ეროვნული ბანკი: საქართველოს ეკონომიკის ვარდნა მოსალოდნელზე მეტი იქნება

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოში ეკონომიკური ვითარება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, რამაც საქართველოში მშპ-ის ზრდის პროგნოზის შემცირება გამოიწვია, განაცხადა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა

 

თბილისი, 8 აგვისტო - Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის განახლებული პროგნოზის თანახმად, 2020 წელს ქვეყნის ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, განაცხადა მარეგულირებლის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

ადრინდელი პროგნოზის თანახმად, საქართველოს მშპ-ის 4%-ით შემცირება იყო მოსალოდნელი. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ივნისში შემუშავდა ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტი. 

კერძო ჰოსტელი - Sputnik საქართველო
რა დახმარებით ისარგებლა ქართულმა ბიზნესმა: ეკონომიკის მინისტრის ანგარიში

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოში ზოგადად რთული ვითარებაა, ვინაიდან პანდემიამ ეკონომიკაზე ძლიერი ზეგავლენა იქონია, ნეგატიური შედეგების გადალახვა კი ბევრ პრობლემას უკავშირდება.

 „პანდემიის დასაწყისში სსფ პროგნოზირებდა 3%-იან გლობალურ ეკონომიკურ ზრდას, მაგრამ ამას წინათ გამოაქვეყნა უკვე განახლებული პროგნოზი, რომელიც უფრო პესიმისტურია და რომლის თანახმადაც მსოფლიო ეკონომიკა 4,9%-ით შემცირდება. სწორედ ესაა მიზეზი და ეს გახდა ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვა გამოიწვია“, - განუცხადა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს.

საქართველოს ეკონომიკა წლის პირველ ნახევარში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, ივნისში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მშპ 7,7%-ით შემცირდა. შესადარებლად: მაისში ვარდნის მაჩვენებელი იყო 13,5%, აპრილში - 16,6%.

„წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური აქტივობა ივნისში წლიურად 7,7%–ით შემცირდა. თუმცა, აპრილ-მაისთან შედარებით, სახეზეა ადგილობრივი მოთხოვნის გაჯანსაღების ნიშნები, რაც ფისკალურ სტიმულს და საკრედიტო აქტივობისა და გზავნილების მოსალოდნელზე კარგ დინამიკას უკავშირდება“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. 
დაკეტილი რესტორნები და სასტუმროები თბილისში - Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკის ვარდნა – მშპ კატასტროფულად მცირდება

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წინასწარი მონაცემებით, ივნისში საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი წლიურად 97%–ით შემცირდა. ექსპორტზე მოთხოვნაც სუსტი რჩება და ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%–იანი კლება დაფიქსირდა. საექსპორტო შემოსავლების კლებასთან ერთად, იმპორტიც წლიურად 22%–ით შემცირდა.

მეორე მხრივ, ივნისში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17,8%-ით გაიზარდა საქართველოში ფულადი გზავნილები და 169,2 მლნ დოლარს მიაღწია. თუმცა, პირველ ექვს თვეში საზღვარგარეთიდან ფულადი შემოსულობების მოცულობა კვლავ ნაკლებია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - ვარდნა 4,6%-ს შეადგენს.  

კრიზისის მიზეზები და შედეგები

ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი, პროფესორი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში აშკარაა შემცირება, შიდა მოთხოვნილებისა და წინადადებების შემცირება, მოსახლეობის მსყიდველობის უნარის ვარდნა და მთლიანად ბიზნესის საქმიანი აქტივობის ხელშესახები შემცირება. 

ვალუტის გაცვლითი პუნქტი - Sputnik საქართველო
რა ელის ლარის კურსს: საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების გაყიდვას განაგრძობს

 „მთელი ამ პროცესის სტიმულირებისთვის, ნეგატიური ტენდენციების გადასალახავად აუცილებელია რაიმე იმპულსი, ბიძგი გვერდიდან. და აქ დახმარება შეუძლია მხოლოდ ინსტიტუტს, რომელიც მართლზომიერად განახორციელებს ასეთ გლობალურ პროცესებს. ეს, ერთი მხრივ, შეიძლება იყოს მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლება, მეორე მხრივ - საბანკო სექტორი, მხედველობაში მაქვს ეროვნული ბანკი“, - განუცხადა არჩვაძემ „Sputnik-საქართველოს“.

მისი სიტყვებით, ჰიპერინფლაციის ან სხვა ნეგატიური ტენდენციების საფრთხე ინფლაციის თვალსაზრისით არ არის მოსალოდნელი, რადგან მოსახლეობას არა აქვს იმდენი ფული, რომ ეს მოხდეს.

„ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა ფეხი აუბას ცვლილებებს და შეამცირა რეფინანსირების განაკვეთი. ეს ნიშნავს კრედიტების, რესურსების გაიაფებას, ერთი მხრივ, ბიზნესისთვის და, მეორე მხრივ, მოსახლეობისთვის, მათ შორის, სამომხმარებლო კრედიტის გაიაფების მიმართულებით. და საბოლოო მიზანი საქმიანი აქტივობისა და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის გაზრდაა“, - აღნიშნა არჩვაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 5 აგვისტოს რეფინანსირების განაკვეთის 8,25%-დან 8%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: შემდგომი ორი წელიც ეკონომიკურად საკმაოდ რთული იქნება

მისი აზრით, ეს ყველაფერი უნდა გადაიზარდოს ეკონომიკისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაში და ჩვენ აუცილებლად დავინახავთ წლის მეორე ნახევარში უფრო დადებით ტენდენციას ეკონომიკაში, ვიდრე ეს მარტიდან ივნისამდე იყო.

 „ეს ეკონომიკის გასაჯანსაღებლად ერთადერთი სტიმული არ არის, თუმცა, ამ ნაბიჯის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებდით იმ რესურსების სრულად ამოქმედებას, რომლებიც საზოგადოებაში ამჟამად არსებობს. საკრედიტო რესურსების გაიაფება ეკონომიკის გაუმჯობესებისა და მისი ზრდის ერთ-ერთი ფუძემდებელი ფაქტორია“, - აღნიშნა ექსპერტმა.

პესიმისტური და ოპტიმისტური პროგნოზები

საერთაშორისო ორგანიზაციები წელს უარყოფით ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებენ, თუმცა, ამავე დროს აცხადებენ, რომ 2021 წელს საქართველო ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 4%-მდე დაეცემა.

ყველაზე პესიმისტური, როგორც საქართველოში ფიქრობენ, არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზი. 14 მაისს გამოქვეყნებული პროგნოზის თანახმად, მშპ საქართველოში 2020 წელს 5,5%-ით დაეცემა, 2021 წელს კი 5,5%-ით მოიმატებს.  

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვაშინგტონში - Sputnik საქართველო
სსფ რეგიონში ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივებზე

სსფ ვარაუდობს, რომ საქართველოს ეკონომიკის ვარდნა 2020 წელს 4% იქნება, ხოლო ინფლაცია - 4,6%. სსფ-ს 2021 წლის პროგნოზი კი საკმაოდ ოპტიმისტურია. ფონდის შეფასებით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 3%-ით მოიმატებს, ინფლაცია კი 3,7%-მდე შემცირდება.

 „ერთმნიშვნელოვნად შემიძლია განვაცხადო, რომ 2021 წლიდან საქართველოში ეკონომიკა ზრდას დაიწყებს და, ვიმედოვნებ, რომ მსოფლიო ეკონომიკაში იმ დროისთვის რეცესიის გადალახვის პირველი ნიშნები გამოჩნდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 2021 წელს ყველა პრობლემა დასრულდება“, - მიაჩნია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას.

მისი თქმით, კიდევ რამდენიმე წელი იქნება საჭირო ბიზნესის დასახმარებლად და ახალი ინვესტიციების მოსაზიდად.

ყველა ახალი ამბავი
0