ქართული ფული

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ისევ შეამცირა

116
(განახლებულია 21:00 05.08.2020)
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 8.25%-დან 8.0%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.

რა უჯდება ეროვნულ ბანკს ეროვნული ვალუტის სტაბილურობა>>

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება მიმდინარე წლის აპრილიდან, გამკაცრების ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ დაიწყო. უწყებამ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება 2019 წლის სექტემბრიდან, ეროვნული ვალუტის კურსის დაცემის შემდეგ ინფლაციაზე ზეწოლის განეიტრალების მიზნით დაიწყო. რეფინანსირების განაკვეთი სექტემბერ–დეკემბრის პერიოდში 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა.

საქართველოში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3 პროცენტია. მაისში ინფლაციის დონემ 6,5% შეადგინა, ივნისში – 6.1%, ივლისში კი ინფლაციის მაჩვენებელმა შემცირება განაგრძო და 5.7 პროცენტი გახდა.

„ეროვნული ბანკის პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში წლის მომდევნო პერიოდში ინფლაცია შემცირებას განაგრძობს, 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონეს ჩამოსცდება და შემდგომ მას ქვემოდან დაუახლოვდება. ინფლაციის შემცირების დინამიკას სუსტი მოთხოვნა უზრუნველყოფს. კერძოდ, ეროვნული ბანკის განახლებული პროგნოზით, 2020 წელს ეკონომიკის 5%-იანი შემცირებაა მოსალოდნელი, რაც ინფლაციის პროგნოზზეც შემცირების მიმართულებით მოქმედებს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.

რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.

რა ელის ლარის კურსს: საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების გაყიდვას განაგრძობს>>

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 16 სექტემბერს ჩატარდება.

116
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (749)
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 23 სექტემბერს

89
(განახლებულია 09:23 23.09.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0242 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 23 სექტემბერი  — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2537 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0242 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურსი 23 სექტემბერს

 

 

89
თემები:
ლარის კურსი დღეს
რთველი

რთველი 2020: ჩაბარებული ყურძნის ღირებულება უკვე 133 მილიონ ლარს აჭარბებს

90
(განახლებულია 20:48 22.09.2020)
სუბსიდიას იღებენ ის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ ამ ჯიშების სულ ცოტა 1 ათას ტონა „რქაწითელის“ ან „კახურის მწვანის“ ჯიშის ყურძენს.

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. 22 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში „რთველი-2020“-ის ფარგლებში უკვე გადამუშავებულია 134,8 ათასი ტონა ყურძენი, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

რთველი კახეთში წელს 22 აგვისტოს დაიწყო. გადამუშავების პროცესში 60-ზე მეტი ღვინის ქარხანაა ჩართული. ჩაბარებული ყურძნის ღირებულება ამ დროისათვის 133,7 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.

სუბსიდიას იღებენ ის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ ამ ჯიშების სულ ცოტა 1 ათას ტონა ყურძენს. ამასთან, ღვინის ქარხნებს დადგენილი აქვთ ერთი კილოგრამი ყურძნის ფასი – არანაკლებ 80 თეთრისა. სახელმწიფოს სუბსიდია ერთ კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.

სააგენტოს ცნობით, „რქაწითელი“ უკვე ჩაბარებულია 100,7 ათასი ტონა (81,3 მილიონი ლარის ღირებულების), „კახური მწვანე“ – 2,2 ათასი ტონა (2,1 მლნ ლარი), „საფერავი“ – 27,9 ათასი ტონა (44,9 მლნ ლარი), „ალექსანდროულ-მუჯურეთული“ – 125,12 ათასი ტონა (216 ათასი ლარი) და სხვა ჯიშების ყურძენი - 3,8 ათასი ტონა (5,1 მლნ ლარი).

იქიდან გამომდინარე, რომ ექსპორტის ძირითადი ნაწილი წითელ ღვინოზე მოდის, ხელისუფლებამ უარი თქვა „საფერავის“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირებაზე. ყურძნის იშვიათ ჯიშებზე, რომლებიც მეტ-ნაკლებადაა პოპულარული და ნაკლებად მოთხოვნადია, ასევე არ არის გათვალისწინებული სუბსიდია.

„რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და აქტიურ კოორდინირებას უწევს სახელმწიფო ორგანოების, მეწარმეებისა და მევენახეების ურთიერთობებს.

90
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა
ალექსანდრ ლუკაშენკო

გასაიდუმლოებული ინაუგურაცია: ალექსანდრ ლუკაშენკო ოფიციალურად გახდა ბელარუსის პრეზიდენტი

0
ინაუგურაციის ჩატარების საკითხი გასაიდუმლოებული იყო და მხოლოდ მისი დაწყების წინ გახდა ცნობილი. ამასთან, მაღალი რანგის სტუმრები ბელარუსის პრეზიდენტის რეზიდენციაში ბოლო მომენტში მიიწვიეს.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ალექსანდრ ლუკაშენკო ოფიციალურად გახდა ბელარუსის პრეზიდენტი, ინაუგურაციის ცერემონია დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა, იუწყება „Sputnik ბელარუსი“.

სააგენტოს ინფორმაციით, ინაუგურაციის ჩატარების საკითხი გასაიდუმლოებული იყო და მხოლოდ მისი დაწყების წინ გახდა ცნობილი. ამასთან, მაღალი რანგის სტუმრები ბელარუსის პრეზიდენტის რეზიდენციაში ბოლო მომენტში მიიწვიეს.

ცერემონიას ესწრებიან პარლამენტის დეპუტატები, ჩინოვნიკები და სახელმწიფო მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

ალექსანდრ ლუკაშენკომ, კონსტიტუციის თანახმად, ფიცი ბელორუსულ ენაზე დადო და ხელი მოაწერა აქტს ფიცის დადების შესახებ. ამის შემდეგ ქვეყნის ცესკოს თავმჯდომარე ლიდია ერმოშინამ მას რესპუბლიკის პრეზიდენტის მოწმობა გადასცა.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო ზედიზედ მეექვსედ გახდა ბელარუსის პრეზიდენტი.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს