კომპანია „ფრონტერას ყოფილი თანამშრომლების აქცია

საქართველოს ხელისუფლება ამერიკული კომპანიიდან გათავისუფლებულებს დაეხმარება

101
(განახლებულია 14:08 07.08.2020)
კომპანიას 84 ყოფილი თანამშრომლის 17 თვის სახელფასო დავალიანება აქვს. ყოფილმა თანამშრომლებმა ხელფასის მოთხოვნით არაერთი აქცია გამართეს.

თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მთავრობა ამერიკული ნავთობკომპანია Frontera-ს ყოფილ თანამშრომლებს თითოეულს ერთჯერადად 1,2 ათასი ლარით დაეხმარება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

კომპანიას 84 ყოფილი თანამშრომლისთვის 17 თვის ხელფასი არ გადაუხდია. ყოფილმა თანამშრომლებმა ხელფასის მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს და სასამართლოსაც მიმართეს. როგორც ისინი აცხადებენ, მათ მიმართ კომპანიის ვალი 1 მილიონ ლარამდეა.

„ეს ადამიანები ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთჯერადი დახმარების სახით ჩვენმა კომპანიამ – „ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ თითოეულ ადამიანს 1 200 ლარის ოდენობის თანხა გამოუყოს“, – განუცხადა თურნავამ ჟურნალისტებს.

ამასთან, მან Frontera-ს მოუწოდა, დაფაროს სახელფასო დავალიანება იმის გათვალისწინებით, რომ ვალდებულების შესასრულებლად არანაირი დაბრკოლება არ არსებობს.

სკანდალი ამერიკული კომპანიის ირგვლივ გრძელდება: Frontera პირობებით უკმაყოფილოა>>

Frontera-სთან ურთიერთობები

თურნავას განცხადებით, ამ დროისათვის მთავრობა საკმაოდ პოზიტიურ და აქტიურ კომუნიკაციაშია კომპანიასთან. მხარეები შეხვედრისთვის ემზადებიან, სადაც გარკვეულ ტექნიკურ საკითხებს განიხილავენ.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ „ფრონტერას“ წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟი მოიგო, მთავრობამ გამოიჩინა კეთილი ნება და მიიღო გადაწყვეტილება, არ მოშალოს კომპანიასთან ხელშეკრულება და მისცეს საშუალება, რომ გააგრძელოს მოპოვებითი სამუშაოები სალიცენზიო არეალის ფარგლებში“, – აღნიშნა თურნავამ.

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, Frontera-ს საშუალება მისცეს მუშაობა გააგრძელოს ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც სამუშაოები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში წარმოებდა. საუბარია საკონტრაქტო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგანაც საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით დანარჩენი 99% კომპანიამ სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.

Frontera-ს საქართველოში მუშაობის ნება დართეს, ოღონდ მოკრძალებული პირობებით>>

თავდაპირველად კომპანიის ხელმძღვანელობამ შეთავაზებულ პირობებზე უკმაყოფილება გამოთქვა და თავის პრობლემებში საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა, აღნიშნა, რომ კომპანიის მიმართ ადგილი აქვს ცილისწამებასა და დეზინფორმაციას.

დავის არსი

კომპანიასა და ქვეყანას შორის დიდი ხანია დავა მიმდინარეობდა ნავთობის მოპოვებისას პროდუქციის წილობრივ გადანაწილებასთან დაკავშირებით კონტრაქტის თაობაზე. ქართულმა მხარემ რამდენიმე პირობა წამოაყენა, რომელთაგან მთავარი იყო იმ ტერიტორიის დაბრუნება, რომელსაც „ფრონტერა" არ იყენებდა დაზვერვისა და ნავთობის მოპოვების მიზნით. ეს ტერიტორია სალიცენზიო ბლოკის დაახლოებით 99%-ს შეადგენს. ტერიტორია უნდა დაბრუნებულიყო ჯერ კიდევ 2017 წელს.

საქმე საარბიტრაჟო სასამართლომდე მივიდა. გაიმარჯვა საქართველომ, რომელსაც „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" და „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო“ წარმოადგენდნენ. საქართველო კომპანიასთან თავდაპირველად კონტრაქტის გაწყვეტას აპირებდა.

Frontera Resources Corporation – ამერიკული კომპანიაა, რომელიც გაზისა და ნავთობის საბადოების მოძიებითა და მოპოვებითაა დაკავებული. დაარსდა 1996 წელს. კომპანიის სტრატეგიაა პერსპექტივების ძიება ნახშირწყალბადების მოსაპოვებლად აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე, რომლებიც შავი ზღვის აუზს განეკუთვნებიან. ამჟამად კომპანია მუშაობს საქართველოსა და მოლდოვაში. 

101
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 22 სექტემბერს

134
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0155 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 22 სექტემბერი  — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2295 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0155 ლარით გაუფასურდა.  

ლარის კურსი 22 სექტემბერს

 

134
თემები:
ლარის კურსი დღეს
რთველი

რთველი 2020: კახეთში 120 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

97
(განახლებულია 19:47 21.09.2020)
მიუხედავად პანდემიის პირობებში მძიმე მდგომარეობისა, ყოველდღიურად ქარხნებს 10 ათას ტონაზე მეტ ყურძენს აბარებენ.

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. კახეთში რთველი დაუბრკოლებლივ მიმდინარეობს და პიკურ ფაზაშია – „რთველი 2020“-ის ფარგლებში, ბოლო მონაცემებით, 120 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

რთველი კახეთში წელს 22 აგვისტოს დაიწყო. 21 სექტემბრის მონაცემებით, რეგიონში უკვე გადამუშავებულია 120 ათასი ტონა ყურძენი, გადამუშავების პროცესში 60-ზე მეტი ღვინის ქარხანაა ჩართული.

„რთველი კახეთში შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. უკვე იწყება პიკური პერიოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყურძნის დღიური გადამუშავება 10 ათას ტონაზე მეტი იქნება. ვფიქრობთ, სექტემბრის ბოლოსთვის კახეთში წარმოებული ყურძნის ძირითადი ნაწილი გადამუშავებული იქნება. საკოორდინაციო შტაბი სრულადაა მობილიზებული“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, მევენახეები მოსავალს 12 საათის განმავლობაში აბარებენ, მაშინ, როდესაც რამდენიმე წლის წინ ორი-სამი დღე რიგში უწევდათ დგომა.

საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.

სუბსიდიას იღებენ ის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ ამ ჯიშების სულ ცოტა 1 ათას ტონა ყურძენს. ამასთან, ღვინის ქარხნებს დადგენილი აქვთ ერთი კილოგრამი ყურძნის ფასი – არანაკლებ 80 თეთრისა. სახელმწიფოს სუბსიდია ერთ კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.

„რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და აქტიურ კოორდინირებას უწევს სახელმწიფო ორგანოების, მეწარმეებისა და მევენახეების ურთიერთობებს.

97
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
გრიპის ვაქცინა

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში ოქტომბრის დასაწყისში გამოჩნდება

0
(განახლებულია 19:37 22.09.2020)
რესპირატორული დაავადებების გავრცელების სეზონის დაწყებასთან ერთად ქართველი მედიკოსები გრიპის ვაქცინაციის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ

თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს განკარგულებაში ექნება გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინის 135 ათასი დოზა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

„წელს ნაყიდი გვაქვს 135 ათასი, რომლის პირველი პარტია, ჩემი ინფორმაციით, ოქტომბრის დასაწყისში უნდა შემოვიდეს. და დაიწყება ვაქცინაცია... ვაქცინა ასევე შემოაქვს კერძო სექტორს და მსურველებს ნებაყოფლობით შეუძლიათ აიცრან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვაქცინის დამატებითი რაოდენობის შეძენაზე მუშაობს.

თავად ვაქცინა ფრანგული წარმოებისაა. გამყრელიძის თქმით, ის განკუთვნილია რისკ-ჯგუფებზე, რომლებსაც ყოველ წელს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული იმუნიზაციის კომიტეტი განსაზღვრავს. რისკ-ჯგუფში შედიან ორსულები, ხანდაზმულები, ბავშვები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.

საქართველოს მოსახლეობაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის პოპულარიზაცია 2014-2015 წლებში დაიწყო. 2018 წელს ქვეყანამ შეიძინა 40 ათასი დოზა, მაგრამ პრეპარატის დიდი ნაწილი აუთვისებელი დარჩა. გასულ წელს ქვეყანამ შეიძინა უკვე 100 ათასი დოზა, საიდანაც გამოუყენებელი ძალიან მცირე ნაწილი დარჩა.

0
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში