ლაშა ბოსტაშვილი

ის, რაც უნდა იცოდეს ბიზნესმა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების შესახებ

256
(განახლებულია 17:26 03.07.2020)
ახალი კორონავირუსის პანდემიამ გამოწვევების წინაშე არა მხოლოდ ქართული ბიზნესი, არამედ ის სახელმწიფო უწყებაც დააყენა, რომლის ერთ-ერთი მიზანიც ქვეყანაში სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებაა.

იმაზე, რა ცვლილებები შევიდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბიზნესის მხარდასაჭერად შემუშავებულ პროგრამებში და რამდენად პასუხობენ ისინი არსებულ გამოწვევებს, „Sputnik-საქართველოსთან“ უწყების მეწარმეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა ბოსტაშვილი საუბრობს.

- რა მნიშვნელოვანი კომპონენტები დაემატა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებს?

- ზოგადად, ყველა ჩვენი პროგრამა მიმართულია იქითკენ, რომ მეწარმეებისთვის გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, შესაბამისად, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე, სააგენტომ ძალიან ბევრი პროგრამა განაახლა და დანერგა მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომლებმაც ფინანსებზე ხელმისაწვდომობა უნდა გაზარდონ. მაგალითად, ცვლილებები შევიდა იმ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმში, რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს შეიქმნა და რომლის ბიუჯეტიც მაშინ 20 მილიონი ლარი იყო. ამ თანხით სახელმწიფოს მეწარმის მიერ აღებული ახალი სესხის 70%-ის უზრუნველყოფა უნდა მოეხდინა. თუმცა, 2019 წელს როგორც ბიზნესის მხრიდან, ასევე ბანკებიდან ინტერესი ფაქტობრივად ნულოვანი იყო. ახლა კი, როდესაც ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის შედეგად ახალი გამოწვევების წინაშე დგას, ამ პროდუქტით სარგებლობას საჭიროებენ ბიზნესიც და საფინანსო ინსტიტუტებიც. წელს ამ კომპონენტის ბიუჯეტი უკვე 300 მლნ ლარია, ხოლო ბანკებმა, თავის მხრივ, დაახლოებით 2,1 მლრდ ლარის მოცულობის საკრედიტო პორტფელი უნდა შეკრან. 13 კომერციულ ბანკთან უკვე გვაქვს ხელშეკრულება და პროგრამის იმპლემენტაციის პროცესიც უკვე დაწყებულია. აღსანიშნავია ისიც, რომ ამჯერად სახელმწიფო ახალი სესხის შემთხვევაში 90%-ის უზრუნველყოფას მოახდენს. გარდა ამისა, პროგრამას წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი დაემატა, რომელიც ძველი სესხის რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან 30%-იან გარანტიაში შესვლას გულისხმობს. უფრო გასაგები რომ იყოს, ნებისმიერი ბიზნესის წარმომადგენელს, რომელსაც აქვს სესხი, შეუძლია მიმართოს ბანკს მისი რესტრუქტურიზაციის მოთხოვნით, რის შემდეგაც „აწარმოე საქართველოში“ 50 ათასი ლარიდან 5 მლნ ლარამდე სესხის 30%-იან უზრუნველყოფას მოახდენს.

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე ის არის, რომ საგენტოს პროგრამებით სარგებლობა უკვე ვაჭრობის დარგის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ, კერძოდ, მათ შეუძლიათ 50 ათასი ლარიდან 5 მლნ ლარამდე მოცულობის სესხის აღება და მისი გამოყენება საოპერაციო ხარჯებისთვის. მაგალითად, კომუნალურების, ხელფასების, იჯარის გადასახდელად.  

- რამდენად დააინტერესებს ბიზნესს სააგენტოს განახლებული პროგრამები?

- 2014 წლიდან მოყოლებული 359 საწარმო არის დაფინანსებული და 153 სასტუმრო არის სუბსიდირებული სახელმწიფოს მიერ. 2019 წლის დეკემბერში სააგენტომ რიგი პროგრამების ოპტიმიზაცია მოახდინა, მაგალითად, თუ ადრე 24 თვით სესხის 10%-ის სუბსიდირება ხდებოდა, 2019 წლის დეკემბრიდან სახელმწიფოს კონტრიბუციამ 7 პროცენტამდე დაიწია. გარდა ამისა, შევწყვიტეთ ისეთი დარგების მხარდაჭერა, როგორიცაა სამშენებლო მასალების, ავეჯის და მინერალური წყლების წარმოება, რადგან ეს სექტორები უკვე ინერციით ვითარდებოდნენ და აღარ საჭიროებდნენ სახელმწიფოს მხრიდან იმხელა მხარდაჭერას, რომელსაც ახორციელებდა სააგენტო.

თუმცა, ახლა სხვა გამოწვევევების წინაშე დგას საქართველოს ეკონომიკა და ორმაგად არის გაზრდილი ბიზნესის მხრიდან ინტერესიც. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ დავაბრუნეთ ყველა დარგი, გარდა სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოებისა, რათა არ მომხდარიყო კვეთა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რადგან მათაც აქვთ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგრამები. გარდა ამისა, გავზარდეთ სესხის ლიმიტი 50 ათასიდან 10 მლნ ლარამდე. თანადაფინანსებების ვადა კი 24 თვიდან 36 თვემდე. ასევე გაიზარდა ჩვენი კონტრიბუციაც, რომელიც ადრე 7% იყო, ამჟამად კი 11.25%-ს შეადგენს (რეფინანსირების განაკვეთს პლუს 3 პროცენტი). კონკრეტული ქეისები მუშავდება ბანკებშიც და, როგორც კი შესაბამისი ინსტიტუტი მოახდენს ჩვენი პროგრამებით გათვალისწინებული სესხების დამტკიცებას, სააგენტოს არაფერი უშლის ხელს – ყოველთვიური კონტრიბუციის გადარიცხვა დაიწყოს. 

ნატა პატარაია

 

256
კორონავირუსის ეპიდემია

COVID-19-ის ერთი წლის ქრონიკა და ინფიცირებული ეკონომიკის ანამნეზი...

13
(განახლებულია 10:04 01.03.2021)
რატომ და როგორ იზრდებოდა საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა... ერთი წლის ქრონიკა ციფრებში... დაუშვა თუ არა მთავრობამ შეცდომა, როცა შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეტაპობრივად მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო და ბოლოს, რა დაღი დაასვა COVID-19-მა ქვეყნის ეკონომიკას?

სამსონ ხონელი

ერთი წელი გავიდა, რაც მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებული  ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გვაუწყა, რომ საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა... ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, განვლილ პერიოდს კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი, ვნახოთ, როგორი იყო ვირუსის გავრცელების დინამიკა, რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა სახელმწიფომ უხილავ მტერთან საბრძოლველად და რაც მთავარია, როგორ აისახა COVID-19-ის პანდემია ქვეყნის ეკონომიკაზე.

ამთავითვე უნდა ითქვას, მთავრობამ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები გაითვალისწინა და COVID-19-თან საბრძოლველად მზადება ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და მომდევნო წლის იანვრის თვის ბოლოს ვირუსის გავრცელების პრევენციის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, 29 იანვარს ჩინეთთან, ხოლო 23 თებერვალს ირანთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა.

მას შემდეგ, რაც COVID-19-მა საქართველომდეც მოაღწია, მარტის დასაწყისში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი შეწყდა, დაიხურა საბავშვო ბაღებიც. მარტის პირველ კვირაში იტალიასთან ავიამიმოსვლა აიკრძალა, ხოლო მაღალი გავრცელების ზონის ქვეყნებიდან ჩამოსულ მოგზაურებს ორკვირიანი კრანტინი და თვითიზოლაცია დაუწესდა.

მარტის თვის მეორე დეკადაში ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საზღვარი ჩაიკეტა. ამავე პერიოდში დაიხურა სამთო კურორტები, აიკრძალა სამარშუტო ტაქსების მოძრაობა, დაიხურა ყველა ტიპის ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები. 21 მარტს კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აიკრძალა ათ ადამიანზე მეტის შეკრება და შესაძლო დარღვევევბზე საკმაოდ მაღალი ჯარიმა დაწესდა - ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარი, იურიდიული პირებისთვის 15 000 ლარი.

31 მარტს საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. აიკრძალა საქალაქთაშორისო და ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი. მგზავრობა ნებადართული დარჩა მხოლოდ კერძო ავტოობილებით, მათ შორის ტაქსით. საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კომენდანტის საათი გამოცხადდა, ხოლო დიდ ქალაქებში საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოეწყო. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასაფლაოები ჩაიკეტა. ამავე პერიოდიდან დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

აპრილის თვის ბოლოს მკაცრი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო, თუმცა საგანგებო მდგომარეობა მაისის თვის ბოლომდე გახანგრძლივდა. ამავე პერიოდში ხალხის რჩეულებმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანეს. მთავრობას თითქმის იგივე უფლებები მიენიჭა, რაც საგანგებო მდგომარეობის დროს, იმ განხვავებით, რომ პრეზიდენტისა და პარლამენტის თანხმობა უკვე საჭირო აღარ იყო. კანონის მოქმედების ბოლო ვადა 15 ივლისით განისაზღვრა, თუმცა ის ჯერ მიმდინარე წლის 1 იანვრამდე, ბოლოს კი 1 ივლისამდე გახანგრძლივდა.

ზაფხულის თვეებში, სავარაუდოდ ტურისტული სეზონის გადასარჩენად, შეზღუდვების დიდი ნაწილი უკვე მოხსნილი იყო... 2020 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით ინფიცირების სულ 1487 და გარდაცვალების 19 შემთხვევა დაფიქსირდა... ეს მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი იყო... ეპიდემიოლოგთა დიდი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საშემოდგომოდ ინფიცირების რაოდენობის მატება სწორედ საზაფხულოდ კოვიდრეგულაციების შემსუბუქების შედეგია...

სექტემბრის ბოლოს COVID-19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 6192-ს მიაღწია... ზუსტად ერთი თვის შემდეგ ეს მაჩვენებელი ორმოცი ათასს მიუახლოვდა... ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ პიკს ნოემბერ-დეკემბერში მიაღწია. თუ გიორგობისთვის ბოლოს ქვეყანას 136.000-მდე კოვიდინფიცირებული ჰყავდა, გასული წლის ბოლოს მათი რაოდენობა 227.000-მდე გაიზარდა.

მთავრობა იძულებული გახდა, ოქტომბრიდან შეზღუდვები ისევ გაემკაცრებინა... პირბადე გარე სიცრცეშიც სავალდებულო გახდა. ნოემბრის პირველი დეკადის ბოლოს გადაადგილება 21:00 საათიდან 05:00 საათამდემდე აიკრძალა. კომენდატის საათის გამოცხადებიდან მალევე, 28 ნოემბრიდან ქვეყანა კიდევ ერთხელ ჩაიკეტა ანუ ლოქდაუნი მეორედ გამოცხადდა... აქვე, მოგახსენებთ, რომ 2020 წლის 21 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით კოვიდრეგულეციების დარღვევის გამო თითქმის 37 მილიონი ლარის ჯარიმა გამოიწერა...

დარწმუნებული ვარ, მკითხველს კარგად მოეხსენება, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლადდამტკიცებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა სულ სამიოდე დღის წინათ საზოგადოებას კოვიდრეგულაციების ეტაპობრივად მოხსნის გეგმა გააცნო... გარკვევით ითქვა ისიც, რომ თუ მოსახლეობა პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის წესს გაითვალისწინებს, ქვეყანა თანდათან ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. როგორ აისახება შეზღუვების მორიგი მოხსნა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, ამას დრო გვიჩვენებს, მანამდე კი საზოგადოებაში არ წყდება დისკუსია − როდიდან და რა სახის რეგულაციები უნდა დაწესებულიყო, როგორია კოვიდშეზღუდვების ეფექტი ეპიდსიტუაციაზე და მისი ნეგატიური ზემოქმედების ხარისხი ეკონომიკაზე.

არახალია, ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა... თანმიმდევრულად მივყვეთ და რამდენიმე პარამეტრი მიმოვიხილით...

მთლიანი შიდა პროდუქტი − გასულ წელს ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნის მაჩვენებეელი 1994 წლიდან მოყოლებული ყველაზე უარესი, 6.1 პროცენტი იყო, რაც მსოფლიოში მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირების მაჩვენებელს 2.1 პროცენტით აღემატება. არასახარბიელოა მიმდინარე წლის პროგნოზიც. მართალია, ბიუჯეტი 4.3 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმა, ხოლო ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 4 პროცენტით უნდა გაიზარდოს, მაგრამ ფაქტია, რომ ახალი წლის პირველი თვე ეკონომიკის 11.5 პროცენტიანი შემცირებით დასრულდა. 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები − სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს გასული წლის საბოლოო შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებია და ჩვენც ისღა დაგვრჩენია პირველი სამი კვარტალის მონაცემებით ვიხელმძღვანელოთ. ამ პერიოდში საქართველოში 719 მილიონი ამერიკული დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2019 წლის ანალ0გიურ პერიოდთან შედარებით 24 პროცენტით ნაკლებია და ბოლო ათი წლის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

საგარეო ვაჭრობა − გასულ წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა, კერძოდ, ექსპორტი 11.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი − 16.6 პროცენტით  შემცირდა. ანალიტიკოსთა შეფასებებით, იმპორტის შედარებით უფრო დიდი მოცულობით შემცირება, მისი ადგილობრივი ნაწარმით ჩანაცვლებამ კი არა, ნავთობზე ფასების ვარდნამ და მსყიდველობითუნარიანობის კლებამ განაპირობა.

ფულადი გზავნილები − გასული წლის განმავლობაში საქართველოში საზღვარგარეთიდან რეკორდული ოდენობის − 1.886 მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილი განახორციელდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 8.8 პროცენტით მეტია, ხოლო მიმდინარე წლის იანვარში ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19 პროცენტით გაიზარდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, COVID-19-ის პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, როდესაც საგარეო ვაჭრობაც შემცირდა, ინვესტიციების მოცულობაც, ტურიზმიც და პრაქტუკულად ყველა სხვა ეკონომიკური აქტიობა, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების ზრდაში გარკვეული როლი მისმა ბოლომდე გაოფიციალურებამაც შეასრულა. სატრანსპორტო მიმოსვლის აკრძალვის გამო, ემიგრანტებმა თანხის ახლობლისთვის ხელზე გატანების საშუალება დაკარგეს. ფულადი გზავნილები კონკრეტულ ადრესატამდე საბანკო სისტემის გავლით მიდიოდა და შესაბამისად, მარტივად აღრიცხვადიც იყო...

ტურიზმი − არავის გაუკვირდება, სფეროდან შემოსავალი ფაქტობრივად განულდა. სექტორი 2000-იანი წლების მაჩვენებლებს დაუბრუნდა.   

უმუშევრობა − გასული წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობა 3.8 პროცენტით გაიზარდა და 20.4 პროცენტი შეადგინა, რაც 2018 წლის პირველი კვარტალის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 1.197 მილიონს დაუბრუნდა რაც შვიდი წლის წინანდელი მაჩვენებელია.  

ეროვნული ვალუტა − თავისი არსებობის მეოთხედსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში პირველად გასცდა სამიან ნიშნულს. გასულ წელს ლარი საშუალოდ 16 პროცენტით გაუფასურდა.

და ბოლოს, სიღარიბისა და უკიდურესი სიღარიბის ზუსტი სტასტისტიკა უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ გასულ წელს სოციალური დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობა თითქმის 100.000-ით გაიზარდა და ნახევარ მილიონს გადააჭარბა.

ასეთია COVID-19-ის ერთი წლის არასრული სტატისტიკა... ვნახოთ, რა იქნება კიდევ ერთი წლის შემდეგ... შეძლებს თუ არა საქართველო დროულად დაიწყოს ვაქცინაციის პროცესი, გაუსწორდეს პანდემიას, დაამარცხოს უხილავი მტერი და დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს... მანამდე კი, სხვა რა დაგვრჩენია, გავიკეთოთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და ხშირად დავიბანოთ ხელები...

 

13
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 1 მარტს

41
(განახლებულია 08:39 27.02.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0010 ლარით გამყარდა.

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,3255 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0010 ლარით გამყარდა.

ლარის კურსი 1 მარტს
ლარის კურსი 1 მარტს
41
თემები:
ლარის კურსი დღეს