Частный хостел в центре города в старом доме

რა დახმარებით ისარგებლა ქართულმა ბიზნესმა: ეკონომიკის მინისტრის ანგარიში

144
(განახლებულია 16:03 07.08.2020)
საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი – ეს არის ფონდი, რომელიც კომერციული ბანკებისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ აღებული კრედიტების დაბრუნების გარანტიას წარმოადგენს.

თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. გაფართოებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში საბანკო პროცენტის სუბსიდირებით უკვე 687-მა სასტუმრომ ისარგებლა, განაცხადა ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.  

„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ბიზნეს-სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენაა მიმართული. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში მეწარმეთა დახმარების მიზნით გადაწყდა პროგრამის გაფართოება.

საუბარია კრედიტების სუბსიდირებაზე, რომლებიც 200-ზე მეტი სახის საქმიანობას მოიცავს, და მიკროგრანტებზე, რომლებიც 300-ზე მეტი სახის საქმიანობას ეხება.

პროგრამაში მონაწილეობისთვის დაწესებული საკრედიტო ლიმიტი შემცირდა 50 ათას ლარამდე, მაქსიმალური მოცულობა კი გაიზარდა 10 მილიონ ლარამდე.

ადგილობრივი, არასაერთაშორისო ბრენდების შემთხვევაში კრედიტის მაქსიმალური მოცულობა 4 მლნ ლარს შეადგენს, საერთაშორისო ბრენდებისა და სხვადასხვა ტურისტული მომსახურების შემთხვევაში – 10 მლნ ლარს.

სახელმწიფოს მონაწილეობის დრო 24-დან 36 თვემდე გაიზარდა. მოიმატა ასევე სახელმწიფოს თანამონაწილეობის პროცენტმა. მაგალითად, 13%-იანი ვალის შემთხვევაში 1,5%-ს სახელმწიფო გაისტუმრებს, რაც კომპანიას გამოუთავისუფლებს სახსრებს ბიზნესის წარმოებისთვის.

„ანტიკრიზისული ბიუჯეტი ივნისის ბოლოს დამტკიცდა და თვეზე მეტია გასული, რაც პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ განახლებული ფორმით ამოქმედდა. ეს პროგრამა COVID-19-ის პერიოდში უფრო მეტად მორგებული გახდა მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებზე“, – აღნიშნა თურნავამ.

მინისტრის თქმით, დღევანდელი მონაცემებით, მცირე და საოჯახო სასტუმროების საბანკო პროცენტის სუბსიდირებით ისარგებლა 687-მა სასტუმრომ. სულ დახმარებისთვის სახელმწიფოს მიმართა 913-მა სასტუმრომ და მათ დაუმტკიცდათ დახმარება. ანუ დანარჩენი სუბიექტებიც დაფინანსდებიან უახლოეს დღეებში.

პანდემიის დროს საბანკო კრედიტის სუბსიდირების პროგრამა ფართოვდებოდა და ბოლო ერთ თვეში უკვე 22-მა საწარმომ მიიღო დახმარება. პროგრამის წყალობით, თურნავას თქმით, შეიქმნება 3 416 ახალი სამუშაო ადგილი.

კრედიტის აღება და გასტუმრება მარტივდება – როგორ დაეხმარება მთავრობა ბიზნესს>>

2020 წლის ანტიკრიზისულ ბიუჯეტში სუბსიდიებისა და შეღავათების სახით 559,2 მილიონი ლარია გამოყოფილი ბიზნესისთვის, მათ შორისაა მცირე გრანტები, საკრედიტო-საგარანტიო სქემა, კლინიკების სუბსიდირება და სხვ.

გარდა ამისა, თურნავამ ბიზნესისთვის საკრედიტო-საგარანტიო სქემის პროგრამის ფარგლებში გაცემულ დახმარებაზეც ისაუბრა.

კრედიტების საგარანტიო სქემის მოცულობა 330 მილიონ ლარს შეადგენს და მისი დახმარებით მოხერხდება 2,1 მილიარდი ლარის მოცულობის საკრედიტო პორტფელის უზრუნველყოფა. პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ გაცემულ ყოველ კრედიტზე გარანტია სესხის მოცულობის 70%-ის ნაცვლად იქნება 90%.

საკრედიტო-საგარანტიო უზრუნველყოფის სქემით მეწარმე შეძლებს არანაკლებ 50 ათასი ლარის ოდენობის და არუმეტეს 5 მილიონი ლარის ოდენობის კრედიტის აღებას.

„მეორე განახლებული კომპონენტი იყო გაზრდილი საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომლის მეშვეობითაც მცირე და საშუალო ბიზნესს ბანკებში თანაუზრუნველყოფას ვთავაზობთ, რათა მათ შეძლონ სესხების აღება შეუფერხებლად. მოგეხსენებათ, რომ პროგრამა ამოქმედდა ორი წლის წინ, მაგრამ მაშინ მასზე არ იყო დიდი მოთხოვნა, რადგან ეკონომიკა სწრაფად ვითარდებოდა“, – აღნიშნა თურნავამ.

მისი თქმით, საკრედიტო-საგარანტიო სქემით უკვე 17-მა საწარმომ ისარგებლა, მათ შორის არის სამშენებლო მასალების წარმოება, ჯანდაცვასთან დაკავშირებული ბიზნეს-საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, ტანსაცმლის, კვების პროდუქტების წარმოება და სასაწყობე მეურნეობა.

როგორ ავიღოთ იპოთეკური სესხი სახელმწიფო სუბსიდირებით? ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ>>

იპოთეკური კრედიტების სუბსიდირება

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, იპოთეკური სესხებისა და ბინათმშენებლობის პროგრამის დახმარებით, დღევანდელი მონაცემებით, 82-მა ადამიანმა ისარგებლა. ეს პროგრამები ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება.

უძრავი ქონების გაყიდვების შემცირების პრობლემის გადასაჭრელად ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მოქალაქეებს ბინების შეძენის პროცესი გაუმარტივოს. საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და 2020 წლის ბოლომდე ბინის შეძენის მსურველებს მთავრობა სუბსიდიების სახით დაუფინანსებს იპოთეკური კრედიტის საპროცენტო განაკვეთს. 4%-იანი სუბსიდია 5 წლის განმავლობაში გავრცელდება ყველა 200 ათას ლარამდე თანხის საკრედიტო შეთანხმებაზე.

გეგმის თანახმად, მთავრობა იპოთეკის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებისთვის 70 მლნ ლარს გამოყოფს; 14 მლნ ლარს – იპოთეკური კრედიტების პორტფელის სახელმწიფო გარანტიებისთვის.

პროგრამა იმოქმედებს კონტრაქტებზე, რომლებიც წლის ბოლომდეა დადებული. საქართველოში ლიცენზირებული 15 ბანკიდან პროგრამაში მონაწილეობს ხუთი მათგანი. ბინებს ახალი პირობებით მსურველებს 70-მდე სამშენებლო კომპანია სთავაზობს.

144
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (747)
რთველი

რთველი 2020: კახეთში 120 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

59
(განახლებულია 19:47 21.09.2020)
მიუხედავად პანდემიის პირობებში მძიმე მდგომარეობისა, ყოველდღიურად ქარხნებს 10 ათას ტონაზე მეტ ყურძენს აბარებენ.

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. კახეთში რთველი დაუბრკოლებლივ მიმდინარეობს და პიკურ ფაზაშია – „რთველი 2020“-ის ფარგლებში, ბოლო მონაცემებით, 120 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

რთველი კახეთში წელს 22 აგვისტოს დაიწყო. 21 სექტემბრის მონაცემებით, რეგიონში უკვე გადამუშავებულია 120 ათასი ტონა ყურძენი, გადამუშავების პროცესში 60-ზე მეტი ღვინის ქარხანაა ჩართული.

„რთველი კახეთში შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. უკვე იწყება პიკური პერიოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყურძნის დღიური გადამუშავება 10 ათას ტონაზე მეტი იქნება. ვფიქრობთ, სექტემბრის ბოლოსთვის კახეთში წარმოებული ყურძნის ძირითადი ნაწილი გადამუშავებული იქნება. საკოორდინაციო შტაბი სრულადაა მობილიზებული“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, მევენახეები მოსავალს 12 საათის განმავლობაში აბარებენ, მაშინ, როდესაც რამდენიმე წლის წინ ორი-სამი დღე რიგში უწევდათ დგომა.

საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.

სუბსიდიას იღებენ ის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ ამ ჯიშების სულ ცოტა 1 ათას ტონა ყურძენს. ამასთან, ღვინის ქარხნებს დადგენილი აქვთ ერთი კილოგრამი ყურძნის ფასი – არანაკლებ 80 თეთრისა. სახელმწიფოს სუბსიდია ერთ კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.

„რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და აქტიურ კოორდინირებას უწევს სახელმწიფო ორგანოების, მეწარმეებისა და მევენახეების ურთიერთობებს.

59
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს ბანკის ფილიალი

რატომ არ შეუმცირდება 120 ათასზე მეტ მომხმარებელს რეფინანსირებაზე მიბმულ სესხებზე პროცენტი

334
(განახლებულია 14:47 21.09.2020)
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო – ის ისევ 8,0%-ს შეადგენს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელის გიორგი კეპულაძის განმარტებით, ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რიმ 120 300 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება.

„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება ზედმეტად ფრთხილი მიდგომის გამოვლინებაა, რომელიც, შესაძლოა, გამართლებული ყოფილიყო ეკონომიკური სტაბილურობის პერიოდში. მაგრამ მაშინ, როდესაც ეკონომიკა რეცესიაშია და სწრაფი გაჯანსაღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეროვნული ბანკი უფრო მკვეთრ ნაბიჯებს უნდა დგამდეს“, – აღნიშნა გიორგი კეპულაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

გიორგი კეპულაძის თქმით, ეროვნული ბანკის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ლარში სესხებს უფრო მეტად გააიაფებდა, რასაც ბიზნესის და მომხმარებლების უფრო მეტი დაკრედიტება მოჰყვებიოდა.

„განაკვეთის შემცირება გამართლებული იქნებოდა იმ პირობებშიც, როდესაც ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი ბოლო პერიოდში შეუქცევადად მცირდება და შესაძლოა მიზნობრივ მაჩვენებელს ჩამოსცდეს კიდეც, მით უმეტეს  წარმოიქმნება სივრცე აგრესიული მონეტარული პოლიტიკის გასატარებლად“, – აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ 4,8% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3%-ია. მოსალოდნელია, რომ მაღალ ნიშნულზე ინფლაცია წლის ბოლომდე დარჩება, ხოლო 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება და კლებასაც დაიწყებს.

რაც შეეხება ბოლო დღეებში დოლარის მიმართ ლარის გაუფასურებას, გიორგი კეპულაძის აზრით, ეს COVID-19-ის შემთხვევების მზარდ მაჩვენებელს და ბაზარზე შექმნილ გაურკვევლობას შეიძლება მივაწეროთ.

„...რადგან სხვა ფუნდამენტური ფაქტორები უცვლელია. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა უნდა მიმართოს საზოგადოებასთან და ეკონომიკურ სუბიექტებთან აქტიური კომუნიკაციის მეთოდს და გაანეიტრალოს ნეგატიური მოლოდინები გაცვლით კურსთან და მოსალოდნელ ინფლაციასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

„საზოგადოება და ბანკებმის“ ხელმძღვანელის ცნობით, 2020 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 120 300 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

„დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 6185,408 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული. 1 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაცემული სესხების რაოდენობა გაზრდილია 1800-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი 6058,88 მილიონიდან 6466,80 მილიონ ლარამდე გაიზარდა“, – აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

მისი თქმით, 120 300 ხელშეკრულებიდან 34 400 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 865,9 მილიონი ლარი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა, 1 აგვისტოს მდგომარეობით, 13,24% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე, 1 აგვისტოს მონაცემებით, 46 600 სესხია მიბმული, საშუალოდ 10,35%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2060,9 მილიონი ლარია.

35 400 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს-სესხების გასაცემად, რაც, წინა პერიოდთან შედარებით, 300-ით ნაკლებია. მთლიანი პორტფელი 3302,1 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1129,7 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13,61%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი, 1 აგვისტოს მონაცემებით, 2172,4 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11,96%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხები. 1 აგვისტოს მონაცემებით, სულ 900 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 18 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 14,18%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 2 900 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 87,15 მილიონი ლარია.

1 აგვისტოს მდგომარეობით, გაზრდილია როგორც სასესხო პორტფელი, ასევე ხელშეკრულებების რაოდენობა. შემცირებულია საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხებზე 14,23%-დან 14,12%-მდე.

რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.

ნატა პატარაია

 

334
წინასაარჩევნო შეხვედრა პანდემიის დროს

NDI საქართველოში არჩევნების დისტანციურ დაკვირვებას იწყებს

0
საქართველოში საარჩევნო პროცესების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით NDI შეგროვებულ მონაცემებს შუალედურ და არჩევნების შემდგომ ანგარიშებში გამოიყენებს

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოში საარჩევნო პროცესის გრძელვადიან დისტანციურ დაკვირვებას იწყებს, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება - 120 დეპუტატს პარტიული სიებით აირჩევენ, 30-ს - ერთმანდატიან ოლქებში.

NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა აგვისტოში გამოქვეყნებული წინასაარჩევნო ანგარიშის (Georgia Election Watch) დასკვნებსა და რეკომენდაციებს დაეყრდნობა და საჭიროების შემთხვევაში მეორე ტურების ჩათვლით გაგრძელდება.

ანალიტიკოსების გუნდი შვიდ გრძელვადიან დამკვირვებელსა და პროგრამის დირექტორს მოიცავს. ისინი არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს შეისწავლიან, მათ შორისაა: საარჩევნო კამპანია, საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია და საინფორმაციო სივრცე, გენდერი და ჩართულობის საკითხები და კორონავირუსის გავლენა არჩევნებზე.

„თითოეულ ამ საკითხზე პროგრესისა და გამოწვევების შესაფასებლად, გრძელვადიანი დამკვირვებლები თბილისში მყოფ ასისტენტებთან და NDI-ს თანამშრომლებთან ერთად დისტანციურად იმუშავებენ და სხვადასხვა საინფორმაციო და ანალიზის ონლაინ პლატფორმებს გამოიყენებენ. NDI შეგროვებულ მონაცემებს შუალედურ და არჩევნების შემდგომ ანგარიშებში გამოიყენებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში საარჩევნო პროცესების გაძლიერებას“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

არჩევნები და კორონავირუსი: საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის ჩარტერული რეისები დაინიშნება >>

ადრე ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ გლობალური პანდემია კვლავ უკონტროლოა მრავალ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში. სწორედ არსებული საერთაშორისო ვითარებისა და რისკების გათვალისწინებით ორგანიზაციამ გადაწყვიტა, არ გამოგზავნოს თავისი დამკვირვებლები საქართველოში.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020