილი უკვე ჰყავთ. პატარა ილია ნიჟარაძე უსაყვარლესი ბიჭუნაა. რუსკა მაყაშვილი „რუსთავი 2“ -ის დილის ეთერში მისი დის ნინუცა მაყაშვილის, რუბრიკის სტუმარი იყო, სადაც გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა და ნინუცამ მომავალი დისშვილის სქესი გაამხილა.

„გაგვიმართლა და მეორე არის გოგო“, - აღნიშნა ნინუცამ, რაზეც რუსკას არაერთგვაროვანი რეაქცია ჰქონდა. ტელეწამყვანი მალევე მიხვდა, რომ საიდუმლო გაამხილა. „შემდეგი ჩართვა ჩემი გასვენება იქნება, მომკლავს“- განაცხადა ნინუცამ და სავარაუდოდ, ამ კადრებს ამოჭრიდნენ, თუმცა გადაცემა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

ყველასათვის საყვარელი მსახიობი რუსკა მაყაშვილი 2015 წელს დაოჯახდა. ტელეწამყვანი მოკრძალებული პოსტით შემოიფარგლა და თაყვანისმცემლებს მეუღლე სოციალური ქსელით გააცნო. რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს ორი წელი ხვდებოდნენ.

წყვილი მშობლები პირველად 2017 წელს გახდნენ. მათ ვაჟი ეყოლათ და ბავშვს ილია დაარქვეს. პატარა ილია ახლა 3 წლისაა. აშკარაა, რომ რუსკას ძალიან ჰგავს. ნოემბერში რუსკამ „ინსტაგრამის“ მომხმარებლებს ამცნო, რომ მეორე შვილს ელოდება. მსახიობმა უამრავი მილოცვა მიიღო.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება