უფრო იაფად, ვიდრე გუშინ, ანუ შეიძინე ბინა და გადმოდი დღესვე!

© Sputnik / Alexander Imedashviliახალი სახლები თბილისში
ახალი სახლები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვის და როგორ შეუძლია საცხოვრისის შეძენისას სახელმწიფოს ფინანსური დახმარებით ისარგებლოს, რას მოუტანს სამშენებლო და საბანკო სექტორს, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკას იპოთეკური სესხების სუბსიდირების სამთავრობო პროგრამა?

სამსონ ხონელი

ტელეფონი არ ჩერდება, შეტყობინებას შეტყობინება მოსდევს...  

დეველოპერულ კომპანიებს კომერციული ბანკები ენაცვლებიან, და პირიქით. „ისარგებლე იპოთეკური სესხების სუბსიდირების სამთავრობო პროგრამით, შეიძინე ბინა და გადმოდი დღესვე“, − ასეთია გზავნილის შინაარსი.

მოგეხსენებათ, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შოკით სამშენებლო სექტორიც დაზარალდა. განვმარტავ – რატომ: მკვეთრად გაუფასურდა ეროვნული ვალუტა, საკრედიტო ბაზარზე ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთი კი 14.8 პროცენტიდან 16.6 პროცენტამდე გაიზარდა. სესხის გაძვირება ყველაზე მეტად ფიზიკური პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ კრედიტებს შეეხო. არადა, საცხოვრებელი ბინისა თუ სხვა ტიპის უძრავი ქონების შეძენის მსურველთათვის ძირითადი ფინანსური წყარო სწორედ საბანკო კრედიტია. ასე რომ, გაყიდვები შემცირდა და ეს არსებული საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის ლოგიკური შედეგია.

თბილისის ერთ-ერთი ისტორიული რაიონი - Sputnik საქართველო
როგორია COVID-19-ის გავლენა ეკონომიკაზე? ანუ რეალობა და პერსპექტივა

პატივცემულ მკითხველს შევახსენებ, რომ სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა და დეველოპერულმა კომპანიებმა ერთობლივი პროგრამა შეიმუშავეს. ის ბინის შესაძენად ეროვნულ ვალუტაში გაცემულ იპოთეკურ სესხზე საპროცენტო ტვირთის შემსუბუქებას ითვალისწინებს. კერძოდ, მოქალაქეს, რომელიც ბინის შესაძენად მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე ეროვნულ ვალუტაში იპოთეკურ სესხს აიღებს, მთავრობა კრედიტის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტს დაუსუბსიდირებს. პროგრამის ეს დებულება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას შეეხება, რომლის საკრედიტო თანხის ჯამური მოცულობა 200 ათას ლარს არ აღემატება. სუბსიდირების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წელია. ეს არის ის პერიოდი, როცა მსესხებელი ყველაზე მეტ საპროცენტო ხარჯს გასწევს და სახელმწიფო ეხმარება მას, რომ საპროცენტო ტვირთი შეუმსუბუქოს. ბიუჯეტიდან ამ მიზნით 70 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ერთი სიტყვით, ქვეყნის წამყვანი ბანკები სამთავრობო პროგრამაში უკვე ჩაერთნენ. თუმცა ამ ინიციატივის გარშემო, რომელიც მაისის ბოლოს გახმოვანდა, დისკუსია დღემდე არ წყდება. სამშენებლო და საბანკო სფეროს წარმომადგენელთა შეფასებები დადებითია. საცხოვრისის პოტენციური მყიდველებიც კმაყოფილებას გამოხატავენ. რატომაც არა, ისინი პროგრამის მომხმარებლები არიან, სიკეთით ისარგებლებენ. მაგრამ ვიღაცებმა შედარებით იაფი კრედიტით ბინები რომ შეიძინონ, საამისოდ ბიუჯეტიდან ხალხის ფული რატომ უნდა დაიხარჯოს?! − შესაძლოა, ბრძანოს მკითხველმა და... აბა, რა გითხრათ, ყველამ თავისთვის განსაჯოს, რამდენად სწორია ამგვარი მიდგომა.

ბანკი - Sputnik საქართველო
რომელ ვალუტაში ავიღოთ სესხი? დეპოზიტი − ლარში, დოლარში თუ ევროში?

ექსპერტ-ანალიტიკოსთა აზრი გაიყო. ეკონომისტების ერთი ნაწილი სუბსიდირების ფაქტს არ მიესალმება. მათი შეფასებით, იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბიუჯეტის ფულით ბანკებს აფინანსებს. არსებობს სერიოზული რისკი, რომ იმ მოსახლეობის ფულით, რომელსაც კრიზისში თავად გაუჭირდა, ბინების შეძენის მსურველ შეძლებულ მოქალაქეებს იპოთეკური სესხები დაუფინანსდეთ. 

„ძალიან მნიშვნელოვანია სუბსიდიის ფორმა. გამოდის, რომ სახელმწიფო ბანკებს 70 მილიონ ლარს ჩუქნის. არადა, ეროვნული ბანკის დახმარებით შესაძლებელია სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება და ამ თანხის ბანკებისთვის სესხება იმისათვის, რომ იპოთეკურ სესხებზე ლარში დაბალი საპროცენტო განაკვეთები დააწესონ. ფაქტობრივად გამოდის, რომ ბიუჯეტის და მოსახლეობის გადასახადების ფული ტყუილად იფანტება. გარდა ამისა, ასეთი სტიმულირება სიგნალს აძლევს ბაზარს – დეველოპერები ეცდებიან ამ სუბსიდირების ფონზე მაღალი ფასები შეინარჩუნონ. ეს ძირეულად არასწორია. თუ უნდათ, რომ ფართები გაიყიდოს, ფასები მინიმუმამდე უნდა დაწიონ. ახლა ისინი ცდილობენ თან მარჟაც შეინარჩუნონ, ბინები მაღალ ფასში გაყიდონ და ამავდროულად სახელმწიფოს მხარდაჭერით ისარგებლონ. ფასი ბაზარმა თავად უნდა დაარეგულიროს“, − აცხადებს ეკონომისტი დავით კიკვაძე, რომელიც არ იზიარებს ეროვნული ბანკის შეფასებას, რომ სამშენებლო სექტორი, როგორც დამატებული ღირებულების გადასახადის ყველაზე დიდი გადამხდელი, ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია.

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
როგორ ავირჩევთ პარლამენტს?.. ანუ  რა იცვლება დედაკანონში?..

ექსპერტთა ერთი ნაწილი კობა გვენეტაძის უწყების ხედვას ეთანხმება და აღნიშნავს, რომ სუბსიდირება ხელს უწყობს ეკონომიკის სტიმულირებას და ტრანზაქციების გაზრდას, რაც საბიუჯეტო შემოსავლებზე პირდაპირ აისახება. სამშენებლო სექტორი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი და თანაც მაღალანაზღაურებადი დარგია. შესაბამისად, მასზე ძალიან ბევრი მომიჯნავე დარგი და უამრავი დასაქმებული თუ თვითდასაქმებულია დამოკიდებული. სტატისტიკური მონაცემების მოშველიება შორს წაგვიყვანს, მკითხველს შეუძლია თავადაც გაეცნოს „საქსტატის“ ვებ-გვერდზე. გარდა ამისა, ექსპერტთა ამ ნაწილის აზრით, გადაწყვეტილება დროულად არის მიღებული, რადგან, თუ კრიზისი გაღრმავდება, მერე ძალიან რთულია იქიდან გამოსვლა...  

მაღაზია თბილისის ისტორიულ ცენტრში - Sputnik საქართველო
როგორ გაიზარდა ფასები და შემცირდა ეკონომიკა - კორონაეკონომიკის შედეგები

„სახელმწიფო მხარდაჭერა კიდევ უფრო წაახალისებს არსებულ ბაზარს. თავის მხრივ საბანკო სექტორი მაქსიმალურად უწყობს ხელს, რომ დაკრედიტება გაიზარდოს. ბინათმშენებლობის სექტორი ისედაც აღდგებოდა, უბრალოდ მთავრობის ინიციატივით, რაც სესხების გაცემაში მხოლოდ ახლა გამოჩნდება, სექტორის აღდგენა უფრო ადრე მოხდება. იპოთეკური სესხების სუბსიდირება ბანკებისთვისაც პოზიტიურია, თუმცა მთავარი გათვლა მაინც სამშენებლო სექტორზე და ზოგადად ეკონომიკაზეა“, − აცხადებს ეკონომისტი ოთარ ნადარაია.  

ამასობაში ივლისის დასაწყისისთვის გაცემული ახალი იპოთეკური სესხების შვიდი დღის საშუალო მაჩვენებელმა პანდემიის პირობებში პირველად გადაუსწრო იანვარი-თებერვლის პერიოდის საშუალო მაჩვენებელს. სავარაუდოდ, წლის ბოლომდე კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში ეროვნულ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხების წილი კიდევ უფრო გაიზრდება. რა ეფექტი ექნება სუბსიდირების სამთავრობო პროგრამას სამშენებლო, საბანკო სექტორისთვის და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკისთვის, ამას დრო გვიჩვენებს...

 

ყველა ახალი ამბავი
0