აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართელოს დამაკავშირებელი ცენტრალური ტრასა

როდის გაიხსნება ხაშურის შემოვლითი გზა

274
(განახლებულია 20:08 12.08.2020)
გზის მშენებლობა 31 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო კონტრაქტორს დასრულების ვადად მიმდინარე წლის ოქტომბერი განესაზღვრა.

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აგვისტოს მეორე ნახევარში ხაშურს ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება.

„ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა, ხელშეკრულების შესაბამისად, 31 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი გარემოების გათვალისწინებით კონტრაქტორს დასრულების ვადად მიმდინარე წლის ოქტომბერი განესაზღვრა“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი ავტოტრანსპორტის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისთვის ხაშურის შემოვლითი გზის მნიშვნელობის გათვალისწინებით, აგვისტოს ბოლოს ამ გზის 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე გაიხსნება ოთხზოლიანი გზა, ხოლო დარჩენილი 1.5 კმ დროებით იქნება ორზოლიანი. დარჩენილ 1.5 კმ გზაზე დამატებითი ორ ზოლის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება და ხაშურის შემოვლითი გზის 13-ვე კილომეტრი ოთხზოლიანი იქნება.

ხაშურის შემოვლითი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე იწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან შეუერთდება არსებულ გზას. ამ მონაკვეთზე აშენდა 420-მეტრიანი ხიდი, რომელსაც საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯები აქვს.

ხაშურის შემოვლითი გზა ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის ნაწილია და ორივე მონაკვეთის დასრულების შემდეგ გზა რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მივა. ამ გზით გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს და ჩუმათელეთს. პროექტის ფარგლებში საერთო ჯამში აშენდება ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები. 

რაც შეეხება ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის – 6.4 კმ-იანი გზის მშენებლობას, ამჟამად მიმდინარეობს სატენდერო წინადადებების შერჩევა-შეფასების პროცესი.

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის მონაკვეთი ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ამ მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო, აცხადებენ სამინისტროში.

274
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (331)
ვაშლი

საქართველოდან ვაშლის ექსპორტი წელს თითქმის 5-ჯერ გაიზარდა

34
(განახლებულია 12:42 26.09.2020)
წელს საქართველოდან ვაშლის ექსპორტის უდიდესი ნაწილი - 94% - რუსეთის ფედერაციაშიაზე მოდის. უმნიშვნელო რაოდენობით ვაშლი გადის ყაზახეთში, სომხეთში და სხვა ქვეყნებში

თბილისი, 20 სექტემბერი - Sputnik. 24 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან 1054 ტონა ვაშლია ექსპორტირებული, ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებულ ბაღებში მოსავლის აღება მიმდინარეობს.

ვაშლის ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 832 ტონით აღემატება. ხოლო, ექსპორტირებული ვაშლით მიღებული შემოსავალი 321 ათასი აშშ დოლარით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ქართული ვაშლის ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია: რუსეთის ფედერაცია (990.5 ტონა - რაც მთლიანი იმპორტის თითქმის 94%-ს შეადგენს), ყაზახეთის რესპუბლიკა (59.9 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (3.6 ტონა), დანარჩენი ქვეყნები (0,10 ტონა).

ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები, საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 1 128 ჰექტარზე გაშენდა. სახელმწიფოს თანადაფინანსებამ კი, 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

პროგრამას „დანერგე მომავალი“ სოფლის განვითარების სააგენტო 2015 წლიდან ახორციელებს. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მათი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

34
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
თხილის წარმოება საქართველოში

საქართველოდან თხილის ექსპორტი კვლავ იზრდება

26
(განახლებულია 10:55 26.09.2020)
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, მიმდინარეობს უცხოურ ბაზრებზე ქართული თხილის ორგანიზებული მიწოდება

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საქართველოდან ამ დროისთვის უკვე 4 436 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც 74%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

„კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარების მიუხედავად, ექსპორტიორებთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციებთან აქტიური მუშაობის შედეგად, საექსპორტო ბაზრებზე ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება ორგანიზებულად მიმდინარეობს“, - აცხადებენ სამინისტროში.

video : Sputnik / Anna Anastasiadi, Vladimir Umikashvili
“ოქროს მოსავალი“ - საქართველოში თხილის ტრიუმფალური კრეფა დაიწყო

უწყების ინფორმაციით, ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროპის ქვეყნებში ხორციელდება.

კერძოდ, გერმანიაში (1392,9 ტონა), იტალიაში (808,8 ტონა), ჩეხეთში (280,3 ტონა), ესპანეთში (165 ტონა), პოლონეთში (192 ტონა), საფრანგეთში (125 ტონა), ლიეტუვაში (143.7 ტონა), საბერძნეთში (34,7 ტონა), ავსტრიაში (22 ტონა), ესტონეთში (22 ტონა) და ლატვიაში (21 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე შემდეგ ქვეყნებში: სომხეთი (255,8 ტონა), რუსეთი (268.0 ტონა), უკრაინა (83,7 ტონა), ბელარუსი (102.5 ტონა), ბრაზილია (74,0 ტონა), მექსიკა (53,0 ტონა) და დიდი ბრიტანეთი (22 ტონა).

უწყების ინფორმაციით, წელს თხილის დაბინავების პროცესში ჩართულია 30-ზე მეტი საწარმო.

26
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
პრემია „ლიტერა“

ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

0
(განახლებულია 21:06 26.09.2020)
ლიტერატურულმა პრემიის გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდა. გამარჯვებულებს პრიზებთან ერთად ფულადი ჯილდო გადაეცათ.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. მწერალთა სახლის და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების რიგით მეხუთე ცერემონია გაიმართა, პრემიის გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდნენ, ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს Facebook-გვერდზე.

126 საკონკურსო განაცხადიდან მოკლე სიაში 38 წიგნი მოხვდა, „ლიტერა 2020-ის“ გამარჯვებულები გახდნენ:

წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი:

თინათინ ჩხიკვიშვილი, ჯანა ამირეჯიბის წიგნისთვის „მე - ნამდვილი კოკოშა“, გამომცემლობა „არტანუჯი“;

წლის საუკეთესო დებიუტი:

ნინი ელიაშვილი - „წერტილის შემდეგ“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

საუკეთესო დოკუმენტური პროზა:

გიორგი მაისურაძე - „სხვა ენა“, გამომცემლობა „ინდიგო“;

წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

შოთა იათაშვილი - „XXI საუკუნის დასაწყისის პოეტი“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

ეკა ქევანიშვილი - „არაფერი დედაჩემის შესახებ“, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“;

წლის საუკეთესო რომანი:

ირაკლი სამსონაძე - „ქელეხი - ქორწილი“, გამომცემლობა „ინტელექტი“.

„ლიტერა“ წელს 2019 წელს გამოცემულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს აფასებდა. კონკურსის შედეგებს აფასებდა მწერალთა სახლის მიერ შერჩეული კონფიდენციალური ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგებოდა. გამარჯვებულს გამოავლინეს ფარული კენჭისყრით. ლიტერატურული პრემიის საპრიზო ფონდი 30 000 ლარია. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს 5 000 ლარი გადაეცა.

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2016 წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა დააარსეს. მას შემდეგ ის ყოველ წელს იმართება. სხვადასხვა წელს „ლიტერას“ გამარჯვებული გახდნენ მწერლები და პოეტები: ბესიკ ხარანაული, ვახტანგ ჯავახაძე, ნაირა გელაშვილი, ზვიად რატიანი, ზურაბ ქარუმიძე, ნანა ექვთიმიშვილი, არჩილ ქიქოძე და სხვები.

პროექტის მიზანია თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარება და ახალგაზრდა ავტორების წახალისება.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაჯილდოების ცერემონიას მხოლოდ ფინალისტები და მონაწილე გამომცემლები ესწრებოდნენ.

 

 

0
თემები:
საქართველო და კულტურა