აშშ დოლარის კუპიურები

კრიზისიდან გამოსვლის პირველი ნიშნები: ფულადი გადმორიცხვები საქართველოში გაიზარდა

108
(განახლებულია 13:30 17.07.2020)
ივნისში რუსეთმა, რომელიც მრავალი წელი ლიდერობდა საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობის მხრივ, იტალიას გაუსწრო და კვლავ პირველ ადგილზე გადავიდა.

თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. 2020 წლის ივნისში ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების მოცულობა, წინა წლის ივნისთან შედარებით, 17,8%-ით გაიზარდა და დაახლოებით 169,2 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.

როგორია COVID-19-ის გავლენა ეკონომიკაზე? ანუ რეალობა და პერსპექტივა>>

2020 წლის ივნისში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადარიცხვები 6,4%-ით ნაკლები იყო, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში. რუსეთიდან ფულადი გადარიცხვების საერთო მოცულობამ ივნისში დაახლოებით 32,6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 19,6%-ია.

რუსეთი, რომელიც წლების განმავლობაში ლიდერობდა საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით, მიმდინარე წლის აპრილში პირველობა იტალიას დაუთმო, ივნისში კი კვლავ დაუბრუნდა ლიდერის პოზიციას.

იტალიიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 26,8 მილიონი დოლარი შეადგინა – ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 15,8%-ია.

რამდენი ვალუტა გამოგზავნეს საქართველოში

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების მეშვეობით 2020 წლის იანვარი–ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფულადი გზავნილები 4,6%-ით შემცირდა და დაახლოებით 769 მლნ დოლარი შეადგინა.

ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერობს რუსეთი – იანვარი–ივნისში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 146 მილიონი დოლარი შეადგინა – ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 19%-ია. წლის დასაწყისიდან რუსეთიდან გადმოირიცხა 26,6%-ით ნაკლები თანხა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

დადებითი ტენდენციები

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ პოზიტიური ტენდენციები ივნისში ფულადი გადმორიცხვების დინამიკაში დადებით გავლენას მოახდენს როგორც ეკონომიკურ აქტივობაზე, ისე ვალუტის გაცვლით კურსზე.

„დადებითი ტენდენციები ამ მაჩვენებლის დინამიკაში მნიშვნელოვანი და კარგი ფაქტია, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იმდენად გაუარესებული არ გვექნება, როგორც ეს პანდემიის დასაწყისში ჩანდა. ეს კი, თავის მხრივ, ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლებასა და პანდემიის დასაწყისში მოსალოდნელთან შედარებით უფრო მყარ ლარსაც ნიშნავს“, – დაწერა გვენეტაძემ თავის Facebook-გვერდზე.

საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გადმორიცხვების შემცირება სხვადასხვა ქვეყნის მიერ COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში გატარებული ზომების გამო დაიწყო. ამის შედეგად ეკონომიკური ვითარება პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში გაუარესდა.

ფულადი გადმორიცხვები აპრილში წლიური გაანგარიშებით 42,3%-ით შემცირდა, მაგრამ მაისში შემცირების ტემპმა იკლო და –9,6% შეადგინა.

როგორ ვაჭრობს საქართველო – ექსპორტი და იმპორტი კვლავ ეცემა>>

რამდენი ვალუტა გაიგზავნა საქართველოდან

ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 21,9 მლნ დოლარზე მეტი გადაირიცხა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 25,4%-ით მეტია.

2020 წლის დასაწყისიდან საქართველოდან საზღვარგარეთ დაახლოებით 106,1 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 2,6%-ით ნაკლებია, ვიდრე 2019 წლის იმავე პერიოდში.

108
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (981)
ბანკომატი

ფულადი გზავნილები: რუსეთმა ლიდერობა დაიბრუნა

44
(განახლებულია 18:17 16.04.2021)
რუსეთმა, რომელიც წლების განმავლობაში ლიდერობდა საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით, მიმდინარე წლის იანვარში პირველობა იტალიას დაუთმო.

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გზავნილები 2021 წლის მარტში, გასული წლის მარტთან შედარებით, 49,5%-ით გაიზარდა და 188,2 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის საიტზე. 

მარტში ქვეყანაში ყველაზე მეტი ვალუტა რუსეთიდან შემოვიდა – აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 32,2 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 17,1%-ია. 2021 წლის მარტში, გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან 26,8%-ით მეტი თანხა გადმოირიცხა.

რუსეთმა, რომელმაც ფულადი გზავნილების მოცულობით 2021 წლის იანვრიდან პირველობა იტალიას დაუთმო, კვლავ დაიბრუნა ლიდერი პოზიცია.

რამდენი ვალუტა გადმოირიცხა ქვეყანაში

საქართველოს კომერციულ ბანკებში 2021 წლის იანვარი–მარტში ელექტრონული სისტემებით ფულადი გზავნილების მოცულობა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28,4%-ით გაიზარდა და 499,3 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.  

იტალია საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით ლიდერია. იტალიიდან ფულადი გადარიცხვების საერთო მოცულობამ იანვარი–მარტში დაახლოებით 86,4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 17,3%-ია. 2021 წლის დასაწყისიდან იტალიიდან 43,9%-ით მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

რამდენი ვალუტა გაიგზავნა საქართველოდან

2021 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ დაახლოებით 24,9 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 21,9%-ით მეტია.

2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან უცხოეთში დაახლოებით 63,1 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 4,1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

44
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (981)
ვალუტის კურსი თბილისში

საგარეო ვალი იზრდება... ემუქრება თუ არა ქვეყანას დეფოლტი?

1175
(განახლებულია 17:00 16.04.2021)
ქვეყნის საგარეო ვალი რეკორდულ ნიშნულზეა, ეროვნული ვალუტა უფასურდება, ფასები იზრდება, ცხოვრება ძვირდება... ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პროგნოზებისგან თავს იკავებს.

სამსონ ხონელი

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის უკვე 61,3 პროცენტს შეადგენს, რაც რეკორდული ნიშნულია. არახალია! − ბრძანებს მკითხველი და მართალიც იქნება, თუმცა, მხოლოდ ნაწილობრივ, რადგან ამ მიმართულებით სიახლეც არის. ფაქტია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოს ვალი კიდევ გაიზრდება და მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ ის 63,8 პროცენტსაც გაუტოლდება. არადა, მკითხველს შევახსენებ, საქართველოს ბიუჯეტის მიხედვით ეს მაჩვენებელი 2022 წლის მიჯნაზე 60,1 პროცენტი უნდა იყოს.  

ვისი ვარაუდი გამართლდება, ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე კი საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს საგარეო ვალის მოცულობის მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ცვლილების პროგნოზსაც გვთავაზობს. კერძოდ, მომავალ წელს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 61,04 პროცენტი იქნება. შემდეგ წლებში კი ეს მაჩვენებელი თანდათან დაიკლებს და 2026 წლისთვის 53,97 პროცენტს გაუტოლდება.

ანუ, თუ ამ ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პროგნოზს მივენდობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2021-2026 წლებში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 7,33 პროცენტით შემცირდება. ბევრია ეს თუ ცოტა? კითხვაზე პასუხი თქვენთვის მომინდია. თუმცა, პატივცემულ მკითხველს ისიც მოეხსენება, რომ ვალის აღებას ბევრად ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე გასტუმრებას.

რატომ გაიზარდა საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი? საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსის ჯიჰად აზურის შეფასებით, ჩვენი ქვეყნის საგარეო საკრედიტო ვალდებულებების ზრდის მიზეზი COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისია.

„საქართველოს მთავრობამ გასულ წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ჯანდაცვისა და ეკონომიკური მიმართულებით. ეროვნულმა ბანკმა, თავის მხრივ, COVID19-ის პანდემიით გამოწვეული შოკის ეკონომიკაზე გავლენის შესამცირებლად გონივრულად გამოიყენა გაცვლითი კურსის მოქნილობა. რა თქმა უნდა, ამან საგარეო ვალის გაზრდა გამოიწვია, მიუხედავად ამისა, საქართველოს ვალის მოცულობა კვლავ სტაბილურია“, − განაცხადა ჯიჰად აზურმა.

მისივე თქმით, შექმნილ მძიმე ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეინარჩუნოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, შეამციროს ინფლაცია და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე იზრუნოს.

„საქართველოში ეკონომიკური აღდგენა ორ პრიორიტეტზე იქნება დაფუძნებული. ეს არის ეკონომიკის დაზარალებული მიმართულებების აღდგენა, ისეთი სექტორების დახმარება, როგორიცაა ტურიზმი. მეორე პრიორიტეტი უნდა იყოს კაპიტალის მომავლის სექტორებში ინვესტირება“, − განაცხადა ჯიჰად აზურმა. მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკას ასევე დაეხმარება ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც, როგორიც არის მეზობელ ქვეყნებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაძლიერება.

ეკონომიკური ზრდის საკითხს შევეხეთ. შეგახსენებთ, რომ იმავე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოში ეს მაჩვენებელი 3,5 პროცენტამდე შემცირდება. მომავალი წლისთვის კი 5,8 პროცენტი იქნება. 

ამავდროულად საერთაშორისო სავალუტო ფონდში მიაჩნიათ, რომ ზოგადად ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მთავრობამ ჩამოაყალიბოს ხედვა სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებასთან დაკავშირებით. ეს ერთ-ერთი პირობაა ჩვენი ქვეყნისთვის ამ საფინანსო ინსტიტუტისგან მორიგი პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად. ამის შესახებ გასული თვის ბოლოს განაცხადა ვერა მარტინმა, რომელმაც საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის პოსტზე საქმიანობა ახლახან დაასრულა. საინტერესოა, მაინც როგორია ამ საკითხზე თავად საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხედვა? ვერა მარტინის შეფასებით, რეფორმის მთავარი ამოსავალი სახელმწიფო საწარმოების კარგად მართვა უნდა იყოს. ეს არ არის მყისიერი რეფორმა და მისი გატარება დროს მოითხოვს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდი არც ერთ მთავრობას არ ეუბნება – რა უნდა გააკეთოს, ანუ უნდა დაიწყონ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია თუ უნდა დაიტოვონ სახელმწიფო საკუთრებაში. საზოგადოებრივი სიკეთის თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, გარკვეული სახელმწიფო საწარმოები შეიძლება საჭირო იყოს იმ სიკეთის შესაქმნელად, რომელსაც კერძო სექტორი ხელს არ მოჰკიდებს. დღეს არსებული ტექნიკური დახმარების ფარგლებში ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო საწარმოების მმართველობის გაუმჯობესება“, − განაცხადა ვერა მარტინმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მართვა იყოს კომერციულ საწყისებზე, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება იყოს უმაღლეს ხარისხში და, რაც მთავარია, კარგად იყოს გააზრებული, რა რისკების მატარებელი შეიძლება იყოს ცუდი მართვის პირობებში სახელმწიფო საწარმოები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის.  

ამასობაში მიმდინარე კვირა ქვეყანამ საკრედიტო ვალდებულების გასტუმრებით დაიწყო. ორშაბათს საქართველომ ბიუჯეტიდან 500 მილიონი დოლარის კრედიტი დაფარა. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ვალის დაფარვა და ახალი ვალის აღება გათვალისწინებული იყო. შესაბამისი თანხა ბიუჯეტიდან გადაირიცხა და სესხიც დაიფარა. ახალი ვალის აღებას მთავრობა ისევ ევროობლიგაციების გამოშვებით გეგმავს. მომდევნო კვირაში ტრანზაქცია განხორციელდება, ჩამოირიცხება ის თანხა, რაც ქვეყანამ ევროობლიგაციების გამოშვებით უნდა მიიღოს. 

ვიდრე მთავრობა ერთ ვალს მეორე ვალის აღებით ისტუმრებს, ეროვნული ვალუტა დაბლა ფსკერისკენ ეშვება. სხვა საკითხია, რომ არავინ იცის, სად და რა ნიშნულზეა ეს ფსკერი. კობა გვენეტაძემ თუ იცის? − შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი ირონიული ტონით. აბა რა გითხრათ, არ მაქვს პასუხი. თავად განსაჯეთ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია და ლარის კურსთან დაკავშირებით რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

მისივე განმარტებით, ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე რაც გავლენას ახდენს, ეს არის ძალიან დიდი თანხა, რომელიც ქვეყანამ ტურიზმის შემოსავლებიდან დაკარგა. როგორც კობა გვენეტაძე გვპირდება, ეროვნული ბანკი ყველა ზომას მიიღებს, რომ ფასების ზრდა მაღალი არ იყოს. თუმცა ქვეყნის მთავარი ბანკირი იმასაც მიგვანიშნებს, რომ ფასების ზრდა მეზობელ ქვეყნებშიც შეინიშნება. სავარაუდოდ, რაკი სამეზობლოსაც არ ულხინს, ცხოვრების გაძვირებას ჩვენც გაგებით უნდა მოვეკიდოთ. ლარის კურსი ის გამონაკლისი როდია, რისი პერსპექტივის პროგნოზირებაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეუძლებლად მიაჩნია. კობა გვენეტაძის თქმით, საბაზრო ეკონომიკის პირობებში კრედიტების საპროცენტო განაკვეთების პროგნოზირებაც შეუძლებელია.

„საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ზრდა იქნება ეკონომიკაში, იქნება თუ არა ფინანსური რისკები და ა.შ.“ − განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატების ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის ინიციატივით საპენსიო სესხებზე არსებული საპროცენტო განაკვეთის საკითხი განიხილებოდა. კობა გვენეტაძის თქმით, რაკი საკითხი საზოგადოების ყველაზე მოწყვლად სეგმენტს ეხება, ეროვნულმა ბანკმა მომხმარებელთა უფლებების დასაცავად კანონმდებლობით მინიჭებული უფლების ფარგლებში არაერთი ღონისძიება გაატარა.

„საპროცენტო განაკვეთები ეტაპობრივად შემცირდა. 2012-2013 წლებში კრედიტების ერთი ნაწილი 100-დან 200 პროცენტამდე ეფექტური საპროცენტო განაკვეთითაც კი გაიცემოდა. მომდევნო ორი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 50-53 პროცენტის ფარგლებში იყო, გარკვეული ტიპის სესხებზე 80 პროცენტიც კი. 2016 წლიდან მოყოლებული, საკრედიტო პორტფელზე საშუალო ეფექტურმა საპროცენტო განაკვეთმა ეტაპობრივად დაიკლო. ორი წლის შემდეგ, 2018 წლის მაისიდან ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 42 პროცენტიდან 33 პროცენტამდე შემცირდა. საპენსიო სესხების პროცენტის დონე, რომელიც ახლა გვაქვს, უკვე დიდად აღარ განსხვავდება იმ სახელფასო სესხებისგან, რომელსაც საპენსიო ასაკის ქვემოთ ასაკის მოსახლეობა იღებს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

საკომიტეტო მოსმენისას მან ისიც გვითხრა, რომ საპენსიო სესხების სპეციფიკური რეგულირება სცდება ეროვნული ბანკის ფუნქციებს. ერთი სიტყვით, თუ კაცმა თანამდებობა უნდა ინატრო, არ უნდა გასცდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტობაზე ოცნებას. ეს, ისე, ხუმრობით, სადაც იყო ბევრი სიმართლე და ცოტაც ხუმრობა. ან, შესაძლოა, პირიქით. დასკვნა თქვენთვის მომინდია. არ დაგიმალავთ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების შემყურეს არც წინამდებარე სტატიის სათაურში დასმულ კითხვაზე მაქვს ოპტიმისტური პასუხი და, უკეთესი მომავლის იმედით, დროებით გემშვიდობებით...

 

1175
სიცილია, ეოლიის კუნძულები

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 აპრილი

0
(განახლებულია 14:12 16.04.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 17 აპრილია, შაბათი. მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

აუცილებლად გამოიყენეთ დღევანდელი დღის შესაძლებლობები. ემოციები ღრმა და ძლიერი იქნება, მაგრამ საკმარისია სულიერი წონასწორობის შენარჩუნება და მაშინ შეუძლებელი არაფერი იქნება, ყველაფერი ჩვეულებრივზე იოლად გამოგივათ. ამ დღის პრიორიტეტებია სიყვარული, ურთიერთობები, ფული. მთავარია, ბრმად არ მიჰყვეთ გრძნობებს და ყველა შესაძლოა შედეგი წინასწარ გათვალოთ.

ზოდიაქო: მამაკაცის ხიბლის 12 ელფერი>>

ვერძი: დღეს ემოციებისა და ურთიერთობების მორევში გადაეშვებით. იმდენად ამაღლებული განწყობით იქნებით, რომ მზად ხართ მოულოდნელი და იმპულსური ქმედებებისთვის. ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს: უეცარი გრძნობები, ახალი ნაცნობობა, გართობა, მოულოდნელი გადაწყვეტილებები, ფლირტი. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, როგორც არ უნდა გინდოდეთ მოდუნება, თავი მაინც არ დაკარგოთ და კონტროლი ხელიდან არ გაუშვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში არის ალბათობა იმისა, რომ რაღაცის ზღვარი დაარღვიოთ.

კურო: არაა გამორიცხული, რომ დღეს ისეთი ცუდი გრძნობების გამოვლინებებს წააწყდეთ, როგორიცაა სიხარბე ან შური. შესაძლოა, ეს თქვენკენ იყოს მომართული, ან თავად იგრძნოთ შური ვინმეს მიმართ. დღემ რომ მშვიდად ჩაიაროს, ეცადეთ, დღეს თავი აარიდოთ ისეთ ადამიანებთან შეხვედრებს, რომელთაც თქვენზე მეტი შემოსავლები ან წარმატებები აქვთ. ამასთან, არ ღირს საკუთარი გამარჯვებების სახალხოდ გამოფენა, რომ ამან სხვებში არ გამოიწვიოს შური.

ტყუპი: პრაქტიკულად ნებისმიერ საქმეში ჯანსაღი აზარტი მოგცემთ მიმართულებას. ამ შემთხვევაში აუცილებელი არაა მეგობრებთან ნაძლევის დადება ან ფსონის ჩამოსვლა კაზინოში. აზარტი, პირველ რიგში, გამოვლინდება თქვენს სურვილში, რომ რაღაც სხვებზე უკეთესად გააკეთოთ. მეტოქეობა, გამოგონილი იქნება ეს თუ რეალური, ბიძგს მოგცემთ როგორც სამუშაოზე, ისე ყოფასა და სიყვარულში, დაგეხმარებათ უფრო კარგი შედეგების მიღებაში.

კირჩხიბი: არაა გამორიცხული, რომ დღევანდელი მოვლენების წყალობით ჩიხში მოექცეთ, ან ნამდვილ ამოუცნობ საიდუმლოს შეეჯახოთ. რას იზამთ, დღეს ინტუიცია ჭარბობს ლოგიკას. რა გამოცანის ამოხსნასაც არ უნდა ეცადოთ, ამის გაკეთება დედუქციის წყალობით გაგიჭირდებათ. დიდი ალბათობით, სწორი დასკვნების გამოტანისთვის საჭირო ფაქტები არ გეყოფათ. სამაგიეროდ ამ დანაკლისს ინტუიცია შეავსებს, რომელიც სათანადო სიმაღლეზე იქნება.

ლომი: დღეს განწყობა გაქვთ ისეთი, რომ რაღაც ახლის გამოცდაზე უარს არ იტყოდით. შეიძლება ეს იყოს სპორტის ექსტრემალური სახეობა, ახალი ცოდნის მიღების წყურვილი ან სიყვარული. თუ გყავთ საყვარელი ადამიანი, ნამდვილად ღირს, რომ მასთან გაატაროთ საღამო და ჩვეულ სცენარს გადაუხვიოთ. თუ მარტოხელა ბრძანდებით, დღე გაძლევთ ახალი ნაცნობობისა და თამამი ექსპერიმენტების შესაძლებლობას. გარდა ამისა, თქვენი ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო მთელი სიმძლავრით იმუშავებს და ეს შეგიძლიათ შემოქმედებისთვის გამოიყენოთ.

ქალწული: დღეს შეიძლება დიდი პრობლემები შეგექმნათ თვითორგანიზებასთან დაკავშირებით. გაგიჭირდებათ ყოველდღიური საქმეების ჩვეულ ტემპში შესრულება. ყურადღება ყველაფერმა შეიძლება გაგიფანტოთ – გარშემომყოფებმა, მოვლენებმა, თქვენმა აკვიატებულმა აზრებმა. ამ გონებაგაფანტულობის გამო, არაა გამორიცხული, ყველა საქმე ჩაგეშალოთ, რასაც ხელს მოჰკიდებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, არ ეცადოთ სიტუაციის „გამოსწორება“, სჯობს, პატარა ტაიმ–აუტი აიღოთ. დასვენება და გართობა გჭირდებათ, საქმეები კი მოიცდის.

სასწორი: დღეს ვარსკვლავცები მთლიანად თქვენ მხარეს არიან. ფორტუნა გაგიღიმებთ, ასე რომ, მოემზადეთ სასიამოვნო სიურპრიზებისთვის. შესაძლოა, გაგიმართლოთ სიყვარულში, ან მიიღოთ თანხა, რომლის იმედიც არ გქონდათ. არც ისაა გამორიცხული, რომ რაღაც სასიამოვნო სიახლის შესახებ შეიტყოთ. თუ აპირებთ გეგმის განხორციელებას, რომელშიც იღბლიანობასაც უნდა ენდოთ, ამისთვის სწორედ რომ საუკეთესო დროა.

მორიელი: დღეს თქვენი მოთმინების ფიალა ფიალა კი არა, ჩაის კოვზზე პატარაა. თუ სხვა დროს რამე მოვლენას ყურადღებასაც კი არ მიაქცევდით, დღეს ამან წყობილებიდან შეიძლება გამოგიყვანოთ. ეს განსაკუთრებით ეხება ირონიას (თუნდაც მეგობრულსა და უწყინარს), ასევე კრიტიკას გარშემომყოფების მხრიდან. იმისთვის, რომ თქვენი არცთუ პოზიტიური ემოციები ვინმეზე არ გადატყდეს ჯოხივით, სჯობს, თუ მათ უსაფრთხო კალაპოტში მიმართავთ, მაგალითად, ფიზიკურ ვარჯიშში – ირბენთ, აუზში იცურავებთ და ა.შ.

მშვილდოსანი: დღეს გარშემომყოფებს ტყუილად ექნებათ იმედი, რომ ლოგიკურად იმოქმედებთ. ყველაფერი, რასაც გააკეთებთ, ნაკარნახევი იქნება ისეთი რკინისებრი არგუმენტებით, როგორიცაა „მინდა“ და „არ მინდა“. მთელი დღესურვილების ტყვეობაში იქნებით, თან ისე, რომ ზოგიერთ ნაბიჯს თქვენ თვითონაც ვერ მოუძებნით ახსნას. წამიერი სურვილების აყოლით რომ შეცდომები არ დაუშვათ, სჯობს, მოუსმინოთ მეგობრებსა და ახლობლებს. უბრალოდ, სიტყვაზე ენდეთ – გვერდიდან ყველაფერი უფრო კარგად მოჩანს.

თხის რქა: დღეს რაღაც მოვლენებს, შესაძლოა, იმაზე მეტი მნიშვნელობა მიანიჭოთ, ვიდრე ისინი ამას იმსახურებს: მომძლავრებული ემოციურობის გამო ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს კონტრასტულ ფერებში დაინახავთ, ნებისმიერი საბაბის გამო შეიძლება აღფრთოვანდეთ ან პირიქით, უხასიათოდ შეიქმნეთ. ამასთან, ზედმეტი ყურადღება შეიძლება მიაქციოთ რაღაც მინიშნებებს, თანხვედრებს. თუ შეძლებთ თქვენი მძლავრი ემოციების გაკონტროლებას, მაშინ დღე ალზე საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება.

მერწყული: თუ მოინდომებთ, დღეს საჭირო ადამიანებზე სათანადო შთაბეჭდილების მოხდენას შეძლებთ. მოვლენები დაგეხმარებათ, რომ თავი მომგებიანად წარმოაჩინოთ ხელმძღვანელობის, კოლეგების ან ახლობელი ადამიანების წინაშე. ეს სცენარი რომ განვითარდეს, ამისთვის საკმარისია, მოვლენების ცენტრში აღმოჩნდეთ, არ მოგერიდოთ გარშემომყოფებისთვის თქვენი ნიჭის ჩვენება, უნარის, რომ შეგიძლიათ სწორად მოქმედება და საჭირო გადაწყვეტილებების მიღება ყველაზე არასტანდარტულ გარემოშიც კი.

თევზები: დღეს არის რისკი, რომ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ რაღაც მოვლენების ან, შესაძლოა, ინტრიგების ქსელში აღმოჩნდეთ ჩართული. გარშემომყოფები, იხელმძღვანელებენ რა თავიანთი მიზნებით, თქვენით მანიპულირებას შეეცდებიან. შესაძლოა, შემოგთავაზონ რაღაც მოვლენაში მონაწილეობა, ან გაგიზიარონ ჭორები, რომ შემდეგ ეს ინფორმაცია გაავრცელოთ. ასეა თუ ისე, ვარსკვლავები გირჩევენ, თავი შორს დაიჭიროთ სხვისი საქმეებისგან.

0