50–თეთრიანები

წვრილი ხურდის გარეშე: საქართველოში 1 და 2 თეთრიანებს ბრუნვიდან იღებენ

253
(განახლებულია 13:33 13.08.2020)
დაბალი ნომინალის მონეტების ამოღების მიზეზია მათი დამზადების მაღალი ღირებულება და დაბალი მსყიდველობითი უნარი.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა 2020 წლის ბოლოს იწურება, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.

დადგენილების თანახმად, მონეტების გადაცვლა ნებისმიერ კომერციულ ბანკში, ასევე ეროვნულ ბანკში შესაძლებელი იქნება 2021 წლის ბოლომდე, მაგრამ 2022 წლის იანვრიდან მონეტების გადაცვლა მხოლოდ ეროვნულ ბანკში იქნება შესაძლებელი.

დაბალი ნომინალის მონეტების ამოღების მიზეზია ის, რომ მათი დამზადება ძვირი ჯდება, ხოლო მათ დაბალი მსყიდველობითი უნარი აქვთ.

სწორედ ამიტომ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმად, 2019 წლის იანვრიდან ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი დამრგვალების მეთოდით შეიცვალა.

დამრგვალების მეთოდი გავრცელდა მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული, ასევე რამდენიმე პროდუქტის ან მომსახურების ჯამურ ღირებულებაზე, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების განხორციელება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტითაა შესაძლებელი, აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.

253
ლარის სხვადასხვა ნომინალის კუპიურები

რატომ ყიდის ეროვნული ბანკი რეზერვებიდან დოლარს კობა გვენეტაძის განმარტება

38
(განახლებულია 20:41 23.09.2020)
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პროგნოზით, პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება.

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებაა, აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.

ეროვნული ბანკი განაგრძობს ვალუტის გაყიდვას. დღეს გამართულ მორიგ აუქციონზე მან ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით კიდევ 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

პანდემია და არჩევნები საქართველოში: რა ხდება ლარის კურსთან დაკავშირებით>>

სავალუტო ბაზრის სტაბილიზებისთვის ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებზე ნახევარ წელიწადში უკვე 400 მლნ დოლარზე მეტი გაყიდა.

„ბოლო დროს ხშირად ისმის განცხადებები: „ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი გაყიდა, მაგრამ ლარი მაინც ვერ გაამყარა“. ეს არასწორია. მსურს განვმარტო, რომ ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ლარის გამყარება ან გაუფასურება არ გახლავთ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი... პანდემიის პერიოდში განხორციელებული ინტერვენციები ლარის კურსის საბაზრო ქცევას ხელს არ უშლის. ამჟამინდელი ინტერვენციების მიზანი ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებაა“, – დაწერა კობა გვენეტაძემ თავის Facebook-გვერდზე.

გვენეტაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მცურავი კურსის პირობებში შეუძლებელია იმის თქმა, თუ სად არის ამა თუ იმ ვალუტის წონასწორული კურსი, დიდი ალბათობით, დღეს ლარი წონასწორულზე მეტად გაუფასურებულია. პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ კი კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება.

„პანდემიის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ძირითადად ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების თითქმის განულებაში აისახა. ქვეყნის ეკონომიკურმა გუნდმა პანდემიის მიერ დაზიანებული ეკონომიკის დასახმარებლად დროის უმოკლეს პერიოდში უცხოური ვალუტით მოცულობითი დახმარება მოიზიდა, რომლის ნაწილიც, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეთანხმებული პროგრამის ფარგლებში, ეროვნული ბანკის ინტერვენციების მეშვეობით მიმდინარე წელს და, სავარაუდოდ, მომავალი წლის პირველ ნახევარშიც ეკონომიკას ეტაპობრივად მიეწოდება“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

გვენეტაძის აზრით, ისეთი სულისკვეთების განცხადებები, როგორიცაა „ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი გაყიდა, მაგრამ ლარი მაინც ვერ გაამყარა“, ნებსით თუ უნებლიეთ, მოსახლეობას და ბიზნესს არასწორი გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებს და, საბოლოო ჯამში, მათ მხოლოდ აზარალებს.

„ამიტომ სასურველია გავიაზროთ, რომ როგორც მთელი მსოფლიო, ასევე საქართველო უპრეცედენტოდ რთულ პერიოდს გადის. ამ გამოწვევის წინააღმდეგ სწორი ნაბიჯების გადადგმით - რისი გამოცდილებაც ეროვნულ ბანკს აქვს - ამ კრიზისს მინიმალური დანახარჯებით გადავლახავთ“, – განაცხადა გვენეტაძემ.

პანდემია სერიოზულად აისახა ლარის კურსზე. ეროვნული ვალუტის კურსზე, რომელიც ანტირეკორდებს ამყარებს, ჯერ ნავთობის, ხოლო შემდეგ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი აისახა.

40 მილიონი დოლარის გაყიდვის შემდეგ საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2641 შეადგინა.

38
თემები:
ლარის კურსის დაცემა
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 23 სექტემბერს

491
(განახლებულია 09:23 23.09.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0242 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 23 სექტემბერი  — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2537 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0242 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურსი 23 სექტემბერს

 

 

491
თემები:
ლარის კურსი დღეს
მთავარი პროკურატურა

დაკითხვა საპროტესტო აქციის ფონზე - სკანდალი ბაჩალიაშვილის საქმის ირგვლივ არ წყდება

0
გარდაცვლილი პროგრამისტის ადვოკატის მიმართ დაწყებული საგამოძიებო მოქმედებების გამო აღშფოთება არაერთმა იურისტმა გამოთქვა

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. ათზე მეტი ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან კოლეგის მხარდასაჭერად შეიკრიბა. ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დღეს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა.

გუშინ საგამოძიებო ორგანოებმა მიხეილ რამიშვილის პირადი მობილური ტელეფონი ამოიღეს უსაფრთხოების საკითხთა არასამთავრობო ანტიკრიზისული ცენტრის ხელმძღვანელ დავით ფურცხვანიძესთან მიმოწერის შესამოწმებლად, რომელმაც ადვოკატს გადასცა თანამგზავრიდან გადაღებული, იმ ადგილის ამსახველი ფოტოები, სადაც 23 წლის დაღუპული პროგრამისტის მანქანა იპოვეს.

ადვოკატების თქმით, საგამოძიებო მოქმედებები, ჩატარებული მიხეილ რამიშვილის მიმართ მტკიცებულებების გაყალბებასთან დაკავშირებით, მათთვის მიუღებელია.

იურისტები მიიჩნევენ, რომ დაუშვებელია ადვოკატისთვის ტელეფონის ჩამორთმევა და ინფორმაციის გამოთხოვა, ასევე მსგავსი ფორმით დაკითხვა.

თამარ ბაჩალიაშვილის დედის პოზიცია

აქციას შეუერთდა თეონა თამაზაშვილიც - გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა. მისი თქმით, გამოძიება, გოგონას მკვლელების ვინაობის დადგენის ნაცვლად, ებრძვის ადვოკატს და ცდილობს, ის საქმეს ჩამოაშოროს.

„მოვედი მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერად, რადგან მსოფლიოს არ ახსოვს ასეთი პრეცედენტი, რომ ადვოკატს წაართვან ტელეფონი. იმის მაგივრად, რომ მკვლელები ეძებონ, მკვლელებს ებრძოლონ, ებრძვიან ადვოკატს, თვალებში ნაცარს გვაყრიან და ამბობენ, რომ ერთი მხარე ვართ. როდის იყო ერთი მხარე ერთმანეთს ებრძოდა. დიდი ხანია უნდათ მიხეილ რამიშვილის ჩამოშორება და ახლა საბაბი მიეცათ, აგერ ყალბი რაღაცაო“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვას, ვინ მიაწოდა მას იარაღით ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია და იყო თუ არა ეს დავით ფურცხვანიძე, თამაზაშვილმა მიუგო, რომ ამის შესახებ ინტერნეტში წაიკითხა, ფურცხვანიძემ კი სტატია ინგლისურ ენაზე უკვე ამის შემდეგ გამოაქვეყნა.

„როდესაც მოსამართლესთან დამკითხეს, მკითხეს – შენი წყარო ადამიანია თუ არა. მე ვუთხარი, კომპიუტერში წავიკითხე და თამუნასთან ლაპარაკიდან გამოვიტანე აზრი, ეგ სტატია  ფურცხვანიძემ ჩემი განცხადების შემდეგ გამოაქვეყნა. სტატიის ავტორი არის და დავუდე, რომ მარტო მე არ ვფიქრობ ამას-თქო. ფურცხვანიძეს ყარაბაღი არ უხსენებია. ეს იმიტომ ვთქვი, რომ იმ პერიოდში ერთადერთი ომი კავკასიაში, ყარაბაღში მიმდინარეობდა“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის დედამ აღნიშნა ასევე, რომ დარწმუნებულია ფოტოების ავთენტურობაში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა მას საწინააღმდეგოს დაუმტკიცებს, ის დაიჯერებს, რომ მისმა შვილმა თავი მოიკლა.

რა მოხდა დაკითხვაზე

დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გაესაუბრა და აღნიშნა, რომ უპასუხა კითხვებს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვალა, დანარჩენი კი პროკურატურის საქმეა. მისი თქმით, ყველა კითხვა მის მიმოწერას ეხებოდა.

„კითხვები იყო, მიწერ-მოწერაში რა რას ნიშნავდა, მე ხომ არ შევუკვეთე, ვიცოდი თუ არა, რომ სურათები იყო გაყალბებული. პასუხები ეძებეთ, ვინ არის გამყალბებელი, საიდან გავიცანი ეს ადამიანი (ფურცხვანიძე - რედ.). გამოძიებას არაფერი ხელი არ შეშლია, გამოძიებას თავიდანვე ჰქონდა ხელი შეშლილი, რადგან არასწორად მიდიოდა, დღესაც არასამართლიანად გრძელდება, რადგან რაც დრო დახარჯა ამ აბსურდულ ძიებაში, იმ ქმედებებში, რომ მე ამ საქმეს ჩამომაცილოს, სჯობდა, ეს დრო და ენერგია საქმეში დაეხარჯა, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გამოეყენებინა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია და ხაზგასმით განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ბაჩალიაშვილის მანქანა არ იყო იქ, სადაც იპოვეს.

რადგან ფურცხვანიძის მიერ წარმოდგენილი ფოტოები, ბრალდების განცხადებით, ყალბია, რამიშვილი პროკურატურისგან ელოდება თანამგზავრიდან გადაღებულ სხვა ფოტოებს.

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ფურცხვანიძე აშშ-ში ვიზიტის შემდეგ, რომელიც 30 სექტემბერსაა დაგეგმილი, ამ ფოტოების ექსპერტიზის სარწმუნო შედეგს ჩამოიტანს. 

პროკურატურის პოზიცია

პროკურორ დავით გუმბერიძის თქმით, გამოძიებამ დასვა მტკიცებულებების გაყალბებასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი კითხვა.

„ვიდრე რამიშვილი საგამოძიებო ორგანოში განაცხადებდა წყაროს ვინაობას, თქვენთან, მედიასთან საჯაროდ დაუკავშირდა ამ პიროვნებას, შეატყობინა, რომ აპირებდა მის დასახელებას. ასევე, მისი ვინაობა ინფორმირებული გახადა თქვენთვის, რამაც არსებითად დააზარალა გამოძიების ინტერესები იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ იმ დღესვე, როდესაც დაასახელა დავით ფურცხვანიძე, დავიწყეთ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რომელიც ეხებოდა ფურცხვანიძის სახლის და ოფისის ჩხრეკას“, – განაცხადა გუმბერიძემ.

პროკურორმა აღნიშნა ასევე, რომ დავით ფურცხვანიძე ერთადერთი ადამიანია ამ საქმეში, რომელიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებაშია მხილებული, მათ შორის, ყარაბაღში იარაღის მიწოდების საკითხზე.

რაც შეეხება ფურცხვანიძისთვის ბრალის წაყენების შესაძლებლობას, გუმბერიძის თქმით, ყველა უნდა დაელოდოს გამოძიების შედეგებს, ამ ეტაპზე კი კონკრეტული ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას.

ბაჩალიაშვილის საქმე

თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს და ძირითადი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა. მათ მიაჩნიათ, რომ ეს მკვლელობა იყო, რომელიც თამარის სამსახურს უკავშირდება, რადგან მას ხელში გარკვეული კომპრომატი ჩაუვარდა.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით: „თავისუფლების უკანონო აღკვეთა" და „თვითმკვლელობამდე მიყვანა".

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა სექტემბრის დასაწყისში გამოძიებას წარუდგინა თანამგზავრიდან გადაღებული სოფელ მაწევანის მიმდებარე იმ ადგილის რამდენიმე ფოტო, სადაც დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს.

როგორც რამიშვილი ამტკიცებს, ფოტოები გადაღებულია 19-22 ივლისს და მათზე ჩანს, რომ მანქანა იმ ადგილზე არ დგას.

პროკურატურაში განაცხადეს, რომ გამოძიებისთვის მიწოდებული ფოტოები ფალსიფიცირებულია.

0
თემები:
გახმაურებული სასამართლო პროცესები