რატომ არ ხსნის საქართველო საზღვრებს მეზობელი ქვეყნებისთვის? – მთავრობის არგუმენტები

© photo: Sputnikტურისტები
ტურისტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინანსთა მინისტრის აზრით, საქართველომ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია მიზერული შემოსავლის დევნას არ უნდა შესწიროს.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. საზღვრები ტრადიციული ტურისტული ბაზრებისთვის მას შემდეგ გაიხსნება, რაც ისინი დაამარცხებენ ეპიდემიას და მეტ-ნაკლებად უსაფრთხო მაჩვენებლებს მიაღწევენ – რისკი უნდა იყოს დაბალანსებული პოტენციური მოგებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დაგვრჩება მხოლოდ რისკი, მიაჩნია საქართველოს ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს.

ღიაა დამატებითი შეზღუდვების გარეშე – მონტენეგრომ საქართველოსთვის საზღვრები გახსნა>>>

მან განმარტა, თუ რატომ არ ჩქარობს მთავრობა საზღვრების გახსნას.

„ის ქვეყნები, საიდანაც ტურისტების დიდი ნაწილი ჩამოდიოდა, სამწუხაროდ, დღეს ან ეპიდემიის პიკზე იმყოფებიან, ან ჯერ ვერ დაამარცხეს ეპიდემია. მიუხედავად იმისა, რომ გავრცელება ევროკავშირში ნაკლებია ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, რისკი მაინც არსებობს. რეალური სურათი, შესაძლოა, იყოს ასეთი: ჩვენ მივიღებთ მიზერულ ეკონომიკურ შედეგს, მაგრამ ტურისტების რაოდენობა საკმარისი იქნება საქართველოში ვირუსის გასავრცელებლად“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ბევრი მიიჩნევს, რომ რისკი ორი-სამი თვის შემდეგაც შენარჩუნდება, მაგრამ საზღვრების გახსნა მაინც მოგვიწევს.

„ჩვენ უნდა გავრისკოთ იმ მიმართულებებით, საიდანაც კორონავირუსის გავრცელების ალბათობა დაბალია, მაგრამ ტრადიციულად მაღალია ტურისტების ნაკადი და, შესაბამისად, შემოსავალიც. ეს დაბალანსებული და სწორი რისკია. რისკი არ არის გამართლებული, თუ საზღვრებს გავხსნით იმ ქვეყნებისთვის, საიდანაც ბევრი ტურისტი ჩამოდის, მაგრამ მაღალია ვირუსის გავრცელების რისკი“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ასლარიანი კუპიურები - Sputnik საქართველო
ლარი კვლავ უფასურდება: ეროვნული ვალუტა ახალ ანტირეკორდს ამყარებს

მაჭავარიანის განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიმართ საქართველოს ასეთი მიდგომა აქვს: იმ ქვეყნებთან, საიდანაც ჩამოსულთა რაოდენობა მეტ-ნაკლებად მატერიალურად საინტერესოა, მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპის ან ბალტიისპირეთის ქვეყნები, და ამავდროულად რისკი დაბალია, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ მოლაპარაკებები შეიძლება დაიწყოს და საზღვრები გაიხსნას.

„მაგალითად, იტალიას ჯერ არ გაუხსნია საზღვარი საქართველოსთვის. რატომ – საქართველო ხომ უსაფრთხოა? ამის მიუხედავად, მათ შეხედეს, რომ მატერიალური თვალსაზრისით ეს მიმართულება არ არის საინტერესო და არ აიღეს მინიმალური, ნულთან მიახლოებული რისკიც კი, თუმცა გახსნეს საზღვარი დიდ ბრიტანეთთან, საიდანაც გავრცელების რისკი უფრო მაღალია. მაგრამ იტალიას ამ რისკზე წასვლა უღირს, ვინაიდან ჩამოვა ბევრი ტურისტი, ეს კი ქვეყნისთვის შემოსავალია. ჩვენც ამ ლოგიკით უნდა ვიხელმძღვანელოთ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

ურიზმის ჩანაცვლება მარტივი არ არის

ფინანსთა მინისტრის თქმით, საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის წილი 10-12%-ს შეადგენს და არა 20%-ს, როგორც ბოლო დროს აღნიშნავენ ხოლმე.

„ესეც ძალიან მაღალი მაჩვენებელია, ამიტომ დარტყმაც დიდია. მოკლე დროში სექტორს საგადასახადო წნეხი შეუმცირეს, თუმცა დარგისთვის ესეც მიზერია. ტურიზმის ჩანაცვლება იოლი არ იქნება“, – განაცხადა მან.

მაჭავარიანის თქმით, წელს იქნება საკმაოდ დიდი ხარჯი, რათა ნაწილობრივ მაინც მოხერხდეს ამ 12%-ის კომპენსირება და, რაც მთავარია, „სისულელეების თავიდან აცილება“.

ტურისტული ორგანიზაციების საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
საქართველოს ტურისტული სფეროს წარმომადგენლებმა საზღვრების გახსნის მოთხოვნით აქცია გამართეს

„ჩვენ წინასწარ არ უნდა გავწიროთ ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში და არ უნდა ვდიოთ დღეს ტურიზმს, რომელიც ვერ აანაზღაურებს ამ ნეგატიურ მოვლენას“, – აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ ამით შეიძლება „დავაფრთხოთ“ ადგილობრივი ტურიზმი.

მისი სიტყვებით, ციფრები თავად მეტყველებენ, და ყოველი მეწარმე ან ადამიანი, დაკავებული ტურიზმის სფეროში, რომელიც ამ ციფრებს შეხედავს, მივა ლოგიკურ დასკვნამდე – როდის და ვის უნდა გაუხსნას საზღვარი საქართველომ.

ვის უნდა გაუხსნას საზღვარი საქართველომ პირველ რიგში

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველო 15 არაწევრი უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა და მათთვის 1 ივლისიდან საზღვრები გახსნა, საქართველოს ხელისუფლება აქტიურ ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ზოგიერთ ქვეყანასთან უკვე მიღწეულია შეთანხმება საზღვრების ორმხრივ გახსნაზე დამატებითი პირობების გარეშე. მათ შორის არიან გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა.

მთავრობის პრეს-სამსახურში აღნიშნეს, რომ საქართველოს მთავრობა აკვირდება გლობალურ სურათს და ფრთხილ ნაბიჯებს დგამს მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს მთავრობა განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ორ კვირაში ერთხელ გადაიხედება უცხო ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში შემოსვლის, ასევე საქართველოს მოქალაქეთა ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრების პირობები.

ევროკავშირმა საქართველო შეიყვანა იმ არაწევრი ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებისთვისაც 1 ივლისიდან საზღვრები გახსნა. საქართველოს საზღვრები გაუხსნეს შვეიცარიამ, უნგრეთმა, გერმანიამ, ლატვიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, იტალიამ.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
ყველა სერვის-ცენტრი მწყობრშია – თბილისში მოქალაქეთა მომსახურების სფერომ მუშაობა განაახლა

ამასთან, ავსტრია ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარს მხოლოდ 30 სექტემბრიდან გახსნის. ამის შესახებ განაცხადეს ვენაში საქართველოს საელჩოში.

თავის მხრივ, საქართველომ 1 ივლისიდან საჰაერო სივრცე კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის გახსნა, მიუხედავად იმისა, რომ თავად რეგულარული ავიარეისების განახლება 1 აგვისტომდე გადადო. მთავრობაში განაცხადეს, რომ ქვეყნის მთავარი საზრუნავია მოქალაქეების ჯანმრთელობა და სწორედ ამით იყო განპირობებული გადაწყვეტილება რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის გადავადების შესახებ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 963-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 841 (87,3%), ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 15 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3310, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 203 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ყველა ახალი ამბავი
0