სატვირთო ავტომობილები

საქართველოს საგარეო ვაჭრობა შემცირებას განაგრძობს

113
(განახლებულია 14:52 14.08.2020)
მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16,4%-ით შემცირდა: ექსპორტი – 21,6%-ით, იმპორტი კი 14,3%-ით.

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. საქართველოდან ექსპორტი კვლავ მცირდება – მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით ქვეყნიდან გაიტანეს 1,8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია – 16,8%-ით ნაკლები, ვიდრე ერთი წლის წინ, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ პრეს-რელიზში.

2020 წლის იანვარ-ივლისში იმპორტის თანხამ 4,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 17,9%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საერთო ჯამში 2020 წლის დასაწყისიდან საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17,6%-ით შემცირდა და დაახლოებით 6 მილიარდი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გათვალისწინების გარეშე).

საგარეო ვაჭრობის ვარდნის ტემპი

მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16,4%-ით დაეცა, აქედან ექსპორტი – 21,6%-ით, იმპორტი – 14,3%-ით.

ვარდნის ტემპმა შემცირება ივნისში დაიწყო, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16%-ით დაეცა, აქედან ექსპორტი – 13,1%-ით, იმპორტი – 17,2%-ით. მაისში იგივე მაჩვენებელი 33,2%-ის ტოლი იყო, აქედან ექსპორტის ვარდნა – 30,6%, იმპორტისა – 34,3%.

თურნავა: პანდემია საქართველოში ინვესტირებას უშლის ხელს>>

კორონავირუსმა ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა – იზარალეს სასტუმროებმა, რესტორნებმა, სავაჭრო ცენტრებმა, დასვენებისა და გართობის სფეროებმა, ტრანსპორტმა. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ასევე ფინანსური, სამშენებლო, უძრავი ქონების, სამრეწველო და განათლების სფეროები.

როდის გაუმჯობესდება ვაჭრობის მაჩვენებელი?

ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი აკაკი ცომაია ფიქრობს, რომ საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი ეკონომიკის ზრდის შემთხვევაში გამოსწორდება.

„მაჩვენებლები გაუმჯობესებას დაიწყებს, როგორც კი ეკონომიკაში რაიმე საკვანძო ცვლილებები მოხდება. ანუ, როდესაც საქართველოს ეკონომიკა ზრდას დაიწყებს, როდესაც ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი, მათ შორის ტურიზმის სექტორში, იპოვიან რაიმე ალტერნატივას, ან ტურიზმი კვლავ ამუშავდება, ისინი კვლავ მიიღებენ შემოსავალს და დაიწყებენ მეტის ხარჯვას მოხმარებაზე“, – განუცხადა ცომაიამ „Sputnik-საქართველოს“.

ექსპერტის თქმით, ამ შემთხვევაში გაიზრდება იმპორტი და შესაძლებელი იქნება ექსპორტზე საუბარიც.

„როდესაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას დაიწყებენ, ჩვენი ექსპორტიც მოიმატებს“, – აღნიშნა ცომაიამ.

არასახარბიელო პროგნოზი

საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ გლობალური სავაჭრო კრახის შედეგად 2020 წელს ვაჭრობა 9-32%-ის დიაპაზონში შემცირდება, განაცხადა ეკონომიკის დოქტორმა რატი აბულაძემ.

„ნიშანდობლივია ვაჭრობის ვარდნის დიდი მასშტაბები რეგიონულ დონეზე. კვლევების შედეგების თანახმად, ევროკავშირის 27 ქვეყნის ექსპორტის შემცირება 285 მილიარდ ევროს გადააჭარბებს, იმპორტის ვარდნის მასშტაბი კი 245 მილიარდ ევროს“, – განუცხადა აბულაძემ „Sputnik-საქართველოს“.

მას მიაჩნია, რომ მიუხედავად პანდემიის შესუსტებისა, საერთაშორისო ვაჭრობაში ვარდნა და დაბრკოლებები – მხოლოდ დასაწყისია.

113
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (747)
აშშ დოლარი და ქართული ლარი

ფულადი გადარიცხვები: რამდენი ფული შემოვიდა აგვისტოში საქართველოში

85
(განახლებულია 21:24 18.09.2020)
თურქეთს, რომელიც ბევრი წლის განმავლობაში უცვლელად შედიოდა საქართველოში ფულადი გადარიცხვების მხრივ ლიდერთა ექვსეულში, აგვისტოში უკრაინამ გადაუსწრო

თბილისი, 18 სექტემბერი ― Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გზავნილები 2020 წლის აგვისტოში 25,8%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის საიტზე

საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 184.2 მლნ აშშ დოლარი (566.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 25.8%-ით (37.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.1% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 93.4% მოდიოდა.

ყველაზე მეტი თანხა ელექტრონული სისტემებით გადმოირიცხა რუსეთიდან ― 35 მლნ დოლარი, რაც ფულადი გადარიცხვების მთლიანი მოცულობის 19%-ს შეადგენს.

ლიდერი ქვეყნების ექვსეულში შედიან: იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და უკრაინა.

თურქეთს, რომელიც ბევრი წლის განმავლობაში უცვლელად შედიოდა საქართველოში ფულადი გადარიცხვების მხრივ ლიდერთა ექვსეულში, აგვისტოში უკრაინამ გადაუსწრო, საიდანაც საანგარიშო პერიოდში საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით დაახლოებით 11 მლნ დოლარი ― საერთო მოცულობის 6% გადმოირიცხა.

 


85
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (747)

არავითარი დღესასწაული: როგორ იმოქმედა პანდემიამ რთველზე - ვიდეო

191
საქართველოში აქტიურ ფაზაში შევიდა ყურძნის მოსავლის აღების სეზონი. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, როგორ იღებენ მოსავალს კახეთში COVID-19-ის ფონზე

რთველი საქართველოში ყოველთვის ნამდვილ და ხანგრძლივ დღესასწაულად მიიჩნეოდა, რომელიც უყვართ სოფლის მკვიდრებსაც და ქალაქელებსაც. მაგრამ პანდემიამ მასზეც იქონია გავლენა.

ლოკდაუნმა, ტურისტების არყოფნამ, დაკეტილმა ბარებმა და რესტორნებმა ძლიერი დარტყმა მიაყენა ღვინის ბაზარს. 2020 წელს ღვინის ქარხნები იძულებულები გახდნენ ყურძნის ყველა ჯიშზე შესასყიდი ფასი დაეწიათ. ფერმერებს ახლა არჩევანის საშუალება არ აქვთ - პანდემიის მიუხედავად, უამრავი საქმეა.

ამ დროისათვის კახეთში უკვე მოიკრიფა და გადამუშავდა 40 ათასი ტონა ყურძენი. ჯამში წელს 300 ათასო ტონა მოსავლის აღება იგეგმება.

191
ცესკო

ცესკომ საპარლამენტო არჩევნებისთვის პირველი დამკვირვებლები დაარეგისტრირა

15
(განახლებულია 00:14 19.09.2020)
ამ დროისათვის საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით რეგისტრაცია ცესკოში ექვსმა ორგანიზაციამ გაიარა.

თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 18 სექტემბრისთვის დაარეგისტრირა ექვსი საერთაშორისო და 49 ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლებიც არჩევნების მსვლელობას დააკვირდებიან, ნათქვამი ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. პარალელურად ამ დღეს ჩატარდება არჩევნები აჭარის უმაღლეს საბჭოში და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერების და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები.

ამ ეტაპზე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მხოლოდ განაცხადები შეაქვთ. ორგანიზაციების და დამკვირვებლების ზუსტი რაოდენობა ცნობილი არჩევნებამდე ერთი კვირით გახდება.

ადრე საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებდნენ, რომ კორონავირუსის პანდემიის და ჩაკეტილი საზღვრების მიუხედავად, ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვა.

ამ დროისათვის საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით რეგისტრაცია გაიარეს: „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება" (ISHR), „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI), „საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI), „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი" (IFES), „ინიციატივა დიალოგისა და დემოკრატიისთვის" (SILBA) და „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში".

ვის სურს პარლამენტში მოხვედრა: ცესკომ პარტიების საბოლოო სია გამოაქვეყნა >>

დამკვირვებლები დააკვირდებიან საარჩევნო უბნების მომზადების პროცესს, ბიულეტენების ბეჭდვას, კენჭისყრასა და ხმების დათვლას. არჩევნების დასრულების შემდეგ ისინი გამოაქვეყნებენ თავიანთ დასკვნებს არჩევნებზე მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით.

15
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020