საქართველო იტალიაში ექსპორტზე 45 ტონა ლოკოკინას გაიტანს

გამოწერა
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში 2013 წლიდან დღემდე სახელმწიფოს დახმარებით 225 ახალი საწარმო ამოქმედდა.

თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. მიმდინარე წლის ოქტომბერში ხობის ფერმიდან იტალიაში ექსპორტზე 45 ტონა ლოკოკინა გავა, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, 2017 წელს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ აშენდა. ფერმა პროდუქციის რეალიზაციას, ძირითადად, იტალიაში ახორციელებს.

„ბიოლოგიურად წარმოებული ლოკოკინა ძირითადად საექსპორტო დანიშნულებისაა და ევროკავშირში გადის. ამ მიმართულებით სამინისტრომ აქტიურად იმუშავა. თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს ვალდებულებას ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ ვალდებულებებს, რომელიც სახელმწიფომ დააკმაყოფილა. დღეისათვის მოლუსკისნაირები და ლოკოკინები ევროკავშირის ბაზარზე არის დაშვებული“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ფერმის ასაშენებლად ჯამში 1,86 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,26 მილიონი ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტის სახით მიიღო. ფერმა წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინას აწარმოებს. საწარმოში 15 ადგილობრივია დასაქმებული.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფერმა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.

2013 წლიდან დღემდე სახელმწიფოს დახმარებით „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში 225 ახალი საწარმო ამოქმედდა.

„ერთიან აგროპროექტს“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

პროგრამა  „ერთიანი აგროპროექტი" რამდენიმე ნაწილისგან შედგება – წარმოებისა და პროდუქციის გადამუშავების ხელშეწყობა, მის რეალიზაციაში დახმარება, აგროსექტორის დაზღვევის სისტემის განვითარება, ჩაის წარმოების ხელშეწყობა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება.

ყველა ახალი ამბავი
0